ეროვნული გმირი, რომელმაც საკუთარი სიკვდილი იწინასწარმეტყველა
წელს 52 წელი უნდა შესრულებოდა გმირს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად თანამებრძოლები გარდაუვალ სიკვდილს გადაარჩინა. ის 2004 წლის 16 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მოქმედებებისას დაიღუპა. იმ დღეს მასთან ერთად ქართულმა მხარემ 16 მებრძოლი დაკარგა.
შეგახსენებთ, რომ 2004 წლის 5 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში ქართულ მხარეს და ოს სეპარატისტებს შორის მცირე ინტენსივობის საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. როგორც ზაზა დამენიას თანამებრძოლები იხსენებენ, ზაზას დაღუპვამდე ორი დღით ადრე ნაღმის აფეთქების დროს თვალებში მიწა შეეყარა და მხედველობა დაუქვეითდა. ოცმეთაურმა სახლში წასვლა შესთავაზა, მაგრამ ზაზამ იუარა, წიგნის კითხვა არ შემიძლია, მაგრამ მტერს კი ვხედავ და თუ სხვას ვერაფერს შევძლებ, ტყვიას ხომ მაინც გადაგიტენით, ბიჭებოო! მას "სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისა და გამორჩეული გმირობისათვის" ეროვნული გმირის უმაღლესი სახელმწიფო წოდება მიენიჭა. ოზურგეთის სკოლა, სადაც სამშობლოსათვის თავდადებული გმირი სწავლობდა, დღეს მის სახელს ატარებს. უახლოეს მომავალში თავდაცვის სამინისტრო ღონისძიების გამართვას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც ოზურგეთის რაიონში ერთ-ერთ მწვერვალს მისი სახელი მიენიჭება.
ზაზა დამენია 1992 წლიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების სადაზვერვო ბატალიონში მსახურობდა. აფხაზეთში 1993 წელს იბრძოდა. 1995 წელს საქართველოს შსს-ს გურიის სამხარეო სამმართველოს განსაკუთრებულ დავალებათა სამსახურის უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსი იყო. 2002 წლიდან სამხედრო სამსახური მე-11 მექანიზებული ბრიგადის მსუბუქ ქვეით ბატალიონ "კომანდოს" რიგებში გააგრძელა. უფრო მეტს მის შესახებ მეუღლე, დედა და და გვიამბობენ.
ხათუნა ხუხუნაიშვილი, მეუღლე:
- 16 აგვისტოს გამთენიისას დაასრულა ზაზამ სიცოცხლე. არც კი დაფიქრებულა, ისე გადაეფარა სანგარში მტრის მიერ ჩაგდებულ ხელყუმბარას, სამი თანამებრძოლი გადაარჩინა სიკვდილს, ჩვენი კი გაუსაძლისი ტკივილი დაგვიტოვა. ივლისის ბოლო იყო, დილის 11 საათზე შინ მოულოდნელად მოვიდა. ყაზარმული ჰქონდა და არ ველოდი. მითხრა, მალევე უნდა გავბრუნდე უკან, ერედვის მთაზე მივყავართ, მაგრამ შენ ნუ შეგეშინდებაო. ისაუზმა, ცოტა დაისვენა, მე და ბავშვს დაგვიძახა, ორივე მაგრად მიგვიკრა მკერდზე, - ვინ იცის, კიდევ როდის გნახავთო. კინაღამ გავგიჟდი: რატომ ამბობ ამას, რას ჰქვია, როდის გვნახავ-მეთქი? უარესიც მითხრა, - როცა მოვკვდები, შენი ცრემლები გულზე უნდა დამაშრესო. ძალიან ავნერვიულდი, მაგრამ თავადვე დამამშვიდა და მთხოვა, მაღაზიაში პირადი ჰიგიენის ნივთების საყიდლად გავყოლოდი. იქიდან რომ დავბრუნდით, მითხრა: ხათო, მოდი შენ გურიაში წადი, ბავშვი წაიყვანე და მე მივლინებიდან რომ ჩამოვალ, ერთად წავიდეთ სადმეო. რომ გავაცილე, გული საოცრად დამძიმებული მქონდა, ჩემს თავს ვეუბნებოდი: არა, არა, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი. რამდენიმე დღის შემდეგ, როგორც ზაზამ გვითხრა, გურიაში წავედით, დედაჩემის სახლში. რამდენიმე დღეში ტელეფონით მოგვიკითხა და მითხრა, 16 აგვისტოს თბილისში ჩამოდი, მეც მაგ დროს მიმთავრდება მივლინება და შინ დამხვდიო. მაშინ მობილური იშვიათობა იყო, ბატალიონში ორ კაცს ჰქონდა მხოლოდ და ყოველდღე ერთმანეთს ვერ ველაპარაკებოდით. 15 აგვისტოს ბავშვი ზღვაზე წავიყვანე. ვიფიქრე წასვლამდე ერთხელ მაინც ვაბანავებ-მეთქი. ოზურგეთი-ბათუმის მატარებელში რომ ავედით, ვიღაცები საუბრობდნენ, - ოზურგეთელი ბიჭი დაღუპულა ერედვშიო. ვერ წარმოვიდგინე, რომ ის შეიძლებოდა ზაზა ყოფილიყო, მაგრამ ამ საუბარმა რაღაცნაირად ნერვები მომიშალა და ყური ავარიდე. ბათუმში ჩავედით, მივიყვანე ბავშვი ზღვასთან და უცებ აყვირდა, მკერდთან იდებდა ხელს, მტკივაო. ძალიან დავიბენი, ჯანმრთელი ბავშვია, იმ დრომდე არაფერს შეუწუხებია და ვერ მივხვდი, რა დაემართა. ძლივს დავამშვიდე... ალბათ გულმა მამის სიკვდილი უგრძნო, იმის მერე მსგავსი არაფერი დამართნია. საღამოს შინ რომ ვბრუნდებოდით, ბათუმი-ოზურგეთის მატარებელში ისევ ერედვში დაღუპულ ოზურგეთელ ბიჭზე საუბრობდნენ. ამჯერად ისე ავნერვიულდი, თავი ვეღარ შევიკავე და მგზავრებს შევეკამათე, - რა ამბავია, სულ დაღუპულებზე რომ ლაპარაკობთ-მეთქი. რა თქმა უნდა, გაოცებულებმა შემომხედეს, რაღაც მითხრეს კიდეც...
ღამის 12 საათზე სახლში ჩოჩქოლი შეიქმნა. მალე დედაჩემის ხმაც შემომესმა: ხათუნა, ადექი ფეხზეო. ვიფიქრე, რომ ბებია კვდებოდა... ჩამოვედი და ვხედავ, ბებია კარგად არის. ამ დროს ნათესავმა ქალმა მითხრა, - ხათუნა გამაგრდი, ზაზა მაგარი დაჭრილია და მისი მშობლების სახლში წევსო. ვიფიქრე, თუ დაჭრილია, ჰოსპიტალში უნდა იყოს-მეთქი. აღარაფერი მითხრეს... ჩავედი და გულგაპობილი ზაზა დამხვდა...
შემდეგ როგორც მისი თანამებრძოლები მიყვებოდნენ, ბოლო პერიოდი თურმე სულ ჩვენზე ლაპარაკობდა, - ერთი ჩემს ცოლ-შვილს ჩამახუტაო. ბიჭებს უთქვამთ, თვალებზე მაინც პრობლემა გაქვს, წადი, თავსაც მიხედე და ცოლ-შვილიც მოინახულეო. უარი უთქვამს, ახლა როგორ მიგატოვოთ, იარაღს მაინც გადაგიტენითო. მეორე თუ მესამე დღეს მოხდა ის, რაც უკვე ყველამ იცის.
ხათუნა დამენია, ზაზა დამენიას და:
- მგონია, წინასწარ იცოდა, თუ როგორი იქნებოდა მისი სიცოცხლის დასასრული. მის რამდენიმე ჩანაწერს გაჩვენებთ: "მეომარს შეუძლია თავის დაფარვა ტყვიისაგან, ასევე შეუძლია დაემალოს ავტომატს, ტყვიამფრქვევს... ჭურვსაც აიცილებს და თქვენ წარმოიდგინეთ, ქვემეხის მიერ გასროლილ ჭურვსაც არ მოაკვლევინებს თავს... თუ მთლად განწირული არ ხარ და ის ჭურვი პირდაპირ შენს სანგარში არ დაეცა". ჩემი ძმა ბავშვობიდანვე გამორჩეული იყო ნიჭიერებითა და წესიერებით. საოცრად მოწესრიგებული საკუთარი შარვლის გაუთოებასაც არავის ანდობდა. სულ პიჯაკით და პერანგით დადიოდა... წარსულს რომ ვიხსენებ, მიჩნდება განცდა, რომ წინასწარ ემზადებოდა სამშობლოსათვის თავის შესაწირად.
ციური წერეთელი, დედა:
- ჩემმა შვილმა ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე დაუფიქრებლად შესწირა სამშობლოს. ეს არ გამკვირვებია, ისეთი ბიჭი იყო, სხვაგვარად არ მოიქცეოდა... ცუდი ის არის, რომ ხელისუფლების არც ერთi წარმომადგენელი არ მოსულა სამძიმრის სათქმელად.
ხათუნა დამენია:
- უკვე 20 წელია, ზაზა აღარ არის და ოჯახის წევრების, მეგობრების, თანამებრძოლების გარდა აღარავის ახსოვს. ისიც ვერ გაურკვევიათ, აფხაზეთში დაიღუპა თუ ცხინვალში, 2004 წელს თუ 2008-ში... აღარც კი მინდა ამ თემაზე საუბარი. აქამდე თუ ვერ გაიგეს, 20 წლის შემდეგ რაღა აზრი აქვს ამაზე ლაპარაკს?
- თქვენ რა იცით 2004 წლის ქართულ-ოსური კონფლიქტის შესახებ?
- ბევრი არაფერი. როდესაც ზაზა ერედვში წაიყვანეს, უკვე გამოცდილი მებრძოლი იყო, აფხაზეთიც მოვლილი ჰქონდა და ძალოვან უწყებებშიც ნამუშევარი იყო. არ მეგონა, ასეთ პატარა შეტაკებაში თუ რამე მოუვიდოდა, ორი წლის განმავლობაში არ გამოსულა აფხაზეთის ომიდან, იქ გადარჩა... მაშინ ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო... ცხინვალის მისადგომებთანაც გადარჩებოდა, ალბათ, რომ მოენდომებინა... პირველმა მან დაინახა ის ყუმბარა... მისი არჩევანი ასეთი იყო, შეგნებულად გაწირა თავი, თორემ წესით, იქ არც უნდა ყოფილიყო. ნაღმზე აფეთქების გამო მხედველობა დაუზიანდა და შეეძლო შინ დაბრუნებულიყო, მაგრამ არ წამოვიდა... ჩვენ არც ის მებრძოლები გვინახავს, ვის გადასარჩენადაც ზაზამ თავი გაწირა...
ციური წერეთელი:
- რაღა აზრი აქვს ამაზე ლაპარაკს, შვილი მაინც აღარ დამიბრუნდება... დღე კი არა, საათი და წუთი არ გავა, მასზე რომ არ ვიფიქრო. მისი ხმის გაგონება ყველაფერს მირჩევნია... აფხაზეთის ომი რომ დაიწყო, 20 წელი ახალი შესრულებული ჰქონდა, სტუდენტი იყო. ჩვენ სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გავაცილეთ, ის კი ომში გაგვეპარა.
- მისი ომში ყოფნის ამბავი როგორ გაიგეთ?
- დაბადების დღე მქონდა, მისგან მილოცვა რომ ვერ მივიღე, ვიფიქრე, ალბათ, რაღაც უსაშველო სჭირს-მეთქი. მეორე დღესვე წავედი კომისარიატში და მოვითხოვე დაეზუსტებინათ, სად იყო. მომივიდა ცნობა, რომ აფხაზეთში წასულა. მეგონა, მიწა გამისკდებოდა... ბოლომდე იბრძოლა, ერთი დღითაც არ დაუტოვებია თანამებრძოლები. ამბავსაც ვერ ვიგებდი, მაშინ ტელეფონი და ინტერნეტი კი არა, შუქიც არ იყო და ტელევიზიითაც ვერ ვიგებდი, რა ხდებოდა აფხაზეთში. ვინმე ოზურგეთელი თუ ჩამოვიდოდა რამდენიმე დღით, იმისგან ვიგებდი ჩემი შვილის ამბავს.
ხათუნა დამენია:
- გულნატკენი იყო ხელისუფლებაზეც და ომის შორიდან მაყურებელ საზოგადოებაზეც. ამბობდა, აქ ბიჭები ყოველდღე სიცოცხლეს სწირავენ, მაგრამ მათ შესახებ არავინ არაფერს ამბობსო. ომიდან რომ ჩამოვიდა, ამბობდა, ჩვენ რომ პატრონი გვყოლოდა, ამ ომს აუცილებლად მოვიგებდითო.
ციური წერეთელი:
- ზაზა ამბობდა, ერთ სოფელს რამდენჯერმე ვათავისუფლებდითო. გავათავისუფლებდით თუ არა, მალევე გვატოვებინებდნენ დაკავებულ ტერიტორიას, მერე ისევ თავიდან გვიწევდა აღება და ბოლოს მაინც გვატოვებინებდნენო. ომიდან რომ დაბრუნდა, ვთხოვე, ამხელა რამე გამოიარე, ღმერთმა შენი თავი ცოცხალი დამიბრუნა, შეეშვი მაგ გზას-მეთქი. ყველაფერს მიჯერებდა, მხოლოდ ორი რამ არ დამიჯერა: ომში წავიდა და სამხედრო სამსახური გააგრძელა.
ხათუნა ხუხუნაიშვილი:
- მეც არ მინდოდა, სამხედრო სამსახურში რომ ემსახურა. ოზურგეთში ვიყავით, მითხრა, თბილისში უნდა წავიდე, დიპლომის ასაღებადო. რამდენიმე დღეში დამირეკა და მითხრა, "კომანდოს" ბატალიონში დავიწყე მუშაობაო. გავაპროტესტე, მაგრამ უშედეგოდ. - მე სამხედრო ვარ და შენ ყველაფრისთვის მზად უნდა იყოო. რა თქმა უნდა, ეს არ მომწონდა, მოსვენება მქონდა დაკარგული. როგორც კი შინ მოსვლა დააგვიანდებოდა, პანიკები მეწყებოდა...
- შვილი თუ ჰგავს მამას?
- კი, ძალიან ჰგავს, ისიც ზაზასავით მოწესრიგებულია. გიორგის სოციოლოგიურ-პოლიტიკური ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, მაგრამ კალათბურთით უფროა გატაცებული. სხვათა შორის, თავდაცვის სამინისტროში მუშაობს.
ხათუნა ბახტურიძე