ლევან სუხიტაშვილის ოთხფეხა მეგობრები - გზაპრესი

ლევან სუხიტაშვილის ოთხფეხა მეგობრები

ასევე, მიუსაფარ ძაღლებს მზრუნველობას არ აკლებს, რომლებსაც სამწუხაროდ, ბოროტი ადამიანები ტოვებენ. კაპროვანის ტერიტორიაზე, სხვადასხვა დროს ცხოვრობდნენ (ზოგი მათგანი ამჟამინდელი ბინადარიცაა) ძაღლები: თითქმის სულ ორსულად მყოფი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ძმები - ხვიჩა და გოჩა, მტირალა პლაჩიდო კვარაცხელია, რომლის ხასიათის მთავარი მახასიათებელი თვისება აფერისტობა იყო, თუმცა ძალიან საყვარელი ძაღლი გახლდათ; გროზნი, რომელიც დედალ ძაღლებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა; პაატა კოდუა "კაფელშიკი", რომელსაც ცხენის ფუნაში გორაობა უყვარდა და შესაბამისად სულ ყარდა; აკელა და ა. შ. ამჟამად, ლევანს განსაკუთრებული მეგობრობა ლაკასა და ფიქრიასთან აკავშირებს. წყალდიდობის დროს, ფიქრიას მიერ თავისი ლეკვების მიმართ გამოჩენილმა დედობრივმა მზრუნველობამ და თავდადებამ მსახიობს გული აუჩუყა და ამბავი სოციალურ ქსელშიც გაგვიზიარა...

- ზოგჯერ ყველაზე არასაყვარელი ცხოველებიც კი საყვარლები არიან, მით უმეტეს - როცა მათთან ერთად ცხოვრობ. ამას წინათ ჩეხი სტუმარი ქალბატონი - რეჯინა მყავდა. შინ თაგვები, ვირთხები, გველი და რა ვიცი, რა აღარ ჰყავდა. უბრალოდ, მაინტერესებდა, ვირთხის ყოლას რა პლუსი ჰქონდა? - არაფერი, ვირთხას რა პლუსი უნდა ჰქონდეს? ჩემ გარდა სახლში ვერავინ იტანდა. უბრალოდ, ჩემთან ერთად გაიზარდა და როგორც ცოცხალი არსება, მიყვარდაო, - მითხრა. დედალ-მამალი ვირი და ცხენიც ჰყავს. 2 საათამდე ვიჯექი და რეჯინას თავისი ცხოველების შესახებ ვეკითხებოდი...

- თავად, ბავშვობიდან დღემდე, რომელი ცხოველი, ფრინველი გყოლია?

- რადგან სოფელში დავიბადე და გავიზარდე, გვყავდა წიწილები, ქათმები, ინდაურები, ბატები... ყვავის ბახალაც კი.

- თქვენთან როგორ მოხვდა?

- ბებიამ მოიყვანა - ბუდიდან ჩამოვარდნილა. ჩვენს სახლში გაიზარდა. ძალიან საყვარელი გახდა. არაფერს აშავებდა - ძალიან ჯიგარი, კონტაქტური იყო! მერე გაფრინდა... ოთხფეხა მეგობრებს რაც შეეხება, ჩემი პირველი ძაღლი კუპრა იყო. პაპაჩემმა მოიყვანა. კუპრა იმიტომ დაარქვა, რომ კუპრივით შავი გახლდათ - 1 თეთრი წერტილიც არ ჰქონია. უსაყვარლესი იყო. ჩვენს სახლში გაიზარდა. დიდხანს იცხოვრა. მე და გიოს (ჩემს ძმას) ციგაშიც შეგვიბამს, როცა პატარები ვიყავით და "გვაკატავებდა"... მერე გულადა გვყავდა - ვიღაცამ ლეკვი გადააგდო და პაპამ შინ წამოიყვანა.

- ალბათ, მამაცი ლეკვი იყო, არა?

- ლეკვს სახელს რომ არქმევ, რა იცი, როგორი დადგება? კუპრას ფერის გამო მაინც ერქვა სახელი... მამაცი კი არა, ქათმისპარია იყო. ასევე, მეზობლის - გერისოს ბაღში პომიდვრებს ჭამდა. შეჭმული პომიდვრების გამო გერისო რომ იგინებოდა, ვერც წარმოვიდგენდით, თუ გულადას ბრალი იყო. მერე შემთხვევით დავინახეთ, მომწიფებულ ნაყოფს ზედვე, მოუკრეფავს ჭამდა (იცინის). შემდეგ, მაქსიმალურად ვცდილობდით, მეზობლების ბაღში არ გადასულიყო. სახლში არაფერს აფუჭებდა... კუპრა და გულადა დაახლოებით ერთსა და იმავე დროს დაიხოცნენ.

- ლევან, როგორ ახერხებ, რომ ცხოველები გიყვარს, მაგრამ ვეგანი არ ხარ? გაქვს რამე მოსაზრება, რაც ამ არჩევანში გეხმარება?

- ჩვენი "გრეხები" ყველას გვაქვს... ეს ბუნების კანონზომიერებაა - ქვის ხანიდან მოყოლებული, ადამიანები ცხოველებით იკვებებოდნენ... საერთოდ, ამაზე არ ვფიქრობ, რადგან ნებისმიერ რაღაცაზე სიღრმისეულად რომ იფიქროს კაცმა, შეიძლება თავი მოიკლას... მახსოვს, სოფელში, მე და გიორგის მამლები გვყავდა, რომელთა დაკვლის უფლებას არავის ვაძლევდით - სიბერით დაიხოცნენ...

- ამჟამინდელი ოთხფეხა მეგობრების - ფიქრიას და ლაკას შესახებ მოგვიყევი, როგორ გაჩნდნენ შენს ცხოვრებაში?

- ფიქრია ზუსტად რამდენი წლისაა, არ ვიცი: კაპროვანში საცხოვრებლად რომ გადმოვდიოდი, მაშინ მოვიდა (3 წლის იქნებოდა), 2 ლეკვთან ერთად. მას შემდეგ ჩემთან ცხოვრობს. კარგი დამცველია, ძროხებს იგერიებს... სხვათა შორის, მერე ყველაფერი ლაკასაც ასწავლა. ფიქრიას გარეთ ყოფნა ურჩევნია. ეზოში რომ შემოიყვანო, გიჟს დაემსგავსება - ვერ ვაჩერებ. სულ ორსულადაა. ვერც ვასწრებ სტერილიზება გავუკეთო... მეორე ოთხფეხა მეგობარს - ლაკას რაც შეეხება, თბილისშიც დამყავს, ვერსად ვტოვებ. ლეკვობიდან ასეთია. საბარგული მისი საყვარელი ადგილია. შარშან ზაფხულს ერთ-ერთმა სტუმარმა საბარგულს თავი ახადა, ლაკა გაექანა და ჩახტა (იცინის)... 3-4 საათის განმავლობაში, ავტომობილში დამლოდებია, როცა საქმეზე ვყოფილვარ. ძალიან ჭკვიანი ძაღლია. კიდევ, თბილისში მინი ჩიხუახუა - ევა მყავს. ევა და ლაკა ერთმანეთს "ჭამდნენ". ლაკა "ეკაიფებოდა", ევა კი ბრაზობდა... ევას ლაკას დანახვა ახლაც არ სიამოვნებს, მაგრამ - იტანს... ახლა ფიქრიას 2 ლეკვიც მყავს. ერთს პატრონი უკვე გამოუჩნდა, მეორეს კი ალბათ, დავიტოვებ.

- ლაკა შენთან როგორ მოხვდა? რა ჯიშის ძაღლია?

- ლაკას დედა ორსული გადმოაგდეს (საერთოდ, კაპროვანის ტერიტორიაზე დეგენერატები ძაღლებს ყრიან ხოლმე). კანქვეშა ტკიპა ჰქონდა - სისხლიანი იყო. ეტყობა, ამიტომ გადმოაგდეს, თორემ "უბრალოდ" არ ეყოლებოდათ, რადგან როგორც მერე გავიგე, მაგარი ჯიშის - ნამდვილი ესპანური ბრეტონის წარმომადგენელია. ვუმკურნალე. მაგარი ძაღლი დადგა. 8 ლეკვი გააჩინა, მაგრამ 7 მოკვდა - ეტყობა, დაავადებამ ნაყოფზე იმოქმედა... იმ 8-დან ერთადერთი - ლაკა გადარჩა.

- დედას რა ბედი ეწია?

- 2 წელი აქ ცხოვრობდა. შარშან ზაფხულს ლეკვები კიდევ დაყარა. ჩვენი სახლის წინ, ტურისტები სახლი-მანქანით დგებიან ხოლმე. ერთმა ბელორუსმა ტურისტმა ლეკვებიანად ჩაისვა და წაიყვანა.

- იმედია, კარგი მიზნით...

- მანამდე ვხედავდი, რომ ყოველ დილა-საღამოს მოდიოდა, აჭმევდა, ეფერებოდა... ერთხელ ლაკაც ასე წაიყვანეს. ჩემმა მეგობარმა - მამუკა ღლონტმა კასპიდან მოაბრუნა: იმ პერიოდში გადაღებები მქონდა - სახლიდან დილის 7 საათზე გავდიოდი, საღამოს 10-ზე ვბრუნდებოდი. ლაკა ეზოში მყავდა. მამუკას ტურისტი გოგო ჰყავდა, რომელიც უკვე უნდა წასულიყო. ჩაალაგა ბარგი და მამუკა შინ რომ არ დახვდა, რათა დამშვიდობებოდა, უბრალოდ, გზიდან დაურეკა, - დიდი მადლობა, ყველაფერი კარგადაა. თან 1 უსახლკარო ძაღლიც წავიყვანეო. მამუკამ უთხრა, - აუ, რა ჯიგარი ხარო!.. აქ ბევრი ძაღლი დადის. თან, ზამთარში, როცა არავინ არაა, ჩვენთან მოდიან - ვიღაცამ მაინც ხომ უნდა აჭამოს ძაღლებს? ზაფხულში "გულაობენ"... მამუკამ გოგოს სთხოვა, - მაჩვენე, აბა, მაინც რომელი ძაღლი წაიყვანეო? გოგომ ვიდეო გამოუგზავნა, რომელშიც ლაკას ეფერებოდა ავტომობილში. მოკლედ, აღმოჩნდა, რომ ჩემი ლაკა სლოვაკეთში მიემგზავრებოდა (იცინის)... მამუკამ დააბრუნებინა, გოგოს პოლიციითაც დაემუქრა, იყო ტირილი და ერთი ამბავი... ამ ყველაფრის შესახებ მამუკამ დღის ბოლოს მითხრა, როცა ლაკა უკვე დააბრუნა - არ მინდოდა, გენერვიულაო...

- ახლახან, სოციალურ ქსელში ფიქრიას შესახებ ვიდეო გამოაქვეყნე - როგორ გადაარჩინა ლეკვები წყალდიდობის დროს. შეგიძლია, ამ ამბის შესახებ ვრცლად მოგვიყვე?

- კაპროვანში, ფიქრიას "სამშობიარო სახლი" აქვს ანუ ხის სახლი და ლეკვებს სულ იქ აჩენს. სხვაგან ერთადერთხელ გააჩინა - ეტყობა, იქამდე ვერ მიასწრო. სავარაუდოდ, ლაკას მამა დრატჰაარი (მაგარი მონადირეები არიან) ჰყავდა. დედას არ ჰგავს. თხრის ყველაფერს. შარშან მიწა 3 მეტრის სიღრმემდე გათხარა. თხრილს მიწას რომ ვაყრიდი, მიდიოდა და ორ იმდენს კიდევ თხრიდა... წვიმის დროს, ფიქრია და "ვიღაც" სხვა ძაღლები ამ თხრილს თავს აფარებენ. მამუკა "მეკაიფებოდა" - დაბომბვა რომ დაიწყოს, თავშესაფარი გაქვსო. ახლა ფიქრიამ ლეკვები ამ თხრილში გააჩინა. თბილისში წასვლამდე ამოვიყვანე, მზის სინათლე რომ ენახათ. არც იცოდნენ, გარეთ რა ხდებოდა და კარგა ხანს არც ამოვიდოდნენ. ახლახან კაპროვანში მაგარი წვიმა იყო! თბილისში 1 დღის ჩასული მაშინვე კაპროვანში გამოვბრუნდი, - თხრილში წყალი ჩავა, ლეკვები დაიხოცებიან-მეთქი. მოვედი თუ არა, თხრილში ჩავძვერი, ფარნით... დავრწმუნდი, რომ ლეკვები იქ არ იყვნენ. ყველგან ვეძებე, სადაც შესაძლოა ყოფილიყვნენ. ისე, ლაკა მაგარი დედაა. შიმშილით მოკვდება და ლეკვებს არ მიატოვებს. როცა უკვე შვილებს კარგად სიარულს დააწყებინებს, სახლისკენ ლამის მარშით მოჰყავს (იცინის)... მოკლედ, ამ ფაქტების გათვალისწინებით, იმედი მქონდა, რომ წყალდიდობის დროს ფიქრია და ლეკვები კარგად იყვნენ... მართლაც, ტალახიანი ფიქრია ჩვენს ეზოში გამოჩნდა. მისთვის არაფერი მითქვამს. ცოტა საჭმელი დავუყარე და დაველოდე, რომ ეჭამა და გაქცეულიყო... ჭამა დაასრულა თუ არა, მაშინვე გარეთ გავარდა. იმხელა წყალში გაიარა, რომ მხოლოდ ზურგი უჩანდა. ჩემი სახლის უკან ხის კოტეჯს აშენებენ. ძაღლები იქით არ გადიან. კოტეჯს დაახლოებით 5 საფეხური აქვს ანუ მიმდებარე ტერიტორიაზე, წყალდიდობისას ერთ-ერთი უსაფრთხო ადგილი იყო, სადაც შეფარება შეიძლებოდა. არ ვიცი, ფიქრიამ როგორ მოიფიქრა და შეძლო, რომ ამხელა წყალში, 200 მეტრის მანძილზე, ლეკვები, რომლებმაც სიარულიც არ იციან, იქამდე მიათრია და აიყვანა. ლამის მართლა გავგიჟდი, რა!.. ეს რა ინსტინქტმა უნდა გაგაკეთებინოს?! მართლა შეუძლებელი შეძლო!..

b5d5ce9c-27a7-4887-b202-ac91b0a1f1da-1730541323.jpg

- ცხოველებთან ურთიერთობამ, მათზე დაკვირვებამ ადამიანების შესახებ რა გასწავლა?

- ცხოველებზე მეტად ვერავის ენდობი. გარკვეულ სიტუაციებში, მათზე უკეთ ვერავინ დაგიდგება გვერდით. უბრალოდ, როცა გიყურებენ, გგონია, რომ დიდ ენერგიას გაძლევენ, რომელიც ადამიანს სხვადასხვა სიტუაციაში პოზიტიურად წაგადგება, თუნდაც - როცა პესიმისტურ განწყობაზე ხარ... ლაკამ შტერივით ცქერა იცის - დაჯდება და მიყურებს. ამ დროს ვგრძნობ, ნეგატიური ენერგია როგორ მშორდება და უცებ ვიღიმი... არა მგონია, ძაღლებზე კარგი ადამიანები ბევრნი იყვნენ ჩვენ გარშემო. მათთან ურთიერთობა ბევრ ადამიანს მირჩევნია...

ცხოველების მიმართ ადამიანების ცუდი დამოკიდებულება მაბრაზებს და მწყინს. არ ვამბობ, რომ ცხოველებზე მზე და მთვარე უნდა ამოსდიოდეთ, მაგრამ ცუდი, არაადეკვატური დამოკიდებულება მაინც არ უნდა ჰქონდეთ. კიდევ, იმას ვიტყვი, რომ - ცხოველებს აქ ნუ ყრით! უკვე უამრავი ძაღლია. ყველა მათგანი კეთილია. აშკარად, სახლში გაზრდილები არიან. აქ ბევრი ძაღლი და ბევრი ტურისტია. აგრესიის გამოვლენის 1 ფაქტიც კი არ დაფიქსირებულა, მაგრამ უბრალოდ, ამდენი ძაღლი სასიამოვნო არაა... განსაკუთრებით, კატებს ნუ ყრით - ეს ძაღლების ტერიტორიაა. როგორც კი კატა "გაიჩითება", მაშინვე 20 ძაღლი მისდევს. ერთი დედალი, შავი კატა - ჯეკა იყო, რომელსაც ძაღლები მისდევდნენ. დავიჭირე და სახლში ძლივს შემოვათრიე. ალბათ, მერე ძაღლებმა მაინც რამე დამართეს, რადგან აღარ გამოჩენილა...

ეთო ყორღანაშვილი