რეხის თონე – კვების გასტრონომიული და სოციალური წყარო ადგილობრივებისთვის
ადგილობრივები პურს თონეში აცხობდნენ. ხანში შესულები კი, ვინც ცხობას ვერ ახერხებდა, პურს თბილისიდან მომავალ სამარშრუტო ტაქსს აბარებდნენ. მოსახლეობა იძულებული იყო გამომცხვარი ან თბილისიდან წამოღებული პური მინიმუმ, ერთი კვირა მოეხმარა.
მელსინდა საბაძე, სოფელ რეხის მკვიდრი:
- საცხობის არსებობამდე ძალიან ვწვალობდით. ოჯახში ყველას არ აქვს თონე. ზამთარში ცომს ვზელდით, დიდი რაოდენობით ცომი მეზობელთან გადაგვქონდა, მერე შეშას მივზიდავდით, თონეს გავახურებდით. ერთ თონეში 15 „ბუხანკა“ პური ცხვებოდა. ამ თხუთმეტი პურის გამოცხობისთვის სრული ერთი დღე იყო საჭირო და ორი კვირა გვყოფნიდა. ახალი პური სანატრელი გვქონდა. ახლა კი, თუ ახალი გამომცხვარი არაა, არც ვყიდულობთ. თონის არსებობამ ქალებს შრომა შეგვიმსუბუქა.
- ვალიკოს საკონდიტრო ნაწარმის ცხობაც აქვს მიზნად დასახული, მაგრამ მუშახელს ვერ პოულობს. თქვენ არ გიფიქრიათ საქმეში ჩართვა?
- აქაურ ქალებს ამის ფუფუნება ვერ გვექნება. ძალიან ბევრი საოჯახო საქმე გვაქვს. დილით 5 საათზე ვდგებით, ძროხებს ვწველით, ვუშვებთ და დაღამებამდე საქმეში ვართ. ბოლო დროს შვება რძის ჩაბარებამ მოგვგვარა. ყველს უკვე ნაკლებად ვაკეთებთ, რადგან კომპანიის წარმომადგენლები ადგილზე მოდიან და რძე მიაქვთ. რძის პროდუქტების გაკეთება წვალებად აღარ ღირს.
- რამდენია რძის ჩაბარების მაქსიმალური და მინიმალური ფასი?
- მინიმალური 70 თეთრი, მაქსიმალური კი ლარი და ორმოცდაათი თეთრია. ამჟამად ლიტრ რძეს ერთ ლარად ვაბარებთ.
ვარლამ მამულაძე, თონის მეპატრონე:
- როცა გავიგე, რომ ვარლამი ბერძნულად "ღმერთის შვილს“ ან „პურის შვილს“ ნიშნავს, გამიჩნდა იდეა, რეხაში საცხობი გამემართა. ხაბაზი ასურეთიდან მოვიყვანე, პურის ცხობის ტექნიკა ავითვისე და სოფელს პურით ვამარაგებ. მანამდე არც ერთ მიმდებარე სოფელში საცხობი არ იყო. მას შემდეგ, რაც საცხობი გავხსენი, ჩემთან მოვიდნენ, იკითხეს, ისწავლეს და ახლა უკვე პურს რამდენიმე სხვა სოფელშიც აცხობენ.
- დღეში საშუალოდ, რამდენი პური ცხვება?
- საშუალოდ, 150. წელს ჩემი ხორბალი დავთესე, პურის ნაწილს საკუთარი ხორბლით გამოვაცხობ. საბოლოოდ მინდა, მესხური ჯიში, წითელი დოლი დავთესო და სოფელს პურის გამოსაცხობად საკუთარი ხორბალი გვქონდეს.
მარტო ვმუშაობ. მუშახელს ვეძებ, მაგრამ ჯერჯერობით, ვერ ვიპოვე. ქალები შინამეურნეობაში არიან ჩართული, ბევრი საქმე აქვთ და თონეში სამუშაოდ ვერ იცლიან.
- თონის გახსნას სხვა სოფლებშიც ხომ არ გეგმავთ?
- თონის გახსნა საჭირო არაა - მინდა მიმდებარე სოფლების მაღაზიებში დისტრიბუცია უზრუნველვყო.
- პურის ცხობა რთულად შეისწავლეთ?
- საკმაოდ რთული იყო... ორი და მყავს, ორივე ხაბაზია. საბერძნეთში ცხოვრობენ. მამით ქართველი, დედით ბერძნები ვართ. დახმარება მათ ვთხოვე. სანამ ჩამოვიდოდნენ, დახმარება მეგობრებმა სცადეს. პირველ დღეს ნახევარი ტომარა პური დავწვით. მეორე დღეს ერთმილიმეტრიანი, ბრტყელი ლავაშები გამოგვივიდა (იცინის). კონკრეტულად ლავაშის ცხობის ტექნიკა არც ჩემმა დამ იცოდა. ორივე ასურეთში წავედით, პრაქტიკა გავიარეთ, ავითვისეთ. ჩემი და ორი თვე დარჩა, მეხმარებოდა. მას შემდეგ, რაც წავიდა, მარტო შემოვრჩი თონეს...
- თონის გამართვამდე რას საქმიანობდით?
- ჩვეულებრივ, სოფლის ცხოვრებით ვცხოვრობდი, საქონელს ვუვლიდი, კარტოფილს ვთესავდი.
- თონეში ნაკლები შრომაა და მეტი შემოსავალი?
- მუდმივი, გარანტირებული შემოსავალია. დღეში 6 საათი ვმუშაობ. თუმცა, დღესასწაულებზე ღამეების გათენებაც მიხდება.
- საკონდიტრო ნაწარმის გამოცხობასაც ხომ არ გეგმავთ?
- დამხმარე თუ გამოჩნდება, საკონდიტრო ნაწარმზეც ვიმუშავებ. ამჟამად ქადებსა და ნაზუქებს მხოლოდ შეკვეთით ვაცხობ. სპეციალურად საკონდიტრო ნაწარმისთვის საჭირო აპარატურა, საცხობები უკვე შეძენილი მაქვს.
- სოფლისთვის რას ნიშნავს ამ თონის არსებობა?
- ერთ-ერთი სასიცოცხლო წყაროა. ქორწილი, ნათლობა, სამწუხარო ამბები თონის გარეშე წარმოუდგენელია. თონის არსებობამდე სუფრებისთვის პური თბილისიდან ან რაიონიდან მოჰქონდათ.
- გარდა მთავარი დანიშნულებისა, ჩანს, თონე ადგილობრივებისთვის ერთგვარ თავშეყრის ცენტრსაც წარმოადგენს...
- დიახ, მარტო არასოდეს ვარ. აქ შეკრებილი მეზობლები ახალი ამბებით „მამარაგებენ“, მე კი მათ პურით, ქადითა და რეხული კარტოფილით ვუმასპინძლდები. კარტოფილიც ჩემი ნაკვეთიდანაა აღებული.
ერთი წელია, რაც სოფელ რეხასა და მის მიმდებარე სოფლებში ღვთისმსახურება ათეული წლების შემდეგ აღდგა. წალკის ეპარქიის სოფელ რეხის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის სამრევლოს წინამძღვრის, გრიგოლ გურგენიძის ინიციატივითა და მეპატრონის თანადგომით სოფლის თონემ დამატებითი ფუნქცია შეიძინა - პურის გარდა აქ ღვთისმსახურებისთვის სეფისკვერი მზადდება. თუკი თავიდან მხოლოდ 2-3 ათეული სეფისკვერი ცხვებოდა, ახლა უკვე მისი რაოდენობა რამდენიმე ასეულს აღწევს.
შორენა ლაბაძე