"უდენობა და უგზოობა ხევსურეთს არასდროს დამატოვებინებდა..." - გზაპრესი

"უდენობა და უგზოობა ხევსურეთს არასდროს დამატოვებინებდა..."

სახლიდან გავდიოდი, როცა დამირეკეს და მითხრეს, რომ შატილში ის სკოლა იწვოდა, სადაც მასწავლებლად უნდა დამეწყო მუშაობა და მკითხეს, მაინც წავიდოდი თუ შევცვლიდი გადაწყვეტილებას? რა თქმა უნდა, მაინც წავედი... კადრი, როგორ ასდიოდა კვამლი სკოლას, მძიმე სანახავი იყო..." - იხსენებს მარგარეტ დაიაური, რომელიც თბილისიდან შატილის სკოლაში 22 წლის გადავიდა და უამრავი ადამიანი გააოცა. იმ წლებში შატილის სკოლაში 8 მოსწავლე იყო. მრავალი სირთულის მიუხედავად, მარგარეტი იქ წლების განმავლობაში ასწავლიდა...

მარგარეტ დაიაური გვესაუბრა, თუ როგორი იყო შატილში გატარებული წლები და დღესაც როგორ აგრძელებს ხევსურეთზე ზრუნვას... ამჟამად ის გიორგი კეკელიძესთან (2024 წლიდან კეკელიძე არის წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე საქართველოში. წიგნის მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსის" შემოქმედებითი დირექტორი) მუშაობს, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების წარმომადგენელია.

- მარგარეტ, წელს შატილში სკოლა მხოლოდ ორი მოსწავლისთვის გაიხსნა... როგორი იყო შატილი, ხევსურეთი თქვენს ბავშვობაში?

- მასწავლებლად წასვლამდე, შატილში ნამყოფი არ ვიყავი. ბავშვობაში პირაქეთა ხევსურეთში ვისვენებდი, სოფელ კარწაულთაში და ამ სოფლის სიყვარული მთელ ხევსურეთზე გავრცელდა, რაც ბებოს და პაპას დამსახურებაა... შატილის სკოლის არჩევა მისი ჩაკეტილობის გამო გადავწყვიტე. შვიდი თვე იქ იზოლირებულია და ამ პერიოდში, მიმოსვლა მხოლოდ ვერტმფრენითაა შესაძლებელი... ხევსურეთში სულ ორი სკოლაა, შატილსა და ბარისახოში. როცა შატილში გადავწყვიტე მასწავლებლად წასვლა, ბარისახოს სკოლა შემომთავაზეს, - შენთვის ეს ადგილი იქნება კომფორტულიო, რადგან იქ გზაც კარგია, მაღაზიაც არის, არც ზამთარში იკეტება, თბილისთან ახლოსაა და ყველაზე დასახლებული პუნქტია მთელ ხევსურეთში, მაგრამ მე ვფიქრობდი, რომ შატილის სკოლის ბავშვებს ჩემი იქ ყოფნა უფრო სჭირდებოდათ და ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება.

- თბილისში გაზრდილ გოგონას რამ გადაგაწყვეტინათ შატილში გადასვლა?

- საკუთარი ბავშვობის მოგონებებმა მთასა და ხევსურეთზე. როცა ზაფხულს ხევსურეთში ვატარებდი, სულ მინდოდა ბევრი მეზობელი, ბევრი ბავშვი და ახალგაზრდა ყოფილიყო, მაგრამ ეს ფუფუნება არ მქონდა. მხოლოდ ერთი უსაყვარლესი კაცი ცხოვრობდა და მისი ბარში წასვლაც ძალიან სევდიანი ამბავი იყო ჩემთვის. ამას დაემატა ის, რომ ბავშვები უზომოდ მიყვარს, მათთან ურთიერთობა ჩემთვის დიდი ბედნიერებაა. რადგან ხევსურეთიც უზომოდ მიყვარდა და ბავშვებიც, გადავწყვიტე მასწავლებლად წავსულიყავი. ვფიქრობდი, მათაც ჰქონდათ რაღაც დანაკლისი, რისი ანაზღაურებაც მე შემეძლო, რადგან მსგავსი ცხოვრების სტილი ჩემთვის ძალიან ნაცნობი იყო.

- როგორი რეალობა დაგხვდათ და რისი შეცვლა შეძელით?

- ვფიქრობ, საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულების შეცვლა შევძელი. არავის სჯეროდა, რომ 22 წლის გოგო მაღალმთიან იზოლირებულ სოფელში შეძლებდა წასვლას და იქ წლები ცხოვრებას ყველა პირობის, კომფორტისა და ინფრასტრუქტურის გარეშე. მით უმეტეს, როცა იმ სოფელში არავის იცნობ ახლოს, სრულიად უცხო ხარ ყველასთვის, არც ოჯახის წევრები გყავს და არც მეგობრები. მგონია, ამ წარმოდგენის შეცვლა შევძელი, რადგან ძალიან ბევრი ახალგაზრდა მწერდა, რომ მათთვის ჩემი ეს ნაბიჯი იყო მოტივაცია და იმედი, რომ ისინიც შეძლებდნენ მომავალში იმავეს გაკეთებას და საკუთარ კუთხეში დაბრუნებას ან მასწავლებლად წასვლას მაღალმთიან სოფელში.

- იყო სირთულეებიც...

- მთელი 5 წელი, რაც მე შატილში ვიცხოვრე, სირთულეებით იყო სავსე. პირველივე დღე გამოწვევით დაიწყო. სახლიდან გავდიოდი, როცა დამირეკეს და მითხრეს, რომ ის სკოლა იწვოდა, სადაც მასწავლებლად უნდა დამეწყო მუშაობა და მკითხეს, მაინც წავიდოდი თუ შევცვლიდი გადაწყვეტილებას? რა თქმა უნდა, მაინც წავედი. კადრი, როგორ ასდიოდა კვამლი სკოლას, მძიმე სანახავი იყო... ამის შემდეგ, ბევრ კარგ დღესთან ერთად, უამრავი პრობლემა და რთული ეტაპი გავიარე. მიუხედავად ყველაფრისა, გულწრფელად, მაინც მადლობელი ვარ, რადგან ზუსტად ამ სირთულეებმა მომცა ძალა და კიდევ უფრო მეტად მებრძოლი გავხდი, ნებისმიერი პრობლემის შემდეგ ფეხზე მყარად დგომა შემიძლია. მე იქ უცებ "გავიზარდე". იქ შევისწავლე ადამიანები, ცხოვრების სიმძიმეები. მანამდე ძალიან ბავშვური და გულუბრყვილო ვიყავი, ყველაფერზე ზედმეტად იდეალური წარმოდგენა მქონდა. ამიტომ ამ "გაზრდისთვის" ნამდვილად მადლობელი ვარ.

- იბრძოდით, რომ შატილს საგამოფენო, ხელოვნების სივრცე ჰქონოდა. მიაღწიეთ მიზანს?

- დიახ, გრანტი მოვიგე და ჩემი დაფინანსებით კოშკში არსებული სივრცე განვითარდა. იმ კოშკში, სადაც ვცხოვრობდი, ჩემი დიზაინით და გემოვნებით მოვაწყვე საგამოფენო-საგანმანათლებლო ადგილი, რომელიც მთელი სოფლისთვის, ხევსურეთისა და დამსვენებლებისთვის გავაკეთე. ადგილი, სადაც სოფელი ადგილობრივ ღონისძიებებსა თუ პრობლემებზე ისაუბრებდა, ჩატარდებოდა ტრენინგები, ლექციები, მოეწყობოდა გამოფენები - არაჩვეულებრივი სივრცე გამოვიდა. სადაც შემდეგ, მე და გიორგი კეკელიძემ ძალიან კარგი ბიბლიოთეკა დავამატეთ, სულ რამდენიმე წიგნი მჭირდებოდა და გიორგი კეკელიძემ თავად შემომთავაზა ბიბლიოთეკისთვის სრული წიგნების გამოგზავნა. მაშინვე დაწერა პოსტი და მისი მაგალითით, ძალიან კარგი ადამიანები შემოუერთდნენ ამ წამოწყებას. თითოეულის და განსაკუთრებით, გიორგი კეკელიძის დამსახურებაა, ეს ბიბლიოთეკა რომ არის დღეს შატილის კოშკში. გიორგი ადამიანიa, რომელიც არა მხოლოდ ბიბლიოთეკის გახსნაში დამეხმარა, არამედ "მთის ამბებთან" თანამშრომლობით, სტიპენდია დამინიშნა მთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. გელა მთივლიშვილის და გიორგი კეკელიძის ეს დაფასება იყო ჩემთვის კიდევ უფრო დიდი მოტივაციის გამჩენი. გიორგი კეკელიძე პირველი იყო, ვინც გვერდში დამიდგა მთის დატოვების შემდეგაც, რისთვისაც მთელი ცხოვრება მისი მადლიერი ვიქნები.

ac789dbf-7e0c-4c40-886a-cc9fcb660fb3-1729500430.jpg

- რამდენად ახერხებთ თვალი ადევნოთ იქაურ ამბებს?

- 1 წლის წინ დავბრუნდი თბილისში და ხევსურეთში არსებულ მდგომარეობას დღემდე თვალს ვადევნებ. როცა დრო მაქვს, სულ ავდივარ სხვადასხვა სოფელში და ვინტერესდები პრობლემებით, რომელიც აუცილებლად მოსაგვარებელია. როცა იქ არ ვარ, ახლობლების დახმარებით ვიგებ რაიმე სიახლეს, რა მდგომარეობაა ამა თუ იმ სოფელში და შემიძლია თუ არა რაიმე კუთხით მათი დახმარება... ჩემთვის არასდროს არაფერი შეიცვლება, ხევსურეთი სულ მიყვარდა, მიყვარს და მეყვარება, ამიტომ თუ რაიმე კარგის გაკეთება შემიძლია ამ კუთხისთვის, ამას ნებისმიერი ადგილიდან გავაკეთებ, ხევსურეთის მხარდაჭერა მუდამ პრიორიტეტული იქნება.

- ყველაზე მთავარი, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, ხალხი ამ ულამაზეს კუთხეს რომ დაუბრუნდეს?

- ჩემი აზრით, პირველ რიგში, ადამიანს საკუთარ კუთხეში დასაბრუნებლად მხოლოდ იქაურობის გულწრფელი და უანგარო სიყვარული ჰყოფნის, ეს საკუთარი გამოცდილებით ვიცი. რაც შეეხება შემდეგ იქ განვითარებას, ამისთვის ინფრასტრუქტურა და სამუშაო ადგილებია მნიშვნელოვანი ან საკუთარ ბიზნესში ხელშეწყობა, რომ წინ წავიდეს სოფელიც და კუთხეც. ხევსურეთი რომ დავტოვე, ზოგს ამის მიზეზი ინფრასტრუქტურის არარსებობა ან რთული პირობების ვერგაძლება ჰგონია, რაც არასწორი ინფორმაციაა. მე ყველა სურვილი, რაც იმ კოშკის განვითარებისთვის მქონდა, ავისრულე. პირადი ოჯახური გარემოებების გამო გადავწყვიტე შატილის დატოვება, რასაც არანაირი კავშირი არ აქვს მთის პირობების ვერგაძლებასთან. უდენობა და უგზოობა ხევსურეთს არასდროს დამატოვებინებდა - ვინც მიცნობს, ეს კარგად იცის.

მანანა გაბრიჭიძე