დედა, რა იყო ეს?!
მე სიცილისგან ლამის გავიგუდე. რაზე გამეცინა? ახლავე მოგიყვებით:
ჯერ გამოგვიცხადა, რეგიონებში დავდივარ და კარგად ვიცი, რა სიტუაციაცააო, არადა, სადაც ჩავიდა, სცენაზე ბრონირებული შუშებით აწყობილ გალიაში იჯდა და ისე მიმართავდა შეკრებილებს. ხალხს თუ არ შეხვდი, ხელი თუ არ ჩამოართვი და დაელაპარაკე, რანაირად იცი, როგორი სიტუაცია და განწყობაა? თქვენ აკვარიუმით ხალხთან შეხვედრა გაგიგონიათ?
მერე ისეთი სასიხარულო ამბავი გვამცნო, სიხარულისგან მეც მეცხრე ცას ვეწიე. თქვენც მინდა მოგილოცოთ - ბიძინა ივანიშვილს შვეიცარიული ბანკისგან თავისი მილიონები საბოლოოდ დაუბრუნებია! გადავრჩენილვართ, ბატონებო! კი გამიჩნდა კითხვა, თუ ამ ფულს სპეციალურად არ აძლევდა "გლობალური ომის პარტია", ახლა რატომ მისცა-მეთქი? მაგრამ ჟურნალისტმა არ ჰკითხა და დავრჩი ასე, პასუხის გარეშე. მერე მივხვდი: ეტყობა, დაიხოცნენ უკვე "გლობალური ომის პარტიაში" ან იქნებ გაუქმდა? იქნებ ბიძინაზე უფრო დიდი მტერი გამოუჩნდათ და ეს დაიკიდეს? სხვანაირად სრულიად წარმოუდგენელი ამბავია: ამდენი წელი აშანტაჟებდა ეს "ომის პარტია" და ახლა, ასე უცებ რატომ დაუბრუნა? რა მოელანდათ? ამას ალბათ ვერასდროს გავიგებთ.
სამაგიეროდ, ის გავიგეთ, ვინ მოიგონა ტერმინი "გლობალური ომის პარტია". თქვენ როგორ გგონიათ? სწორია! თავად მოიგონა. სხვა ვინ იქნებოდა ასეთი ნიჭიერი! თან ეტყობა, ამაყობს ამ მიღწევით. მითხრეს, ამ მტრულ ძალებს უბრალოდ "ომის პარტია" დავარქვათო, მაგრამ "ომის პარტიას" ჩვენ "ნაცებს" ვეძახით და ხალხს ეგენი ეგონებოდა, ამიტომ წინ სიტყვა "გლობალური" დავამატებინეო. აი, რას ნიშნავს ჭკვიანი სტრატეგი!
თან, რა გულწრფელი კაცია! არაფერს მალავს. მაგალითად, მოგვახსენა, სიტყვა "სტიგმატიზაციის" მნიშვნელობა არ ვიცოდი და კობახიძემ მამეცადინაო. ამაში ცუდი კი არაფერია, ჩვენც ბევრი რამე შეიძლება არ ვიცოდეთ, მაგრამ ამხელა მილიარდერ კაცს ინტერნეტი არა აქვს და დაგუგვლა არ იცის, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი რომ არ მოაცდინოს? კობახიძეს ამხელა ქვეყანა აქვს მისახედი და ტერმინების განმარტებისთვის აცდენ? არ ვიცი, პირდაპირ!..
აი, ამის შემდეგ გადავიდა ყველაზე საინტერესო საკითხზე: როგორ გვრყვნის დასავლეთი და როგორ მოდის იქიდან ქართველების გაპიდარასტების საფრთხე. და ვინ არის, ვინც ამ საფრთხისგან დაგვიცავს? რა თქმა უნდა, ბიძინა. ის დგას ჩვენი მორალის სადარაჯოზე. თან უბრალოდ, საფრთხე კი არ ყოფილა, საქმე იქამდე მისულა, რომ დასავლეთში კაცები რძეს იწველებიან და კაცებს ტუალეტებში ჰიგიენურ საფენებს ახვედრებენ.
ანუ, თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს, კაცებს რძე მოგვივა და ჰიგიენური საფენები დაგვჭირდება? წავედი, "ქოცებს" მივცე ხმა!
ღლიცინის გარეშე თუ ვიტყვით, ასეთი საოცარი საკითხები შეიძლება მართლაც განიხილება დასავლეთის რაღაც მარგინალურ ჯგუფებში, მაგრამ სერიოზულად მათ იქაც ბევრი არ უყურებს და ჩვენთან ხომ საერთოდ არაა განხილვის თემა. რომელმა ტრანსგენდერმა კაცმა მოითხოვა საქართველოში, ბავშვს ძუძუ უნდა მოვაწოვოო, ამაზე რომ გველაპარაკება ქვეყნის მმართველი? ესაა დღეს საქართველოს მთავარი პრობლემა? ხომ გასაგებია, ეს თემები რისთვის შემოაქვს სადისკუსიოდ, რომ რეალურ პრობლემებზე არ ვიფიქროთ და ასეთი გიჟური საფრთხეებით გამოუტენოს ტვინი ხალხს. მართალია, ეკონომიკურ კეთილდღეობას ვერ გაძლევთ, სამაგიეროდ ომისა და გაპიდარასტებისგან გიცავთ. ხომ არ გინდათ, რომ კაცები იწველებოდნენ, მაშინ მიეცით ხმა "ქართულ ოცნებას!" - აი, ესაა გათვლა და ვისზეა გათვლილი ასეთი პრიმიტიული პროპაგანდა? ვინ ჰგონია ივანიშვილს ქართველი ხალხი? ეტყობა, ვინც ომის დაწყებით ვერ შეგვაშინეს, იმათ ახლა რძის მოსვლით გვაშინებენ?..
აქამდე გვეგონა, ქვეყანას ბიძინა ივანიშვილი მართავდა და თურმე, გურამ ფალავანდიშვილი გვყოლია ოლიგარქად.
მე მაინტერესებს, ვირის რძე უფრო სასარგებლოა თუ კაცის?
თავიდან მართლაც ბევრი ვიცინე მის ინტერვიუზე, მაგრამ ბოლოს ისეთი რამე თქვა, ღიმილი პირზე შემაშრა: გახარიას პარტიის წევრებს ყველას დავიჭერო. ეგ გარეწარია და ვინც მის გვერდით დგას, ადრე ჩვენი გუნდის წევრები იყვნენ, ამიტომ ყველამ პასუხი უნდა აგოსო. ნეტავ, რა მუხლით იჭერს? "მშობლიური პარტიის ღალატის მუხლია" სასწრაფოდ ჩასამატებელი სისხლის სამართლის კოდექსში.
ახლა კი ღლიცინის გარეშე მინდა "ქოცებს" გკითხოთ:
თქვენი ბელადი ოპოზიციური პარტიების აკრძალვას რომ გპირდებათ და ამაზე რეაქცია არ გაქვთ, გავიგე; გავიგე, რომ "ნაცები" დამნაშავეებად მიგაჩნიათ და ფიქრობთ, რომ ყველაფრის ღირსები არიან (თუმცა გავიწყდებათ, რომ ბიძინა სხვების აკრძალვასაც აანონსებს); გავიგე, რომ დემოკრატიული სტანდარტები და ქვეყნის ამ კუთხით უკუსვლა ფეხებზე გკიდიათ, ოღონდ "ნაცები" გამწარდნენ. ეს ყველაფერი გავიგე, მაგრამ რომ გამოგიცხადათ, გახარიას ვინც გვერდით უდგას, ყველა დასაჭერია და აუცილებლად აგებენ პასუხსო, ამაზე რას ფიქრობთ?
ანუ, რომ დაგიღეჭოთ: თქვენი ბელადი დაგპირდათ, რომ ანა ბუჩუკურს, ნათია მეზვრიშვილს, ლევან გოგიჩაიშვილს და ყველა სხვას დავიჭერ, რადგან ადრე ჩვენი გუნდის წევრები იყვნენ და ახლა მოღალატე გახარიას ეხმარებიანო, ამაზეც ტაშს უკრავთ? თქვენც ფიქრობთ, რომ ეს ხალხი დასაჭერია? თუ უბრალოდ, ტვინი გაგეყინათ და ვეღარ აზროვნებთ და ვერ ხედავთ, თქვენი მხრიდან ყველაფერზე დაკრულ ტაშს ეს კაცი სადამდე მიჰყავს და თავის მხრივ, ამ კაცს სად მიჰყავს ქვეყანა?!