თენგიზ ფხალაძე: "საქართველოს დამოუკიდებლობის 30-წლიან პერიოდში ასეთი რთული დრო არ მახსენდება" - გზაპრესი

თენგიზ ფხალაძე: "საქართველოს დამოუკიდებლობის 30-წლიან პერიოდში ასეთი რთული დრო არ მახსენდება"

საპარლამენტო არჩევნების შემდგომ შექმნილ ვითარებას "ჯიპას" ასოცირებული პროფესორი, ბრიუსელის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი თენგიზ ფხალაძე. მისი თქმით, ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, იქნება თუ არა არჩევნები აღიარებული, ერთი მხრივ, ქვეყნის შიგნით, მეორე მხრივ, ქვეყნის გარეთ. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია თეთრიწყაროს რაიoნში შექმნილი სამართლებრივი პრეცედენტი. შეგახსენებთ, რომ თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა - მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საიას სარჩელი დააკმაყოფილა... უფრო მეტს არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილ მოცემულობასა და პროცესების შემდგომ განვითარებაზე თენგიზ ფხალაძე ბრიუსელიდან გვეtyvis.

- მოსამართლემ ჩაატარა ექსპერიმენტი და დადასტურდა, რომ მელანმა გამოჟონა. სასამართლოს დადგენილება იმის თაობაზე, რომ ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა, მთელ პროცესს აყენებს ეჭვქვეშ. ეს კიდევ უფრო ართულებს ყველაფერს იმიტომ, რომ თუ ხმის მიცემის ფარულობა ირღვევა, ე.ი. არჩევნების ძირითადი პრინციპი ირღვევა. მეორე საკითხია, რას მიიღებს თავად ქართველი საზოგადოება და რას არა. ყველაზე მთავარი მაინც ის არის, რა სურს ხალხს. ერთ-ერთი ყველაზე საგანგაშო ამ ამბავში ის გახლავთ, რომ არჩევნებში უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები ჩაერივნენ. ყოველ შემთხვევაში, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და ქვეყანაზე განხორციელდა რუსული სპეცოპერაცია. ე.ი. სახელმწიფოს მეთაურმა არ მისცა არჩევნებს ლეგიტიმაცია. ეს ძალზე სერიოზული პოლიტიკური ვერდიქტია. სხვა მხარეა არჩევნების შედეგების საერთაშორისო აღიარება - დასავლელი პარტნიორები "ქართულ ოცნებას" ცალსახად მოუწოდებენ არჩევნების ობიექტური გამოძიებისკენ, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ მათთვის არჩევნების შედეგები, მინიმუმ ეჭვს იწვევს. აღარაფერს ვამბობ იმ ორგანიზაციების ხელმძღვანელებზე, ვინც ეგზიტპოლებს ატარებდა. ერთი სიტყვით, საკმაოდ რთული ვითარებაა, პროცესი ჯერ არ დამთავრებულა.

- ყველაფრის მიუხედავად, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ არა უგვიანეს მე-10 დღისა, პარლამენტი შეიკრიბება. მისი თქმით, არც იმას აქვს მნიშვნელობა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სალომე ზურაბიშვილი და არც ის წარმოადგენს პრობლემას, თუ ახალი მოწვევის პარლამენტში ოპოზიცია არ იქნება, ვინაიდან "ქართული ოცნების" 89 მანდატი საკმარისია იმისათვის, რომ 150-ვე დეპუტატის უფლებამოსილება ცნონ.

- ამიტომაც ვთქვი, რომ მთავარი ქართველი ხალხის აზრია, პარლამენტს ხალხმა უნდა მისცეს ლეგიტიმაცია. ამ საზოგადოებაში იგულისხმება ის პოლიტიკური პარტიებიც, რომლებმაც 5%-იანი ბარიერი გადალახეს. მათ დაზუსტებით უნდა თქვან, მტკიცენი იქნებიან თუ არა საკუთარ გადაწყვეტილებაში და არაფრის ფასად არ შევლენ პარლამენტში. რაც არ უნდა თქვას პაპუაშვილმა, თუ ოპოზიცია არ შევიდა პარლამენტში, საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმაცია მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ელემენტარულად, პარლამენტმა უნდა ცნოს წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილება. თუ ორი მესამედი არ იქნება, მაშინ ვისი უფლებამოსილება უნდა ცნონ?! გამოდის, რომ საბოლოოდ მაინც ქართველი ხალხი გადაწყვეტს, ლეგიტიმური იქნება თუ არა ეს არჩევნები.

- თქვენი შეფასებით, როგორ წარმოაჩინა ამ არჩევნებმა ქართველი საზოგადოება, რამდენად სწორად აქვს ხალხს გააზრებული საკუთარი ძალა და უფლებამოსილება?

- ჩემთვის ორი ფაქტორი იყო ძალზე მნიშვნელოვანი, ერთი იყო ამომრჩეველთა აქტიურობა, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ საზოგადოებას კონსტიტუციურად მინიჭებული უფლებამოსილების ბოლომდე გამოყენება სურდა, მეორე - ამ რაოდენობის დამკვირვებელი. თითქმის ყოველი მეორე ქართველი დამკვირვებლად იყო დარეგისტრირებული. 23 000 კაცს ასცდა დამკვირვებელთა რიცხვი, ეს მართლა უპრეცედენტო რაოდენობაა. არ მახსენდება საქართველოს ისტორიაში მომენტი, როდესაც ხალხმა საკუთარ თავზე ასეთი მნიშვნელოვანი მისია აიღო და ესოდენ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა აჩვენა. ეს ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტია და იმაზე მეტყველებს, რომ არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს საზოგადოება პასუხგაუცემელს არ დატოვებს. მე თუ მკითხავთ, ამ ხალხთან თანამშრომლობა ხელისუფლების ინტერესებშია.

- რჩება განცდა, რომ საზოგადოება გაბრაზებულია ოპოზიციონერ ლიდერებზე. როგორ აფასებთ თქვენ მათ სტრატეგიას?

- რასაც მე ვხედავ, ოპოზიციის სტრატეგია ის არის, რომ პარლამენტში არ შედიან და პერმანენტულ აქციებს აანონსებენ. რა გითხრათ, უნაკლო ოპოზიცია რომ არ გვყავს, ყველამ ვიცით, მაგრამ რა უნდა ვქნათ? რაც არის, ეს არის, ასე უცებ ჩვენ ოპოზიციურ სპექტრს ვერ გამოვცვლით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახლა ამ ოპოზიციურმა სპექტრმა სიტუაციის მართვა შეძლოს. საზოგადოებამ უკვე მაქსიმუმი გააკეთა, ახლა ჯერი პოლიტიკოსებზეა. თუ მათ კოალიციური მთავრობის შექმნასა და ქვეყნის მართვაზე აქვთ პრეტენზია, პირველ რიგში, ამ პროცესის მართვა უნდა შეძლონ. ამ ვითარებაში საინტერესოდ ჩანს პრეზიდენტის ფიგურა. შემიძლია ვთქვა, რომ ამ დრომდე მისი პოლიტიკური წონა არ ჩანდა და ახლა, კრიზისის დროს გამოიკვეთა. მნიშვნელოვანია, რომ მან ამ წონის შენარჩუნება მოახერხოს. დღეს სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი უმაღლესი თანამდებობის პირია, რომელსაც ლეგიტიმაცია აქვს, ახალი პრემიერი იმ პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, რომელსაც ჯერ თავად არა აქვს ლეგიტიმაცია. შესაბამისად, დღეს პრეზიდენტის როლი და ფუნქცია უაღრესად მნიშვნელოვანია. ამ ყველაფრის ფონზე დიდი მნიშვნელობა აქვს, მოახერხებენ თუ არა ოპოზიციონერი ლიდერები საკუთარი ნათქვამის შესრულებას - მანდატებზე უარის თქმას და პროცესის სწორად მართვას.

- საერთო ჯამში, როგორ ჩანს ბრიუსელიდან საქართველოში მიმდინარე პოსტსაარჩევნო პროცესი - ქართველი ხალხი რჩება კონსტიტუციის, იდეის ერთგული და იბრძვის ევროინტეგრაციისთვის თუ იცვლის კურსს?

- ბრიუსელიდან დანახული სურათი ასეთია: საქართველოში ჩატარდა არჩევნები, რომელმაც ძალიან დიდი კითხვის ნიშნები გააჩინა ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. ამაზე ნათლად იქნა გაცხადებული ევროპელი პოლიტიკოსების მიერ. თქვენ იცით, რომ გასულ კვირას გამოქვეყნდა ევროკომისიის ანგარიში, რომელშიც ცხადად წერია, რომ ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. ამის შედეგად რიგმა დასავლურმა სახელმწიფოებმა დაიწყეს საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვა. ზოგიერთმა ქვეყანამ, მაგალითად შვედეთმა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორი იყო, საერთოდ გაწყვიტა ჩვენთან ურთიერთობა. მე საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან დღემდე ასეთი ჩიხში შესული მდგომარეობა არ მახსოვს. შემდგომი ნაბიჯები კი იმაზე იქნება დამოკიდებული, რას იზამს ხვალ ქართველი საზოგადოება. ერთი რამის თქმა ზუსტად შემიძლია, დასავლეთი არ მიიღებს მოპარულ არჩევნებს და არ გააგრძელებს ურთიერთობას იმ ტიპის ხელისუფლებასთან, რომლის დემოკრატიულობასთან დაკავშირებითაც ასეთი დიდი კითხვის ნიშნებია. აღარაფერს ვამბობ "ქართული ოცნების" მიერ გავრცელებულ კონსპირაციის თეორიებზე, ე.წ. აგენტების კანონზე, დასავლეთის დადანაშაულებაზე ომში ჩართვის შესახებ და ა.შ.

- თუმცა, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ევროინტეგრაცია არც შეჩერებულა და ვერც შეჩერდება - თუკი რამე გვასწავლა ჩვენმა მიღწევებმა ამ პროცესში, არის ის, რომ ევროინტეგრაცია გრძელვადიან შედეგზე ორიენტირებული სამუშაოა და არა იმწუთიერი პოლიტიკური კონიუნქტურის აყოლა.

- მიჭირს წარმოდგენა, არც კი ვიცი, ვინმეს შეუძლია იმის დაჯერება, თითქოს, ევროკომისრებმა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურებმა და ზოგადად, ევროკავშირის პოლიტიკურმა ელიტამ არ იცის, რას ნიშნავს ევროინტეგრაციის პროცესი და ეს იციან "ქართული ოცნების" ლიდერებმა. ევროსაბჭო, ასევე ევროკომისია აცხადებს და ანგარიშში წერს, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია. რა გამოდის, პაპუაშვილი გვეუბნება, რომ მათ არ იციან, რას ამბობენ?! სამწუხაროა, რომ ასეთ აბსურდულ განცხადებებს აკეთებენ ადამიანები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მომავალზე იღებენ გადაწყვეტილებებს.

- "ქართული ოცნება" არწმუნებს საკუთარ ელექტორატს, რომ ამერიკასთან ურთიერთობები გადაიტვირთება, როდესაც ამერიკის პრეზიდენტი გახდება ტრამპი და რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდება.

- როდესაც ასეთი განცხადებები მესმის, მრჩება შთაბეჭდილება, რომ მმართველ გუნდში მყოფმა პოლიტიკოსებმა არ იციან, როგორია ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა და საერთოდ არ აქვთ წარმოდგენა დონალდ ტრამპზე. სინამდვილეში, ტრამპი გაცილებით ხისტია, ვიდრე ამერიკის ჯერ კიდევ მოქმედი სახელმწიფო ადმინისტრაცია. სიმართლე გითხრათ, ვერც ერთი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში ვერ ვხედავ საქართველოსთან ურთიერთობის გადატვირთვის შანსს "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში. არც ის დაგვავიწყდეს, რომ "მეგობარი აქტის" და სხვა მნიშვნელოვანი ინიციატივების ავტორები სწორედ ტრამპის გუნდის წევრები არიან. ასე რომ, "ქართული ოცნების" ლიდერების მოლოდინები სრულიად ფუჭია. მე კიდევ ერთ ჭეშმარიტებას შევახსენებდი მმართველ გუნდს, ტრამპი განსაკუთრებულად მგრძნობიარედ ეკიდება ჩინეთთან პოლიტიკურ ფლირტს. მოკლედ, საქართველოს ხელისუფლების "წყალობით" დღეს ამერიკულ-ქართული ურთიერთობა სერიოზულ კრიზისშია და ძალზე დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობები ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს.

- როგორი იქნება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივა, თუ არჩევნები თავიდან არ ჩატარდება და ხელისუფლებაში ისევ ძველი მმართველი გუნდის შემადგენლობა დარჩება?

- წარმოუდგენლად რთულ ვითარებაში აღმოვჩნდებით! ჩვენ გვეყოლება ხელისუფლება, რომელსაც ჩვენივე სტრატეგიული პარტნიორები, დასავლური სამყაროს ლიდერები არ აღიარებენ, რომელსაც დიდი ალბათობით დაუწესდება სანქციები, ჩვენ დავკარგავთ როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ მხარდაჭერას და შესაბამისად, კიდევ უფრო იოლად გადასაყლაპი გავხდებით ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისთვის.

ხათუნა ბახტურიძე