"პარადოქსია, რომ ზიზღი ქართველების მიმართ აფხაზების მხრიდან არ მოდიოდა..."
საინტერესოა მისი მოგონებები ქალაქზე, იქაურ მეზობლებზე, უბნის ბავშვებთან მეგობრობაზე, ომამდელ ატმოსფეროზე... გაეცნობით, რა მოსაზრებები ჰქონდა აფხაზ ახალგაზრდას, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების შესახებ ჯერ კიდევ 80-იან წლებში. ასევე გაიგებთ, რა მოლოდინი და განწყობა აქვს ამ საკითხზე ბატონ მიხეილს.
- სკოლაში შესვლამდე სოხუმში ვცხოვრობდი, ჩემს ბებია-ბაბუას (დედის მშობლებთან ვიზრდებოდი) პარკის პირდაპირ, ორჯონიკიძის ქუჩაზე ჰქონდათ სახლი. იქვე ესტაკადა გადიოდა, სადაც მატარებლები მოძრაობდნენ. ბაბუა რკინიგზელი გახლდათ. ის იყო სადგურის უფროსი, ამიტომ ცალკე მისცეს ორსართულიანი სახლი თავისი ეზოთი და ბაღ-ვენახით. ჩვენი ეზო საერთო, უზარმაზარ ინტერნაციონალურ ეზოში გამოდიოდა, სადაც, ალბათ ოცზე მეტი ოჯახი ცხოვრობდა და ქართველებთან ერთად იყვნენ ბერძნები, აფხაზები, რუსები, უკრაინელები, ებრაელები, სომხები, აზერბაიჯანელები... არ მახსენდება მათ შორის ჩხუბი, აყალმაყალი, შეურაცხყოფის მიყენება და მით უმეტეს, მეზობლებს შორის კამათი ან წყენა ეროვნულ ნიადაგზე, წარმოუდგენელი იყო. ბავშვები სულ ერთად ვთამაშობდით ეზოს შუაგულში, მოედანივით დიდი ადგილი გვქონდა. ხან პარკში გადავდიოდით. ზამთარშიც ვიკრიბებოდით, თუ თოვლი მოდიოდა (ეს არ იყო ხშირი მოვლენა), ერთად ვაკეთებდით თოვლის პაპას, საახალწლოდ ვემზადებოდით და სიმღერებსაც ვსწავლობდით. ახლომეზობლები ერთმანეთს სუფრასთან მიიპატიჟებდნენ. მგონი იქაური რუსებიც კი უფრო "ქართველები" იყვნენ, ვიდრე რუსები, რადგან ისინიც ჩვენსავით იქცეოდნენ დაპატიჟება-გადაპატიჟების საკითხში (რაც რუსებს არ ახასიათებთ), პატივს სცემდნენ ამ წესებს, ეტყობა ქართულ-კავკასიურ ზეგავლენას განიცდიდნენ.
- უბანში ყოჩები არ გყავდათ?
- ეს ყველგან იყო, არის და ალბათ, იქნება. უფროსი ასაკის ბიჭები ზოგჯერ ცდილობდნენ პატარებისთვის ეკარნახათ, რა უნდა გაეკეთებინათ და ა.შ. მათი ქცევა სასიამოვნო ნამდვილად არ იყო, მაგრამ ეს ამბავი ადვილად არ გამოსდიოდათ: თუ ვინმე უფროსი ბიჭი რაღაცას მაწყენინებდა, გასაგებია, რომ აუცილებლად ვეტყოდი ბებიას ან ბაბუას. ისინი დაურეკავდნენ ან გადავიდოდნენ იმ ბიჭის მშობლებთან და სთხოვდნენ, რომ ყურადღება მიექციათ. ბიჭი მიიღებდა შენიშვნას და მორჩა, იმავეს აღარ გაიმეორებდა. მერე გავიზარდეთ... ჩვენი მეგობარი გოგონები გათხოვდნენ, გაგვაცნეს ქმრები და მათი სახით ახალი მეგობრები შევიძინეთ. ისინი გვეპატიჟებოდნენ თავისთან უკეთ გაცნობის მიზნით. დავესწარით მათ ქორწილებსაც. დადგა სიახლეების დრო. ნელ-ნელა იხსნებოდა სოხუმში, გაგრასა და სხვა ქალაქებში ბარები, სადაც საღამოობით შევდიოდით, კოქტეილს მივირთმევდით, სხვანაირ საზოგადოებას ვხვდებოდით. ბარში ყველას არ უშვებდნენ, მაგრამ ნაცნობობით ხერხდებოდა.
- აფხაზებთან ურთიერთობაზე მიამბეთ.
- კარგი და თბილი ურთიერთობა მქონდა თამაზ ლაკერბაიასთან. აფხაზ-ქართველი იყო, ძირითადად რუსულად ლაპარაკობდა. ერთი პერიოდი ბებია-ბაბუას სახლში მდგმურები გვყავდა, აფხაზური ოჯახი პირველ სართულზე ცხოვრობდა. ძალიან კარგები იყვნენ, მათგან არაფერი გვწყენია, პირიქით, ხან აფხაზი ქალბატონი მოგვართმევდა თავის გაკეთებულ კერძს, ხან ბებიაჩემი ჩაუტანდა. თავიდან არ იყო ხალხში კატეგორიული ანტაგონიზმი. ის, რაც აფხაზეთში მოხდა, ეს იყო გამიზნული პოლიტიკური ზეგავლენის შედეგი. დაიწყო ხალხის იდეოლოგიური დამუშავება, რომელშიც მონაწილეობდა აფხაზეთის მთავრობა, რასაკვირველია რუსეთის მთავრობის ზეგავლენით. ნელ-ნელა ძლიერდებოდა აფხაზური სეპარატიზმი და 80-იან წლებში პირადად გადავაწყდი რაღაც მომენტებს.
სოხუმში ძირითადად რუსულად საუბრობდნენ, ეს იყო ინტერნაციონალური ენა, ქართულად ერთმანეთს მხოლოდ ქართველები ელაპარაკებოდნენ. ერთხელ სოხუმის ცენტრში ვაშლი უნდა მეყიდა. გამყიდველი მეგრელი იყო, ქართულად მივმართე და არაფერი მიპასუხა. სანამ რუსულად არ დაველაპარაკე, ყურადღება არ მომაქცია. გაგრაში მქონდა შემთხვევა, შევედი გასტრონომში და ქართულად ვიკითხე რაღაც. გამყიდველმა მიპასუხა: რუსულად ისაუბრეთ... მალე ქართველები აქ აღარ იქნებითო, პირდაპირ ასე მომახალა. შევედი გასტრონომის დირექტორთან და ვუთხარი, რაც მოხდა. მეგრელი კაცი იყო, მაგრამ რუსულად ლაპარაკობდა. ძალიან გაბრაზდა, გამოვიდა თავისი ოთახიდან, გამყიდველს რუსულად რაღაც უსაყვედურა და ბოლოს რაც გავიგე, უთხრა: თუ ასე გააგრძელებთ, თქვენ დატოვებთ ამ სამუშაოსო, - და ამით დამთავრდა. ერთი აფხაზი ბიჭი გავიცანი გაგრაში, 80-იან წლებში. დავმეგობრდით და მან ასეთი რამ მითხრა: ვგრძნობ, რომ ჩვენ შორის დაძაბულობა იზრდება. ვფიქრობ ამაზე და ჩემი დაკვირვებით, ხშირად აქაური ქართველები აფხაზებს უყურებენ, როგორც მეორეხარისხოვან ადამიანებს, აგდებული დამოკიდებულება აქვთ მათ მიმართ და თვლიან, რომ თუ აფხაზია, ე.ი. ბნელია...
- და როგორ ფიქრობთ, რეალურად ასე იყო?
- იქ, სადაც მე ვცხოვრობდი, ასეთი რამ არ ყოფილა. შეიძლება რამე ამდაგვარი გამოვლინდა სადღაც, არ ვიცი, მაგრამ მე არ შემიმჩნევია. გავაგრძელებ იმ ბიჭის მოსაზრებებს: რადგან ქართველებს მიაჩნიათ, რომ აფხაზები დაბალი რანგის ხალხია, აფხაზეთში მთავარი ქართველები არიან და აფხაზი არაფერს წარმოადგენს, ასეთი დამოკიდებულება მათთვის შეურაცხმყოფელიაო. გარდა ამისა, მეორე მომენტიც იყო, რაც მან საინტერესოდ ამიხსნა: აფხაზებს რუსების, სომხების და არც სხვების ეშინიათ, აი, ქართველებისა კი ეშინიათ. რატომ? ისინი აფხაზებზე ძლიერები არიან თავისი ტრადიციებით, წეს-ჩვეულებებით, ხასიათით და აფხაზები გრძნობენ, რომ ქართველებს ვერ ერევიან. როგორც, ვთქვათ ქართველი და აფხაზი ბანდიტი, ქურდი, გინდა მაფიოზი რომ ავიღოთ, ქართველი უფრო ძლიერია, ვიდრე აფხაზი, ჰოდა, ამიტომაც ეშინიათ ქართველების. ისინი თვლიან, რომ თუ ქართველებს მოიშორებენ, დანარჩენებს მოუვლიან და თავად ისხდებიან ქურდადო. ასეთი პირადი დაკვირვებები და ხედვა გამიზიარა, მსგავსი ღია დიალოგი აფხაზთან არასოდეს მქონია.
- აფხაზებად რომ ეწერებოდნენ ქართველები, ეს ტენდენცია საიდან იწყება?
- აფხაზად ვინც დაეწერებოდა, ის ჯარში არ მიდიოდა. ეს იყო პირველი და მთავარი, ანუ ჯარიდან გათავისუფლების საუკეთესო საშუალება. ამას ემატებოდა პრივილეგიები, მაგალითად, პარტიული ხაზით. ერთი ადამიანი ვიცი, რომელიც აფხაზად დაეწერა და მერე მუშაობდა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოში საკმაოდ კარგ თანამდებობაზე.
- ომის დროს სად იყავით?
- იმ წელს აფხაზეთში არ ვყოფილვარ. ომამდე 2-3 წლით ადრე სოხუმში სახლი გავყიდეთ, ბებია-ბაბუა ცოტა დაგვიბერდნენ, მშობლები თბილისში იყვნენ და ისინიც აქეთ გადმოვიყვანეთ, რომ მიგვეხედა. არ მინდა ომის საშინელ დღეებსა და იმაზე საუბარი, რაც ხალხმა გადაიტანა. სიმართლე გითხრათ, პარადოქსია, რომ ზიზღი ქართველების მიმართ აფხაზების მხრიდან არ მოდიოდა. კი, აფხაზები გვემდუროდნენ და ზოგიერთი მათგანი ცუდად იქცეოდა, მაგრამ მასობრივად - არა. ქართველებს იცით, ვინ ექცეოდა ყველაზე ცუდად? სომხები და ჩრდილოკავკასიელები, მათ შორის ბასაევის ბანდიტები. აი, ისინი იყვნენ ყველაზე ამაზრზენები და დაუნდობლები.
- თუ ხედავთ შერიგების გზებს და მოლაპარაკებების პერსპექტივას?
- აფხაზები ძალიან ცუდ დღეში არიან, რეალურად იქ სომხები მბრძანებლობენ, მათთან კი მძიმე ურთიერთობა აქვთ. ისინი არ ელოდნენ, რომ სომხები აიღებდნენ ხელში პრივილეგიას. აფხაზებმა რა ქნან, აღარ იციან. მთავარია, ჩვენ ჭკვიანურად გავიაროთ არჩევნები და თუ სიმშვიდე, სტაბილურობა იქნება, უკვე კულუარულად ვიცი, რომ მზადდება სერიოზული მოლაპარაკებები არა მარტო აფხაზებთან, ოსებთანაც და სიტუაციის დარეგულირების გარკვევა დაიწყება 2025 წელს. რეალურად, ამის საფუძველი მზად არის.
საოცარი რამ შეძლო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბრწყინვალე რექტორმა, ბატონმა ზურაბ ხონელიძემ. მან შესთავაზა აფხაზეთში სოხუმის უნივერსიტეტს ურთიერთთანამშრომლობა და სხვათა შორის, იქაურ რექტორატს არანაირი პრობლემა არ შეუქმნია. უკვე რეგულარულად ხდება სტუდენტების გაცვლა. აფხაზი სტუდენტები თბილისში ჩამოდიან და კვალიფიკაციას გადიან, აქედან კი იქ მიდიან. ჩემმა მეგობარმა ზურაბ ხონელიძემ წელს ერთად წაიყვანა აფხაზი და ქართველი სტუდენტები იტალიაში კონფერენციაზე. ბატონ ზურაბს გული სწყდება, რომ არც ერთ ტელევიზიას ეს ინფორმაცია არ გაუშუქებია. ისიც მითხრა: ჩვენ მათ მივმართეთ, მაგრამ ტელევიზიების მხრიდან არანაირი დაინტერესება არ ყოფილაო. აფხაზეთიდან სოხუმის უნივერსიტეტში ვინც ჩამოდის, ის თაობაა, რომელიც ქართველებს არ იცნობს და არ ესმით, რატომ მოხდა კონფლიქტი, რადგან ისინი აქ თავს ძალიან კარგად გრძნობენ და ბევრი ქართველი მეგობარიც გაიჩინეს. რასაკვირველია, აფხაზეთში თაობები წლების მანძილზე იწამლება ანტიქართული რიტორიკით, მაგრამ აქ ჩამოსულს ეცვლება ცნობიერება და უფრო კეთილგანწყობილიც კი ხდება, ვიდრე, სხვათა შორის, ზოგიერთი ძველი თაობის წარმომადგენელი, რაც დიდ იმედს მაძლევს. ესეც კიდევ ერთი პარადოქსი. ოპტიმისტი ვარ და მჯერა, აფხაზები და ქართველები შეცდომებს აღარ გავიმეორებთ, საერთო ენას ვიპოვით და პატივს ვცემთ ერთმანეთს. აფხაზს მოსწონს ქართველი თუ არა ან ჩვენ მოგვწონს აფხაზი თუ არა, მოცემულობა არის ის, რომ ერთად უნდა ვიცხოვროთ.
ნანული ზოტიკიშვილი