„ამერიკაში რომ ჩამოვიდა კახი, მანდ როლები შეიცვალა და გახდა - „იკოს ფაზერ“...
თითქოს ჩემი ინდივიდუალიზმის გამოვლენა მაკლდა, ეს გახლდათ ჩემო ბატონო! რა თქმა უნდა, კახი კავსაძის, ბელა მირიანაშვილის გავლენა ძალიან დიდია. ცოტა არ იყოს ვღიზიანდები, როდესაც კახის შვილს მეძახიან. მივუტრიალდები და მივმართავ, ჩემი სახელი და გვარია ირაკლი კავსაძე და არა კახის შვილი, თუ შეიძლება ირაკლი კავსაძედ გააცანით ხალხს ჩემი თავი და მერე თუ გინდათ, დააყოლეთ-მეთქი... თუმცა შემდეგ უცნაური რამ მოხდა: ამერიკაში რომ ჩამოვიდა კახი, მანდ როლები შეიცვალა და გახდა - „იკოს ფაზერ“... - მსახიობი, რეჟისორი ირაკლი კავსაძე თავის შთამბეჭდავ ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე გვიამბობს....
- ბატონო ირაკლი, დღევანდელი გადმოსახედიდან, როგორ გახსენდებათ თქვენი ბავშვობა?
- ზოგადად, ადამიანის ცხოვრებაში ბავშვობა ისეთი პერიოდია, გინდა თუ არა, მაინც შემოგეპარება მეხსიერებაში. არ დავმალავ, ამ მხრივ მდიდარი ადამიანი ვარ, ზღაპრულ ატმოსფეროში გავიზარდე. ვგულისხმობ ზღაპრულ სახლს არქიტექტურულად, მართლაც შედევრს! ამ სახლის მეორე სართულზე ეზოა, სადაც არც მანქანა, მოტოციკლეტი, არანაირი ტრანსპორტი არ შემოდის, წინ უზარმაზარი „პლაშადკაა“ (ასე ვეძახით დღემდე)... ამ ე.წ. პლაშადკაზე ფეხბურთს, ფრენბურთს, „ტენისს“ ვთამაშობდით, კალათბურთის ფარები დავამონტაჟეთ, რომლებიც დღემდე კიდია... სამეზობლოშიც ბავშვები თითქმის ერთი თაობის ვიყავით. ყველაზე „ასაკოვანი“ მონაწილე ამ სპორტული შეჯიბრებების - კაკული ვასაძე იყო. მწერალი კაკული, დიდი აკაკი ვასაძის შვილიშვილი. შვილთაშვილი გახლავთ - გიორგი ვასაძე, რომელთანაც ერთად გავიზარდე და ყოველ ჩამოსვლაზე ერთმანეთს აუცილებლად ვხვდებით... უკვე ჭაღარაც შემოგვერია, მაგრამ ბავშვობის მეგობრები ერთმანეთს სულ ბავშვობას ვახსენებთ... ამას წინათ კიდევ ერთი ბავშვობის მეგობარი - ილო ბაქრაძე შემხვდა ვორონცოვზე, ჩვენს ძველ სახლთან და როგორც კი ერთმანეთი დავინახეთ, მაშინვე ბავშვობაში „წავედით“... ვიხსენებდით, მოკლე შარვლები რომ გვეცვა, ოღონდ დღეს რომ მოდური, სპორტული შარვლებია, ისეთი კი არა, ძალიან უბრალო. ყველაფერი თვალწინ გიდგება: შენი მშობლები, მეზობლების უფროსი თაობა, არაჩვეულებრივი ხალხი და ეს მოგონებები ღიმილს გგვრის... იმ ბინაში, სადაც მე გავიზარდე, ვორონცოვზე, ფილმიც არის გადაღებული. ეს გახლავთ ლევანიკო ანჯაფარიძის ფანტასტიკური მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ბუდე“... ამ სახლის ცხოვრებაზეა და მართლაც არაჩვეულებრივი, თბილი კინოა.
- სკოლის პერიოდი როგორ გახსენდებათ?
- სკოლის პერიოდიც ორ ნაწილად არის დაყოფილი, შეიძლება სამ ნაწილადაც დაიყოს. 23-ე სკოლაში მეცხრე კლასამდე ვსწავლობდი, შემდეგ მე-100 სკოლაში... ცოტა ხნის წინ დამირეკეს და მთხოვეს, რომ 23-ე სკოლის 150 წლის იუბილეს აღსანიშნავად მილოცვა ჩამეწერა, რაც ჩემთვის სანუკვარი იყო. ეს ის მომენტია, როცა რაღაც საგანძური ხდება შენს ცხოვრებაში. ზოგადად ადამიანის ტვინი ისეა მომართული, სადაც ხარ, ჩვეულებრივი გგონია, მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა ყველაფრის დაფასება, შეფასება იწყება...
- კულისების ბავშვი იყავით?
- რა თქმა უნდა! სულ კულისებში ვიჯექი, დედაჩემი მახსოვს სცენაზე. მოგეხსენებათ, ძალიან ადრე, ჩემზე მშობიარობის შედეგად სცენას ჩამოშორდა...
დაახლოებით 3 წლის ასაკიდან დედა ორ სპექტაკლში მახსოვს: ერთი - „რაიკომის მდივანი“, მეორე - „ბერნარდა ალბას სახლი“... „ბერნარდა ალბას სახლი“ მოგვიანებით იყო, ბებიას როლს თამაშობდა და იქ უკვე სკამზე იჯდა. ამ სპექტაკლს უფრო მოერგო თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე. სპექტაკლში „რაიკომის მდივანი“ დედას შემოსვლა მახსოვს, რაღაცნაირად დიაგონალურად შემოდიოდა... ამ ყველაფერს რომ წარმოიდგენ, თითქოს შენი თავიდან გადიხარ და გონებით საიდანღაც უყურებ. განვლილი წლებია, რომელიც აღარ დაბრუნდება, მაგრამ ეს რეალური ფანტაზიაა, ამ ყველაფერს „უყურებ“, იხსენებ და ძალიან ძვირფასია...
- საქართველოში გქონდათ ყველაფერი... რატომ გადაწყვიტეთ ამერიკაში წასულიყავით?
- ყველაფერი არ ვიცი, მაგრამ უბედურ დღეში ნამდვილად არ ვიყავი... ამერიკა მაინტერესებდა და ჩემს ჯგუფელებს სათითაოდ რომ დაუაროთ, ყველა გეტყვით, რომ პირველი კურსიდან ირაკლი კავსაძე ამერიკაზე ლაპარაკობდაო... ყველაფერი თუ არ მქონდა, უსაქმური ხომ ნამდვილად არ ვიყავი, მაგრამ იყო ისეთი რაღაცები, რაც მაკლდა. როდესაც ამერიკაში პირველად ჩამოვედი, შემთხვევით პაატა ციქურიშვილს შევხვდი... კარგი გამონათქვამია, შემთხვევით არაფერი ხდებაო, მაგრამ ამ შემთხვევაში შემთხვევით იყო, რადგან არ ვიცოდი, პაატა თუ ამერიკაში გახლდათ, ეს საერთო მეგობარმა მითხრა, - ამერიკაშია, თეატრი აქვსო... მაშინ სხვა პარტნიორთან ერთად იყო, თეატრს სხვა სახელი ერქვა... მეგობარს იმ წუთშივე ვუთხარი, ახლავე დაურეკე, რას ელოდები-მეთქი?! დარეკა და უთხრა, - ახლა ისეთი ვინმე უნდა დაგალაპარაკო, ვერაფრით რომ ვერ წარმოიდგენო... მე და პაატას ერთმანეთი ძალიან დიდხანს არ გვენახა, რადგან ფაქტობრივად სტუდენტობისას წავიდა გერმანიაში და იქიდან ამერიკაში რომ გადავიდა, ეგ უკვე აღარ ვიცოდი... დაველაპარაკე და რასაკვირველია, ძალიან გაუხარდა, მეორე დღესვე შეხვედრა გადავწყვიტეთ.
იმ პერიოდში ჩემი მარშრუტი მქონდა, რადგან ოჯახთან ერთად ვიყავი ჩამოსული. გეგმაში იყო ჯერ ქალაქგარეთ - ვირჯინიაში წასვლა, შემდეგ ფლორიდაში, ნიუ-იორკში... შუალედების დროს პაატასთან ვიყავი თეატრში, ძალიან კარგ ადგილას, ვაშინგტონის ცენტრში, თეთრ სახლთან ძალიან ახლოს... თეატრში უკვე სეზონი იხსნებოდა. პაატას ვუთხარი, საქართველოში მივდივარ და ისევ ჩამოვალ-მეთქი... ბევრი წლების შემდეგ პაატა გამომიტყდა, არ მეგონა, თუ ჩამოხვიდოდი, ჩემთვის ვიფიქრე, კაცი რუსთაველის თეატრში მუშაობს, საქმე მსოფლიო დონის რეჟისორთან აქვს, ოჯახი აქვს და რატომ წამოვაო?.. კი ვიძახი, თითქოს რაღაც მაკლდა, მაგრამ რუსთაველის თეატრში ვთამაშობდი, ფილმებში, რეკლამებში, ტელესერიალებში მიღებდნენ... ეტყობა, საკუთარი თავის დამკვიდრების ქვეცნობიერი მუშაობდა.
- ამერიკული თავისუფლება ხომ არ გიზიდავდათ?
- როგორ გითხრათ, მე საიდან ვიცოდი ამერიკაში როგორი თავისუფლება იყო?! თითქოს ჩემი ინდივიდუალიზმის გამოვლენა მაკლდა, ეს გახლდათ, ჩემო ბატონო! რა თქმა უნდა, კახი კავსაძის, ბელა მირიანაშვილის გავლენა ძალიან დიდია. ცოტა არ იყოს ვღიზიანდები, როდესაც კახის შვილს მეძახიან. მივუტრიალდები და მივმართავ, ჩემი სახელი და გვარია - ირაკლი კავსაძე და არა კახის შვილი, თუ შეიძლება ირაკლი კავსაძედ გააცანით ხალხს ჩემი თავი და მერე თუ გინდათ დააყოლეთ-მეთქი... თუმცა შემდეგ უცნაური რამ მოხდა: ამერიკაში რომ ჩამოვიდა კახი, მანდ როლები შეიცვალა და გახდა - „იკოს ფაზერ“...
- ყველაზე დიდხანს, რამდენი წელი არ ყოფილხართ სამშობლოში?
- 7 წლის მანძილზე საქართველოში ვერ ჩამოვედი... ეს 2008 წლის ზაფხულში მოვახერხე და ბავშვები თბილისში დავტოვე. 8 აგვისტოს ომი რომ დაიწყო, მე და ჩემი მეუღლე ამერიკაში ვიყავით, ბავშვები თბილისში. თბილისის დაბომბვის საშიშროება იყო, მაგრამ ბავშვების გაყვანაზე არც მიფიქრია, მიუხედავად იმისა, რომ შემოთავაზება გვქონდა, ამ საკითხს რომ ფინანსურად უზრუნველყოფდნენ... 2001-დან 2008 წლამდე არ ვყოფილვარ, იმის შემდეგ თითქმის ყოველ წელს ჩამოვდივარ... 2011 წელს რამაზ ჩხიკვაძე გარდაიცვალა. ისე დაემთხვა, რომ იმ მომენტში სპექტაკლი არ მქონდა და პაატას ვუთხარი, ჩემი "კუმირი" ამ ქვეყნიდან წავიდა, თბილისში რომ არ წავიდე, გამორიცხულია-მეთქი... თბილისში საგანგებოდ რამაზ ჩხიკვაძის დასაფლავებაზე ჩამოვედი, ბოლო ღამე მე გავუთენე. თეატრში, სცენაზე იყო დასვენებული, დილამდე იქ ვიჯექი. დილას სახლში წავედი, ცოტა გამოვფხიზლდი, გონს მოვედი და დაკრძალვაზე წავედი. შემდეგ 2012 წელს ჩამოვედი, გასტროლებზე... რუსთაველის თეატრში სპექტაკლები „სტუმარ-მასპინძელი“ და „მეფე ლირი“ ჩამოვიტანეთ...
- პანდემიის პერიოდი როგორ გახსენდებათ?
- იმ პერიოდს რომ ვიხსენებ, ჩემს თავს ვეუბნები, - ყოჩაღ, ეს რა გადააგორე-მეთქი... ყველაფერი გაჩერდა, შემოსავალი არ იყო და "კოვიდის" პერიოდში ჩემი მანქანა ტაქსების კომპანიაში გავაფორმე, მუშაობა იქ დავიწყე...
- თეატრიდან უკვე წამოსული იყავით?
- დიახ, 2017 წელს თეატრიდან წამოვედი. ცოტა არ იყოს, ვითარება შეიცვალა და მივხვდი, უნდა გამოვსულიყავი. პარალელურად, თავში ერთი გეგმა მიტრიალებდა: 1938 წელს დაიბადა დედა - ბელა მირიანაშვილი, 2018 წელს 80 წელი უსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით სპექტაკლის - „პატარა უფლისწული“ მიძღვნა მსურდა... დედაჩემის ყველაზე საყვარელი ნაწარმოები იყო, თვითონაც აქვს ახალგაზრდობაში სპექტაკლში ნათამაშები. მინდოდა კახის დაკავშირებაც, თუმცა მისი შესაფერისი როლი ამ სპექტაკლში რთულად საპოვნი იყო. ამიტომაც, კახი გახლდათ სპექტაკლში, როგორც კახი და არა პერსონაჟი.
- როგორ წარიმართა სპექტაკლები?
- ისე მოხდა, რომ კახი საავადმყოფოში აღმოჩნდა, საოპერაციო შეიქნა, ამ დროს ექვსი სპექტაკლის ბილეთები გაყიდული იყო და ეს ექვსი სპექტაკლი უკვე კარს გახლდათ მომდგარი. დიმამ, ძალიან შეწუხებულმა დამირეკა, - შენ ხარ რეჟისორი, სპექტაკლების ბილეთები უკვე გაყიდულია და გადაწყვიტე, რა უნდა ქნაო. ვუთხარი, მე მოვფრინავ და კახის მე შევცვლი-მეთქი. მართლაც, ჩამოვედი. ისე მოხდა, რომ კახის ნახვაც ვერ მოვახერხე, პირველად თეატრში მივედი. მართლია ჩემი დადგმული სპექტაკლი იყო, მაგრამ მაყურებელი კახის ელოდა და თან რამდენჯერაც არ უნდა მქონდეს სპექტაკლში ნათამაშები, ყოველი გასვლის წინ ვნერვიულობ. ის კი არა, სპექტაკლი მეორე დღეს რომ გაქვს, ნერვიულობას წინადღეს იწყებ...
სპექტაკლი რომ ვითამაშე, შემდეგ საავადმყოფოში კახის მივაკითხე... მითხრეს, სულ რომ ვერ მოგიხერხდეს ნახვა, არც არაფერი დაშავდება, წყნარად ყოფნა სჭირდება და შენი ნახვით შეიძლება აფორიაქდესო. საავადმყოფოდან რომ გამოვიდა, თვითონ მოვიდა სპექტაკლზე და დიმას გადაღებული აქვს კადრები, კახი რომ სცენაზე გამოვიდა და მაყურებელს ებოდიშებოდა... ბილეთების გაყიდვა კახის ფაქტორით იყო განპირობებული. სპექტაკლი რომ დამთავრდებოდა, გამოდიოდა, ბავშვებთან ფოტოებს იღებდა, ავტოგრაფებს აძლევდა. სულ სავსე იყო დარბაზი ბავშვებით, ძალიან ბედნიერი, დაუვიწყარი დღეები გახლდათ.
ბევრი ნერვიულობა შემხვდა: სპექტაკლის დადგმას რომ ვიწყებდით, კახი ამერიკაში ჩამოვიდა და იმდენად ცუდად იყო, აეროპორტში რომ დავინახე, ვიფიქრე, პიესა უნდა შევცვალო-მეთქი... ისე მოხდა, რომ გზაში ჩემი მეგობრები შემთხვევით დაემგზავრნენ და მათ ხელით მოჰყავდათ, აქეთ-იქით ჰქონდათ ხელკავი... მერე თანდათან მოყოჩაღდა, სპექტაკლისთვის ძალა მოიკრიბა...
- თუ არ ვცდები, შემდეგ ფილმშიც ითამაშა...
- დიახ, 2019 წელს გადაღებები გვქონდა ლევან კოღუაშვილის ფილმში „მეოთხე ბრაიტონი“... ერთად ვიყავით როგორც ნიუ-იორკში, ისე თბილისში. ეს ფილმი კახისთვის ბოლო კინო აღმოჩნდა და ჩემ მიერ დადგმული „ანტუანიტა - პატარა უფლისწული“ ბოლო სპექტაკლი...
- ბოლო დროს მთელმა საქართველომ გაგიცნოთ, როგორც მუსიკოსი.
- ამერიკაში ჩასვლის შემდეგ ბევრი პროფესია შევიძინე, ბევრ რამეს ვეზიარე, ერთ-ერთი მუსიკაა. თეატრის სპექტაკლების ძალიან დიდი ნაწილი ჩემი გაფორმებულია. ამან გარკვეული გამოცდილება მომცა, გავკადნიერდი, გავთამამდი და შეიძლება ითქვას, კომპოზიტორობაც შევითავსე... ვერ ვიტყვი, რომ მუსიკა ვიცი, საკრავებზე ვუკრავ, თუმცა მუსიკით ვცხოვრობ... მიუხედავად იმისა, რომ მუსიკალური განათლება არ მიმიღია, შემიძლია მუსიკალური გემოვნება განვსაზღვრო, მუსიკაზე ვისაუბრო. სპექტაკლისთვის მუსიკის თემა მე დავწერე, შემდეგ თეატრის კომპოზიტორს - კოკი ლორთქიფანიძეს მივანდე, რომელიც ჩვენი საყვარელი გურამის (ლორთქიას) შვილია. შემდეგ თამრიკო ჭოხონელიძე, კოკო როინიშვილი დაგვეხმარნენ. თამრიკომ სტუდიიდან არაჩვეულებრივი ბავშვი მოიყვანა.
ჩვენ სინანულზე ვისაუბრეთ და ერთ-ერთი ჩემი დიდი სინანული ის არის, რომ ძვირფას მამას, მის რჩევას არ დავუჯერე, ყური არ ვუგდე და მუსიკალური სასწავლებელი არ დავამთავრე... მეუბნებოდა, - ის კი არ მინდა, მუსიკოსი გამოხვიდე, უბრალოდ, ნოტების წაკითხვა იცოდე, წარმოდგენა გქონდესო... იმის კომპლექსი, უბანში რას იტყვიან-მეთქი, ხელს მიშლიდა. ჩემი ნატურით „ძველი ბიჭი“ არასოდეს ვყოფილვარ, თუმცა „ბირჟავიკი“, იცოცხლეთ, კი! ღვთის მადლით, სკოლიდან მოყოლებული, საძმაკაცოც ასეთი მყავს.
- როგორია თქვენი დღევანდელობა?
- დღეს ამერიკაში ვმუშაობ ერთ-ერთ სადისტრიბუციო, ალკოჰოლური სასმელების კომპანიაში, სადაც არაერთი ქართული ღვინო შემოაქვთ. ამ სამსახურიდან გამომდინარე, სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობა მიწევს (ფესტივალები, დეგუსტაციები). სადაც ქართული ღვინოა, იქ საქართველოზეა საუბარი. ამიტომ საქართველოსთან მუდმივი კავშირი მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ შორს ვარ, ჩვენ შორის მუდმივად არსებობს ჯაჭვი...
- ირინკას ვიცნობთ... რას გვეტყვით თქვენს უმცროს შვილზე, მასაც ასე ძალიან უყვარს საქართველო?
- დიახ, ძალიან უყვარს და ბოლო წლებში ყოველ დაბადების დღეს თბილისში იხდის. სამწუხაროდ, სამსახურიდან გამომდინარე, ოჯახიდან არც ერთს არ შეუძლია უცებ ფეხი დაჰკრას და თბილისში ჩამოვიდეს, ეს მე მაქვს სრული თავისუფლება...
მანანა გაბრიჭიძე