არ მისცე უფლება შიშს გამარჯვების სიხარულზე ძლიერი იყოს... - გზაპრესი

არ მისცე უფლება შიშს გამარჯვების სიხარულზე ძლიერი იყოს...

და ამიტომაც განსაკუთრებულია მასთან დაკავშირებული განცდები, მკითხველების გამოხმაურება თუ კომენტარები სოციალურ ქსელში. თავისი წიგნით სურს ახალგაზრდებს მისცეს ცხოვრების სტიმული და მიახვედროს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, არასდროს შეწყვიტონ წინსვლა.

- დავამთავრე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საბანკო საქმე და მენეჯმენტი. სკოლიდანვე ჰუმანიტარული საგნები უფრო მიყვარდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ სხვა მიმართულება ავირჩიე და დღემდე ჩემი პროფესიით ვმუშაობ. რაც შეეხება წერას, როგორც გითხარით, ბავშვობიდან მიყვარდა ლიტერატურა, ბევრს ვკითხულობდი, ვწერდი ლექსებს, მოთხრობებს და მიხაროდა, გაზეთებშიც რომ იბეჭდებოდა, თუმცა დღეს რომ ვკითხულობ ჩემს ძველ მოთხრობებს, რა თქმა უნდა, აღარ მომწონს. შემდეგ მქონდა დიდი პაუზა, რადგან დავოჯახდი, ბევრი სხვა საფიქრალი გამიჩნდა... წერა პანდემიის დროს გავაგრძელე. მეორე შვილი შემეძინა, ძირითადად, სულ სახლში ვიყავი. იმ დროს რთული პერიოდი მქონდა. საკუთარ თავს ვეუბნებოდი, ამ სირთულეებმა არ უნდა გაჯობოს-მეთქი და თავს ძალას ვატანდი, რომ გავმკლავებოდი. საკუთარი თავისთვისაც და სხვებისთვისაც მინდოდა დამემტკიცებინა, რომ ფეხზე დადგომა შემეძლო და ასეც მოხდა.

- ამაში წერა დაგეხმარა?

- კი, რასაც ხმამაღლა ვერ ვამბობდი, ერთ მშვენიერ დღეს ფურცლებზე გადავიტანე და თითქოს შვება ვიგრძენი. სირთულეების დროს ხშირად ვფიქრობდი, ვისთან შემეძლო ამ ყველაფერზე საუბარი. ოჯახის წევრებთან ვლაპარაკობდი, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. თითქმის ყოველდღე ვწერდი, რაც ხდებოდა და რასაც განვიცდიდი. რომანის კონკრეტულ მონაკვეთებში ჩემი ცხოვრებისეული პრობლემებიც ჩანს, თუმცა ამას შეიძლება ახლობლებიც კი ვერ მიხვდნენ. თითქმის ყველა სიტუაცია რეალურია, უბრალოდ, მხატვრულად გადმოვეცი ის, რაც სინამდვილეში ხდებოდა.

ეს წიგნი ჩემს ძმას მივუძღვენი. რომანის მთავარი გმირი, ალექსანდრე გაფრინდაშვილი სწორედ მას ჰგავს განწყობით, სურვილებით, ქმედებებით. ბევრ რამეზეა ეს წიგნი - სიყვარულზე, მეგობრობაზე, ერთგულებაზე, ქრისტიანობაზე. მინდა მკითხველმა სიყვარულის ისტორიაზე ბევრად მეტი და მნიშვნელოვანი რამ დაინახოს რომანში. რომ არა "ფალავანი", ალბათ იმედი და მოტივაცია ერქმეოდა, რადგან სწავლობ, როგორ უნდა იბრძოლო შენი ოცნებებისთვის.

ალექსანდრემ იწვნია გაჭირვებაც, ბულინგიც, ოჯახის წევრებიც დაკარგა, მაგრამ მიუხედავად ამისა, არასდროს უფიქრია, რომ გამარჯვება, წარმატება მისი არ იყო. ფალავანი ისეთი პერსონაჟია, რომელიც მუდამ იბრძვის უკეთესი მომავლისთვის. ამით მინდოდა დღევანდელი ახალგაზრდებისთვის დამენახვებინა, რომ ადვილად არ დაყარონ ფარ-ხმალი; რომ დრო ძალიან მნიშვნელოვანია და ნაყოფიერად უნდა გამოიყენონ თითოეული წუთი. როდესაც მკითხველები მთხოვენ წიგნზე სამახსოვრო წარწერა გავუკეთო, ყველას ვუწერ: "ჩაიფიქრე, იბრძოლე და არ გაჩერდე" ან "არ მისცე უფლება შიშს გამარჯვების სიხარულზე ძლიერი იყოს". დიახ, მინდა ჩემი წიგნი მოტივაციის მიმცემი იყოს ახალგაზრდებისთვის. ვფიქრობ, ეს აკლია დღევანდელ თაობას. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გონიერები არიან, სუსტი ფსიქიკა აქვთ და იოლად ნებდებიან; მეჩვენება, რომ პრობლემებთან გასამკლავებლად არ არიან მზად. ჩვენ უფრო ძლიერები ვართ, ალბათ გაჭირვებამ გამოგვაწრთო, ამ თაობას კი ხელისგულზე აქვს ყველაფერი სასურველი და ვფიქრობ, ამიტომაც არ იბრძვიან.

ალექსანდრეს მიზანი იყო, საქართველოში ყოფილიყო წარმატებული, თუმცა მიზეზთა გამო ეს ვერ მოახერხა და იძულებული გახდა, საზღვარგარეთ წასულიყო. იქ კი ნამდვილად შეძლო წარმატების მიღწევა და მერე დაბრუნდა საქართველოში.

- პირველად ვის წააკითხე და როგორი იყო პირველი მკითხველის შეფასება?

- პირველად წავაკითხე მეგობრებს, ვისი აზრიც მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. სხვათა შორის, სწორედ ჩემი მეგობრებისა და ახლობლების დახმარებით გავავრცელე ტირაჟი. განსაკუთრებულად მგულშემატკივრობენ ჩემი და და გამზრდელი ბებია, რომელიც არც ერთ კომენტარს არ ტოვებს ურეაქციოდ და ყველაზე მეტად უხარია ჩემი პატარა წარმატებაც კი.

თებერვალში ვმონაწილეობდი კონკურსში "გახდი ბესტსელერის ავტორი", გარკვეულ ეტაპამდე მივედი, ფინალამდე - ვერა. ეს წარუმატებლობაც სტიმულის მომცემი აღმოჩნდა, რადგან უფრო მეტად მოვინდომე, წიგნს მზის სინათლე ენახა. მიუხედავად იმისა, რომ არც პრეზენტაცია მქონია და არც მაღაზიებში იყიდება წიგნი, ტირაჟის ნახევარზე მეტი გავყიდე და ჯერჯერობით არც ერთი ნეგატიური კომენტარი არ მახსოვს. მწერენ, რომ ეს წიგნი მოტივაციის მიმცემია მათთვის. რამდენიმე კომენტარმა და შეფასებამ მართლა ძალიან ამიჩუყა გული. ერთი გოგო მწერდა, ძალიან რთული პერიოდი მაქვს, ჩემს ცხოვრებაში არის ბულინგიც, წარუმატებლობაც, მაგრამ თქვენი წიგნი წავიკითხე და ვიფიქრე, ფალავანმა თუ შეძლო, მეც შევძლებ-მეთქი.

f6790bb5-afa3-41e4-a64c-ecbdbbaff9b4-1729500300.jpg

- "სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე, ცხოვრებაც ხომ სიკეთისა და ბოროტების ჭიდილია", - ასე ამთავრებ რომანს.

- ბოროტებაზე სიკეთე იმარჯვებს მაშინ, თუ იმედს არ დაკარგავ. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, თუნდაც ის ბრძოლა წააგო. წაგებული ბრძოლა იმას მაინც გასწავლის, როგორ არ წააგო. მეტყვით, ერთია მაღალფარდოვანი ფრაზები და სხვაა რეალობაო. კი ბატონო, რეალობაში უფრო რთულია ყველა ბრძოლიდან ღირსეული გამოხვიდე. ჩვენს ოჯახში ხშირად ვსაუბრობთ ერთგულებაზე, მეგობრობაზე, სიყვარულზე, ქრისტიანობაზე. ჩემი მეუღლე, პირველ რიგში, ღმერთის სიყვარულს უნერგავს შვილებს და ხშირად უხსნის, რითია სიყვარული უპირატესი. ამბობს ხოლმე, ახლა შეიძლება ამათ არ ესმით, რასაც ვეუბნები, რადგან პატარები არიან, მაგრამ ეს ყველაფერი მათ ქვეცნობიერში დაილექება და შედეგს აუცილებლად გამოიღებსო.

ჩემი სათქმელიც ეს არის მომავალი თაობისთვის და არა მარტო მათთვის, რომ ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე წარუმატებლობის გამო ხელი არ ჩაიქნიონ. ბრძოლას მაშინ აგებთ, როდესაც იმედი ქრება. ამიტომაც არ უნდა ჩაკლათ იმედი თქვენს გონებასა და გულში, უნდა იბრძოლოთ, თორემ ცხოვრება იმაზე ხანმოკლეა, ვიდრე ჩვენი შორეული გეგმები.

ნინო ჯავახიშვილი