ლიკა ქავჟარაძის შვილის ოჯახის ამერიკული ცხოვრება და...
ქართული კინოს ლეგენდა ლიკა ქავჟარაძეზე, უამრავი სატელევიზიო გადაცემაც მომზადებულა. ლიკა ერთ-ერთია იმ ლეგენდარული ქართველებიდან, რომლის ცხოვრებასა და სილამაზეზე წლების მერეც ილაპარაკებენ.
ქართული კინოს ვარსკვლავმა, სილამაზითა და უნიკალური ქარიზმით მაყურებელთა გულებში წარუშლელი კვალი დატოვა. მისი სახელის წარმოთქმისას გაგონდება ფაქიზი ემოციებით სავსე გოგონა, რომელმაც კინოში ეპოქა შექმნა. ლიკას მემკვიდრეობა არა მხოლოდ მისი ულამაზესი როლებია, არამედ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები, რაც მან ქართული კინოს მოყვარულებს დაუტოვა. მისი თვალები, რომლებიც მუდამ უცნაურ სიმშვიდესა და სიღრმეს ასხივებდნენ, დღესაც გვახსენებს, თუ რა ძალა აქვს ნამდვილ ნიჭსა და ხელოვნებას.
ლიკა ქავჟარაძის როლები ქართული კინემატოგრაფიის ნამდვილი საგანძურია. მკითხველმა კარგად იცის, რომ მისი ცხოვრება მსახიობის მთავარი კინოროლის მსგავსად, სევდიანად გაგრძელდა. ლიკა ქავჟარაძე ორჯერ იყო დაქორწინებული, მისი პირველი მეუღლე სანდრო თაქთაქიშვილი გახლდათ. სწორედ მასთან ქორწინებიდან შეეძინა მსახიობს ერთადერთი ვაჟი, ლევან თაქთაქიშვილი, რომელიც მამასა და ოჯახთან ერთად ამერიკაში, ვაშინგტონში ცხოვრობს. 1993-1994 წლებში ოჯახი აშშ-ში გაემგზავრა, სადაც სანდრო მუშაობდა, მაგრამ მსახიობმა იქ ხანგრძლივი პერიოდით დარჩენა ვერ შეძლო და უკან დაბრუნდა. მეორედ ლიკამ იქორწინა ლევან შანიძეზე, რომელთანაც მეგობრული ურთიერთობა დაშორების შემდეგაც შეინარჩუნა. ერთ-ერთ ბოლო სატელევიზიო ინტერვიუში მსახიობი იხსენებდა, რომ შვილისა და შვილიშვილის ნახვას ხშირად ვერ ახერხებდა, რადგან საქართველოში იშვიათად ჩამოდიოდნენ. ლევანის ერთადერთი ინტერვიუ ლიკას სიცოცხლეში გამოქვეყნდა, რომელშიც ცნობილ დედაზე საუბრობდა:
"ძნელია დედაზე ლაპარაკი, ალბათ იმიტომ, რომ დედაა და მასთან დაკავშირებული ყველაფერი ძალიან ჩვეულებრივი გგონია. ლიკა ყოველთვის ცდილობს ნაკლებად ჩაერიოს ჩემს ცხოვრებაში, შეიძლება იმიტომ, რომ თვითონ ცოტა სხვანაირად გაიზარდა. არ გზღუდავს იმიტომ, რომ თვითონაც უყვარს თავისუფლება. მაგრამ ადრე უფრო იცოდა, თუ გაიგებდა, რომ ვიღაცა მომწონს, მერე იწყებოდა ჩაციება - "და ვინ არის?" "საიდან?" "რატომ?" "როგორ?" უბრალოდ, როგორც კი ხედავდა, რომ ეს არ მსიამოვნებდა, მაღიზიანებდა, თავს მანებებდა...
დილას ყავით და სიგარეტით იწყებს, მერე ერთი საათი ზის და ფხიზლდება. სპორტული ტიპია, ერთი პერიოდი სულ დარბოდა, ვარჯიშობდა, ბევრს ცურავდა, ხატავდა. მე ლიკას ნახატები უფრო მომწონს, ვიდრე ჩანაწერები; ამ ბოლო დროს სულ წერს ხოლმე; ძალიან მოსაბეზრებელი იყო - "ეს ლიკას ბიჭია", შენ კი დებილივით დგახარ და იღიმი. პირველად, "ნატვრის ხე" როცა ვნახე, ძალიან ბევრი ვიტირე, თან მაშინ ლიკა აქ არ იყო და მეგონა, მოკვდა... რა ვიცი, გავხარო, მეუბნებიან. ლიკა უფრო ჩაკეტილი ადამიანია, მეც ასეთი ვარ. იცი, მახსოვს, რომ დედა სულ მენატრებოდა...
მამაჩემი ფიზიკოსია და სულ სადღაც იყო წასული, თვეობით მიდიოდა. ლიკას იმ პერიოდში გადაღებები ჰქონდა. ამიტომ, უფრო ბებია-ბაბუასთან ვიზრდებოდი. რა მახსენდება? არაფერი ისეთი. სამუშაოს გამო, თითქმის სულ ცალ-ცალკე იყვნენ, მერე ურთიერთობაც არ ჰქონიათ მაინცდამაინც კარგი. კი, როცა ერთმანეთს დაშორდნენ, დიდი ვიყავი, მაგრამ ჩემი განცდები მაინც მქონდა... ლიკა? ჯიუტია. თან გააჩნია რა ხასიათზეა. აი, დილით რომ ადგები, უკვე ხედავ, რომ დღეს რაღაც სხვანაირადაა, რა ვიცი, სულ რაღაცებს უშვრება თმას, შეიჭრის, შეიღებავს რაღაცფრად. უხდება-არ უხდება, მაინც გააკეთებს. ხან სევდიანია, უცებ მხიარული, უცებ ჯიუტი და უცებ შეიძლება... რა ვიცი, კიდევ როგორი. ლიკა ბევრნაირია..." - ჰყვებოდა ლევან თაქთაქიშვილი წლების წინ ჟურნალისთვის - "ცხელი შოკოლადი" მიცემულ ინტერვიუში.
ლევანის მეუღლე თამუნა ლოლუაა. როგორც ზევით ვწერდით, ის ოჯახთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს. წყვილს ერთი შვილი - საშკა თაქთაქიშვილი ჰყავს. წლების წინ, როდესაც ქართულ მედიაში პატარა საშკას ფოტოები გამოქვეყნდა, ყველა აღიარებდა, რომ ბიჭი საოცრად ჰგავდა პოპულარულ ბებიას. საშკა გაიზარდა და უკვე 16 წლის არის. მსგავსება კი არსად ქრება, პირიქით, უფრო თვალსაჩინოა.
მომზადებულია ambebi.ge-ს მიხედვით.
ნინო გიგიშვილი