შოკის მომგვრელი არჩევნები და სახტად დარჩენილი ოპოზიცია - გზაპრესი

შოკის მომგვრელი არჩევნები და სახტად დარჩენილი ოპოზიცია

სალომე ზურაბიშვილმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები და არალეგიტიმურად გამოაცხადა. მისი თქმით, არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, საამისოდ კი თანამედროვე ტექნოლოგიები გამოიყენეს. "ჩვენ დავესწარით ძალიან უჩვეულო რამეს... გამოიყენეს ყველა ის ხერხი, რაც გვინახავს სხვადასხვა ქვეყანაში თუ ამ ქვეყანაში. დღევანდელი ტექნოლოგიების გამოყენება იმ დონეზე, რომ გაეთეთრებინა გაყალბება. ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა. ჩვენ რეალურად ვიყავით მოწმე და მსხვერპლი რუსული სპეცოპერაციის, ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ახალი ფორმის, რომელიც განხორციელდა ჩვენს ხალხზე, ჩვენს ქვეყანაზე... არ ვაღიარებ ამ არჩევნებს. ამ არჩევნების აღიარება არ შეიძლება. ამის აღიარება არის რუსეთის შემოსვლის აღიარება..."

არჩევნებს არ აღიარებს არც ოპოზიცია და არც სამოქალაქო საზოგადოება, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები კი ყველა დარღვევის სრულ გამოძიებას ითხოვენ. არჩევნები, მათი ვერსიითაც, სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენების, ხმების ყიდვისა და ამომრჩევლის დაშინების ფონზე ჩატარდა. შესაბამისად, ოპოზიციური პარტიები საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, რომლის გამართვაზეც პასუხისმგებელი საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია იქნება.

ამ პოზიციას არ იზიარებენ მმართველ გუნდში და ამბობენ, რომ პარლამენტი შეიკრიბება და 76 ხმით 150 დეპუტატის უფლებამოსილებას ცნობს. შეძლებს თუ არა პარლამენტი ფუნქციონირებას, როგორ მოახერხა მმართველმა გუნდმა ახალი ტექნოლოგიების ფონზე არჩევნების გაყალბება? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება.

- სიმართლე გითხრათ, არანაირად არ მეგონა, რომ "ქართული ოცნება" 50%-ზე მეტს დაიწერდა. დიახ, ეს არის მმართველი გუნდის მიერ არჩევნებში საკუთარი შედეგების გადაჭარბებული შეფასება. აქვს თუ არა ოპოზიციას იმის დამამტკიცებელი არგუმენტები, რომ არჩევნები გაყალბდა? რასაც მე ვუყურებდი, შემიძლია ვთქვა, რომ კი, ოპოზიცია თუ მართლა მოინდომებს ამის დამტკიცებას, შეძლებს. ბოლოს და ბოლოს, ჩემი თვალით ვნახე, როგორ აძევებდნენ დამკვირვებლებს საარჩევნო უბნებიდან. მგონია, რომ ოპოზიციამ ყველაფერი გვერდზე უნდა გადადოს და არჩევნების სრულფასოვანი ანალიზი გააკეთოს, ოღონდ უბნების მიხედვით და არა, ზოგადი. "საიას" თავმჯდომარისგან მოვისმინე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აპარატებში ამომრჩეველთა მთლიანი სია იყო ჩატვირთული და არა მხოლოდ იმ კონკრეტული უბნის. თუ ეს ნამდვილად ასე იყო, არანაირად არ შეიძლება "კარუსელის" გამორიცხვა. გარდა ამისა, არის მარკირებებსა და ათას სხვა ფაქტორზე საუბარი. ოპოზიციამ თითოეული მათგანი კარგად უნდა გამოიძიოს და სოლიდური დოკუმენტი შეადგინოს, საბრალდებო დასკვნის სახით.

- თქვენი შეფასებით, იყო თუ არა ეს რუსული სპეცოპერაცია?

- არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით. შეიძლება, პრეზიდენტის თქმული ალიტერაცია იყო, მაგრამ მერე რა? რუსული სპეცოპერაცია რომ არ ყოფილიყო, არჩევნების გაყალბება პრობლემა არ იქნებოდა?

- წინასაარჩევნო პერიოდში, მათ შორის, არჩევნების წინადღესაც ოპოზიციონერი ლიდერები გვარწმუნებდნენ, რომ ხელისუფლება არჩევნებს ვერ გააყალბებდა. როგორ გგონიათ, რა მოხდა, ოპოზიცია არ იყო გულწრფელი, თუ მათთვის გაუთვალისწინებელი რამ მოხდა? პირადად მე, დამრჩა განცდა, რომ ცესკოს მიერ შედეგების გამოცხადების შემდეგ ოპოზიცია რამდენიმე საათის განმავლობაში პარალიზებული იყო.

- დიახ, გეთანხმებით, არჩევნების შედეგები იმდენად შოკის მომგვრელი იყო, რომ ოპოზიციონერი ლიდერები დაიბნენ. ის, რაც მოხდა, მხოლოდ ოპოზიციონერი ლიდერებისთვის კი არა, ჩემთვისაც მოულოდნელი იყო. სხვათა შორის, მეც მეგონა, რომ ვერ გააყალბებდნენ. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ საარჩევნო აპარატებში ამომრჩეველთა მთლიანი სია იქნებოდა ჩატვირთული და არა მხოლოდ იმ კონკრეტული უბნის ამომრჩეველთა სია. თქვენ სწორად შენიშნეთ, ოპოზიცია ზედმეტად თავდაჯერებული იყო. ლიდერებს ეგონათ, რომ არჩევნებს უპრობლემოდ მოიგებდნენ. ამიტომაც იყვნენ ცივწყალგადასხმულებივით.

- რატომ უნდა ყოფილიყო ოპოზიცია ასეთი თავდაჯერებული, მით უფრო, ისეთი მდორე წინასაარჩევნო კამპანიის ფონზე...

- ალბათ გახსოვთ, წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი გუნდი, ვინც არ უნდა ყოფილიყო ხელისუფლებაში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში რეგიონებში, ველზე გასულ ოპოზიციას ზონდერებს ახვედრებდა და იყო მთელი რიგი აყალმაყალი. "ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი სწორად გათვალა, ეს კომპონენტი მოაშორა საარჩევნო კამპანიას და ოპოზიციას სხვა მიმართულებით დაუგო ხაფანგი. ძალიან მშვიდი საარჩევნო კამპანია იყო. პირადად მე, მხოლოდ ერთი ინციდენტი მახსოვს ანა წითლიძესა და "ქართული ოცნების" აქტივისტებს შორის. ამ მოცემულობამ შექმნა განწყობა, რომ ყველაფერი მშვიდად, კარგად და წესის მიხედვით ხდებოდა. ოპოზიციის განცხადებები იმის შესახებ, რომ ახალი ტექნოლოგიებით ხმის გაყალბება შეუძლებელი იყო, ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ სიმძიმის ცენტრი - გაყალბების თვალსაზრისით, იმ უბნებზე უნდა გადასულიყო, სადაც ახალი ტექნოლოგიური აპარატები არ იყო.

- პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ პარლამენტი შეიკრიბება და 76 ხმით 150 დეპუტატის უფლებამოსილებას ცნობს. მისივე ვერსიით, ოპოზიცია ისევე, როგორც 2020 წელს, ახლაც "პუფებივით შემოვიდა პარლამენტში, ზუსტად ასევე პუფებივით დალაგდებიან, ადრე თუ გვიან პარლამენტში შემოლაგდებიან და ხელფასებსაც აიღებენ".

- კონსტიტუციაში კი ცოტა სხვაგვარად არის, პარლამენტში 56 დეპუტატი თუ შეიკრიბება და 150 დეპუტატის უფლებამოსილებას ცნობს, ეს იმას ნიშნავს, რომ პარლამენტი სრულფასოვანი იქნება. რაც შეეხება ოპოზიციას, ვერ გეტყვით, შევა თუ არა პარლამენტში. 2020 წელს, როდესაც ოპოზიცია მერყეობდა, შესულიყვნენ თუ არა, მე მივიჩნევდი, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შესულიყო და იქ ემუშავა. დღეს არ ვიცი, უნდა შევიდეს თუ არა. მე ერთადერთი რამ ვიცი, ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰქონდეს სამოქმედო რუკა. ჩვენც უნდა ვიცოდეთ, თუ საკანონმდებლო ორგანოში არ შედიან, მაშინ რას აკეთებენ, როგორია მათი სამოქმედო სტრატეგია. თუ საბოლოო მიზანზე ჯერ არ არიან ჩამოყალიბებული, მაშინ ასეთი განცხადებები სიკეთის მომტანი არ იქნება. ოპოზიციონერი ლიდერები, პრეზიდენტი, არასამთავრობო სექტორი და კიდევ ყველა სხვა დანარჩენი, ვისაც ჭკუა მოეკითხება, ერთობლივი მოქმედების გეგმაზე უნდა შეთანხმდეს. ამ სამოქმედო გეგმაში კარგად უნდა იყოს დასაბუთებული პარლამენტში შესვლა სჯობს თუ შეუსვლელობა, შეუსვლელობის შემთხვევაში ქუჩაში რამდენ ხანს რჩებიან და მერე რას აკეთებენ. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია დასავლელი პარტნიორების განწყობები. 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ჩვენი დასავლელი პარტნიორები მიიჩნევდნენ, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შესულიყო, ახლა არ ვიცი, რას ფიქრობენ. ამ საქმეში ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება საჭირო არ არის, ყველაფერი კარგად უნდა აიწონ-დაიწონოს. პროცესი ჯერ არ დასრულებულა... როდესაც თქვენ აღნიშნეთ, რომ ცესკოს მიერ შედეგების გამოცხადების შემდეგ ოპოზიცია დაბნეული იყო, მე "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებები გამახსენდა. ისინი ამბობდნენ, რომ ოპოზიცია არჩევნებისთვის კი არა, არჩევნების მეორე დღისთვის ემზადებოდა. აღმოჩნდა, რომ არ ემზადებოდა. ასე რომ ყოფილიყო, არც ასე ცივწყალგადასხმულებივით იდგებოდნენ და მოქმედების გეგმა თუ ტაქტიკაც ჩამოყალიბებული ექნებოდათ.

- ბელორუსის პრორუსი ლიდერის, ორბანისა და აზერბაიჯანის გარდა, არჩევნების მოგება "ქართული ოცნებისთვის" არავის მიულოცავს. პროცესებს როგორი განვითარება მოჰყვება?

- არაღიარება საკმარისი არ არის და ამის შესახებ დასავლეთში ჩვენზე უკეთ იციან. არაღიარებას უნდა მოჰყვეს დასავლეთის მიერ "ქართული ოცნების" იზოლირება. პოლიტიკურ იზოლირებას კიდევ გაუძლებს კაცი, თუ ამ ყველაფერს ეკონომიკური და პერსონალური სანქციები არ მოჰყვება. სანქციების დაწყების შემთხვევაში, ჩვენ ყველანაირ მხარდაჭერას დავკარგავთ, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კუთხით და რაც ყველაზე მეტად მაშინებს, შესაძლოა დაიწყოს ქართველი ე.წ. არალეგალების მასობრივი დეპორტაცია დასავლური ქვეყნებიდან, ძირითადად ამერიკიდან და ევროპიდან. პრობლემა ის არ არის, ეს ხალხი ქვეყანაში რომ დაბრუნდება, შეწყდება ის ძალიან სერიოზული ფინანსური ნაკადი, რომელიც ამ დრომდე შეუწყვეტლად მოედინება საქართველოში. ეს ძალიან დიდი დარტყმა იქნება ჩვენს საზოგადოებაზე, თუმცა, უნდა ითქვას, რომ შეიძლება ერთგვარი გამოფხიზლებაც იყოს ჩვენი ხალხისთვის.

- გამოფხიზლება ერთია, მაგრამ ეს შეიძლება დიდი საფრთხის შემცველიც აღმოჩნდეს.

- როდესაც მეზობლად ოკუპანტი რუსეთი გყავს, დასავლეთთან ურთიერთობის შეწყვეტის საფრთხე ისედაც გემუქრება და ასედაც. თუ ნატოზეც უარს ვიტყვით, ევროკავშირზეც და დასავლეთის ლანძღვა-გინებაში პუტინს გავასწრებთ, ბელორუსზე უკეთეს მდგომარეობაში ნამდვილად არ აღმოვჩნდებით.

- როგორ გგონიათ, გახდება "ქართული ოცნება" იძულებული, რომ ხელმეორედ ჩაატაროს არჩევნები?

- ძნელი სათქმელია, 50/50-ზეა. თუმცა, იმედს ვიტოვებ, რომ ივანიშვილი და მისი გუნდი კრიტიკულ ზღვარს ბოლომდე არ გადალახავენ და სიტუაციის გამოსწორებას შეეცდებიან. ყოველ შემთხვევაში, ამის სურვილი მე ნამდვილად მაქვს.

ხათუნა ბახტურიძე