ტაშისკვრის დიდოსტატები...
"რადგან ამ ეტაპზე ხელისუფლებაში დარჩენა მოახერხა, გამორიცხავთ, ბიძინამ თავის "მორჩილ უმრავლესობას" ისევე გააუქმებინოს ე.წ. რუსული კანონი, როგორც მიაღებინა, რათა დასავლეთს აჩვენოს, მზად ვარ თქვენი მოთხოვნის შესასრულებლად, ოღონდ არჩევნები არ დააყენოთ ეჭვქვეშო?"
ამ პოსტის დაწერიდან რამდენიმე დღეც არ იყო გასული და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა: "თუკი ვინმე დაგვარწმუნებს, რომ გამჭვირვალობის თუ სხვა რომელიმე კანონი არ შეესაბამება იურიდიულ პრინციპებს თუ ევროპულ სულისკვეთებას, მზად ვართ, ნებისმიერ გადაწყვეტილებას გადავხედოთ".
ე.ი. ამ კანონის გამო ლამის ქვეყანა თავზე დაგვამხვეს, მთელი ახალგაზრდობა ქუჩაში გამოიყვანეს, მთელი დასავლეთი გადაიკიდეს, ამერიკასთან დაგვაპირისპირეს და ევროინტეგრაცია გააჩერეს, ყველა კრიტიკაზე გვპასუხობდნენ, ეს კანონი აუცილებელია ქვეყნის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის, თორემ ისე უცხო ქვეყნის აგენტები წაგვლეკავენო, და ახლა ამბობენ, თუ დაგვარწმუნებენ, გავაუქმებთო.
მთელი ის თვეები აბა, რას აკეთებდნენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, გარდა იმისა, რომ თქვენს დარწმუნებას ცდილობდნენ, ეს კანონი არ მიგეღოთ? რა ახალი არგუმენტები უნდა წარმოადგინონ ახლა? მაგრამ უკვე არჩევნები ჯიბეში აქვთ, მათი აზრით, მთავარმა საფრთხემ გადაიარა, უბრალოდ, ჯერ დასავლეთს არ უღიარებია და როგორც ჩანს, ეს კანონი კარგი სავაჭრო ჰგონიათ. გვიღიარეთ არჩევნები და ჩვენ გავაუქმებთ იმ კანონს, რომელიც არ მოგწონთ და რუსულს ეძახითო. თუ დასავლეთი ამ გარიგებაზე დათანხმდა, მთელი "ოცნება" დაეწყობა და დაიწყებს მტკიცებას, ამ კანონმა უკვე შეასრულა თავისი საქმე და აღარ გვჭირდებაო. "ოცნების" მომხრეებს კითხვაც კი არ გაუჩნდებათ, მაშინ რატომ დაგვამხვეთ თავზე ამ კანონის გამო მთელი ქვეყანაო? იტყვიან, რადგან ბიძინა ამბობს, ასეა საჭიროო. რა დაუშლით? აქამდე არ უთქვამთ თუ რა?
მათ ავიწყდებათ, რომ დასავლეთი ამ არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების გამოძიებასაც ითხოვს. ბევრი ამბობს, არჩევნები თუ გაყალბდა, გამოდის, 200 000-დან 300 000-მდე ხმა მოიპარეს და ეს წარმოუდგენელიაო. აბა, თითო უბანზე გადაიანგარიშეთ და საერთოდ აღარ მოგეჩვენებათ შეუძლებლად. ქვეყანაში სულ 3111 უბანია. 200 000 ხმის მოპარვის შემთხვევაში, ერთ უბანზე საშუალოდ 65 ხმა გამოდის. ასე რომ, თეორიულად ეს სრულიად შესაძლებელია. პრაქტიკულად როგორ მოხდა, ჯერ ეს კიდევ დასამტკიცებელი აქვს ოპოზიციას.
უკვე გამოჩნდა ჟურნალისტური გამოძიებები, სადაც ჩანს, რომ რეგიონებში ხალხს ფული გადაუხადეს, ამას თავად ჰყვებიან, თუმცა ამ ეტაპზე მთავარი, რაზეც ოპოზიცია აპელირებს, ფარულობის მასობრივი დარღვევა იყო, რადგან ბიულეტენს მეორე მხრიდან ეტყობოდა, რომელი ნომერი გააფერადე. არასამთავრობო სექტორის და ოპოზიციის ამ პრეტენზიამ სხვა დატვირთვა შეიძინა, როცა თეთრიწყაროს მოსამართლემ მათი სარჩელი დააკმაყოფილა, რითიც ფარულობის დარღვევა აღიარა. ყველაზე საინტერესო კი ამის შემდეგ დაიწყო: სახელისუფლებო პროპაგანდა, როგორც სჩვევიათ, ამ მოსამართლის გაშავებას შეუდგა. ჯერ დაწერეს, მისი ცოლი ოპოზიციის მომხრეა, ანუ ცოლის გავლენა იქნებაო. მერე გაიხსენეს, ეგ ადეიშვილის დროინდელი მოსამართლეა და "ნაცი" იქნებაო.
ახლა კარგად მომისმინეთ ხელისუფლების მომხრეებმა: ამდენი წელია ივანიშვილს იმიტომ ვაკრიტიკებთ, რომ ადეიშვილის ხალხით დაკომპლექტებული კლანი დაასვა სასამართლოს თავზე და თქვენ არათუ ხმა არ ამოგიღიათ, არამედ ამას ტაშს უკრავდით, ყველაფერს "უპრავებდით", გემრიელად შეირგეთ სასამართლოს სათავეში გირგვლიანისა და მოლაშვილის მოსამართლე, მურუსიძე, ასევე ადეიშვილის მარჯვენა ხელი ჩინჩალაძე, ხმა არაფერზე ამოგიღიათ და ახლა გაგახსენდათ ადეიშვილი, როდესაც ერთმა მოსამართლემ გამბედაობა გამოიჩინა და ხელისუფლებისთვის არასასიამოვნო გადაწყვეტილება მიიღო?! ე.ი. ბიძინას თაყვანისმცემლებს (ისევე, როგორც ადრე მიშას თაყვანისმცემლებს) რასაც ჩაგძახებენ, ყოველთვის იმას ამოიძახებთ?
ოპოზიციას რაც შეეხება, ისინი ამბობენ, რომ გაყალბება ერთი მეთოდით არ მომხდარა და კომპლექსური იყო, ამიტომ შესწავლას და მტკიცებულებების მოგროვებას დრო სჭირდებაო. ჰოდა, ცოტა დააჩქარეთ, თორემ "ოცნება" დაგცინით უკვე და ეს ყველაფერი ჩხუბის შემდეგ მუშტების ქნევას ემსგავსება. ოპოზიცია დაბნეული ჩანს. შოკიდან ვერ გამოსულან. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ წაგებისთვის მზად საერთოდ არ იყვნენ და არც გეგმა B ჰქონდათ. ჰოდა, დაიწყეს ახლა ისევ ხალხის წინ და უკან ტარება. მათი აქციების მთავარი სამიზნე ახალი პარლამენტის პირველი სხდომაა, როცა დეპუტატებმა საკუთარი უფლებამოსილება უნდა ცნონ, ეს სხდომა კი სადღაც ერთ თვეში დაინიშნება. ოპოზიციის ამოცანაა, მოახერხოს და მუხტი არ დააგდოს. პირიქით, ისე უნდა მოიქცეს, რომ ეს მუხტი იმ დროისთვის პიკში იყოს, რაც ურთულესი ამოცანაა და ამათი შემხედვარე რისი იმედი აქვს ხალხს, არ ვიცი.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კი აგერ, უკვე ამერიკელებსაც დასცინის, ამომრჩევლებთან მუშაობის ყველა მეთოდი, რაც "ოცნებამ" გამოიყენა, "ენ-დი-აის" და "აი-არ-აის" ტრენინგებზე ვისწავლეთო. გამოდის, კარგი ყოფილა ეს "ენ-დი-აი" და "აი-არ-აი" და რას აგინებდით აქამდე? გამარჯვებით გადიდგულებული "ოცნება" მალე იმასაც გამოგვიცხადებს, "გლობალური ომის პარტიაც" კარგი რამეა და სინამდვილეში ჩვენზე მუშაობდაო. მათი მომხრეები კი ამასაც ტაშს დაუკრავენ. მოერიდებათ თუ რა?!