"რათა ვერასოდეს ვერავინ გაბედოს გოგონას თოჯინა გამოhგლიჯოს ხელიდან..."
კონკურსი ტრადიციულია და ის ყოველთვის აქტუალურ, საჭირბოროტო საკითხებს წამოსწევს წინ. წლევანდელი თემაც არ იყო გამონაკლისი: "ნუ წაართმევ ბავშვობას" იყო მისი დევიზი და ისეთ მტკივნეულ საკითხს ეხებოდა, როგორიც არასრულწლოვანთა ქორწინებაა.
მთელი საქართველოდან შესული უამრავი ნაშრომიდან მხოლოდ პირველი სამი ადგილის მფლობელი გამოცხადდა გამარჯვებულად და მათ შორის იყო ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლის (დირექტორი: ნანა კენჭოშვილი) მეცხრეკლასელი საბა კაკაბაძე, რომელსაც სკოლაში ესტუმრნენ სამინისტროს წარმომადგენლები. გამარჯვებულის სერტიფიკატთან ერთად, საბა წიგნების მაღაზიათა ქსელის სამასლარიანი ვაუჩერით დაჯილდოვდა. სიმბოლურად კი საქმიანი ბლოკნოტი და საწერკალამი გადაეცა. როგორც ესეების კონკურსის ჟიურის თავმჯდომარემ თქვა: მან აუცილებლად უნდა გააგრძელოს წერა, რადგან მისი პატარა ესეს წაკითხვა ვერავინ შეძლო ემოციების გარეშე, თვალზე ცრემლიც კი მოგვადგაო...
საბას გარდა სტუმრებმა მისი მეგობრები და გულშემატკივრებიც დააჯილდოეს ბრენდირებული ჩანთებით და მაისურებით, რომლებზეც წლევანდელი კონკურსის დევიზი იყო დატანილი: "ნუ წაართმევ ბავშვობას". ერთად ნახეს ვიდეორგოლი იმის შესახებ, თუ რა ზიანი და საფრთხეები ახლავს ადრეულ ასაკში ქორწინებას და მონაწილეობა მიიღეს დისკუსიაში, რომლის დროსაც ისეთი ჯანსაღი აზროვნება აჩვენეს უფროსებს, აღტაცებას ვერ ფარავდნენ მათი სწორი ხედვებისა და საკუთარი ცხოვრებისადმი დამოკიდებულების გამო.
საბა კაკაბაძე:
- როცა მასწავლებელმა აღნიშნული კონკურსის შესახებ მითხრა, მაშინვე არ გადამიწყვეტია მასში მონაწილეობა. გამიჭირდა პირველი ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ ახლა მადლიერი ვარ ჩემი მასწავლებლების - ლალი სულაკაძის და ინესა დარახველიძის, რომლებმაც არა მხოლოდ თემის საბოლოო დამუშავებისას გამიწიეს ღირებული კონსულტაცია, ფსიქოლოგიურადაც გამაძლიერეს და ახლა უკვე დარწმუნებული ვარ, არასოდეს უნდა დავიხიო უკან მიზნისკენ სავალ გზაზე.
- გავიგეთ, რომ მომავალი პროფესიაც არჩეული გაქვს...
- სამართლის შესწავლას ვაპირებ. უფლებადამცველი მინდა ვიყო და პირველ რიგში, ბავშვების უფლებები დავიცვა, რომლებისთვისაც მხოლოდ ადრეული ქორწინება არაა პრობლემა. ბავშვი რომ საზოგადოების ღირსეულ წევრად ჩამოყალიბდეს, მას აუცილებლად ბედნიერი ბავშვობა უნდა ჰქონდეს. მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მშობლიურ 37-ე სკოლას, მასწავლებლებს და ოჯახს, რომლებიც ხელს მიწყობენ მტკიცე ნაბიჯით ვიარო მომავლისკენ. ვამაყობ ჩემი მშრომელი, მოსიყვარულე მშობლებით და დღევანდელ გამარჯვებასაც მათ ვუძღვნი, ისევე როგორც მომავალი გამარჯვებები იქნება მათი სიხარულისა და ბედნიერებისთვის.
ნანა კენჭოშვილი, სკოლის დირექტორი:
- საბა ჩვენთვისაც აღმოჩენაა. იმდენად მორიდებული და მშვიდი ბიჭია, მის მსგავსებს მართლაც აღმოჩენა სჭირდებათ და ნამდვილად ვამაყობ ჩემი პედაგოგებით, რომლებიც არა მხოლოდ ცოდნას აძლევენ ბავშვებს, არამედ იმ გამბედაობას და ძალას, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენაში რომ ეხმარება მათ.
ლალი სულაკაძე, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი:
- საბაზე უსასრულოდ შემიძლია საუბარი და ნურც იმას ჩამითვლით გადაჭარბებად, თუ მის გამარჯვებას კანონზომიერად მივიჩნევ. ის მომავლის ბიჭია, რომელიც აუცილებლად ასახელებს სკოლასაც, ქალაქსაც და სამშობლოს ღირსეულად ემსახურება. ღმერთმა უმრავლოს საქართველოს და ჩვენს სკოლას საბას მსგავსი ნათელი ბიჭები.
***
"თოთხმეტი წლის ვარ და ვტკბები ჩემი ლაღი, უდარდელი ბავშვობით. მეუბნებიან: დიდი ხარ უკვე და დროა დასერიოზულდეო. მე ყველას ღიმილით ვპასუხობ - შემარგეთ ბავშვობა, რომელიც მალე დამთავრდება.
თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ თავს ვარიდებ იმას, რაც უშუალოდ ჩემი საქმეა. კარგი მოსწავლე ვარ. არ ვარღვევ კანონს, მორალისა და ეთიკის ნორმებს. მიყვარს კითხვა. კიდევ უფრო მეტად მსიამოვნებს ფეხბურთის თამაში, მუსიკის მოსმენა, ექსკურსიებსა და ლაშქრობებზე სიარული. გამოგიტყდებით, ვღიზიანდები, როცა შენიშვნას მაძლევენ: აღარ უნდა გაიზარდო? აგერ, ნინი თითქმის შენი ტოლია და უკვე დედაა...
ნინი ჩემი ნათესავი გოგონაა, რომელიც ზუსტად ჩემს ასაკში გათხოვდა და უკვე ბავშვიც გააჩინა. სკოლაშიც დადის და ამბობს: უმაღლეს განათლებასაც მივიღებ, რომ მშობლები შემოვირიგოო, რომლებსაც ძალიან დაsწყვიტა გული, დღემდე თვალცრემლიანი დადის დედამისი, რომელიც წლების წინ თავადაც არასრულწლოვანი მოუტაცებია ქმარს: მე ყველაზე უკეთ ვიცი, რაც ჩემმა შვილმა საკუთარ თავს დაუშავაო.
დავინტერესდი და აღმოვაჩინე, რომ არასრულწლოვანი გოგონების ქორწინება საქართველოში არც ისე იშვიათი მოვლენა ყოფილა. თუმცა, საბედნიეროდ, რაც მეტად მაღლდებოდა მასებში განათლების დონე და ქალების უფლებები უთანაბრდებოდა მამაკაცთა უფლებებს, არასრულწლოვანი გოგონები საკუთარი ნებით იშვიათად ქორწინდებოდნენ. კანონიც სულ უფრო მკაცრდებოდა მოძალადე კაცების მიმართ. შესაბამისად, თუკი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-90-იან წლებში პიკს აღწევდა მოტაცებული გოგონებისა და ნაძალადევად შექმნილი ოჯახების რიცხვი, ჩვენს დღეებში მსგავსმა შემთხვევებმა საგრძნობლად იკლო. ახლა იშვიათად უჩნდება ვინმეს არასრულწლოვანზე ქორწინების სურვილი. თუმცა, სამწუხარო გამონაკლისებიც არსებობს, თუნდაც ჩემი ნაცნობი ნინის სახით. ჯერ კიდევ არ აღიარებს, რომ შეცდომა დაუშვა. არადა, უკვე ბევრჯერ იტირა, რომ ბავშვის გამო ვერ წავიდა ექსკურსიაზე თანაკლასელებთან ერთად, საკმაოდ დაბალი აღმოჩნდა მისი შეფასებები მაშინ, როცა გათხოვებამდე საუკეთესო მოსწავლედ ითვლებოდა. არც ის მოსწონს, რომ მისი 17 წლის ქმარი ძველებურად ერთობა მეგობრებთან და თავს არიდებს თუნდაც ბავშვის მოვლას. ჭორიც კი დაირხა: ეს ბავშვები ოჯახს დიდხანს ვერ შეინარჩუნებენო...
ნინისგან განსხვავებით ბაბუაჩემის მამიდამ, ეთო ბებომ, რომელიც ცამეტი წლისა გაუთხოვებიათ წლების წინ, რადგან ეს იმ დროში ჩვეულებრივი მოვლენა ყოფილა, ოჯახის შენარჩუნებაც შეძლო და შვიდი შვილიც გაუჩინა ქმარს. ყველანი დამოუკიდებლად გაზარდა, რადგან ოჯახში დამხმარე არავინ ჰყოლია. გასულ წელს ეთო ბებოს 95 წელი შეუსრულდა, რომელიც საზეიმოდ აღნიშნეს მადლიერმა შთამომავლებმა და შვიდ შვილთან ერთად ოცდაათამდე შვილიშვილი, ორჯერ მეტი შვილთაშვილი ეხვია თავს. ჟურნალისტებიც მოვიდნენ და როცა ერთმა მათგანმა ჰკითხა - ალბათ ძალიან ბედნიერი ხართ, რომ ამდენი შვილი და შვილიშვილი გახვევიათ თავს, არც ერთის გაჭირვებას და გარდაცვალებას არ მოსწრებიხართ, უდანაკარგოდ მოიყვანეთ ამოდენა ოჯახიო. ჩვენდა გასაოცრად, მოხუცს ცრემლებით აევსო თვალები და თქვა: მე ყველაზე მთავარი დავკარგე და არასოდეს მქონია უდარდელი ბავშვობა. რვა წლისა დავობლდი დედით, ათი წლისას მამამ მომიყვანა დედინაცვალი, რომელმაც ძალით გამათხოვა ცამეტი წლის ასაკში. ხელიდან გამომტაცა დედის სახსოვარი, მისი შეკერილი ნაჭრის თოჯინა და ბუხარში შეაგდო. ძლივს გამოვტაცე ცეცხლს და დღემდე ვინახავ გვერდმომწვარს...
ის თოჯინა მეც მინახავს. სულ სასთუმალთან ედო ეთო ბებოს და რამდენიმე თვის წინ რომ გარდაიცვალა, თან გააყოლეს... ჩემთვის ის თოჯინა იქცა ნაადრევი ქორწინებისა და დაკარგული ბავშვობის სიმბოლოდ. გადავწყვიტე ჩემი მომავალი პროფესია სწორედ ბავშვთა უფლებების დაცვას დავუკავშირო, რათა ვერასოდეს ვერავინ გაბედოს გოგონას თოჯინა გამოhგლიჯოს ხელიდან..."
ინგა ჯაყელი