ექიმი ქალბატონის აზრი ქართველებსა და აფხაზებს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენაზე
ის გალში დაიბადა, სოფელ ღუმურიშიდანაა. 8 წლამდე იქ ცხოვრობდა, იქ დადიოდა საბავშვო ბაღში და სკოლაში მეორე კლასის ჩათვლით. მერე კი აფხაზეთში ომი დაიწყო და ყველაფერი აირია... ამბობს, რომ: „შეიძლება პარადოქსია, მაგრამ ბაღში გატარებული დრო მახსოვს, აი სკოლის პერიოდი კი - არა. თითქოს მეხსიერებაში დავბლოკე სკოლის წლები, იმდენად მტკივნეული იყო აფხაზეთიდან წამოსვლა“. ქალბატონი ნინო ექიმი გახლავთ.
- ბაღის ბავშვებიდან განსაკუთრებით გამოვყოფდი ბადრი ხუფენიას და ბაჭიას, რომელიც ბიჭუნა იყო, თუმცა მის სახელსა და გვარს, წარმოიდგინეთ, რომ ვეღარ ვიხსენებ. მათთან ვმეგობრობდი და იმ დროს, როცა სხვა ბავშვებს ეძინათ, ჩვენ საბავშვო ბაღის ეზოს ბოსტანში ვთამაშობდით. მახსოვს დედაჩემმა ბაღის გამგეს სთხოვა, რომ არ დაეძალებინათ ჩემთვის ძილი შუადღისას. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოვაცხადე, რომ ბაღში არ წავიდოდი. ასევე არ უყვარდათ დაძინება ბადრის და ბაჭიას, ამიტომ ძილის საათს ჩვენ ერთად ვატარებდით და ვერთობოდით. სკოლიდან მხოლოდ ის მახსოვს ბუნდოვნად, რომ სკოლის ეზოს ნაძვნარში ვთამაშობდით ხოლმე. ბავშვობაში ხანდახან სოხუმშიც ჩავდიოდით, იქაური ზღვაც ბუნდოვნად მახსოვს.
- აფხაზი ბავშვები გახსოვთ?
- ჩემს დროს არც ბაღში და არც სკოლაში აფხაზები არ ყოფილან, გალში სულ მეგრელი ბავშვები ვსწავლობდით.
- როგორ დატოვეთ სახლი?
- ღამე იყო, გვეძინა, დედა შემოვიდა ოთახში და გვითხრა - უნდა წავიდეთო. ამ დროს სოხუმი უკვე აღებული იყო და გალისკენ რომ დაიძრნენ, ჩვენ მაშინ წამოვედით. მახსოვს, როგორ ჩავსხედით ბიძაჩემის მანქანაში ჩვენ და მეზობელი ბავშვები, რომლებიც დედამ წამოიყვანა. ტანზე რაც გვეცვა, ეს იყო, სხვა არაფერი წამოგვიღია. იმის იმედი გვქონდა, რომ აუცილებლად დავბრუნდებოდით. ერთადერთი მახსოვს, დედამ თავისი ოქროულობა ქისაში ჩადო და წამოიღო, მხოლოდ ეს დაგვრჩა იმ სახლიდან. ბებიასთან, დედაჩემის დედასთან ჩავედით წალენჯიხაში. დაახლოებით თვე-ნახევრის მერე გამოვიდა ღუმურიშიდან მამა (ჯემალ ნანავა). ბებო-ბაბუ დარჩნენ სოფელში ბიძაჩემთან ერთად, ეს მომენტი მწარედ მახსოვს. მათ სახლი არ მიატოვეს. რაღაც დრომ გაიარა, ცოტა მიწყნარდა სიტუაცია. მახსოვს, პატარა ვიყავი, როცა აფხაზეთში ბებო-ბაბუს სანახავად, ფეხით მივდიოდით ხოლმე წალენჯიხის რაიონის სოფელ ჭალედან, საიდანაც არის დედაჩემი - ქეთევან შონია.
- აფხაზებს სად შეხვედრიხართ?
- მე და მამა საზღვარზე რომ გადავდიოდით, შიშით ვფიქრობდი: ვაიმე, აფხაზი რომ შეგვხვდეს... ბავშვობაში, ჩემს აღქმას რატომღაც ადამიანად არ ჰყავდა წარმოდგენილი, მეგონა - აფხაზს სხვანაირი აღნაგობა ექნებოდა. ასე ვფიქრობდი, ალბათ, გადატანილი სტრესის გამო. ბებია როცა გარდაიცვალა, მაშინ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყავი. სოფელში ჩავედით და უკან რომ ვბრუნდებოდით, საზღვარზე აფხაზები შეგვხვდნენ. მათ შორის იყო ერთი ახალგაზრდა აფხაზი ბიჭი. აღმოჩნდა, რომ ის აბარებდა თბილისში ჩვენთან, სამედიცინოზე და ვერ ჩააბარა. ამაზე ძალიან განაწყენებულმა პრობლემა შემიქმნა გადმოსვლაში. საკმაოდ დიდი კამათის, წვალების და ახლობლების ჩარევის შედეგად მივაღწიე თანხმობას და მას შემდეგ, იქით აღარც წავსულვარ.
- ბებია აფხაზეთში დაკრძალეთ?
- ბებია-ბაბუა სოფელში არიან დაკრძალული. ჩვენს სახლს მეზობლები აქცევენ ყურადღებას, ისინი დღესაც იქ ცხოვრობენ. ღუმურიშში პერიოდულად, წელიწადში რამდენჯერმე ჩადის მამაჩემი, დედაჩემიც ახერხებს ხოლმე. დაკვირვებული ვარ და როცა მამა დიდი ხნის მანძილზე ვერ ჩადის იქ, წარმოუდგენელი ნოსტალგია ეწყება, ძალიან განიცდის და ნერვიულობს. სიმართლე გითხრათ, ჩვენს სახლში ჩასვლის ნოსტალგია მეც სულ მაქვს. იყო შესაძლებლობა, რომ წავსულიყავით მე და ჩემი მეუღლე, მინდოდა იმასაც ენახა იქაურობა. ჩემი ძმის მეუღლესაც ჰქონდა წამოსვლის დიდი სურვილი, თუმცა მშობლები ნებას არ გვრთავენ, ეშინიათ. ისინი ჩვენზე - შვილებზე პასუხისმგებლობას იღებენ, მაგრამ ჩვენს მეუღლეებზე?.. ამიტომ ვერ მოვახერხეთ ჩასვლა.
- აფხაზებთან ურთიერთობის საკითხში პოზიტივს ხედავთ?
- ჩვენსა და აფხაზებს შორის ჩატეხილი ხიდის აღდგენაზე ასეთი აზრი მაქვს: მოლაპარაკებების წარმოება უფრო შესაძლებელია უფროსი თაობის ადამიანებთან იმიტომ, რომ მათ აქვთ ძველი ურთიერთობების განახლების ნოსტალგია. აი ახალგაზრდა თაობას კი ნაკლებად სურს ჩვენთან ურთიერთობა, ამიტომ იმათთან ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი, რომ ჩვენკენ გამოიხედონ. თბილისში ბევრი აფხაზი ჩამოდის სამკურნალოდ. მე ჰოსპიტალურ ქსელთან არა მაქვს შეხება, მაგრამ როგორც ამბობენ, ჰოსპიტალში მიდის ისევ ძველი თაობის ხალხი, აფხაზი ახალგაზრდები კი არ მიდიან. ახლა რომ იყოს აფხაზეთში დაბრუნების შესაძლებლობა და მკითხოთ: დავბრუნდები თუ არა? სიმართლე გითხრათ, ვერ გიპასუხებთ იმიტომ, რომ ჩემი ცხოვრების ნახევარზე მეტი თბილისში გავატარე. მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი - დიდი სიამოვნებით წავიდოდი და ჩემს ცოდნას იქაურ მოსახლეობას მოვახმარდი. საკმაოდ ხშირად მხვდებიან პაციენტები გალიდან და საერთოდ, აფხაზეთიდან. მიუხედავად იმისა, რომ მათ არ ვიცნობ და ზოგადად პაციენტებს არ ვასხვავებ, იმათ მიმართ მაინც რაღაცნაირად სხვანაირი სითბო მეუფლება, სურვილი მიჩნდება, რომ უფრო მეტად დავეხმარო, უფრო მეტი რამ გავუკეთო. დღესაც კი, ვინმემ რომ შემომთავაზოს, წამოდიო, დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი აფხაზეთში. აბსოლუტურად არა მაქვს შიშის მომენტი.
- საერთოდ, ოპტიმისტურად განწყობილი ხომ ხართ?
- გულწრფელად გითხრათ?
- რა თქმა უნდა.
- არა... და იცით, რატომ? მახსოვს, საზღვარზე მდგომმა აფხაზმა ბიჭმა, ასეთი რამ მითხრა: „თქვენ აქ არ უნდა ჩამოხვიდეთ!“ ეს ფრაზა ძალიან მტკივნეული იყო იმ მომენტში და ახლაც, ხშირად ჩამესმის ყურში... ამიტომ არ მჯერა, რომ ჩვენ დავბრუნდებით. რა თქმა უნდა, ძალიან მინდა და უზომოდ დიდი სურვილი მაქვს, თუმცა ვერ ვხედავ ამისთვის გადადგმულ ნაბიჯებს. მოლოდინით ვიცხოვრეთ ამდენი წელი და ასე მგონია, თუ ჩემი თაობა ვერ მოესწრო დაბრუნებას, მომავალი თაობა უკვე აღარ დაბრუნდება. ყოველ შემთხვევაში, ეს უკვე პრობლემური საკითხი იქნება.
ნანული ზოტიკიშვილი