რატომ დადგა არჩევნებზეის შედეგი, რაც დადგა?
ასევე არსებობს სხვა კომპლექსური მიზეზებიც და შევეცდები, ყველას თავი მოვუყარო, სხვანაირად სრული სურათის აღქმა შეუძლებელია.
1) დიდი ფული ხელისუფლების მხარეს.
არჩევნებზე რა ფულიც იხარჯება (თეთრი თუ შავი), ამის 90 პროცენტს ხარჯავს ხელისუფლება, დანარჩენ 10 პროცენტს ყველა სხვა პარტია. მოსყიდვა რომ გვერდზე გადავდოთ, ოფიციალურ ხარჯებშიც კოლოსალური უპირატესობაა. ეს უპირატესობა, პირველ რიგში, ვლინდება ე.წ. კოორდინატორების ქსელში. ხელისუფლებას აქვს ფინანსური რესურსი ყოველ ორას-სამას ამომრჩეველზე ერთი კოორდინატორი ჰყავდეს და თუ გაუჭირდა, მათი რიცხვი შეუძლია კიდევ გაზარდოს;
2) ადმინისტრაციული რესურსი ეს ცალკე კოლოსალური უპირატესობაა. ოპოზიციას კი ჰგონია, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულები მათაც მისცემდნენ ხმას, მაგრამ მწარედ ცდებიან, რადგან მუნიციპალიტეტებში, სიპებსა თუ აიპებში ყველა "ოცნების" პარტიული აქტივისტია დასაქმებული და მათ კარგად იციან, ოპოზიცია თუ მოვა, სამსახურებს დაკარგავენ;
3) ამას ემატება იმ კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანები, რომელთა უფროსები ფულს ხელისუფლების წყალობით შოულობენ, ანუ ის ბიზნესები, რომლებიც დამოკიდებულები არიან ტენდერებსა და სამშენებლო ნებართვებზე. ისინი მარტო მილიონებს კი არ სწირავენ მმართველ პარტიას, არამედ მათთან ყველა დასაქმებულსაც სთხოვენ, ხმა ხელისუფლებას მისცენ და ოჯახის წევრებსაც მიაცემინონ;
4) სოციალურად დაუცველები: მათი რაოდენობა სულ იცვლება, მაგრამ რამდენიმე ასეულ ათასს აღწევს (ბოლოს 600 ათასზე მეტი იყო). ამ ხალხს რეგიონებში ეუბნებიან, რომ თუ ხელისუფლებას არ მისცემენ ხმას, დახმარებას მოუხსნიან;
5) სუს-ი და ძალოვანი სტრუქტურების ფაქტორი. რეგიონებში, მოსახლეობას სუს-ი და ძალოვანები აშინებენ, პირადობებს ართმევენ და ა.შ.;
6) უპირატესობა პროპაგანდის საშუალებებში.
მათი პროპაგანდისტული არხები კოლოსალურ თანხებს ხარჯავენ გასართობი პროგრამების შექმნაში, რაც დღეს ოპო-არხებს არც დაესიზმრებათ. ეს უზრუნველყოფს იმას, რომ სახელისუფლებო არხებს თითქმის ორჯერ მეტი რეიტინგი აქვთ, ვიდრე ოპო-არხებს და შესაბამისად, მათი ხმა ორჯერ მეტ ადამიანთან მიდის, განსაკუთრებით რეგიონებში;
7) "ჩუმი უმრავლესობა" - არსებობს ასეთი ტერმინი და აღნიშნავს იმ ადამიანებს, ვინც ჩვენსავით არ ხმაურობენ, ჩუმად არიან, მაგრამ საბოლოოდ ისინი წყვეტენ არჩევნების ბედს. ხმაურიან უმცირესობას ექმნება შთაბეჭდილება, რომ ის უმრავლესობაშია, თუმცა საბოლოოდ აღმოჩნდება, რომ ეს ილუზიაა. არჩევნების ბედს წყვეტს "ჩუმი უმრავლესობა", ხმაურიანი უმცირესობა მხოლოდ რევოლუციების ბედს წყვეტს;
8) პროპაგანდის ბინძური მეთოდები.
ვიღაცებმა ხომ დაძალებისა და მოსყიდვის გარეშეც მისცეს ხმა "ოცნებას", ამას ერთი მიზეზი აქვს: პროპაგანდა. ხელისუფლებამ და ბიძინა ივანიშვილმა ამ არჩევნებზე, პროპაგანდის თვალსაზრისით, ყველაფერი იკადრეს. ივანიშვილი, რომელიც აქამდე ათეისტი და ლიბერალი იყო (ანტიდისკრიმინაციული კანონი გაიტანა ეკლესიის წინააღმდეგობის მიუხედავად), ახლა დიდ მორწმუნედ და ტრადიციების დამცველად გადაიქცა. პლუს შემოიტანეს ომის, ასევე ლგბტ პროპაგანდის თემა. მოკლედ, შიშებსა და მასაზე იმუშავეს;
9) ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ფაქტორი - ამას აქტიურად იყენებდა შევარდნაძის ხელისუფლება და სააკაშვილიც. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე საოცარი პროცენტები მოვიდა მარნეულიდან და ახალქალაქიდან. სწორედ ამ ხმების წყალობით გადალახა მიშამ 50-პროცენტიანი ბარიერი (52 პროცენტი აიღო) და ასე აიცილა თავიდან მეორე ტური. ამის გამო მაშინდელი ოპოზიცია მას სომხების და აზერების პრეზიდენტს ეძახდა. "ოცნება" ამ ფაქტორს აქამდე ასე აქტიურად არ იყენებდა, მაგრამ ახლა შეშინებული იყო და ამაზეც წავიდა. მარნეულისა და ახალქალაქის 80 და 90-პროცენტიანი უბნები არის სრული კატასტროფა და ჯერჯერობით მთავარი მტკიცებულება არჩევნების გაყალბების;
10) "ნაცების" ფაქტორი: ვიღაცებს კი ჰგონიათ, რომ 12 წლის მერე "ნაცებით" შეშინება არ მუშაობს, მაგრამ თუ საკუთარ ბაბლში ჩაკეტილი არ ხარ, აღმოაჩენ, რომ მუშაობს. ზოგს "ნაცების" მობრუნების ეშინია და ვისაც არ ეშინია, უბრალოდ სძულს. ეს ფაქტორები მუშა რომ არ იყოს, "ოცნების" პროპაგანდა არ იქნებოდა აწყობილი თემაზე - "ყველა ნაცია". ოპოზიციის მთავარი გასაშავებელი ბრალდება ისევ ეს ჰქონდათ, რადგან ყველაზე მეტად ისევ ეს მუშაობს;
11) ოპოზიციის პასუხისმგებლობა: ოპოზიციას "რუსული კანონის" შემოტანამდე გამარჯვების შანსიც კი არ ჰქონდა, სანამ ამომრჩეველი თავად ივანიშვილმა არ გააბრაზა, როდესაც ჩვენს ევროპულ გზას დაუპირისპირდა, ანუ ისე ჩანდა, რომ თავად ისროლა საკუთარ ფეხში. არსებობდა თავად ივანიშვილის მიერ შექმნილი მისი დამარცხების შანსი, ამ შანსს უბრალოდ გამოყენება უნდოდა. გასაგებია, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზის გამო ხელისუფლებას კოლოსალური უსამართლო ფორა აქვს, მაგრამ ოპოზიციისთვის ეს თავიდანვე ცნობილი იყო და ამ ფორასთნ ერთად გვპირდებოდა "ოცნების" დამარცხებას, ეს კი ვერ შეძლო! თუ გაყალბება ვერ დამტკიცდა, მერე რა ხდება?