ვინ ურჩია "ერისიონის" მომღერალს "ქავერ შოუში" მონაწილეობა - გზაპრესი

ვინ ურჩია "ერისიონის" მომღერალს "ქავერ შოუში" მონაწილეობა

- "ერისიონი" მსახიობ-მომღერალია, ამავდროულად მეგობრებთან ერთად შექმნილი აქვს კვარტეტი "მეიდანი". 6 წლიდან სცენაზეა, ფართო საზოგადოებამ კი ცოტა ხნის წინ, გადაცემით "ქავერ შოუ" გაიცნო. მომღერალი მეგაშოუს გამოეთიშა, თუმცა მისი ნამღერი სოციალურ ქსელებში ნახვების მხრივ ერთ-ერთ ლიდერ პოზიციაზეა და მსმენელის დიდი ნაწილის მოწონებას იმსახურებს.

- ჩემი ყოველი დღე, შაბათ-კვირის გარდა, "ერისიონში" დილის 10 საათზე, ორკესტრის რეპეტიციით იწყება. მცირე შესვენების შემდეგ, 11 საათიდან გუნდის რეპეტიცია გვაქვს. დღესდღეობით ორკესტრში ბას-გიტარაზე ვუკრავ. აქ არ მიწევს, თუმცა სხვა ინსტრუმენტებსაც ვფლობ: დრამი, ფანდური, გიტარა და ა.შ.

- როგორ დაიწყო სიმღერასთან თქვენი დაახლოება? ოჯახში მღეროდნენ?

- ოჯახში თითქმის ყველა მღეროდა, მოყვარულის დონეზე სხვადასხვა ანსამბლშიც ირიცხებოდნენ: პაპა, მამა, დედა, მაგრამ პროფესიულად ეს გზა არავის გაუგრძელებია. დედა მხატვარია. სიმართლე გითხრათ, მამაჩემის ზუსტი პროფესია არც მახსოვს, რადგან ძალიან ბევრი მიმართულებით მუშაობდა, გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, შინ იშვიათად ვხედავდი. მეც ანალოგიურ სიტუაციაში ვარ, მაგრამ ვცდილობ, შვილთან მეტი დრო გავატარო, მან მაინც რომ დაიმახსოვროს, რა პროფესიის ვარ (იღიმის).

- როგორ ცდილობთ შვილთან ურთიერთობაში დროის დანაკლისის ანაზღაურებას?

- ილია 5 წლისაა. რეპეტიციის მერე, თუ რამე საქმე არ მაქვს, ვცდილობ ბაღიდან ადრე გამოვიყვანო, შინ წავიდეთ, სადმე გავისეირნოთ, მთაწმინდაზე ავიდეთ ან რომელიმე გასართობ ცენტრში. 90-იანი წლებიდან მოვდივარ, 1994 წელს დავიბადე. მაშინ მეტი გაჭირვება იყო, ვიდრე დღესაა, მაგრამ რაც ბავშვობაში მაკლდა ან მინდოდა მქონოდა და არ მქონდა, არ მინდა შვილს მოვაკლო და რამე ოცნებად ჩარჩეს. ვთქვათ, როცა მთხოვს, მანქანების ატრაქციონზე დავსვა, უარს არ ვეუბნები. პირიქით, ვცდილობ ყოველთვის "გავუსწორო". თუ ყოველდღე გამოთქვამს ამის სურვილს, მაშინ ვუხსნი, რომ დღეს შეიძლება სხვა გასართობი ვნახოთ და ა.შ. ვფიქრობ, ბავშვს უნდა ჰქონდეს ელემენტარული სურვილების ასრულების საშუალება, მთავარია, ზედმეტი არ მოგვივიდეს. ამიტომ მეც და ჩემი მეუღლეც ყოველთვის ვცდილობთ ოქროს შუალედი დავიცვათ.

- ისევ თქვენ პროფესიას დავუბრუნდეთ, სად დაიწყეთ სიმღერა და დღემდე რა ეტაპები გაიარეთ?

- როგორც დედაჩემისგან ვიცი, 3-4 წლის ვყოფილვარ, პირველად რომ ვიმღერე. პიანინოს მივუჯექი და თურმე სმენით, რაღაც მელოდიებს ვაწყობდი. მაშინ მივხვდით, რომ ამ კუთხით სერიოზული ნიჭი გქონდაო. 6 წლისა რომელიღაც საესტრადო სტუდიაში მიმიყვანეს. სამწუხაროდ, სახელწოდება არ მახსოვს. პაპაჩემი ფოტოგრაფია და ყოველ კონცერტზე ფოტოებს მიღებდა. ამ მხრივ, ჩემი ბავშვობის კონცერტებიდან კარგი არქივი დამრჩა. 11 წლისა "ერისიონის" ბავშვთა სტუდიაში აღმოვჩნდი, თამაზ ბლუაშვილის ხელმძღვანელობით. მე და ჩემი მეგობრები მასთან გავიზარდეთ და დღეს ერთად ვმღერით. 2017 წლიდან, უკვე "ერისიონის" მთავარ შემადგენლობაში, ჩვენს პედაგოგს მისი 3 მოსწავლე გვერდში ვუდგავართ.

- როგორ ფიქრობთ, ვინ მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა თქვენზე, როგორც მომღერალზე?

- სიმართლე გითხრათ, ერთი კონკრეტული ინსპირაციის ობიექტი არასდროს მყოლია. საერთოდ, ყველანაირი ჟანრის მუსიკას ვუსმენ: როკს, ჯაზს, ბლუზს, პოპს. რასაკვირველია შემდეგ, როცა "ერისიონს" ვუსმენდი, მათით მოხიბლული ვიყავი, ეს ანსამბლი იყო ჩემი ინსპირაცია. რაც შეეხება იმ მიმართულებას, რითაც უკვე ცოტა ხნის წინ "ქავერ შოუში" წარვდექი, ამ მხრივ, ყოველთვის მომწონდა: გოგი დოლიძე, ზაურ ბოლქვაძე, გურამ თამაზაშვილი და ძველი "ქართული ხმები". ახლა რომ ვფიქრობ, ნომერი პირველი ჩემთვის ალბათ, გოგი დოლიძეა, რომლის სიმღერებზე ბავშვობიდან ვგიჟდები. სულ ხინჯად მაქვს, რა იქნებოდა ეცოცხლა და შევხვედროდი? საერთოდ, მას შემდეგ, რაც ქალაქური სიმღერების შესრულება დავიწყე, მომინდა ქართულ ესტრადას უფრო მეტად მივახლოებოდი. 2017 წლიდან ბავშვობის მეგობრებს შექმნილი გვაქვს კვარტეტი, რომელსაც წელს "მეიდანი" დავარქვით. ერთმანეთთან კარგად შემღერებულები ვართ და ხშირად ახალ-ახალ სიმღერასაც ვამუშავებთ.

- ნებისმიერ ვოკალურ კონკურსში, როცა კონკურსანტი გოგი დოლიძის რეპერტუარიდან რომელიმე სიმღერას ირჩევს, ეს საკმაოდ თამამ ნაბიჯად ითვლება. რატომ გადაწყვიტეთ კონკურსში მონაწილეობა და როგორ გაკეთდა მის სიმღერაზე არჩევანი?

- "ქავერ შოუში" მონაწილეობა "ერისიონის" პროდიუსერმა, ბატონმა ვანო ჩხაიძემ მირჩია. რაც შეეხება არჩევანს, "ხმალი ავლესოთ" - ეს ჩემთვის ფენომენალური სიმღერაა. არა მხოლოდ მოსმენისას, არამედ მაშინაც, როცა ვმღერი, მთელ ტანში ჟრუანტელი მივლის. არჩევანი კონკურსის გასაუბრებაზე გავაკეთე და თან, ამ სიმღერით მინდოდა საზოგადოებისთვის იმედი ჩამესახა; მეთქვა, რომ ნამდვილი ქართველები ჯერ კიდევ ვარსებობთ, აქ ვართ, არ გადავშენებულვართ, ქართული გენი ბოლომდე იცოცხლებს და უკვდავი იქნება!..

- სოციალურ ქსელში თუ ეცნობოდით იმ კომენტარებს, რაც თქვენი სიმღერის შესრულებას მოჰყვა?

- კონკურსის წესების მიხედვით, გიორგი ლაფაჩიშვილთან შეხვედრამ მომიწია. დიდი ხანია მას ვიცნობ და ვფიქრობ, ამ პროექტში ერთ-ერთი ძლიერი კონკურსანტია. ორივემ ქართული სიმღერა შევასრულეთ და ალბათ, აქედან გამომდინარე მოხდა ჩვენი დაპირისპირება მაყურებლის მიერ. პროექტს გამოვეთიშე. პირველი ორი დღე კომენტარებსაც ვადევნებდი თვალს და გული დამწყდა, რომ მომდევნო ეტაპზე ვერ გავედი. თავიდან ჩემთვის მთავარი იყო ეკრანზე გამოვჩენილიყავი, ხალხს გავეცანი, გაეგო ვინ ვარ და რას ვაკეთებ, პოპულარობა მომეპოვებინა, მაგრამ მერე, კონკურსის დროს დიდ სცენაზე რომ დავდექი და ვიმღერე, იმის პრეტენზიაც გამიჩნდა, ბოლომდე გავსულიყავი. თუმცა, რაც მოხდა, მოხდა, ეს ჩვეულებრივი მომენტია. პირველ რიგში, განსაკუთრებული მადლობა ანრი ჯოხაძეს, რომელიც ერთადერთი ჟიურის წევრი იყო, რომელმაც მხარი დამიჭირა. მის სიმღერებს ბავშვობიდან ვუსმენ და დღესდღეობით ის ჩემთვის ერთ-ერთი სამაგალითო ფიგურაა ქართულ შოუბიზნესში.

4-1730097920.jpg

- მითხარით, მინდოდა ხალხს გაეგო ვინ ვარ და რას ვაკეთებო. სიმღერის გარეშე, სიტყვებით რას ეტყოდით საზოგადოებას, ვინ ხართ, რას აკეთებთ და სიმღერის გარდა, რა ინტერესები გაქვთ?

- ბავშვობიდან ვმღერი, ეს პროცესი მიყვარს, მსიამოვნებს და ამავდროულად, ვმღერი იმიტომ, რომ ჩემი სიმღერა ხალხის გულებს მისწვდეს. რაც შეეხება ჩემს სხვა ინტერესებს, ეს ისევ და ისევ მუსიკას უკავშირდება, ვცდილობ ვისწავლო ხმის ჩაწერა, დამუშავება, მასტერინგი... სამშენებლოზე ვსწავლობდი, მაგრამ ბოლოს მაინც გადავწყვიტე, მომღერალი გავმხდარიყავი. მუსიკალური კუთხით თვითნასწავლი ვარ, ესტრადის მიმართულებითაც არასდროს მყოლია ვოკალის პედაგოგი. სულ ვცდილობ, ჩემით ვიპოვო და ვისწავლო ის, რასაც ავირჩევ. კი, რთულია, მაგრამ ყოველთვის ასე მირჩევნია.

- როცა სტუმრად მეგობრების ან თქვენთვის უცხო ხალხის წრეში ხვდებით, ხშირად გთხოვენ იმღეროთ?

- ძალიან, ძალიან ხშირად (იღიმის).

- ეს გღლით, გსიამოვნებთ, თუ გაღიზიანებთ?

- სიმართლე გითხრათ, გააჩნია ვინ მთხოვს. არიან ისეთი ადამიანები, ვისაც მოსწონს შენი ნამღერი, მაგრამ მთავარია, როგორ გისმენს და გიფასებს. თუ შენი სიმღერის დროს შეტრიალდება, სვამს და ლაპარაკს იწყებს, აი, ეგ მაღიზიანებს. ჰოდა, ასეთი ადამიანი სადმე რომ დამპატიჟებს და მეტყვის, გიტარა გამოიყოლეო, შეიძლება მეცალოს, მაგრამ სპეციალურად არ მივდივარ, რადგან ზუსტად ვიცი, ჩემს სტუმრობას რა მოჰყვება და როგორ გავღიზიანდები. ზოგადად, ამ საკითხში ძალიან ემოციური ვარ და არ მინდა ვინმეს რამე ვაწყენინო. ძალიან მიყვარს, როცა ვმღერი და ყველა გაფაციცებით მისმენს, არა იმიტომ, რომ მაგარი ვარ, მაგრამ ეს ელემენტარული კულტურაა, მოსმენის კულტურა და საბედნიეროდ, ასეთი ხალხიც არსებობს. ზოგადად, მიყვარს კულტურული და დისციპლინირებული ხალხი. მით უმეტეს, ბატონი ჯემალ ჭკუასელის დროიდან მოყოლებული "ერისიონში" ვარ. ბატონების ჯემალ და შერმანდი ჭკუასელებისგან სიმღერის გარდა, დისციპლინაც კარგად ვისწავლე. შეიძლება ეს თვისება არც მანამდე მაკლდა, მაგრამ "ერისიონში" მოსვლის შემდეგ, იდეალურ დონემდე მივიყვანე. ელემენტარულ მაგალითს გეტყვით: თუ ვიცი, რომ შეიძლება სამსახურში ქალაქში არსებული საცობების გამო დავიგვიანო ან პარკინგის ადგილი დროულად ვერ ვიპოვო, ავდგები და სახლიდან 15-20 წუთით ადრე გამოვალ, ამის გამო შანსი არ არის, რეპეტიციაზე დავიგვიანო.

- დაბოლოს, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი პროფესიული გზა 5-10 წლის შემდეგ?

- პირველ რიგში, მინდა ხმა შევინარჩუნო (იღიმის). ჩვენს ქვეყანაში მომღერლის ანაზღაურება დაბალია და 3-4 ობიექტზე მიწევს მუშაობა, ოჯახი რომ შევინახო, ელემენტარული ხარჯები დავფარო. ქართულ ხალხურ სიმღერას დიდი ენერგია და რესურსი მიაქვს. ემოციური შესრულება სჭირდება, "ყელზეც" სხვა დატვირთვა მოდის, ამიტომ მინდა დიდხანს მქონდეს სიმღერის შესაძლებლობა. მომავალშიც ვაპირებ სხვა პროექტებში მონაწილეობას!.. 5-10 წლის შემდეგ ვისურვებდი, ქართული ესტრადის ძლიერ და წამყვან მომღერლებთან ერთად სცენაზე დავმდგარიყავი და ფოლკლორის გარდა, ქალაქური მიმართულებაც განვავითარო. ინგლისურ ენაზე სხვადასხვა ჟანრის სიმღერებსაც ვმღერი და სურვილი მაქვს, საზოგადოებამ ამ კუთხითაც გამიცნოს.

ანა კალანდაძე