აქსესუარები სხვადასხვა თვლებითა და კრისტალებით - გზაპრესი

აქსესუარები სხვადასხვა თვლებითა და კრისტალებით

რადგან დღისით დრო სამსახურსა და ოჯახს ეთმობა. ვიკა ტოკლიკიშვილის ნამუშევრებს ძირითადად პიჯაკებზე ირგებენ, თუმც შესაძლოა ნებისმიერ სამოსს შეუხამო. ნამუშევრების განსათავსებლად პატარა სივრცე, თავისი "კუნძული" უნდა ჰქონდეს და იმედია სამომავლოდ ამ სურვილს აიხდენს.

ვიკა ტოკლიკიშვილი:

- დავიბადე და გავიზარდე თბილისში. სამედიცინო უნივერსიტეტი დავამთავრე. ვარ 31 წლის, პროფესიით სტომატოლოგი, მყავს მეუღლე და 2 შვილი: გოგონა 11 წლისაა, ბიჭი - 6-ის. მაქვს ძირითადი სამსახური, აქსესუარების დამზადება კი ჩემი ჰობია. ბავშვებს რომ ვაძინებ, ღამით ვმუშაობ. მაქვს მეორე ჰობიც, - ინტერიერის დიზაინერი ვარ.

3-1730097131.jpg

ბევრს უკითხავს, თუ როგორ გამიჩნდა აქსესუარების შექმნის იდეა, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ზუსტად არ მახსოვს. ბევრი ხელსაქმე მიყვარს: ქარგვა, ქსოვა, კერვა, მაგრამ ვეღარ ვახერხებ. ბოლოს მეორე შვილზე ორსულად რომ ვიყავი, მაშინ მოვქსოვე პლედი. საერთოდ, ბავშვებისთვის ბევრი სათამაშო მაქვს მოქსოვილი, ასევე ტანსაცმელი, ქუდები. ერთი პერიოდი ბისერებით ნაქარგი სამაჯურების დამზადებით ვიყავი გატაცებული. მერე ის საქმე ჩემით ვისწავლე, რასაც ახლა ვაკეთებ, კურსებზე არ მივლია, ეს ტექნიკა იუთუბზე სხვადასხვა ბლოგერის ვიდეოების მეშვეობით ავითვისე. იმ დროს ძალიან ცოტა მუშაობდა ამ მიმართულებით, ახლა მეტია. 2019 წელს "ფეისბუკზე" გვერდიც შევქმენი, მაგრამ შემდეგ ეს საქმე ცოტა ხნით მივატოვე. როცა მომენატრა, მივუბრუნდი და ახლა დაახლოებით 2 წელია, აქტიურად ვმუშაობ.

ძირითადად გულსაბნევებს ვაკეთებ, მაგრამ არის შემთხვევები, როცა მთხოვენ თმის სამაგრების, "აბადოკების", საყურის, სამაჯურების დამზადებასაც. გულსაბნევებში უფრო მეტი მოთხოვნაა მწერების ფორმებზე, ყვავილებზე, სხვადასხვა ხილზე. პროდუქცია იქმნება თექაზე, რომელზეც დაკერებულია შუშის თვლები, კრისტალები, ჩეხური ბისერი...

2-1730097121.jpg

რაც შეეხება ჩემს მეორე ჰობის, ინტერიერის დიზაინერობა ბავშვობიდან მიტაცებდა, მაგრამ რატომღაც სტომატოლოგია ავირჩიე. ახლა ვმუშაობ და პარალელურად, ახლახან ჩემი ბავშვობის ოცნება ავიხდინე, ეს პროფესია შევისწავლე და რამდენიმე პროექტიც უკვე განვახორციელე. ახლაც მორიგ პროექტზე ვმუშაობ, რომელიც საცხოვრებელი ბინის დიზაინია.

ჩემი ნივთების მომხმარებელს შორის არიან ადამიანები საქართველოდან, ასევე უცხოეთიდან. მათ შორის ბევრი ემიგრანტია: იტალიიდან, იორდანიიდან, ესპანეთიდან, ამერიკიდან, კანადიდან. მწვანე ძალიან აქტუალური ფერია და როგორც დავაკვირდი, აქსესუარების შერჩევისას ეს ფერი ლიდერია. ჩემ მიერ დამზადებულ ნივთებს შორის, პირადად მე, ბეღურის ფორმის გულსაბნევები ყველაზე მეტად მიყვარს. ნივთებს სასაჩუქრედ რომ ირჩევენ, ზაფხულში მოსწონთ ყვავილების ფორმის გულსაბნევები, შემოდგომაზე აქტუალური ხდება ფოთლები, ბროწეული. საახალწლო დღესასწაულის პერიოდში კი ბეღურების, ნაძვის ხის, ხელთათმანების ფორმის გულსაბნევები იწვევს ინტერესს. ზოგადად, სამკაულს არ ვატარებ, მხოლოდ ქორწინების ბეჭედი მიკეთია, მაგრამ ძალიან მიყვარს ჩემი გულსაბნევების ტარება. ვფიქრობ, ეს ერთი ნივთი უკვე ისეთი სამშვენისია, სხვა სამკაული აღარ გჭირდება. ის უბრალო ლუქსაც გამორჩეულს ხდის.

5-1730097107.jpg

რამდენიმე შემთხვევა მქონდა, როცა შევხვდი ადამიანებს, ვინც ჩემს გულსაბნევს ატარებდა. ერთხელ ლიფტში შემხვდნენ ქალბატონები, ახლახან კი მაღაზიაში ქალბატონს ჩემი ხელით შექმნილი გულსაბნევი ეკეთა. ვაკვირდებოდი, ეტყობა მიხვდა და მკითხა, - მოგწონს? ხომ ლამაზი ნამუშევარია, ერთი ოქროსხელება გოგო ქმნისო... ისიც დასძინა, რომ რამდენიმე ასეთი ნივთი ჰქონდა და ძალიან მოსწონდა. მე არ მითქვამს, რომ ავტორი ვიყავი, თუმცა, ეს ფაქტი ძალიან მესიამოვნა (იღიმის). მართალია, ჩემი აქსესუარები თითქმის უძილო ღამეების შედეგია, მაგრამ მირჩევნია აქტიური ვიყო, ჩემი საყვარელი საქმე ვაკეთო და ეს ჩემი სულისთვის იყოს წამალი (იღიმის).

ანა კალანდაძე