"სინდისს ბევრი ყიდის, მაგრამ გინახავთ, ვინმეს ეყიდოს?" - გზაპრესი

"სინდისს ბევრი ყიდის, მაგრამ გინახავთ, ვინმეს ეყიდოს?"

ვწითლდებოდი, ენა მებმებოდა, ერთხელ რომ დავინახე, ველოსიპედიდან გადმოვვარდი (იცინის), აი, რომ გავიხსენე, ახლაც ენა დამება. ის, რაც მაშინ ჩემში ხდებოდა, ყველაფერი სახეზე მეტყობოდა", - ამბობს მსახიობი ვახტანგ ახალაძე. რის ეშინია ყველაზე მეტად, რა ვერ ისწავლა დღემდე, ვინ ეხმარება რთული პერიოდების დაძლევაში და რა აკვირვებს ამ სამყაროში? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1968 წლის 22 სექტემბერი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ექიმი და მსახიობი. მსახიობობის სურვილი ადრეული ასაკიდან მქონდა, ეს სფერო სკოლის პედაგოგმა შემაყვარა, სკოლაში სპექტაკლში ვთამაშობდი. მე-6 თუ მე-7 კლასში ვიყავი, საზღვარგარეთ ჩემს მამიდაშვილთან 3 თვით სტუმრად რომ წავედი, ის სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობდა. ხშირად დავყვებოდი პრაქტიკაზე და საბავშვო პედიატრიამ გამიტაცა, ინტერესი გამიჩნდა, მაგრამ საბოლოოდ არჩევანის წინაშე რომ დავდექი, მსახიობობის სურვილმა გადასძალა. ვთვლი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.

- ჩემზე ამბობენ...

- ...რომ ვარ ხალისიანი ადამიანი, პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...ძირეულ ცვლილებებს არ შევიტანდი, მაგრამ რამდენიმე პროცენტს მაინც შევცვლიდი.

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...იყო მაშინ, როდესაც ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში, პატარა ბიჭმა ხანდაზმული ქალის როლი ვითამაშე. მსახიობმა როგორი როლიც არ უნდა შეასრულო, მთავარია შენ იმ როლში მართალი იყო, გააზრებული გქონდეს, რა უნდა შენს პერსონაჟს, მისი მთავარი სათქმელი რა არის. ყველა ფრაზა და ემოცია მართალი უნდა იყოს.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...პირველ რიგში ღმერთს მიუძღვის, მისგან არის ნიჭი ადამიანს საჩუქრად რომ ეძლევა, შემდეგ - ოჯახის წევრებს.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...კარგი პედაგოგები მყავდნენ და დღესაც მყავს. ჩემთვის დიდი ბედნიერებაა, გვერდით კარგი და საიმედო მეუღლე რომ მყავს.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- ...ღიმილი, ადამიანების მიმართ გამოხატული სითბო, სიყვარული... მთელი რიგი საკითხებისადმი იუმორით მიდგომა.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...ადამიანებს დავეხმარო, როგორც შემეძლება მხარში ამოვუდგე, მათი ტკივილი და სიხარული გავიზიარო.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ვცდილობ თავმდაბალი და მომთმენი ვიყო.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...ერთი მავნე ჩვევა მაქვს, ბევრ სიგარეტს ვეწევი და არ მინდა ვეწეოდე. წარმოშობით გურული ვარ, ზოგჯერ გურული სიფიცხე მჩვევია და მინდა ჩემში ეს სიფიცხე ცოტათი მაინც დაბლა დავწიო.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ბევრი რამ და დღესაც ვსწავლობ. ადამიანმა რაც შეიძლება მეტი სიკეთე უნდა აკეთო ამ ქვეყანაზე. სინდისს ბევრი ყიდის, მაგრამ გინახავთ, ვინმეს ეყიდოს?

- პატიება შემიძლია...

- ...აბსოლუტურად ყველაფრის, გარდა სამშობლოს ღალატისა. ღმერთს ვთხოვ ხოლმე, მიტევების ძალა მომცეს. რაღაც პერიოდი წყენა კი რჩება გონებაში, მაგრამ ვცდილობ დროთა განმავლობაში იქიდანაც გავაქრო. ძალიან რთულ დროში გვიწევს ცხოვრება, ადამიანებმა ერთმანეთს უნდა დავუთმოთ და პატარ-პატარა შეცდომები ვაპატიოთ, სხვაგვარად არ შეიძლება.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...მინდა მომავალი თაობა დღეგრძელი და ბედნიერი იყოს.

- ვიბნევი...

- ...როდესაც შეხება ისეთ საქმესთან მაქვს, რომელიც ჯერ არ ვიცი, მაგრამ შესწავლას რომ ვიწყებ და ალღოს ავუღებ, მერე საქმის კეთება მიხარია.

- ვნანობ...

- ...გარდაცვლილ მშობლებთან, მეგობრებთან, ახლობელ ადამიანებთან ბევრი დროის გატარების საშუალება რომ არ მომეცა.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...ჯანმრთელი და ბედნიერი, საყვარელ ადამიანებთან ერთად, რაც შეიძლება დიდხანს რომ ვიყო.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...უპასუხისმგებლობას, უსამართლობას. თავად ძალიან პუნქტუალური ვარ. როცა ვიცი, ადამიანი 9 საათზე უნდა მოვიდეს, და ეს ასე არ ხდება, ნერვები მეშლება, განვიცდი. მე სადღაც 11 საათზე რომ მიბარებენ, 10 საათზე იქ ვარ.

- მეზარება...

- ...არაფერიც არ მეზარება.

- სიყვარული ეს...

- ...რა არის ავხსნა? ეს ხომ შეუძლებელია, როგორ უნდა ავხსნა? იმდენად დიდია, იმდენად ბედნიერებაა, არასდროს მიცდია ამეხსნა, ზებუნებრივია, ღმერთია სიყვარული. სულ ვცდილობ, ჩემში არსებული სიყვარულის მარცვალი გავაღვივო, გავაღვივო და რაც შეიძლება მეტი გავცე.

287627210-5304575256268607-6111079215447624388-n-1730097694.jpg

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...სკოლის მოსწავლე ვიყავი, ვწითლდებოდი, ენა მებმებოდა, ერთხელ რომ დავინახე, ველოსიპედიდან გადმოვვარდი (იცინის), აი, რომ გავიხსენე, ახლაც ენა დამება. ის, რაც მაშინ ჩემში ხდებოდა, ყველაფერი სახეზე მეტყობოდა.

- ჩემი მეუღლე...

- ...გახლავთ თამარ მელანაშვილი. ჩვენი სიყვარულის ამბავი ერთი ნახვით დაიწყო. დავინახე და გულში, გონებაში რაღაც განათდა, ვიგრძენი, რომ ის ჩემი იყო, 21 წელია გასული და დღესაც ამ განცდით ვცხოვრობ. ეს ჩემი მეორე ქორწინებაა. შვილები პირველი ქორწინებიდან მყავს, ორი გოგონა.

- ყოველთვის შეუძლია, კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...ჩემს მეუღლეს, ის მაბედნიერებს, წამი და წუთიც კი მეჩქარება, მინდა, შინ დროზე დავბრუნდე და ვნახო. ჩვენ ერთმანეთის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგვიდგენია.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...არის შიში, საყვარელი ადამიანები არ დავკარგო. წლების განმავლობაში იმდენად ბევრი კარგი ადამიანი გამომაკლდა, რომ ეს შიში დამჩემდა.

- მაკვირვებს...

- ...ადამიანების გულგრილობა ერთმანეთის მიმართ. მაკვირვებს ადამიანების გაცივებული გულები, მოკეთე და მოყვასი დაიკარგა. ხალხი გაცივებული დადის ქუჩაში.

- ...ვრისკავ...

- ...ხშირად, როგორც პროფესიაში, ასევე - ყოველდღიურ ცხოვრებაში.

- ბოლოს ვიტირე...

- ...ახლობლის ამ ქვეყნიდან გასვლის გამო. შინ პატარა ძაღლი გვყავს, საოცარი არსებაა, ამ ბოლო დროს საერთოდ გულჩვილი გავხდი, ფილმზეც შეიძლება ამეტიროს.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...ვერიდები, არ მაქვს ისეთი დამსახურება, ხმაურიანად და საჯაროდ მაქონ, გულწრფელად გეუბნებით, ამ დროს ვერ ვხალისობ.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...შინ ნივთს რომ ავიღებ და თავის ადგილზე არ ვაბრუნებ. სხვაგან ასე არ ვიქცევი.

- ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი...

- ...ბოლო დროს თმის ცვენა დამეწყო და არ მომწონს.

- ვუფრთხილდები...

- ...ყველა ადამიანს, ურთიერთობებს.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...ჩიხირთმის გაკეთება.

- ვიტყუები, როცა...

- ...არ მინდა, ადამიანს გული ვატკინო, საფიქრალი გავუჩინო.

- თავისუფლება არის...

- ...ძალიან დიდი სავალი გზაა. შინაგანად თავისუფლება რომ შეიგრძნო, მარტივი არ არის, ჩვენ ერთმანეთზე იმდენად ვართ გამობმულები. ჯერ მე სრულ თავისუფლებას ვერ მივაღწიე, კიდევ ბევრ რამეზე ვარ დამოკიდებული. მიუწვდომელი არ არის, მაგრამ თავისუფლებისკენ ლტოლვა დიადი საქმეა.

- როცა მარტო ვარ...

- ...კითხვა და ფილმების ნახვა მიყვარს, შემდეგ ანალიზი, ფიქრი...

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...არა მგონია, ოდესმე ეს მოხდეს, მაგრამ შესაძლებლობა რომ მომეცეს, მსოფლიოში ერთ ბავშვსაც კი არ ვაშიმშილებდი. არც ერთ ბავშვს ცრემლიანი თვალები არ ექნებოდა.

- თქვენთვის რას გააკეთებდით?

- არ ვიცი, ჩემი თავისთვის აქამდე არასდროს მომიცლია.

400173380-316931267764817-4580648081561373382-n-1730097682.jpg

- მენატრება...

- ...და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, საქართველოში გაიხსნას სიყვარულის ბაღი, სიყვარულის სკოლა, სიყვარულის უნივერსიტეტი, სიყვარულის სამსახური... დიდი ხანია ამაზე ვფიქრობ. ქუჩაში ფეხით ხშირად დავდივარ, ადამიანებს ვაკვირდები, დაკვირვება ჩემი პროფესიის ნაწილია. ადამიანები ძალიან სხვაგან არიან, ჩაიკეტნენ, გათითოკაცდნენ, სად გარბიან? ვერ ვიგებ, დოვლათი აქ უნდა შექმნა, შენს ქვეყანაში უნდა გააკეთო ყველაფერი. ამ მადლიან მიწაზე ხელის განძრევა გვეზარება. არც მშობლის, არც სულიერი მამის, არც პატრიარქის კურთხევას არ ვასრულებთ. არადა, ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ჩემს მეუღლესთან დიალოგი, მისი აზრების გაზიარება, რჩევების მოსმენა სიმშვიდეს მანიჭებს. ისეთი სწორი მიდგომები აქვს, ძალიან მეხმარება ანალიზის გაკეთებაში და მერე ცივი გონებით მოქმედებაში.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ბავშვობაში დედა ხშირად მიმეორებდა, სახლიდან გარეთ რომ გახვალ, ყოველთვის მოწესრიგებული იყავი, ოჯახიდან გადიხარ, ოჯახის დესპანი ხარო, მამა მარიგებდა, ჭკუით იყავი!

- დაბოლოს გეტყვით...

- ...ღმერთმა ყველას სიკეთე და სიყვარული მოგცეთ, ბედნიერ და ღიმილიან ცხოვრებას გისურვებთ!

თამუნა კვინიკაძე