ფერადთმიანი და დადებითი აურის მატარებელი დეკორატიული თოჯინები - გზაპრესი

ფერადთმიანი და დადებითი აურის მატარებელი დეკორატიული თოჯინები

ერთი შეხედვისთანავე იხიბლები პატარა, 15 და 35-სანტიმეტრიანი, დადებითი აურისა და ენერგეტიკის ფერადთმიანი ფიგურებით და რთულია ამოარჩიო ამ ფანტასტიკის ჟანრის პერსონაჟებიდან რომელია საუკეთესო.

5-1730541669.jpg

ქეთი შუბითიძე:

- პროფესიით მხატვარ-დეკორატორი ვარ, სამხატვრო აკადემიაში გიგა ლაპიაშვილის სახელოსნოში ვსწავლობდი. ჩემი მიმართულებით რამდენიმე თეატრში ვმუშაობდი და სხვადასხვა ჯგუფურ, ფერწერულ გამოფენაში ვმონაწილეობდი. რაც შეეხება თოჯინებს, ფიგურებს ბავშვობიდან ვაკეთებდი. შემდეგში ამ ყველაფერში ხელი ჩემმა პროფესიამაც შემიწყო. თავდაპირველად ჩემი თოჯინების შესაქმნელად მასალად სხვადასხვა ქსოვილს ვიყენებდი. მათი შიგთავსი ბამბა ან სინტიფონი იყო. შემდეგ სხვადასხვა მასალა ვცადე. ძალიან მომეწონა თიხით მუშაობა. როცა ჩვენთან პოლიმერული თიხა შემოვიდა, ამ მიმართულებით გავაგრძელე. პოლიმერული თიხა გამოწვის შემდეგ უფრო გამძლეა და იმის საშიშროებაც ნაკლებია, რომ ნამუშევარი დაზიანდეს. ახლა თოჯინების სახესა და ხელებს სწორედ ამ მასალით ვქმნი. სამოსად კი მშრალი თელვის მეთოდით შექმნილ თექას ვიყენებ, ხოლო თმისთვის მერინოსის ძაფს ვამუშავებ, ხვეული ეფექტის შესაქმნელად.

4-1730541661.jpg

სამი შვილი მყავს: ბიჭი და ორი გოგონა. 7 წლის წინ, მეორე შვილი რომ შემეძინა, ხვეული თმა ჰქონდა და ძალიან საყვარელი იყო. იმ პერიოდში რამდენი თოჯინაც შევქმენი, ყველა ჩემს შვილს ჰგავდა. პირველ თოჯინას ისეთივე ყავისფერი თმა ჰქონდა, შემდეგ ფიგურებს წითელი თმაც "მოვარგე", ვარდისფერიც და იისფერიც. ჩემს გოგონას ვარცხნილობის გამო "ფასკუნჯს" ვეძახდი. როცა უკვე სხვებისთვისაც გადავწყვიტე თოჯინების გაკეთება და წარდგენა, ჩემს ნაკეთობებსაც ასე შევარქვი. თოჯინები სოციალურ სივრცეში რომ განვათავსე, ხალხის დიდი მოწონება დაიმსახურა, რაც მესიამოვნა. მათგან წამოსული დადებითი ემოცია და ხალხთან ურთიერთობა დღემდე ძალიან მახარებს. მინდა ჩემი ხელით შექმნილი ნივთი ბევრს ჰქონდეს და როგორც შემიძლია, ვცდილობ, ბევრი ადამიანი გავახარო.

ჩემი თოჯინები უმთავრესად ელფები "არიან", რომლებზე მოთხოვნა არა მხოლოდ სადღესასწაულო პერიოდშია, არამედ წელიწადის ყველა სეზონზე. თოჯინებს ვქმნი როგორც ჩემი ფანტაზიით, ასევე შეკვეთით. ზოგს სურვილი აქვს ზღაპრის გმირების ფიგურები დავუმზადო ან რეალური პერსონაჟები. ჩემს ნამუშევრებს შორისაა ჩარლი ჩაპლინი, პეპი გრძელიწინდა, ბურატინო, ჩიპოლინო, რევაზ გაბრიაძის ჩიტი ბორია და ა.შ. შეიძლება ითქვას, თოჯინებს როგორც ჩემი სურვილით, ისე შეკვეთით, თანაბარი რაოდენობით ვამზადებ.

3-1730541650.jpg

ზოგადად თოჯინა ბავშვებისთვის განკუთვნილი სათამაშოა, მაგრამ როცა მას დეკორატიული ფუნქცია აქვს, მსურველები უფროსი ასაკის ადამიანებიც არიან.

პერიოდულად ვმონაწილეობ მეთოჯინეთა გამოფენებშიც. შარშან, წინასაშობაოდ ჩემი თოჯინები ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამოიფინა. წელსაც იგეგმება მსგავსი ექსპოზიცია, ამჯერად ხელოვნების სასახლეში და ამ დღეს დიდი ინტერესით ველი. სამომავლოდ თუ ბევრი პერსონაჟის ფიგურის შექმნას მოვახერხებ, პერსონალურ გამოფენაზეც ვიფიქრებ.

ანა კალანდაძე