გამქრალი ხმები და... საამური ცხოვრება
წინა არჩევნებზე "ნაცები" და მისგან გამოყოფილი პარტიები ერთად დაახლოებით 600 000 ხმას იღებდნენ, მაგრამ ამ არჩევნებზე ორივე პარტიამ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ახლებმა" ერთად მხოლოდ 400 000 ხმა აიღეს. დაახლოებით იმავე სურათს იძლევა ეგზიტპოლებიც. ეგზიტპოლებთან შედარებით ცესკოს მონაცემებში ხმები "ნაცებს" და "ახლებს" აკლიათ მხოლოდ, თორემ "ლელოს" და გახარიას პროცენტები იქაც და აქაც ერთნაირია, ანუ სადღაც გაქრა ნაცური 200 000 ხმა.
"ოცნება" შალვა პაპუაშვილის თამადობით ამტკიცებს, რომ "ნაცებმა" და "ახლებმა" ეს ხმები "ლელოს" და გახარიას აჩუქეს, რათა მათ ბარიერი გადაელახათო, თან ეს ყველაფერი დღის მეორე ნახევარში გააკეთეს, როცა ნახეს, რომ "ლელო" და გახარია საკმარის ხმებს ვერ იღებდნენო, ანუ პაპუაშვილი სერიოზულად განიხილავს ვერსიას, რომ "ნაცებმა" თავისი 200 000 მომხრე დღის მეორე ნახევარში უცებ გადააწყვეს, რათა ხმა სხვა პარტიებისთვის მიეცათ. ჯერ ამის ორგანიზება წარმოიდგინეთ და მერე მიშაც წარმოიდგინეთ, რომელიც თანხმდება თავისი ხმები ხაზარაძესა და გახარიას გაუყოს. ეს იმ ფონზე, როდესაც ისედაც ამომრჩევლის ნახევარი მას გვარამია-მელიამ წაართვა. ამ არჩევნებზე "ნაცებმა" 10 პროცენტი აიღეს, რაც უპრეცედენტოდ დაბალი შედეგია მათი არსებობის ისტორიაში, ამით მიშამ მთავარი ოპოზიციური ძალის ტიტული დაკარგა და ამ ყველაფერს თავისი ნებით დათანხმდა? ალბათ, ხვდებით, რამხელა სიგიჟეა ამის მტკიცება, ამიტომ ამ ვერსიის სერიოზულად განხილვაც არ ღირს.
აბა, სად წავიდა 200 000 ხმა? თუ ისევ შევადარებთ ეგზიტპოლებისა და ცესკოს მონაცემებს, ვნახავთ, რომ ცესკოს მონაცემებში "ოცნებას" იმდენივე პროცენტით მეტი შედეგი აქვს, რამდენი პროცენტიც "ახლებს" და "ნაცებს" აკლიათ ერთად. მაშინ პასუხი მარტივი გამოდის, "ქოცებთან" წასულა. მაგრამ როგორ? 200 000 "ნაცი" ასე ერთი ხელის მოსმით "გაქოცდა"? გონება გაუნათდათ უცებ და მიხვდნენ, რომ ამდენი წელი არასწორ მხარეს იდგნენ? ცუდი სიზმარი ნახეს? მე ერთი ვერსია მაქვს მხოლოდ: რადგან "ნაცებს" და "ახლებს" ყველაზე უკეთესი სტრუქტურები აქვთ რეგიონებში, ანუ თითქმის ყველგან ოფიციალურად ჰყავთ აქტივი და პარტიის წევრები, შესაბამისად, მათი ამომრჩეველი ხელისუფლებისთვის ადვილად მიკვლევადი იყო, ამიტომ ძირითადად მათზე იმუშავეს - ვისი დაშინებაც შეიძლებოდა, დააშინეს, ვისი ყიდვაც შეიძლებოდა, იყიდეს.
ამ ვერსიაზე "ქოცები" გაიძახიან, ამ 200 000 ადამიანიდან ერთი მაინც გამოიყვანეთ, ვინც ამ ყველაფერს დაადასტურებსო, ანუ ადამიანები სერიოზულად ითხოვენ, თუ კაცი გაიყიდა, ახლა გამოვიდეს და ეს ხმამაღლა თქვასო. თქვენ ხომ ხართ კარგად? ვინ იტყვის თავისი პირით, გავიყიდე და ფულის სანაცვლოდ ხმა მივეციო? ხოლო თუ ვინმე საარჩევნოდ დაშინდა, დღეს რატომ გამამაცდება, გამოვა და ხმამაღლა დაიწყებს საუბარს? რა, მისი დამშინებლები აღარ არიან ხელისუფლებაში? სასწაული რომც მოხდეს და რამდენიმე ადამიანი გამოჩნდეს, ვინც ამაზე ხმამაღლა ისაუბრებს, მერე "ქოცები" იტყვიან, ჩვენ რა ვიცით, სიმართლეს რომ ჰყვებაო?! წინადღეს "სამართლიანმა არჩევნებმა" დათვალა, რომ რამდენიმე ათეულ უბანზე მამაკაცი იმაზე მეტია მისული ხმის მისაცემად, ვიდრე სიაში იყო, ანუ 100 პროცენტზე მეტი კაცი მივიდა და ხმა ხელისუფლებას მისცა. ეს იმას ნიშნავს, რომ გაყალბებაში და "კარუსელების" ტრიალში ამ უბნებზე ძირითადად კაცები ჰყავდათ ჩართული, მაგრამ ცესკო ამაზე გაიძახის, ეს არაფერს ნიშნავსო. ბიულეტენების მეორე მხრიდან რომ ჩანდა, ხმა ვინ ვის მისცა, ამაზეც გაიძახის თავმჯდომარე, - ერთ შავ წერტილს რატომ გადამაყოლეთო?! ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა, რომ მაგალითად, ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონებში არის სოფლები, სადაც ერთი ადამიანიც აღარ ცხოვრობს და ამ უბნებში, "ოცნებას" რამდენიმე ათეული ხმა აქვს აღებული, ანუ ცარიელ სოფლებში ხმები აიღეს და ამაზეც გაიძახიან, ესეც არაფერიო... სამაგიეროდ, გამოდიან და ოპოზიციას დასცინიან, წაგებას შეეგუეთო. ოპოზიციას რომ თავისი გასჭირვებია, გასაგებია, "ოცნების" ლიდერები რომ ყელყელაობენ და ოპოზიციას დასცინიან, ესეც გავიგე, თავს გამარჯვებულად გრძნობენ, მაგრამ თბილისის მერი? მისმა პარტიამ იმ ქალაქში, რომლის მერიცაა, ოპოზიციასთან პირწმინდად წააგო...
წინა კვირას, 7 ნოემბერს დარბევის მორიგი წლისთავი იყო და "ქოცები" წერდნენ, გახსოვდეთ 7 ნოემბერიო! კი, განსაკუთრებით კარგად ახსოვთ 7 ნოემბერი მამუკა მდინარაძეს, შალვა პაპუაშვილს, ანრი ოხანაშვილს და მათ მსგავსებს; კიდევ უფრო კარგად ახსოვთ 7 ნოემბერი მურუსიძეს, ჩინჩალაძესა და ადეიშვილის სხვა მოსამართლეებს, რომლებიც ახლა "ოცნებამ" დააწინაურა. ყველაზე უკეთ კი ახსოვთ კახა კალაძეს და ბიძინა ივანიშვილს, რომლებიც 7 ნოემბრის შემდეგ გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ისევ მიშას უჭერდნენ მხარს.
კიდევ კარგი, ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ შემორჩნენ ადამიანები, ვისაც 7 ნოემბერიც კარგად ახსოვს და უფრო მეტიც! "ქოცები" ამაზე იტყვიან, მაშინ რატომ უჭერენ ისინი მხარს მიშას დაბრუნებასო? მიშას დაბრუნებას ეს ხალხი არასოდეს დაუჭერს მხარს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მიშას შიშით, მათ და ქვეყნის ევროპული პერსპექტივის დანგრევას, ანუ მგლის შიშით ცხვრის გაწყვეტას მისცემენ ხმას.