ორგანული სანთლები ქუთაისიდან - გზაპრესი

ორგანული სანთლები ქუთაისიდან

ბელა ლელაძეს იმ პროდუქტის მისაღებად, რომელსაც ამზადებს. ბაზარზე არსებული სხვადასხვა მასალიდან სამუშაოს ყველაზე უსაფრთხო მიმართულება აირჩია. ფუტკრის ცვილის და ქოქოსის ცვილის ნატურალური სანთლები, თავისივე ბუნებრივი არომატით. მისი დამზადებული სანთლები ხელნაკეთია და თუკი ფერი ემატება, ისიც უშუალოდ ორგანული სანთლის საღებავია. ბელასთვის მთავარი ხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის შექმნაა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობაზე ნეგატიურ ზეგავლენას არ მოახდენს და თავიდან ავირიდებთ იმ გართულებებს, რომელსაც ეთერზეთები წვის შედეგად გამოყოფს.

- ვცხოვრობ ქუთაისში. უმაღლესი განათლება ბიზნესადმინისტრირების მიმართულებით მაქვს მიღებული და ჩემი პროფესიით ბუღალტრის ასისტენტად ვმუშაობდი. დაოჯახების შემდეგ, ვიზაჟის კურსიც გავიარე. ჩემი მეუღლე ქუთაისში თმის სპეციალისტია და გადავწყვიტეთ ერთობლივი საქმიანობა დაგვეწყო. იჯარით გვაქვს პატარა სალონი, სადაც ჩართული ვარ ყველა საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში. რაც შეეხება სანთლებს, ჩაისა და წიგნების მოყვარულს ისინი ყოველთვის მომწონდა და სიმყუდროვის შეგრძნებას მიჩენდა. ჩემ ირგვლივაც არაერთი ადამიანია, ვისაც უყვარს ფინჯანი ჩაის მირთმევა სანთლის შუქზე. ზუსტად 1 წლის წინ გადავიწყვე სანთლების დამზადება შემესწავლა. სწორედ ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, დავორსულდი, რის გამოც ცოტა ხნით გადავდე ამ საქმის დაწყება, მაგრამ სამწუხაროდ, ყველაფერი ისე არ განვითარდა, როგორც ჩაფიქრებული მქონდა. ორსულობის შეწყვეტის გამო, აღნიშნული საქმის შესწავლაზე უარი ვთქვი. ჩემი მეუღლის დაჟინებული თხოვნის მერე, გავაცნობიერე, რომ ახლა ხელსაქმე მეტად მჭირდებოდა, რომელიც სტრესთან გამკლავებას მარტივად შემაძლებინებდა. ბევრი ინფორმაცია და კურსი მოვიძიე, რომელშიც ჩავერთე და სერტიფიკატიც ავიღე. უნდა მემუშავა სოიის ცვილით და არომატებით, შევიძინე მასალებიც, მაგრამ კიდევ უფრო მეტი დეტალის კვლევა-ძიების შედეგად, გადავწყვიტე მეტი გამეგო სანთლების წარმოების და უსაფრთხოების შესახებ. მომდევნო ეტაპზე ინგლისურენოვან სტატიებს გავეცანი. ჩემი და ამერიკაში ცხოვრობს, ისიც დამეხმარა იმ სპეციალისტებისა და მომწოდებლების პოვნაში, ვისთანაც კომუნიკაციით მეტი შევიტყვე პროდუქტების შემადგენლობის, შემცველობის, ანოტაციისა და უსაფრთხოების შესახებ. ამ და სხვა ბევრი რამის გათვალისწინებით, გადავწყვიტე ფუტკრისა და ქოქოსის ცვილით ორგანული სანთლების დამზადება დამეწყო.

2-1729500558.jpg

ამ მასალით დამზადებული სანთლები არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის და მომავალში, მეც ალბათ მშვიდად, უსაფრთხოდ შევძლებ ორსულიც კი მუშაობას, მერე კი შვილთან ერთადაც, ისე, რომ არ დავაზიანო ჩემი და ჩემი ახლობლების ჯანმრთელობა. რაც შეეხება სანთლის ფორმებს, ვამზადებ როგორც ქილის, ასევე სხვადასხვა ყალიბის მიხედვით და ფუტკრის ცვილის ფირფიტებისგან, რომელიც მხოლოდ ხელით მუშავდება. სხვა ტიპის სანთლებისგან ფუტკრის ცვილის უპირატესობა ისიცაა, რომ საკმაოდ დიდხანს იწვის. ჩემს სანთლებს ბუნებრივად ტკბილი არომატი აქვს, რადგან ხელოვნურ არომატებს არ ვამატებ. სხვადასხვა გამოფენაშიც ვმონაწილეობ. პირველი პროდუქცია წარვადგინე 2 მაისს, შემდეგი 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისთვის მიძღვნილ გამოფენაზე, ხოლო გორდში ქართული ღვინის და მოდის ფესტივალზე, მონაწილეებს შორის ერთ-ერთი დამწყები სტარტაპერი ვიყავი. ახლახან ქუთაისში კინოფესტივალის ფარგლებში გამართულ გამოფენაშიც მივიღე მონაწილეობა. ჩემთვის, როგორც სტარტაპერისთვის, თითოეული გამოფენა ნაყოფიერი იყო. ჩემი დაკვირვებით, უცხოელ ტურისტებს შორის ინტერესს იწვევდა ფუტკრის ფირფიტებისგან ხელით დამზადებული ნამუშევრები, ქილის სანთლები და შემოდგომის მოსვლის მანიშნებელი ჩვენი გოგრის სანთლები. ქართველებსაც მოსწონთ ქილის სანთლები და ასევე აქტუალურია სხვადასხვა ყალიბში ჩამოსხმული ქალის და მამაკაცის ტორსის ფორმები. ამ საქმიანობის გაგრძელებას ვაპირებ. მინდა ცოდნა მეტად გავიღრმაო და სანთლის დამზადების სხვადასხვა ტექნიკა შევისწავლო. ასევე, კურსის გავლას ვგეგმავ, რომ ჩემს ხელსაქმეს სახლის ლამაზი დეკორაციის ნივთების დამზადების სწავლაც შევმატო.

ანა კალანდაძე