"არსებობს პროტესტი და დაძაბულობა, მაგრამ ვერ ვხედავ იმ მუხტს, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, საჭირო ცვლილებების მომტანია..."
ყველა გამოვლენილი დარღვევის გამჭვირვალე და მიუკერძოებელი გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობენ. საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებს არ უთქვამთ, რომ 26 ოქტომბერს გამართული არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო. მეტიც, კრიტიკული განცხადებები გააკეთეს, როგორც ევროკავშირის ლიდერებმა და წევრი ქვეყნების ოფიციალურმა პირებმა, ასევე ამერიკის პრეზიდენტმა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებმა.
ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, "თუ საქართველო კურსს არ შეცვლის, ევროკომისია მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაციას არ გასცემს..." მის განწყობას არაერთი დასავლელი ლიდერი იზიარებს...
უკვე გამოითქვა ვარაუდები რუსეთის ჩარევასა და არჩევნების გაყალბებაზე.
ამასთან, არჩევნებამდე აშშ საქართველოს მთავრობას მოუწოდებდა, უკან გაეწვია "უცხოური გავლენების კანონი", რომელმაც ქვეყნის შიგნით ფართო პროტესტი გამოიწვია. პრეზიდენტმა ბაიდენმა და სახელმწიფო მდივანმა ეს მოთხოვნა არჩევნების შემდეგ გავრცელებულ განცხადებებშიც გაიმეორეს.
"საპარლამენტო არჩევნები შეიბღალა მრავალჯერ აღრიცხული ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებით, ამომრჩევლის დაშინებითა და იძულებით. საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ, მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი აზრი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რის შესახებაც დამოუკიდებელ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს არ უთქვამთ, რომ იყო თავისუფალი და სამართლიანი", - განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, ყველა საარჩევნო დარღვევა გამჭვირვალედ გამოიძიოს.
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, გიორგი გობრონიძე "გზასთან" იმ მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს, რომელიც არასათანადოდ ჩატარებული არჩევნების შედეგად შეიძლება დადგეს...
- ჩატარებული არჩევნების შეფასება ჩემთვის საკმაოდ რთულია, რადგან არც იურისტი ვარ და არც შიდა პოლიტიკის მიმომხილველი. თუმცა, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ვიტყვი, რომ ხელისუფლებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს იმას, რომ არჩევნების შედეგები არ იწვევდეს ეჭვს საერთაშორისო პარტნიორებში და არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები.
- თუმცა, ფაქტია, ბოლო პერიოდში საქართველოს კომუნიკაციის ხარისხი დასავლელ პარტნიორებთან კრიტიკას ვერ უძლებს...
- დიახ და ფაქტია ისიც, რომ ამას გაცილებით მეტი გავლენა აქვს დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებებზე, ვიდრე უშუალოდ საარჩევნო პროცესს, თორემ საქართველოს უახლეს ისტორიაში მახსოვს ამაზე გაცილებით რთული, ბევრად ცუდად ჩატარებული არჩევნებიც, თუმცა, დასავლური თანამეგობრობის მხრიდან მსგავსი რეაქცია არ მახსენდება. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ დარღვევის არც ერთი გახმაურებული ფაქტი არ დარჩეს შეუსწავლელი და თითოეულ შემთხვევაში დადგეს სათანადო სამართლებრივი შედეგი, პროცესი კი წარიმართოს გამჭვირვალობის უმაღლესი სტანდარტის შესაბამისად, რათა მოიხსნას ყველანაირი კითხვის ნიშანი.
- გჯერათ, რომ დარღვევებს შესაბამისად გამოიძიებენ?
- არ ვიცი, ამ ქვეყანაში რისი მჯერა და რისი - არა, მაგრამ ობიექტური გამოძიება რომ აუცილებელია, ამაზე დავაც არასერიოზულია. აუცილებელია თუნდაც იმიტომ, რომ სახელმწიფოს უპირველესი ამოცანა ადამიანების არჩევანის, მათი ხმების დაცვა, აღნიშნული საფრთხეების პრევენცია და საკუთარი მოქალაქეების დაცვაა.
საქართველოს ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ხშირად აქ მიმდინარე პოლიტიკური პროცესების კრიტიკა არაპირდაპირი შედეგია ქართულ-დასავლურ ურთიერთობებში გაჩენილი ბზარებისა და ამ შემთხვევაში, დასავლური მხარე ყველაზე მნიშვნელოვან მიმართულებაზე ამახვილებს ყურადღებას.
ამდენად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია მაქსიმალურად დასაბუთებული იყოს, არჩევნებთან დაკავშირებით კი ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცეს, რათა არ დაზიანდეს საქართველოს ფუნდამენტური საერთაშორისო ინტერესები.
- თუ უკვე არ არის დაზიანებული... ზოგადად, ხშირად გვესმის, რომ დასავლეთის მხარდაჭერას ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს - რა გვჭირდება ახლა ყველაზე მეტად მათგან და როგორი შეიძლება იყოს პარტნიორების მხრიდან ქართველი საზოგადოებისთვის გაწეული დახმარება?
- დასავლეთის მხრიდან გვჭირდება ერთადერთი რამ, უსაფრთხოების გარანტიები და მათ მიერ საქართველოსთვის მოცემული სიტყვის შესრულება. ჯერ კიდევ 2008 წელს, საქართველოს წინაშე დასავლეთმა აიღო ვალდებულება, რომ საქართველო ნატოს წევრი სახელმწიფო გახდებოდა, თუმცა, მას შემდეგ, ნატოსთან ინტეგრაციის მიმართულებით რაიმე ხელშესახები წინსვლა, პროგრესი არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით ცალკეულ მიმართულებებში პარტნიორობის გაღრმავებას.
მთლიანობაში, საქართველოს მხრიდან ნატოში გაწევრების სურვილის გაცხადებიდან 25 წელი გავიდა... ეს მაშინ, როდესაც ფინეთი და შვედეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში სულ რამდენიმე თვეში მიიღეს. ბუნებრივია, ეს ამძაფრებს განცდას ქართულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში, რომ ჩვენ იქ, დასავლეთში, სათანადო პარტნიორებად არ აღგვიქვამენ, არ გვთვლიან იმის ღირსად, რომ კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის ნაწილი ვიყოთ... საბოლოოდ, ეს ყველაფერი მოსახლეობაში, ქართველ ხალხში იმედების გაცრუებას იწვევს და ერთი შეხედვით გასაგებიც არის. რთულია იცხოვრო 25 წელი დაპირებით და კიდევ უფრო რთულია ამ ფონზე უყურო იმას, როგორ ხდება სხვა ქვეყნების მიღება ორგანიზაციაში ყოველგვარი ბარიერების გარეშე.
- პრობლემა რაში მდგომარეობს?
- პრობლემა ბევრი კომპონენტისგან შედგება - დასავლეთში უნდა ესმოდეთ, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური კურსის რევერსია შესაძლოა განპირობებული იყოს იმ შიშებით, რომ საქართველო დაუცველია, დასავლეთს არა აქვს მოკავშირეების დაცვის უნარი. ჩვენ ვხედავთ გაყოფილ აზრებს უკრაინასთან დაკავშირებით, ვხედავთ პასიურობას ამ მიმართულებით, ვხედავთ, რომ მიუხედავად დეკლარირებული პოზიციისა, უკრაინა ვერ იღებს იმას, რაც მას სჭირდება დასავლეთისგან და რაც მთავარია, ვხედავთ, რომ დასავლეთს აქვს მოლოდინი საქართველოსგან, მაგრამ ვერ ვხედავთ, რას გვთავაზობს სანაცვლოდ.
- თქვენი აზრით, როგორ აისახება 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები საქართველოს საგარეო ავტორიტეტზე?.. New York Times-ის (და არა მხოლოდ) ცნობით, საქართველო პოლიტიკურ კრიზისში ჩაეშვა მას შემდეგ, რაც მმართველი პარტია გადამწყვეტი მნიშვნელობის არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს...
- დიახ, ამ არჩევნებს არაერთი დასავლური მედია გამოეხმაურა და საკმაოდ კრიტიკულად. რაც შეეხება იმიჯს - ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად შეძლებს საქართველოს ხელისუფლება ამ არჩევნების შედეგების დასაბუთებას, თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ ამ ყველაფერს არც კი ჰქონდეს არსებითი მნიშვნელობა, რადგან საქართველოს საგარეო პოლიტიკური ავტორიტეტი მხოლოდ არჩევნების შედეგებმა კი არ დააზიანა, ამ პროცესს წინ უძღოდა ე.წ. კანონი გამჭვირვალობის შესახებ. ანუ დასავლურმა სამყარომ, მსოფლიომ ნახა, რაც მოხდა მანამდე და ეს ძალზე მნიშვნელოვანია. ახლა კი უბრალოდ ვხედავთ ჩამოყალიბებულ განწყობას და ამ განწყობის ანარეკლს დასავლურ პრესაში. რაც შეეხება კრიზისს, აქ მაქვს კითხვა, თქვენ როგორ ხედავთ, გვაქვს რამე განსაკუთრებული პოლიტიკური კრიზისი?!.
- რიტორიკული კითხვაა...
- ნამდვილად ასეა - ერთია რას წერს New York Times ან სხვა გავლენიანი პრესა და მედია, რა სიუჟეტები მზადდება საქართველოში არსებულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ განწყობებზე, მეორეა - რა ხდება ქუჩებში თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქებში... კი, ბატონო, არსებობს პროტესტი და დაძაბულობა, მაგრამ პირადად მე, ვერ ვხედავ იმ მუხტს, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, საჭირო ცვლილებების მომტანია. აუცილებელია, ამ პრობლემაზე, პირველ რიგში, ოპოზიციამ იმუშაოს, რადგან ხელისუფლება პოსტსაბჭოთა ქვეყანაში გააკეთებს იმას, რაც გამოსდის ყველაზე კარგად - პოზიციების გამყარება.
- როგორ ფიქრობთ, ამ შედეგებმა ევროკავშირში გაწევრების გზას რეალურად დაგვაშორა? ზოგადად, ცოტა გრძელვადიან პერსპექტივაში რომ შევაფასოთ - საით მიდის (მიჰყავთ) ქვეყანა?..
- ევროკავშირში გაწევრების გზას მაშინაც ვერ ვხედავდი, როცა კანდიდატის სტატუსი მოგვცეს. ვერც მაშინ ვხედავდი, როდესაც დაიწყო საქართველოსა და დასავლეთის ურთიერთობების გაუარესება, შესაბამისად, გულწრფელად გეტყვით, რომ ეს გზა არ ჩანს არჩევნების შემდეგაც. მეტიც, არც მაშინ გამოჩნდებოდა, ხელისუფლება რომ შეცვლილიყო.
- რა დივიდენდებს აძლევს რუსეთს ის, რაც ახლა საქართველოში ხდება?.. როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით... შესაძლოა, მსოფლიოში რაღაც ახალი გაერთიანება-გადაწყობის მომსწრენი გავხდეთ?..
- რუსეთზე საუბრისას უნდა გვესმოდეს, რომ მას ახლაც აქვს უნარი და შესაძლებლობა, ძალიან ბევრი პრობლემა შეუქმნას საქართველოს. ჩვენ ვხედავთ შემდეგს - ჯერ კიდევ პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციიდან მოყოლებული, საქართველოს ტურისტული ბაზარი მნიშვნელოვნად გახდა რუსეთზე დამოკიდებული, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთის მოქალაქეთათვის ცალმხრივად გაუქმდა სავიზო რეჟიმი. საქართველოში ეს რატომღაც მაშინ გაახსენდათ, როდესაც რუსეთმაც გადადგა მსგავსი ნაბიჯი. იმავე პერიოდიდან მოყოლებული იმასაც ვხედავთ, რომ რუსეთი აქტიურად იკიდებს ფეხს საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში, მათ შორის ტრანსპორტის, ენერგეტიკის, კომუნიკაციების სფეროებში და ა.შ. აღნიშნული კიდევ უფრო იზრდება ბოლო პერიოდის განმავლობაში და ამის ყველა წინა პირობა არსებობს.
პროდუქცია, რომელზე ფასების ცვლილებასაც აქვს მნიშვნელოვანი გავლენა სიღარიბეზე, ხორბალი, მცენარეული ცხიმი და შაქარი, მეტწილად რუსეთიდან შემოდის, ასევე რუსეთში გადის ადგილობრივი, ანუ ადგილწარმოების პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი. ამ ყველაფრის ფონზე რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ორი რეგიონი და არც ის სამხედრო ბაზები წასულან არსად ცხინვალიდან და აფხაზეთიდან. შესაბამისად, თუ ზეწოლის ბერკეტს ვგულისხმობთ, მგონია, რომ რუსეთს ისედაც საკმაო დივიდენდი აქვს მიღებული საქართველოში.
ამას ემატება ისიც, რომ ჩვენს ქვეყანასა და დასავლეთს შორის გაუარესებული ურთიერთობა ძალზე ხელსაყრელია რუსეთისთვის, რადგან ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს სულ მცირე, შეუძლია იყოს მშვიდად იმის ცოდნით, რომ მისი საგარეო პოლიტიკური კოშმარი, საზღვრებთან დასავლური კოალიციის გაჩენა ამ მიმართულებით არ ემუქრება.
ლალი პაპასკირი