ათი ძირითადი პრინციპი,ანუ როგორ მოვახდინოთ "ეკონომიკური სასწაული"
- წერდა ალბერტ აინშტაინი. ალბათ, ნებისმიერ ჩვენგანს აინტერესებს, როგორი იქნება საქართველოს მომავალი და რა უნდა ვისწავლოთ მოწინავე ქვეყნების გამოცდილებიდან, რომლებმაც უმოკლეს დროში მიაღწიეს წარმატებას და "ეკონომიკური სასწაული" მოახდინეს. სწორედ ამ საკითხზე ვესაუბრეთ ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ სოსო არჩვაძეს.
- ცხადია, ჩვენი ინტერესის საგანს ის ქვეყნები წარმოადგენს, რომლებმაც სწრაფი განვითარება შეძლეს და ჩამორჩენილი ეკონომიკა მოკლე დროში ფეხზე წამოაყენეს. ეკონომიკურ ზრდაში უპირველესად იგულისხმება მოსახლეობის ერთ სულზე შემოსავლის მკვეთრი ზრდა, რომელიც დროის მოკლე მონაკვეთში შეინიშნება. სწორედ ამ ქვეყნების მაგალითზე შეიქმნა ტერმინი "ეკონომიკური სასწაული".
- კონკრეტულად, რომელ ქვეყნებში მოხდა ასეთი "სასწაული"?
- ძირითადად, იმ სახელმწიფოებს გულისხმობენ, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიაღწიეს სწრაფ წარმატებას, თორემ მსგავსი რამ შუა საუკუნეებშიც ხდებოდა. ამის კარგი მაგალითია ნიდერლანდები, საიდანაც გავრცელდა ტერმინი "ჰოლანდიური დაავადება" - ეს არის უცხოური ვალუტის შეუზღუდავი შემოდინება ქვეყანაში, რომელიც გამოწვეულია ბუნებრივი რესურსების ექსპორტით. იგი აგრეთვე შეიძლება გამოიწვიოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მკვეთრმა ზრდამაც.
დავუბრუნდეთ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მომხდარ "ეკონომიკურ სასწაულებს": ალბათ პირველად გერმანია უნდა გავიხსენოთ, რომელიც ომის შემდეგ დანგრეული და დასუსტებული იყო. დასავლეთის მიერ გაწეულმა ფინანსურმა დახმარებამ და ე.წ. მარშალის გეგმამ, ამ სახელმწიფოს აღდგენაში გადამწყვეტი როლი შეასრულა. არ შეიძლება არ აღინიშნოს ლუდვიგ ერჰარდის როლი, რომელიც 1949 წლიდან გერმანიის ეკონომიკის მინისტრი იყო, 1963-1966 წლებში კი, ფედერაციული გერმანიის კანცლერიც გახდა. ერჰარდმა, კონკურენციის და კერძო ინიციატივის აუცილებლობა აღიარა და სახელმწიფოს ინკლუზიური განვითარების ფორმა აირჩია ანუ სისტემა, როცა ეკონომიკური ზრდა საზოგადოების თითოეული წევრის კეთილდღეობაზე აისახება.
- იაპონიის წინსვლა რამ განაპირობა?
- კერძო საკუთრების მაქსიმალური დაცვა, დაბალი გადასახადები და სახელმწიფოს მიერ პროტექციონისტული პოლიტიკის გატარება - სწორედ ასე აღდგა მეორე მსოფლიო ომის შედეგად დაზარალებული კიდევ ერთი სახელმწიფოს - იაპონიის ეკონომიკა. ყველამ იცის, რომ იაპონია ამ ომში სასტიკად დამარცხდა, 1945 წელს მის ტერიტორიაზე ატომური ბომბებიც კი ჩამოაგდეს. 1952 წლამდე იქ საოკუპაციო რეჟიმი იყო. ამერიკულმა ადმინისტრაციამ ამ ქვეყანაში სტრუქტურული რეფორმები დაიწყო, რომელიც მერე იაპონიის მთავრობამ გააგრძელა. ამ რეფორმების შედეგად, იაპონიის სოფლის მეურნეობა ძირეულად შეიცვალა. იქაურ მიწათმფლობელთა შემოსავალი თანდათან იზრდებოდა და ეს თანხა იაპონიის მრეწველობის განვითარებაზე იხარჯებოდა. სახელმწიფო ადგილობრივ საწარმოებზე მაქსიმალურად ზრუნავდა და მსოფლიოს ბაზარზე წარმატებისთვის რომ მიეღწიათ, იაპონელები აგრესიულ მარკეტინგულ ხერხებსაც არ თაკილობდნენ, მაგალითად: აშშ-ის ბაზარზე ადგილობრივ ფასებზე უფრო დაბალი ფასით შედიოდნენ და ეს ბაზარი ძალიან სწრაფად დაიპყრეს. დღესაც, ამერიკულ ოჯახებში იაპონურ ტელევიზორებს და ტექნიკას უფრო ხშირად ნახავთ, ვიდრე ამერიკულს. ამ ქვეყანაში იაპონური ტექნიკა ძალიან პოპულარულია, რადგან ის ამერიკულზე ბევრად იაფია.
- აუცილებლად უნდა გკითხოთ ისრაელზეც: ამ ქვეყნის მკვიდრებმა უდაბნოში შეძლეს უძლიერესი სახელმწიფოს აშენება, რაში მდგომარეობს ამ ქვეყნის საიდუმლო?
- ისრაელის შემთხვევაში, ეკონომიკის სწორ და გონივრულ მართვას დაემატა მძლავრი და მდიდარი ებრაული დიასპორა, რომელიც უდიდეს ფინანსურ დახმარებას უწევს ამ ახალგაზრდა სახელმწიფოს. ამასთან, ებრაელი ერი ერთ-ერთი ყველაზე ინტელექტუალურია და ყველამ, ვინც ამ ქვეყანაში ამერიკიდან და ევროპიდან საცხოვრებლად წავიდა, იქ თავისი ცოდნა და გამოცდილება ჩაიტანა. ამას უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა და კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოება მოჰყვა. ისრაელში კარგად იციან, რომ გამარჯვებისთვის ერის კონსოლიდირება აუცილებელია და მათი სახელმწიფოს გაძლიერებას ეს ფაქტორიც უწყობს ხელს.
- რატომ არის, რომ გვერდიგვერდ არსებული ერთი სახელმწიფო ეკონომიკურად ძლიერი და განვითარებულია, ხოლო მეორე - ჩამორჩენილი?
- იმიტომ, რომ ორი ტიპის მართვის სისტემა არსებობს: ერთი - ინკლუზიური, რომელზეც ზემოთ უკვე ვთქვი და მეორე - ექსტრაქციული, რომელიც საზოგადოების უმრავლესობას პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებaსა და შემოსავლების განაწილებaს გამორიცხავს. ამის საუკეთესო მაგალითია სამხრეთი და ჩრდილოეთi კორეა: ამ ქვეყნებში ცხოვრობს ერთი ერი, რომელსაც ერთი ანთროპოლოგია და ერთი კულტურა აქვს, მაგრამ ბოლო 70 წლის განმავლობაში ისინი რადიკალურად განსხვავებული გზით ვითარდებიან: სამხრეთi კორეა დემოკრატიული გზით წავიდა და იქ მთავარი კანონის უზენაესობაა, ხოლო ჩრდილოეთ კორეაში მმართველობის მონარქიული ფორმა მეფობს. იქ მთავარი პირველი პირისადმი ლოიალობა და ერთგულებაა. ამიტომ, ამ სახელმწიფოს სიმდიდრე და ბუნებრივი რესურსები მცირე ჯგუფის ხელშია მოქცეული. შესაბამისად, სამხრეთ კორეაში, მთლიანი შიდა პროდუქტი მოსახლეობის ერთ სულზე, ოცჯერ მეტია, ვიდრე ჩრდილოეთ კორეაში.
- წლების წინ, სიძლიერით, თურქეთის ეკონომიკაც ვერ დაიკვეხნიდა, მაგრამ დღეს ეს ქვეყანა რეგიონში მოწინავეა...
- ამ ქვეყნის სიძლიერე ეკონომიკურმა რეფორმებმა და მისმა მდებარეობამ განაპირობა: თურქეთი ტრანზიტული ქვეყანაა და აქტიურ სატრანზიტო როლს ასრულებს აზიასა და ევროპას შორის. ის ენერგეტიკული ჰაბის როლსაც ითავსებს. გარდა ამისა, თურქეთი ტურიზმის ქვეყანაა - ამ სფეროდან მიღებული შემოსავალი, ბოლო მონაცემებით, 60 მილიარდი დოლარია წლის განმავლობაში. რომ შევადაროთ, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 30 მილიარდი დოლარია და თურქეთს მხოლოდ ტურიზმიდან აქვს ჩვენს მშპ-ზე ორჯერ მეტი შემოსავალი. თურქეთის ეკონომიკის დაწინაურებას კიდევ ერთი მიზეზი აქვს: ევროპის ქვეყნებთან სიახლოვის გამო, ის სამუშაო ძალის დონორი იყო გერმანიისა და ევროპის სხვა სახელმწიფოებისთვის. ევროპაში ისინი თანამედროვე ცოდნას და წარმოების კულტურას ეზიარნენ, მერე ეს ცოდნა სამშობლოში შემოიტანეს. სწორედ ამიტომ, დღეს თურქეთის ეკონომიკა ერთ-ერთი ძლიერი და მოწინავეა ჩვენს რეგიონში.
- ნორვეგია, შვედეთი, ისლანდია საქართველოზე პატარა ქვეყნებია, რომლებმაც შეძლეს და ევროპაში მოწინავე ეკონომიკა შექმნეს, როგორ?
- პირველ ყოვლისა, ამ ქვეყნებში ინკლუზიური ეკონომიკაა, ანუ მშპ-ის დიდი ნაწილი საზოგადოების წევრებზე ნაწილდება, მოქალაქეებს გარანტირებული შემოსავალი აქვთ და ბუნებრივი რესურსებიც ყველას ეკუთვნის. ამ ქვეყნების ცხოვრების წესს ხშირად უწოდებენ "ევროპულ სოციალიზმს", რადგან მოსახლეობის სოციალური დაცვა და მათი უფლებები პირველ ადგილზეა. მათ არაფრით ჩამორჩება "აზიურ ვეფხვებს" შორის ერთ-ერთი უძლიერესი ქვეყანა - სინგაპური, რომელიც გასული საუკუნის 50-იან წლებში გაღატაკებული, დაქცეული სახელმწიფო იყო. სინგაპური "მალაიზიის კავშირიდანაც" კი გარიცხეს და ღარიბი ნათესავის მსგავსად უთხრეს, თქვენს თავს მიხედეთო. დღეს სინგაპური ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფოა, რომელმაც ციფრულ ტექნოლოგიებზე დამყარებული ეკონომიკა შექმნა და საოცარ პროგრესს მიაღწია.
- ბატონო სოსო, ამ ქვეყნების გამოცდილების მიხედვით, თუ შეიძლება გამოვყოთ ძირითადი პრინციპები, რომელიც სახელმწიფოს სწრაფ განვითარებას და წინსვლას განაპირობებს?
- თუ ამ ქვეყნების გამოცდილებას განვაზოგადებთ, ცხადია, არის ზოგადი ნიშნები, რომელსაც მათი ეკონომიკის სწრაფი ზრდა მოჰყვა. უნდა გამოვყოთ 10 მთავარი ფაქტორი, რომელიც დამახასიათებელია იაპონიისთვის, გერმანიისთვის, სამხრეთ კორეისთვის, სინგაპურისთვის, ჰონ-კონგისთვის ანუ ყველა ძლიერი, ეკონომიკურად განვითარებული სახელმწიფოსთვის: პირველი და უმთავრესი კერძო საკუთრების უფლების აღიარება და დაცვაა, მეორე - ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა, რომელიც ბიზნესის წარმოებისთვის თანაბარ პირობებს ქმნის. მესამე და აუცილებელი პრინციპია, კერძო ინიციატივის და თავისუფალი მეწარმეობის ხელშეწყობა სახელმწიფოს მიერ. კერძო ინიციატივის წახალისება არა მარტო შიდა ბაზარზე, არამედ საექსპორტო პოლიტიკის წახალისებაც. შემდეგი პრინციპი თავისუფალი საბაზრო ფასებია, რომელიც მრავალი ქვეყნის "ეკონომიკური სასწაულის" საფუძველი გახდა. არანაკლებ მნიშვნელოვანი პრინციპია შედარებით დაბალი გადასახადები მეწარმეებისთვის, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის. ეკონომიკური წინსვლის აუცილებელი პირობაა ფულადი რეფორმა და რაც მთავარია, საზოგადოების ერთიანობა და მზაობა ეკონომიკური რეფორმებისთვის. რა თქმა უნდა, რეფორმების ავტორი მაღალი კომპეტენციის და რეპუტაციის მქონე პირი უნდა იყოს, როგორიც გახლდათ ზემოთ ხსენებული, დასავლეთ გერმანიის ეკონომიკის პირველი მინისტრი ლუდვიგ ერჰარდი. მთავრობის გონივრული და ეფექტიანი ჩარევა ეკონომიკაში, ადგილობრივი წარმოების დაცვა და სტრატეგიული ინვესტიციების განხორციელება - სწორედ ამ პრინციპების დაცვაა საჭირო, რომ ეკონომიკა განვითარდეს და გაძლიერდეს.
ხათუნა ჩიგოგიძე