"ქვეყანაში პოლიტიკური ამინდი სრულად შეიცვლება"
- ამ განაცხადით ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი და რონდელის ცენტრის მკვლევარი კახა გოგოლაშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, რომ ივანიშვილმა საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გადატვირთვაზე ისაუბრა და ისიც აღნიშნა, რომ "ყველაფრის პრობლემა და მიზეზი არის ომი". მისი თქმით, სწორედ ამან "გაამძაფრა და შეცვალა ყველანაირი ურთიერთობები, ზოგჯერ თავდაყირაც კი დააყენა ის, რაც გვქონდა". ასევე, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ "ამერიკა სულ პრიორიტეტული იყო ჩვენთვის - იმედი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ, რომ ომის დასრულების პარალელურად აუცილებლად მოვახერხებთ უაღრესად რთული და არასასურველი დამოკიდებულებები შევცვალოთ უფრო პოზიტიურად... ომამდე ჩვენ არ გვქონია პრობლემები. ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ ომი რამდენიმე თვეში, შეიძლება ამ წლის ბოლოსაც დასრულდეს. როდესაც სინგაპურში სასამართლო მოვიგეთ და ამის აღსრულებას ხელი ვეღარ შეუშალა „კრედიტ სუისმა“, მე მყისიერად, წინა კვირაში უკვე დავურეკე ამერიკის ელჩს, გვქონდა კომუნიკაცია და ვთხოვე შეხვედრა. ვთქვი, რომ ის მიზეზები, რაც იყო, რეალურად თავისით გადაწყდა, შესაბამისად, ჩემგან პრობლემა აღარ არის და მე მზად ვარ შესახვედრად. იქიდანაც რეაქცია იყო ძალიან ჯანსაღი, ამის სურვილი არსებობს და ჩვენ არჩევნების შემდგომ ვაპირებთ შეხვედრას...", - აღნიშნა პარტიის საპატიო თავმჯდომარემ. რაც შეეხება როდის და რაზე იქნება დამოკიდებული ურთიერთობის გადატვირთვა, ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ ამას სჭირდება ორმხრივი დამოკიდებულება და მარტო საქართველო ვერაფერს იზამს. შეძლებს თუ არა ივანიშვილი დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების "გადატვირთვას", რა გავლენა შეიძლება იქონიოს "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის წინასაარჩევნო მიმართვამ? - ამ და სხვა საინტერესო თემებზე კახა გოგოლაშვილი გვესაუბრა.
- სრულიად უსაფუძვლოა ბიძინა ივანიშვილის მოლოდინები იმასთან დაკავშირებით, რომ კიდევ მოახერხებს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების "გადატვირთვას". ამაზე მეტყველებს დასავლეთის პრესაში გამოქვეყნებული დასავლელი, სხვადასხვა რანგის პოლიტიკოსების განცხადებები. მათთვის უკვე აბსოლუტურად მიუღებელია "ქართული ოცნების" ხელისუფლება, რადგან არაერთხელ ამხილეს ტყუილებში. გამორიცხულია, შეერთებულ შტატებში ან ევროპის რომელიმე ქვეყანაში ამ ხელისუფლებას ვინმემ ნდობა გამოუცხადოს. ეს კარგად იცის თავად ივანიშვილმაც, უბრალოდ, მისი განცხადება დასავლეთთან ურთიერთობის "გადატვირთვაზე" იმ ამომრჩევლებზეა გათვლილი, რომლებიც არიან სახელმწიფო მოხელეები, მაგრამ არ მოსწონთ "ოცნების" საგარეო კურსი. ივანიშვილი ამ ხალხს ამშვიდებს და ჰპირდება, რომ ისევ დაუბრუნდება დასავლურ ორბიტას, ოღონდ ამჯერადაც გვანდეთ სახელმწიფოო.
- თუმცა, ივანიშვილი ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ მასსა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, რობინ დანიგანს შორის შეხვედრა გაიმართება. ის ამბობს, რომ მისი მხრიდან პრობლემა აღარ არსებობს.
- გამორიცხულია, აღარავინ აპირებს ბიძინა ივანიშვილთან მოლაპარაკებას. რატომ ჰგონია ვინმეს, რომ ამერიკაში ან ევროკავშირში იმის მოლოდინში არიან, ბიძინა ივანიშვილი როდის გამოხატავს მათთან შეხვედრის მზაობას? ყველამ კარგად იცის როგორ კანონებსაც იღებენ საქართველოში და როგორ პოლიტიკურ ხაზს ატარებენ მმართველი გუნდის ლიდერები. უკვე შეჩერებულია კანდიდატის სტატუსის საკითხი, მინიმალურ დონემდე შეაჩერეს ფინანსური დახმარებები და უკვე სხვა სადამსჯელო ღონისძიებებზეც ფიქრობენ.
- თქვენი კოლეგების ერთი ნაწილი, მაგალითად, მირიან მირიანაშვილი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილსა და დასავლელ პოლიტიკოსებს შორის კულუარული შეხვედრები გაიმართება.
- გამორიცხულია, არანაირ კულუარულ შეხვედრებზე აღარ არის საუბარი. ახლა გადამწყვეტი მხოლოდ ის არის, თუ რომელი პოლიტიკური ძალა გაიმარჯვებს არჩევნებში, გააგრძელებს საქართველო ევროპულ ინტეგრაციას თუ ისევ "ოცნებას" დარჩება ძალაუფლება, რომელმაც თავისი მიზნები უკვე სრულად გაამჟღავნა. მინიმალური შესაძლებლობებიც აღარ არსებობს, რომ "ოცნებამ" დასავლეთთან დაალაგოს ურთიერთობა.
- ივანიშვილის თქმით, "ქართული ოცნების" ამჟამინდელმა თავმჯდომარემ და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უამბო, რომ ერთ-ერთი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირმა, "3-4 დღე ბრძოლა და შემდეგ პარტიზანული ბრძოლის ტყეში გაგრძელება" შესთავაზა, რადგან "3 მილიონი ქართველის ამოხოცვას რუსეთი რამდენიმე დღეში ვერ მოახერხებდა"...
- ეს იყო ჩვეულებრივი ტყუილი. შეიძლება ღარიბაშვილს მსგავსი შინაარსის საუბარი მართლა ჰქონდა ვინმე კერძო პირთან. პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირები ასე არ საუბრობენ, ეს გამორიცხულია. ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ბევრი ტყუილი თქვა და მათ შორის ეს იყო ერთ-ერთი.
- მმართველი გუნდის ლიდერმა სცადა საზოგადოების დარწმუნება იმაში, რომ თუ "ქართული ოცნება" 2024 წლის არჩევნებზე საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ მიიღებს, "გლობალური ომის პარტია" ომში ჩაგვითრევს. გარდა ამისა, მან ისაუბრა "ლგბტ" პროპაგანდის საფრთხეებზეც. თქვენი შეფასებით, რამდენად დამაჯერებელი იყო ივანიშვილის ეს ვერსიები?
- მგონია, რომ ეს არ იმუშავებს ამომრჩეველთა განწყობებზე. ნახეთ ვინ არის "ქართული ოცნების" ამომრჩეველი: პირველი - ანტიდასავლური განწყობის ამომრჩეველი, ვისთვისაც სულერთია როგორი ხელისუფლება იქნება, ოღონდ არ იყოს დასავლური ორიენტაციის; მეორე - წვრილ-წვრილი სახელმწიფო მოხელეები (განსაკუთრებით რეგიონებში), რომლებსაც სამსახურების დაკარგვის ეშინიათ; მესამე - სხვადასხვა სახის საზოგადოებრივი ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებსაც "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ დღემდე დიდი სიძულვილი აქვთ. აი, მხოლოდ ასეთ კატეგორიებზე მუშაობს ეს დისკუrსი, თორემ საღად, პროგრესულად მოაზროვნე ელექტორატს ასეთი უაპელაციო საუბარი ვერ მოიზიდავს.
- ამ ანტიდასავლელი ელექტორატისთვის, ე.წ. მედასავლეთეებისთვის განკუთვნილი შეტყობინება ამერიკასა და ევროპასთან ურთიერთობების "გადატვირთვის" შესახებ, რამდენად მისაღები შეიძლება იყოს?
- მე ვფიქრობ, რომ "ქართულ ოცნებას" ანტიდასავლურ ამომრჩეველთან ფესვები აქვს გადგმული. ისინი ენდობიან ივანიშვილს, რადგან იციან, რომ დასავლეთს სულ ატყუებს.
- ოპოზიციის მიერ 20 ოქტომბერს გამართული აქცია მმართველი გუნდის ლიდერებმა "ლგბტ" თემისა და რადიკალი ოპოზიციონერების მიერ გამართულ აქციად მონათლეს და თქვეს, რომ ხალხი მოტყუებით გაიყვანეს. თქვენი შეფასებით, რამდენად ადეკვატურად აფასებს "ქართული ოცნება" ქვეყანაში წინასაარჩევნოდ არსებულ განწყობებს?
- მმართველი გუნდი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ან არაადეკვატურად აღიქვამს, ან ხალხს თვალებში ნაცარს აყრის. როგორც მე მივხვდი, თქვენი კითხვის არსი არის ის, ცნობენ თუ არა დამარცხებას მმართველი გუნდის ლიდერები? ვფიქრობ, რომ მაღალი ალბათობით, "ოცნება" არჩევნებს წააგებს. სხვათა შორის, ვერც იმის შესაძლებლობას ვხედავ, რომ წაგების შემთხვევაში მარცხი არ აღიარონ. ძალიან დიდია როგორც ხალხის, ასევე დამკვირვებლების მობილიზება, გაყალბების შესაძლებლობაც მხოლოდ მინიმალურია. ასე რომ, დიდი იმედი მაქვს, 26 ოქტომბრის შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური ამინდი სრულიად შეიცვლება.
ხათუნა ბახტურიძე