ნახევარი საუკუნე სანდრო მრევლიშვილის თეატრის დაარსებიდან... - გზაპრესი

ნახევარი საუკუნე სანდრო მრევლიშვილის თეატრის დაარსებიდან...

რეჟისორისა და დრამატურგის, სანდრო მრევლიშვილის სახელობის თბილისის პროფესიული მუნიციპალური თეატრის 50 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. შემოქმედებითი საღამო აღნიშნული თეატრისა და თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის მხარდაჭერით გაიმართა. გამოიფინა 50 წლის განმავლობაში შეგროვებული უნიკალური ფოტოარქივი, რომელიც ასახავდა "მეტეხის თეატრის" ისტორიას დაარსებიდან დღემდე.

წელს 24 ივნისს 5 წელი გავიდა რეჟისორისა და დრამატურგის - სანდრო მრევლიშვილის გარდაცვალებიდან. სანამ ის საკუთარ თეატრს დააარსებდა, დამდგმელ რეჟისორად მუშაობდა ჯერ სოხუმის დრამატულ თეატრში, მოგვიანებით კი, 8 წლის განმავლობაში მარჯანიშვილის თეატრში. 1973-1974 წლებში თბილისში სანდრო მრევლიშვილმა თანამოაზრეებთან ერთად საბჭოთა კავშირში პირველი სახელმწიფო ახალგაზრდული სივრცე - "მეტეხის თეატრი" მეტეხის ტაძარში დააარსა. მანამდე მეტეხის მიტოვებულ ტაძარში განთავსებული იყო ელგუჯა ამაშუკელის სახელოსნო. მოქანდაკემ ეს ადგილი ახალგაზრდა ხელოვანებს დაუთმო, რომლებმაც აქ 36 კვადრატული მეტრის სცენა შექმნეს და წარმოდგენების მსვლელობას მაყურებელი სამი მხრიდან ადევნებდა თვალს.

2-1730541466.jpg

ახალი თეატრი სანდრო მრევლიშვილმა სპექტაკლით "ჰამლეტი" გახსნა. 1989 წელს, როცა საბჭოთა კავშირის დაშლა დაიწყო, ეკლესიაში წირვა-ლოცვის აღდგენის შესაძლებლობა გაჩნდა, თეატრმა ტაძარი ეკლესიას დაუბრუნა.

1995 წელს "მეტეხის თეატრმა" შემოქმედებითი ცხოვრება თეატრის - "ძველი სახლი" შენობაში გააგრძელა. 2004 წელს, თბილისის მერიასთან თანამშრომლობით, სანდრო მრევლიშვილის ინიციატივითა და მისივე პროექტით, გიორგი ლეონიძის ბაღში უნიკალური თეატრალური კონსტრუქცია "გლობუსი" დაიდგა და "მეტეხის თეატრის" შემოქმედებითი გამოცდილების გათვალისწინებით, ახალი თეატრი "გლობუსი" დაარსდა. ის გამორჩეულ თეატრალურ სივრცეს წარმოადგენდა, რომელიც ტრადიციულ თეატრალურ ჩარჩოებს გასცდა, დასი ახალგაზრდა მსახიობებით შეივსო, შედგა თეატრის ორიგინალური რეპერტუარი, განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი წარმოდგენა და ა.შ. თუმცა, 2007 წელს, მაშინდელი მთავრობის გადაწყვეტილებით, პოლიტიკური მოტივით თეატრში "გლობუსი" შემოქმედებითი პროცესი შეჩერდა, თეატრი დაიხურა, შენობა ეტაპობრივად განადგურდა და მასთან ერთად - არსებული ინვენტარი, დეკორაციები, კოსტიუმებიც და ა.შ.

2014 წელს, საქართველოში პოლიტიკური ვითარების ცვლილების შემდეგ, თეატრმა თბილისის მერიის მხარდაჭერით მუშაობა განაახლა და სანდრო მრევლიშვილის თეატრმა ბინა ქალაქის ცენტრალურ გამზირზე, "თეატრალურის" გვერდით, "რუსთაველის 19"-ში დაიდო. სანდრო მრევლიშვილი თეატრს გარდაცვალებამდე ხელმძღვანელობდა.

2021 წლის თეატრალური საზოგადოების ინიციატივით და თბილისის მერის, კახა კალაძის განკარგულებით, რეჟისორის 80 წლის იუბილეზე თეატრს მისი დამაარსებლისა და სამხატვრო ხელმძღვანელის, სანდრო მრევლიშვილის სახელი მიენიჭა.

თეატრს ჰყავს მუდმივი დასი, თუმცა, როგორც სანდრო მრევლიშვილის თეატრის დღევანდელი ხელმძღვანელი მიხეილ მრევლიშვილი აცხადებს, ის ყოველთვის ღიაა სიახლეებისა და ახალგაზრდებისათვის. დღეს სცენაზე სამი თაობის მსახიობები დგანან და მათ შორის არიან ისინი, ვინც ჯერ კიდევ მეტეხში მოწყობილ სცენაზე თამაშობდა.

თბილისის საკრებულოში სანდრო მრევლიშვილის თეატრის 50 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიების დასასრულს, სანდრო მრევლიშვილის თეატრისა და თეატრალური საზოგადოების ინიციატივით, ღვაწლმოსილ თეატრალებს: გაიოზ კანდელაკს, ვასილ ჩიგოგიძეს, მარინა კახიანს, ლიდა ქავთარაძეს სანდრო მრევლიშვილის სახელობის ჯილდო გადაეცათ. ასევე სანდრო მრევლიშვილის სახელობის ჯილდოს მფლობელი გახდა ახალგაზრდა რეჟისორი თათა პოპიაშვილი (ჯილდო "ახალგაზრდა რეჟისორებისთვის" სპექტაკლის სადადგმო ხარჯის დაფინანსებას ითვალისწინებს).

1-1730541476.jpg

მიხეილ მრევლიშვილი:

- 50 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სანდრო მრევლიშვილმა თავის მრავალ თანამოაზრესთან ერთად, 4 თეატრში თეატრალური ცხოვრების რთული გზა განვლო. არ შეიძლებოდა ეს თარიღი არ აღგვენიშნა, ამიტომ საამისოდ შეიკრიბა უნიკალური არქივის დიდი ნაწილი და საიუბილეოდ გამოიფინა. გარდა ამისა, მეც და სხვებსაც გვაქვს ამ თეატრთან დაკავშირებული უამრავი მასალა, რომელიც ჩვენი ქალაქის ისტორიასა და ცალკეული ადამიანების ბიოგრაფიებთან არის გადაჯაჭვული. იმედი მაქვს მსგავს მასალებს სხვებიც აქტიურად მოგვაწოდებენ და ჩვენი არქივი კიდევ უფრო გამდიდრდება. ფოტომასალის გარდა, საბედნიეროდ შემორჩენილია რამდენიმე სპექტაკლის ჩანაწერიც, რომელიც მაშინდელი ტექნიკური საშუალებების გათვალისწინებით, ერთი კამერით არის გადაღებული. შეიძლება მაღალი ხარისხი არა აქვს, თუმცა მნიშვნელოვანი სასწავლო მასალაა თეატრის ისტორიისთვის და შემოქმედებითი გადაწყვეტის კუთხითაც საინტერესოა.

- როგორ გაჩნდა სანდრო მრევლიშვილის ჯილდოების გაცემის იდეა?

- 3 წელია, რაც სანდრო მრევლიშვილის სახელობის ჯილდო არსებობს, რომელიც ჩვენმა თეატრმა თეატრალურ საზოგადოებასთან ერთად დააწესა და ყოველწლიურად გადავცემთ სხვადასხვა დამსახურებულ თეატრალურ მოღვაწეს. აქამდე მისი მფლობელები არიან: აკაკი ხიდაშელი, პავლე ნოზაძე, გურამ ბათიაშვილი, ნოდარ გურაბანიძე, თორნიკე ბელთაძე და სხვა არაერთი ადამიანი. ხოლო ეს ჯილდო წელს გადაეცა: გაიოზ კანდელაკს, ვასილ ჩიგოგიძეს, მარინა კახიანს, ლიდა ქავთარაძეს (გაიოზ კანდელაკი "მეტეხის თეატრის" პირველი დირექტორი გახლდათ, რეჟისორი ვასილ ჩიგოგიძე, "მეტეხის თეატრის" პირველი თაობის წარმომადგენელია, ლიდა ქავთარაძე კი 50 წლის განმავლობაში ჩვენი თეატრის შეუცვლელი რადისტია).

ვფიქრობ, ახალგაზრდა რეჟისორებისთვის ჯილდოს დაწესებაც მნიშვნელოვანია. გამარჯვებულის შერჩევის პროცესსა და გადაწყვეტილებას ვიღებთ რეჟისორები: გიორგი შალუტაშვილი, დავით დოიაშვილი, დავით საყვარელიძე და მე. ჩვენი ჩანაფიქრის მიხედვით, გამარჯვებული თავის შემოქმედებით პროცესში აბსოლუტურად თავისუფალია. იქნება ეს პიესის, სამსახიობო ანსამბლის შერჩევა თუ ადგილი, სადაც ის თავის სპექტაკლს განახორციელებს. შარშან ეს ჯილდო გადაეცა რეჟისორ ტატა მეცხოვრიშვილს, რომელმაც ჩვენს თეატრში ძალზე საინტერესო სპექტაკლი "ელექტრა" დადგა, ხოლო წელს სანდრო მრევლიშვილის სახელობის ჯილდო გადაეცა თათა პოპიაშვილს, რომელიც ვფიქრობ, სპექტაკლის დასადგმელად სოხუმის თეატრს აირჩევს.

3-1730541487.jpg

- როგორ გრძელდება შემოქმედებითი პროცესი სანდრო მრევლიშვილის თეატრში? მიმდინარე სეზონზე რა სიახლეები გაქვთ და დღესდღეობით რამდენი სპექტაკლია რეპერტუარში?

- წელს თეატრის ინტერიერის განახლება მოხდა, გვაქვს მცირე ტექნიკური ცვლილებები სცენაზეც, ამიტომ სეზონი ცოტა გვიან გავხსენით, თუმცა მაყურებელს ორი პრემიერა წარვუდგინეთ: ორმოქმედებიანი კომედია "დეპუტატი, დრამატურგი...", რომელიც შექმნილია ალდო დი ბენედიტის პიესის "სიყვარულის სუბლიმაციის" მიხედვით.

ამ სპექტაკლის რეჟისორი მე ვარ. მასში მონაწილეობენ მსახიობები: ბადრი ბეგალიშვილი, ნანკა გვარიშვილი და კახი გაზდელიანი. მეორე ახალი სპექტაკლი - ეს რეჟისორ ლაშა გოგნიაშვილის ერთმოქმედებიანი დრამაა "მარ-ლენი", ციცინო ედიბერიძის და ჯულიეტა პაკელიანის მონაწილეობით. სპექტაკლი მარლენ დიტრიხის უკანასკნელი დღის შესახებ მოგვითხრობს.

ამ ეტაპზე რეპერტუარში 10 სპექტაკლია. სანდრო ყოველთვის იყო ნოვატორი და სიცოცხლის ბოლომდე ასეთივედ დარჩა. ყოველთვის მხარს უჭერდა ახალგაზრდებს და დღეს უამრავი შემდგარი, დაღვინებული რეჟისორი და მსახიობია, ვინც სხვადასხვა წელს თავისი პირველი და გადამწყვეტი ნაბიჯები სანდროს თეატრებში გადადგა. ტრადიცია გრძელდება, გვინდა არ დაიკარგოს, შესაბამისად, სულ ვცდილობ სივრცე შეძლებისდაგვარად გახსნილი იყოს ახალგაზრდებისთვის.

ანა კალანდაძე