ნატუკა გულისაშვილის აზარტი, გულუბრყვილობა და ინტუიცია
თუმცა, საკუთარ ინტუიციას იშვიათად ენდობა. ისწრაფვის ჰარმონიისკენ და არასდროს ცდილობს, ვინმეზე შთაბეჭდილება მოახდინოს. ყოველთვის კარგი მოთამაშეა, მაგრამ არასდროს ამჟღავნებს შეჯიბრების ან ქიშპობის სურვილს. არ უყვარს კამათში ჩართვა. ურჩევნია, დაძაბულ სიტუაციას მშვიდობიანად გაერიდოს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ტახის წელში დაბადებულ სასწორს, ეს კი მსახიობისა და ტელეწამყვანის - ნატუკა გულისაშვილის ზოდიაქოს ნიშანია.
- ასტროლოგია, რა თქმა უნდა, მაინტერესებს, მიუხედავად იმისა, რომ არაერთ ასტროლოგს ვიცნობ, დღემდე პირადი რუკის შედგენა ვერ მოვახერხე. ძალიან მაინტერესებს, როგორი იქნება ახლა თქვენი შეკითხვები.
- საკუთარ თავს ხშირად უსვამთ კითხვებს: "რატომ? რისთვის? ღირს თუ არა?"
- კი, პერიოდულად მაქვს ეს შეკითხვები, მიღებული პასუხები სწორი დასკვნების გამოტანაში მეხმარება. შენ რომ იცნობ საკუთარ თავს, ისე კარგად სხვა ვერ გიცნობს, როგორც ამბობენ, სიბნელეში, როცა ყველა გაიქცევა, მხოლოდ შენ რჩები შენს ჩრდილთან ერთად. შეიძლება წლების განმავლობაში რაღაც არასწორადაც გამიკეთებია, შემშლია, მაგრამ ეს არასდროს დამიბრალებია სხვისთვის და მიმიღია, როგორც გამოცდილება.
- "ჭკვიანია, მაგრამ ადვილად მიმნდობი და გულუბრყვილო".
- ზუსტად ასეა, მაგრამ რაც ასაკში შევდივარ და "ჟანგი" მეკიდება, ძველებურად მიმნდობი აღარ ვარ, გულუბრყვილობა კი იმავე დოზით მაქვს. დრომ და გამოცდილებამ მასწავლა, ადამიანებს ნაკლებად ვენდო.
- "მომავლის წინასწარმეტყველება საოცარი სიზუსტით შეუძლია, თუმცა საკუთარ ინტუიციას იშვიათად ენდობა. როცა ამას ისწავლის, შეცდომებსაც აირიდებს თავიდან".
- ასეა, გამოდის, რომ საკუთარ ინტუიციას უნდა ვენდო, მაგრამ მე ცოტათი მეშინია ინტუიციის. როგორც ჩანს, რაღაც მომენტებში ტახის თვისებები მცვლის.
- "მოუსვენარია, მაგრამ საქმის დროს აჩქარება არ უყვარს".
- მოუსვენარიც ვარ და სულსწრაფიც, ერთ ადგილზე დიდხანს გაჩერება მიჭირს, გარდა სახლისა. რაღაც თუ მინდა, რემონტის დაწყება თუ მანიკურის გაკეთება, ეგრევე მინდა იმ წუთშივე, მივდივარ და ვიკეთებ. ჩემი სულსწრაფობის გამო, ბევრჯერ რაღაცები არასწორადაც შეიძლება გავაკეთე.
- "მერყევია, გადაწყვეტილებების მიღებამდე საქანელასავით ირწევა".
- მე ის სასწორი ვარ, რომელიც უმეტესად ერთ მხარესაა გადახრილი. როდესაც ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ვიღებ, მართლა საქანელასავით ვირწევი. სახლში სავარძლის შეცვლა მომინდება? გავვარდები, ვნახავ, ვიყიდი, სახლში მარტო ამოვიტან... მაგრამ მაღაზიაში რაღაც ნივთს თუ ვნახავ, რომელიც ძალიან მომეწონება, იმწამს არ შევიძენ, წამოვალ სახლში, შეიძლება მთელი ღამე ვიფიქრო, მეორე დღეს წავალ და როგორი თვალითაც შევხედავ, ისე მოვიქცევი. ამ მხრივ ძალიან მერყევი ვარ.
- "ისწრაფვის ჰარმონიისკენ და არასდროს ცდილობს, ვინმეზე შთაბეჭდილება მოახდინოს".
- გეთანხმებით. არასდროს ვცდილობ შთაბეჭდილება მოვახდინო.
- მსახიობისთვის თუ არის სასურველი, ეს თვისება ჰქონდეს?
- ქუჩაში სრულიად უცნობი ადამიანები რომ მხვდებიან, მეუბნებიან, ზუსტად ისეთი ხართ, როგორიც ეკრანზეო. კამერების წინ არასდროს ვთამაშობ იმ მიზნით, რომ ვინმეზე შთაბეჭდილება მოვახდინო. გულწრფელობა ყოველთვის მომგებიანია. რაც შეეხება მსახიობობას, გინდა თუ არა, სცენაზე ან კამერის წინ უნდა ითამაშო, მაგრამ ეს შენი პროფესიაა, იმისთვის არ თამაშობ, რომ ვინმეზე შთაბეჭდილება მოხდინო. ხან მეძავის როლში ხარ, ხან - დედის და თამაშს როლი მოითხოვს.
- "არ უყვარს კამათში ჩართვა, ურჩევნია დაძაბულ სიტუაციას მშვიდობიანად გაერიდოს".
- მე მიყვარს სიმშვიდე, ჰარმონია. 2 ძაღლი მყავს, რაღაცას რომ აფუჭებენ, ვერ ვბრაზდები. ხმამაღალი ტემბრი მაქვს, თორემ ყვირილიც არ შემიძლია.
- "საკითხის ყოველმხრივ შესწავლის, ნერვების კონტროლისა და მიზნის ზუსტი დაგეგმარების საფუძველზე, მას შესწევს უნარი ნებისმიერი ბრძოლა მოიგოს".
- ნერვების კონტროლი ყოველთვის შემიძლია, ვცდილობ ყველა დეტალი დავგეგმო, გავაანალიზო, ვა-ბანკზე არ წავიდე.
- "მისი გაუბედაობა ხშირად ყოველგვარ ზღვარს სცდება".
- ასეა, მიჭირს ადამიანს ის მოვთხოვო, რაც მეკუთვნის. როდესაც გადაღებაზეა ლაპარაკი, ძალიან მიჭირს, ჰონორარზე დალაპარაკება. ახლობლებისთვის ზოგჯერ რაღაცების თქმასაც ვერ ვბედავ.
- "ყოველთვის კარგი მოთამაშეა, მაგრამ არასდროს ამჟღავნებს შეჯიბრების ან ქიშპობის სურვილს".
- ზუსტად ასეა, ამდენი დამთხვევა რა საინტერესოა. აზარტული ვარ, მაგრამ აპარატებთან, სამორინეში და მსგავს ადგილას არასდროს მითამაშია. მიყვარს ნარდი, კარტი, არასდროს ვიმჩნევ აზარტს და ეს ჩემი სიმშვიდე, გვერდით მყოფ მეტად აზარტულ ადამიანებს კიდევ უფრო აღიზიანებთ.
- "ცოტა მეგობარი ჰყავს, თუმცა იმ მცირერიცხოვან ადამიანებს, ვისაც თავისი გულის და სახლის კარს უღებს, მაქსიმალური ერთგულებითა და გაგებით ეკიდება".
- საქმე ის არის, რომ ისეთ სფეროში ვარ, ბევრი ნაცნობი მყავს. ადამიანებთან ურთიერთობა ძალიან მიყვარს, ჩემს მიმნდობ ხასიათზეც უკვე გესაუბრეთ და იმასაც დავამატებ, რომ ადრე ვცდილობდი, ჩემი სახლის კარი ყველასთვის ღია ყოფილიყო.
- ამ გადასახედიდან თვლით, რომ შეცდომა იყო?
- კი, შეცდომა იყო, ცხოვრება ხომ საცერივითაა, ადამიანებს "ცრის" და ვინც რჩება, ისაა შენი ერთგული მეგობარი.
- "შეგიძლიათ თამამად ენდოთ".
- ვისაც ჩემდამი ნდობა გამოუცხადებია, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბოლომდე მიერთგულია და ვუერთგულებ. სხვას ისე არასდროს ვექცევი, როგორც მე არ მინდა, ვინმე მომექცეს.
- "იშვიათად ცრუობს და ისიც მხოლოდ თავდაცვის მიზნით".
- ტყუილი ჩემთვის ღალატის ტოლფასია, თავდაცვის მიზნითაც კი არ ვამბობ. გამონაკლის შემთხვევაში ვალამაზებ, როცა შეიძლება სიმართლე ვიღაცისთვის ძალიან მწარე და დამანგრეველი იყოს.
- "ყოველთვის სჯერა იმის, რასაც ეუბნებიან. ხშირად აძლევს სხვებს მისი მოტყუების უფლებას".
- გუშინაც მომატყუეს და საკუთარ თავზე გავბრაზდი, როგორ ვერ ვისწავლე, რომ ადამიანებს მარტივად არ დავუჯერო.
- "უყვარს საჩუქრების გაცემა და პატარა დღესასწაულების ორგანიზება".
- ვგიჟდები ამ ყველაფერზე. გარეთ სარეცხი ფხვნილის საყიდლად რომ გავდივარ, ჩემს შვილს, ძაღლებს რამე არ მოვუტანო, წარმოუდგენელია. ძაღლებს დაბადების დღეებს სულ ვუხდი.
- როგორ აღნიშნავთ ამ დღეს, ვის ეპატიჟებით?
- იმ მეგობრებს, რომლებსაც ძაღლები ჰყავთ და ჩვენი ძაღლები ერთმანეთს იცნობენ. მათთვის ვამზადებ სპეციალურ ტორტს, ადამიანებისთვის ვამზადებ სუფრას და ვართ ყველანი ასე ბედნიერად. ცხოვრება ერთფეროვანი რომ არ გახდეს, ზოგჯერ ვაწყობ სპეციალურ დღეებს, მაგალითად, ლობიოს დღე და მეგობრებს ჩემთან ვეპატიჟები.
- "სიტყვაძუნწია, მაგრამ გულახდილობის ბუშტი თუ გაუსკდა, შესაძლოა მას თავი ვეღარ დააღწიოთ".
- სიტყვაძუნწი? ძალიან ბევრ ადამიანს გული გავუხსენი, წლების მატებასთან ერთად, ვისწავლე ვისთან, სად, რა უნდა ვთქვა. ამას სიტყვაძუნწობაში თუ ჩამითვლით, გამოდის, რომ სიტყვაძუნწი ვარ. თუმცა თავად ვთვლი, რომ ტელევიზიაში, ახლა თქვენთან ინტერვიუზე იმდენს ვლაპარაკობ, არა მგონია, ჩემზე სიტყვაძუნწი ითქმოდეს.
- ამბიციური ხართ?
- არა და ვიცი, რომ ეს ცუდია.
- ასტროლოგები თვლიან, რომ არაამბიციური ხასიათის გამო, შესაძლოა თქვენი ნიჭიერება დაიკარგოს, ამ მხრივ საკუთარ თავზე არ მუშაობთ?
- ახლა, ამ ასაკში მუშაობა უკვე ძალიან რთულია. ასეთი ვარ, 50 წელს გადავაბიჯე და უკვე ვეღარ შევიცვლები.
- "ამ ადამიანს უყვარს ჩრდილში ყოფნა, აქედან გამომდინარე, არცთუ იშვიათად ხდება საკუთარი სიზარმაცის მსხვერპლი და ცხოვრების ბოლოს არარეალიზებულ ოცნებებზე ხშირად დარდობს".
- გააჩნია, ჩრდილში ყოფნაში რა იგულისხმება. არ მიყვარს ე.წ. ტუსოვკებზე სიარული, ჩემთვის გარემო თუ არ არის საინტერესო და "პონტის" ამბავია, არ მივდივარ. მივედი, „დავჩექინდი“, სელფი გადავიღე, - ეს ჩემი არ არის, არ მიყვარს. ყველგან, სადაც ჭიქა გაჭახუნდება, არ მივდივარ. არ ვიცი, ოღონდ ეს რამდენად ითვლება ჩრდილში ყოფნად.
- ასეთია თქვენი ასტროპორტრეტი.
- გავოგნდი, რამდენი რამ დაემთხვა. ორი სასწორი ერთ ოჯახში ძალიან რთულია. დედაჩემიც სასწორი იყო. ძალიან იშვიათად იყო ბალანსი ჩვენ შორის. ეს მაშინ ხდებოდა, როცა საშოპინგოდ მივდიოდით.
- ორი სასწორი შოპინგზე, არჩევანის გაკეთებას არ აძნელებდა?
- დედამ უკვე იცოდა, რა უნდოდა, როგორი უნდოდა და მე ეს პროცესი ძალიან მომწონდა, მახარებდა. რამეს თუ ვურჩევდი, ან თავად მირჩევდა, ამ საკითხში ჩვენ ვერასდროს ვთანხმდებოდით.
თამუნა კვინიკაძე