ჩანთები სასურველი წარწერებითა და ნახატებით
საკმაოდ მოკლე დროში, მისი აქსესუარები ძალზე მოთხოვნადი გახდა, რის გამოც ჩანთების ავტორმა თავის ცხოვრებაში ძირეული ცვლილებების შეტანა გადაწყვიტა. საყვარელ, თეთრ, ფუმფულა, 4 წლის სამოედის ჯიშის ძაღლ - დეიზის თავის თილისმად მიიჩნევს და როგორც ამბობს, როცა მუშაობს, ცხოველი სულ მის გვერდითაა და პატრონს არ შორდება.
- პროფესიით ფარმაცევტი ვარ და 15 წელია საავადმყოფოში ვმუშაობ, მაგრამ ჩემი ახალი საქმიანობიდან გამომდინარე, რამდენიმე დღის წინ განცხადება დავწერე სამსახურიდან წამოსვლის თაობაზე. ამ გადაწყვეტილების მიღება არ იყო იოლი. მედიცინა არ არის ის სფერო, რომელსაც თავს ასე მარტივად დავანებებდი. ის ბავშვობიდან მიტაცებდა, მომწონდა თეთრი ხალათი. გული მწყდება, მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოში ეს საქმე რა შრომასაც ითვალისწინებს, შესაბამისად დაფასებული არ არის. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრი ფიქრის შემდეგ, ეს გადაწყვეტილება მაინც მივიღე და მალე მთელ ჩემს დროს ახალ საქმიანობას დავუთმობ.
- როგორ დაიწყეთ ხელნაკეთი ნივთების შექმნა? როგორც ვნახე, ეკოტყავზე მუშაობთ...
- ჩემს საქმიანობას თავიდან გატაცების სახე ჰქონდა, გაყიდვებზე არც მიფიქრია. სამსახურიდან შინ რომ ვბრუნდებოდი, მინდოდა თავისუფალ დროს რაღაც შემექმნა. ამიტომ ერთხელაც, ვიყიდე ტყავი, სხვა მასალები და ჩანთა შევკერე. მშვენიერი გამომივიდა. მეორე დღესვე დავდე ერთ-ერთ საიტზე, სადაც ხალხი სხვადასხვა ხელნაკეთ ნივთს წარმოადგენს. ჯგუფის წევრი, რომელიც საქართველოში დროებით იყო ჩამოსული, შემეხმიანა და საზღვარგარეთ მომვლელად მუშაობდა. ქართული წარწერით გაფორმებულ ჩანთას ეძებდა, რომ საჩუქარად წაეღო. იმ ღამეს მიფრინავდა და ვინაიდან ახლის დამზადებას ვერ მოვასწრებდი, ჩემი ახალშეკერილი ჩანთა შეიძინა. ამის შემდეგ ინტერნეტში სხვადასხვა უცხოურ საიტზე ჩანთების დამზადების, დიზაინისა და სხვა დეტალების შესახებ ვიდეოებს ვუყურებდი, რის შემდეგაც ეს საქმე გავაგრძელე. რასაც დავაკვირდი, ჩემს ჩანთებზე ყველაზე დიდი დაინტერესება ემიგრანტების მხრიდანაა. ძალიან დიდი მოთხოვნაა მამაკაცების საფულეებსა და ქამრებზე. სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ, ამ აქსესუარების დამზადებას ვაპირებ. რაც შეეხება მასალას, ეკოტყავზე ვმუშაობ და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: რამდენიმე ნამუშევარი ნატურალური ტყავითაც შევქმენი, მაგრამ ისეთი დიდი გამოხმაურება არ ჰქონდა, როგორიც ეკოტყავს. ნატურალური ტყავი ძვირი ღირს და შესაბამისად, პროდუქციასაც მაღალი ფასი აქვს. ვინაიდან ჩემი ჩანთები ძირითადად საჩუქრად მიაქვთ, ეკოტყავისგან შექმნილი ნამუშევრები ყველასათვის ხელმისაწვდომია. თან ზოგიერთს სურვილი აქვს, ნივთზე ადრესატის ინიციალები ეწეროს ან ტექსტი, სხვადასხვა ფრაზა. ჩანთები ხის დეტალებითაა გაფორმებული, რომელზეც სხვადასხვა ნახატია შესრულებული და ისიც ადრესატის გემოვნების გათვალისწინებით. ერთხანს 2 თანამშრომელი მყავდა დამხმარედ აყვანილი, მაგრამ მალევე გადავწყვიტე, ისევ მარტო ვყოფილიყავი. დილის 4 საათამდე ვმუშაობ, მერე 2 საათით ვიძინებ და სამსახურში მივდივარ. ყოფილა შემთხვევა, გამითენებია, რადგან მსურველისთვის ნივთის დამზადება მომესწრო. უძილობა ძალიან ძნელია და ამ ყველაფრიდან გამომდინარე, როგორც უკვე გითხარით, მივიღე სამსახურიდან წამოსვლის გადაწყვეტილება.
- ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თქვენს ჩანთებზე ორი ძირითადი მასალაა გამოყენებული...
- დიახ, ჩემი ჩანთები ხისა და ეკოტყავის კომბინაციაა, მაგრამ მაქვს მხოლოდ ეკოტყავისგან შექმნილი ნივთებიც... ზოგიერთი ადამიანი რამდენჯერმეც მომმართავს და როცა მეუბნებიან, რა კარგია, რომ აღმოგაჩინეთო, ეს მახარებს. ბიჭები ჩემი ჩანთებით შეყვარებულებს ასაჩუქრებენ. დიდ დროს ვუთმობთ იმის გარკვევას, თუ როგორი ნახატი უყვარს ადრესატს ან რომელი ავტორი, ფრაზა და გადაწყვეტილებას ასე ვიღებთ.
- ჩანთებზე დატანილია ლექსები, გამონათქვამები, აფორიზმები, ფრაზები, მიძღვნა...
- დიახ. ერთი პერიოდი ძალიან ბევრ ადამიანს სურდა ჩანთაზე გამეკეთებინა წარწერა: "შენ არავინ გგავს" და ქვევით იმ ადამიანის ინიციალები, ვისაც ჩუქნიდნენ. ტექსტებს მე ვეძებ და ვირჩევ. ჩანთებზე დატანილია ილია ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველას, გალაკტიონის, ოტია იოსელიანის, ჩარლი ჩაპლინის და სხვათა ტექსტები, თუმცა, მომხმარებლის სურვილის მიხედვითაც, ზედაპირზე ნებისმიერი ფრაზის დაწერაა შესაძლებელი. ჩემი ჩანთები საკმაოდ მოკლე დროში გახდა მოთხოვნადი, რასაც ნამდვილად არ ველოდი. ვფიქრობ, ასეთი შედეგი წარწერებისა და ნახატების არჩევის საშუალებამ გამოიწვია. თუ ხეზე ზოგიერთი ნახატის დატანა რთულია და არ გამოდის, მაშინ სხვა იდეას ვთავაზობ.
- ანუ ახლა მთელ დროს თქვენს ახალ საქმეს დაუთმობთ...
- დიახ, აუცილებლად უნდა დავამატო მამაკაცების ხაზიც: საფულე, ქამარი და წელის ჩანთები. საფულეებისა და ქამრების შეკერვას ნატურალური ტყავითაც ვაპირებ. მინდა ქართულ ნატურალურ ტყავზე ვიმუშაო. სხვათა შორის, ბევრი მსაყვედურობდა, რომ ბიჭებისთვის ნივთებს არ ვქმნიდი და ახლა უკვე ამის დროც მექნება. მინდა მქონდეს პროდუქცია ორივე ტიპის მომხმარებლისთვის: მათთვის, ვისაც ძვირად ღირებული ნივთის შეძენა შეუძლია და ასევე შედარებით ხელმისაწვდომ ფასად. ყოფილა შემთხვევა, როცა ადამიანს დედისთვის სურდა საჩუქრის გაკეთება, მაგრამ ფული არ ჰყოფნიდა. ვაჩუქე, რომ მშობელი გაეხარებინა.
- თუ გამოარჩევთ თქვენთვის ყველაზე ორიგინალურ დაკვეთას ან წარწერის მსურველს?
- ვფიქრობ, ორიგინალური დაკვეთა იყო, როცა შარშან, გოგონამ გამოთქვა სურვილი, ჩანთაზე ყოფილიყო წარწერა: "ვაიფაი კი არა, სიყვარული გააზიარეთ". ამ ჩანთის ფოტო რომ დავდე, ძალიან ბევრმა მოისურვა ჩანთა იმავე ტექსტით. ამ სიტყვებს რომ დავუფიქრდეთ, რეალობაა, გარშემო მაქსიმალურად უნდა გავავრცელოთ სიყვარული...
ანა კალანდაძე