"ფეხმძიმე ცოლი დარჩა, რომელიც რამდენიმე თვეში ბიჭუნას ელოდება..."
ის იყო ბიჭი, რომელმაც თავისი ცხოვრების მცირე დროის განმავლობაში უამრავი კარგი რამ გააკეთა ქვეყნისთვის და ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი შვილია, ამას მისი გაკეთებული საქმე ამბობს... ის რამდენიმე თვის წინ, გმირულად დაიღუპა..." - ამბობს ჟურნალთან "გზა" საუბრისას ნეონილა ჟუკი. რუსეთ-უკრაინის ომმა მას, როგორც სხვა ასობით ათას ადამიანს, ცხოვრება დაუნგრია. 35 წლის ალექსანდრი 2 სექტემბერს, თანამებრძოლებთან ერთად, რუსი ოკუპანტების ჩასაფრებაში მოჰყვა, რასაც შეეწირა კიდეც...
- კიევიდან ვართ. ჩემი შვილი პროფესიით სამხედრო არ ყოფილა, კიევის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის იურიდული ფაკულტეტი დაამთავრა. რაც თავი მახსოვს, სულ მუშაობდა, ხან რას აკეთებდა, ხან რას... მე საშას ვეძახდი, მეგობრები "აბოლტუსს", რადგან სულ რაღაცას უკირკიტებდა, ძალიან აქტიური იყო, თითქოს ყველაფრის მოსწრება სურდა. ყველაზე მთავარს ვერ მოესწრო - შვილი ვერ ნახა. ფეხმძიმე ცოლი დარჩა, რომელიც რამდენიმე თვეში ბიჭუნას ელოდება.
- ისინი ფრონტის ხაზზე ერთად იბრძოდნენ, ხომ?
- დიახ. ალექსანდრი აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებისგან შორს არასდროს მდგარა, 2013-2014 წლებში აქტიურად მონაწილეობდა "კიევუს მაიდნის" მოვლენებში, შემდეგ კი 25-ე მოტოქვეითთა ბატალიონ "კიევსკაია რუსში" მოხალისეობრივად ჩაირიცხა. რუსეთის მხრიდან მასშტაბურ თავდასხმამდე, ომის შედეგად დაზარალებული მშვიდობიანი მოქალაქეების, მარტოხელა დედების, მოხუცებისა და ბავშვების დასახმარებლად უამრავ რამეს აკეთებდა, გახსნილი ჰქონდა ანგარიში და მათ მატერიალურად თუ მორალურად ეხმარებოდა. თვეები ისე გადიოდა, შვილს ვერ ვნახულობდი და მხოლოდ ტელეფონით ვურთიერთობდით.
მას შემდეგ, რაც აგრესორი რუსეთი თავს დაგვესხა, საშა მოხალისედ წავიდა და ტერიტორიული დაცვის ფორმირებაში ჩაეწერა. 2022 წლის მაისში, მისი ბატალიონი მობილიზებულებში მოხვდა და პრეზიდენტის ბრიგადის მე-20 ცალკეული სპეციალური დანიშნულების ბატალიონს FPV დრონების პილოტის პოზიციაზე შეუერთდა. ეს გუნდი ბოგდან ხმელნიცკის სახელს ატარებდა, რაც ეამაყებოდა. ძალიან კარგად, თითქმის ზედმიწევნით იცოდა უკრაინის ისტორია და ბრაზობდა, თუ რუსებსა და უკრაინელებს შორის იდენტურობაზე დაიწყებდნენ ლაპარაკს...
ჩემი შვილი იბრძოდა ბახმუტის, ლომანის, ნობოპავლისკის მიმართულებებზე. თავად ნახა ის არაადამიანური სისასტიკე და ტრაგედია, რაც რუსმა ოკუპანტებმა ამ ადგილებში ჩაიდინეს. რამდენიმე დღე ისეთი დეპრესია ჰქონდა, მხოლოდ ორ სიტყვას მეუბნებოდა, - დედა, ჯანმრთელი და ცოცხალი ვარ, მაგრამ მრცხვენია, ჩემი მეგობრები ნაკუწებად აქციესო. შემდეგ, როდესაც ინტერნეტში ბახმუტის საშინელი კადრები გავრცელდა, ვეკითხებოდი: საშა, ნუთუ ეს ყველაფერი ნახე და დამიმალე-მეთქი? - რა აზრი ჰქონდა, დედა, მერე ჩემზე დაიწყებდი ნერვიულობასო...
ვიცი, რომ იქ არაერთი ქართველი ბიჭი დაეცა და როგორც შვილმკვდარ დედას, მხოლოდ ის შემიძლია, რომ ჩემს შვილთან ერთად, მათი სულებისთვის ვილოცო, უფალს მათი დედების, მეუღლეების, ოჯახის წევრების გაძლიერება ვთხოვო. ერთ დღეს ეს საშინელი, კაციჭამია პუტინი დამარცხებდა, რუსეთი კი ამ ფორით არსებობას შეწყვეტს და იმედია, მერე მაინც მოგვეცემა ყველას შესაძლებლობა, ერთმანეთს ნუგეში ვცეთ, ჩავეხუტოთ და გავამხნევოთ. მე ერთადერთი შვილი დავკარგე და ალბათ, არც პირველი და არც უკანასკნელი ვარ, ვინც ამ დღეშია.
საშა ერთხელ დაიჭრა, რა დროსაც, სიმამაცისთვის მესამე ხარისხის მედლით დააჯილდოეს. დედის მხრიდან ეს ალბათ ცუდი ნათქვამია, მაგრამ მაშინ ისეთი დაზიანება მინდოდა მიეღო, სამხედრო სამსახური ვერ გაეგრძელებინა, მაგრამ გადარჩა.
- პილოტებსაც წვრთნიდა, არა?
- დიახ, FPV პილოტებს ამზადებდა, სპეციალიზებულ სკოლაში უძლიერესი ინსტრუქტორი იყო, მის სახელს არაერთი მნიშვნელოვანი საქმე უკავშირდება, თუმცა მათზე საუბრის უფლება ალბათ, არა მაქვს. ამიტომაც დააწინაურეს. უპილოტო ავიაციის სპეცდანიშნულების ასეულის საცეცხლე მხარდაჭერის ოცეულის საჰაერო სისტემების ჯგუფის უფროსი იყო, სერჟანტის წოდება მიიღო. თუმცა, ყოველ მის წინ გადადგმულ ნაბიჯზე ცუდი წინათგრძნობა მქონდა. როგორც დედა, ვფიქრობდი, რომ ახლა უფრო სახიფათო ადგილას გაუშვებენ ან თავად წავა, საკუთარი ნებით და არავინ იცის, რა მოხდება-მეთქი. ვიცოდი, საფრთხეს არ მოერიდებოდა. შემდეგ სერჟანტის წოდებაც მიანიჭეს. რაც მეტად მიდიოდა კარიერულად წინ, ნაკლებად ჰქონდა თავისუფალი დრო. ვთხოვდი, ხმოვანი შეტყობინებები მაინც გამოეგზავნა, ასე დროსაც დაზოგავდა და მეც, როდესაც მისი ხმის მოსმენა მომენატრებოდა, ვუსმენდი... ის დედები გამიგებენ, ვისაც შვილი ომში ჰყავს, ვისთვისაც ყოველი დილა იმაზე ფიქრით იწყება, სად ან რომელ სანგარში ეძინა შვილს...
მისი დაღუპვიდან რამდენიმე დღის შემდეგ, დღე-ღამეში რამდენჯერმე, გიჟივით ვუსმენდი ჩემი შვილის ხმას. ეს იყო კაცი, რომელიც არასდროს წუწუნებდა, არასდროს იღლებოდა, არასდროს თავს არ გაცოდებდა. კლდესავით იდგა, თორემ რომ შეშინებოდა, სხვებივით გაიქცეოდა. არ ვიცი, როგორ ცხოვრობენ ქვეყნიდან გაქცეული კაცების დედები, მე ეს ყოველთვის გამაწამებდა, მაგრამ ალბათ იმიტომ, რომ ჩემი შვილი იყო ასეთი ადამიანი. ახლა მის ხმოვან შეტყობინებებს ვერ ვუსმენ, ძალა არ მყოფნის.
ცხოველები უყვარდა და ხშირად მიგზავნიდა ტყესა თუ მიტოვებულ დასახლებაში ნაპოვნი ძაღლების, კატებისა და მელიების ფოტოებს. მიყვებოდა, თუ როგორ აჭმევდნენ და ზრუნავდნენ მათზე, მათთან ერთად იძინებდნენ ის ერთი-ორი საათი. დაბომბილი სახლის სხვენზე, რამდენიმე დღის კნუტი უპოვიათ. დედის გარეშე იყოო, - უბეში ჩაუსვამს და წამოუყვანია. იმ სახიფათო ადგილას, კარგა ხანს ეძებეს დედა, შვილი როგორ წავართვათ, იდარდებსო, მაგრამ ბოლოს მაინც წამოიყვანეს, რადგან რამდენიმე დღის მშიერს ჰგავდა. როდესაც ბავშვები იხოცებიან, კატა და ძაღლი რა მოსატანია, მაგრამ უმწეოდ დარჩენილი ყველასულიერი ცოდვაა. წამოიყვანეს და ზრდიდნენ.
2 სექტემბერს, დონეცკის ოლქში, ნოვოდონეცკის დასახლებასთან ახლოს, დაზვერვაზე იყო წასული, რა დროსაც ჩასაფრებაში მყოფმა რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს. საშა ადგილზე დაიღუპა, მისი ერთი მეგობარი მძიმედ დაიჭრა და საავადმყოფოს გზაზე გარდაიცვალა, მესამე კი, მადლობა ღმერთს, გადარჩა. მან შეგვატყობინა დანარჩენების ამბები. ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როდესაც ჩემი შვილი ასეთ სახიფათო დავალებაზე წავიდა, მაგრამ როგორც მამამისი ამბობდა: "ომში კაცები მიდიან და ომში კაცები კვდებიან..." როგორც ჩანს, მოწინააღმდეგის მხრიდან ვიღაც დიდხანს მუშაობდა მათ მოსახელთებლად.
თავდაპირველად მითხრეს, რომ დაჭრილი იყო, მაგრამ მის მეგობარს რომ დავურეკე, მივხვდი, იმედი აღარ არსებობდა, - ვერ მოგატყუებთ, საშა გმირულად დაეცაო. როდესაც დედას ერთადერთი შვილის სიკვდილს ატყობინებენ, მაშინ ყველანაირი სიტყვა ფუჭია... საშა შარშან, თავის დაბადების დღემდე რამდენიმე დღით ადრე დაიჭრა, მაგრამ გადარჩა, წელს კი, 19 დღით ადრე მოკლეს, ალბათ ესეც ბედისწერაა.
- შვილიშვილს ელოდებით...
- დიახ, მას ფეხმძიმე ცოლი დარჩა, რომელიც კიევის ბატალიონში მსახურებას განაგრძობს; ფრონტის ხაზზე არ არის, მაგრამ სამხედრო სამსახურს თავს არ ანებებს. ერთმანეთი რომ გაიცნეს, ომი უკვე დაწყებული იყო, ოღონდ - 2014 წლის. ჩემი რძალი იხსენებდა - თვალებში შევციცინებდი, მაგრამ ისე იყო ქვეყნის საქმეებში ჩაფლული, გარშემო ვერავის ხედავდაო. მხოლოდ 2015 წელს შეამჩნია ეს გოგონა, ოღონდ, როგორც აქტიური, მონდომებული, ბეჯითი და დაუღალავი ადამიანი. ორივეს სჯეროდა, რომ უკრაინის მომავალი ევროპული უნდა ყოფილიყო, ოღონდ ბრძოლის გარეშე ამას ვერ მიაღწევდნენ. პირველად, როდესაც უახლოესი ადამიანი დაკარგეს, განადგურებული იყვნენ, შემდეგ თითქოს ომმა და ტრაგედიამ გამოაწრთო ისინი. მეგობრებს კარგავდნენ, მაგრამ ბრძოლას აგრძელებდნენ... ერთმანეთს ამხნევებდნენ: ომი დანაკარგის გარეშე არ არსებობს, მით უფრო, ისეთ მტერთან, როგორიც რუსეთიაო... შემდეგ, 2022 წელს, საშამ თქვა, რომ ანგელინა მისი რჩეულია, ყოველ წუთს გვერდით ჰყავს, ეყრდნობა, უყვარს. მთელი ცხოვრება უნდა დავუკავშიროო... ეს გოგონა ლამის რვა წელი ელოდა საშას სიყვარულს. როგორც იქნა, ეღირსა, დაქორწინდნენ, შვილს ელოდებოდნენ, მაგრამ იმ მიწაზე, სადაც რუსეთის ჩექმა მოხვდება, ცრემლი და მწუხარებაა... როდესაც ჩემი შვილი სამხედრო სამსახურს დაუბრუნდა, რამდენიმე დღეში ისიც გაჰყვა.
- ფრონტის ხაზზე?
- დიახ, მოხალისედ ჩაეწერა, - სადაც შენ იქნები, მეც იქ უნდა ვიყოო. ძალიან ვინერვიულე, მაგრამ ასე გადაწყვიტეს და მათ არჩევანს პატივს ვცემდი. პირველი შემთხვევა ხომ არ იყო, ცოლ-ქმრის ომში ერთად ყოფნა... ეს უკრაინაა, რომელიც უზარმაზარ გველეშაპს - რუსეთს ებრძვის და ხშირად, მწირი შეიარაღებით. სტრატეგიული პარტნიორები და მსოფლიოს ლიდერები მხოლოდ სიტყვებით გვამხნევებენ. ჩვენ კი, ამ ომში ყოველდღე ვკარგავთ შვილებს, ძმებს, დებს...
გაოცებული მიყვებოდა, უნდა გენახა, ეს პაწაწინა და ნაზი გოგო როგორ დაათრევდა ყუმბარმტყორცნების ყუთებს, როგორ ასწრებდა საბრძოლო დავალებამდე უამრავ საქმეს, მათ შორის, ბიჭებისთვის საუზმის მომზადებას. საიდან ჰქონდა ამდენი ძალა და ენერგიაო. ძალიან ამაყობდა, რომ ნემსსა და ყუმბარმტყორცნს ერთნაირად, ყოჩაღად იჭერდა ხელში. ომში, ტყვიების ზუზუნში, ბალისტიკური რაკეტების აფეთქებების ფონზე, მაინც სიცოცხლით ხარობდნენ.
ახლა ჩემი რძალი მეუბნება, რომ შინ მარტო დარჩენა არ შეუძლია და იქ, სადაც ქმართან ერთად რამდენიმე თვე გაატარა, უფრო მშვიდად არის, თანაც მეგობრები მასზე ზრუნავენ. ყოველ დილით, როდესაც ახალი დღე იწყება და გეგმებს ალაგებენ, სიას კითხულობენ და ფოტოებს ათვალიერებენ, თან აღრიცხვას აკეთებენ, კიდევ ვინ დააკლდათ, ანუ სიკვდილი სტატისტიკად გვექცა. აქ, ომში ყველა დაკარგული გვახსოვს, მაგრამ მათზე წარსულში არასდროს ვლაპარაკობთ. არასდროს და არსად ისე არ გიყვარს სიცოცხლე, როგორც ომშიო, - ჩემი შვილი მეუბნებოდა.
ჩემს რძალს აქვს ცხოვრების გაგრძელების მიზეზი, შვილს ელოდება საყვარელი ადამიანისგან და მის გამო უნდა იარსებოს. ამბობს კიდეც, წყალს ვსვამ და ვიკვებები იმიტომ, რომ ჩემს შვილს სჭირდებაო... მას ყველაფერი წინ აქვს, თუმცა, ამაზე საუბარი ჯერ ალბათ ნაადრევია. ცხოვრება ასეთია, გვინდა თუ არა - გრძელდება.
- თავად კიევში ცხოვრობთ?
- როდესაც მასშტაბური შეტაკება დაიწყო და ჩემი შვილი დრონების მიმართულებაზე გადაისროლეს, დამირეკა და მთხოვა, კიევი დამეტოვებინა, რადგან არავინ იცოდა, ხვალ და ზეგ რა მოხდებოდა, უპილოტო დრონების ინსტრუქტორებზე კი ძალიან ნადირობდნენ. საშამ მთხოვა: დედა, იქნებ ცოტა ხნით მაინც დატოვო აქაურობა, შენი დარდი რომ არ მქონდეს, ჯერ ბევრი რამ არის დასალაგებელი და ცოტა დრო მომეციო.
- ჯაშუშებს გულისხმობდა?
- მათაც და იმ ხალხსაც, ვისაც თავიდანვე რუსეთი უნდოდა და ევროპას მტრად მიიჩნევდა. არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა მეგობრობდნენ, სინამდვილეში კი მისი შვილის ადგილსამყოფლის შესახებ მტერს ინფორმაციას აწვდიდნენ. არ მინდოდა სახლის დატოვება, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩემი რძალიც საშას შეუერთდა, ვიფიქრე, რომ დროებით წავიდოდი, ახალგაზრდებს ხელს არ შევუშლიდი და შემდეგ მალევე დავბრუნდებოდი.
ავსტრიაში ჩემი დიდი ხნის მეგობარი ცხოვრობს. მე კიევიდან პოლონეთში გადავედი, ის საზღვარზე დამხვდა და ავსტრიაში წავედით... შემდეგ, როდესაც ჩვენებმა მტერს უკან დაახევინეს, დაბრუნება მინდოდა, მაგრამ ეს ასე ადვილი არ იყო. იმის მოლოდინით, რომ მალე შინ დავბრუნდებოდი, თვეები გავიდა.
იქიდან, როგორც შემიძლია, გვერდში ვუდგავარ ჩემს ხალხს. ვცდილობ, დიასპორის დახმარებით, სხვადასხვა საზოგადოებრივ აქტივობაში მივიღო მონაწილეობა. ზოგჯერ დრონებისთვის საჭირო მასალის ან სულაც, სამედიცინო ინვენტარისთვის თანხას ვაგროვებთ. ეს ჩემს შვილს გაუხარდებოდა, იამაყებდა.
ლალი პაპასკირი