პრობლემა, პრობლემა და ისევ პრობლემა... - გზაპრესი

პრობლემა, პრობლემა და ისევ პრობლემა...

რომ ევროკავშირში ჩვენი ინტეგრაცია შეაჩერა გაურკვეველი ვადით... უფრო სწორად, ეს საერთოდ არაა მთავარი პრობლემა. თეორიულად შეიძლება ევროკავშირის წევრობის გარეშეც ააშენო ევროპული და დემოკრატიული ქვეყანა (მაგალითად, არც ნორვეგია და არც შვეიცარია არ არიან ევროკავშირის წევრები). ეს ხელისუფლება დიდი პრობლემა უპირველესად იმიტომაა, რომ პირდაპირ გვითხრა, სანამ ისინი არიან, არც ნორმალური, არც ევროპული და არც დემოკრატიული ქვეყანა არ გვეღირსება.

12 წელი ხომ ვმართეთ და მინიმუმ კიდევ 12 წელი ჩვენ ვიქნებითო, - მოგვახალა კობახიძემ არჩევნების წინ ერთ-ერთი გამოსვლისას. ეს მინიმუმო, თორემ უკვე ჩანს, რომ სამუდამოდ დარჩენაზეც არ იტყვიან უარს, თუ ამის საშუალება ექნებათ. ივანიშვილს, რომელიც ხელისუფლებაში დაპირებით მოვიდა, ერთ წელიწადში წავალო, ისე გაუტკბა ძალაუფლება, რომ ახლა უკვე სიცოცხლის ბოლომდე აპირებს ქვეყნის მართვას. თქვენ იტყვით, კი არ გაუტკბა, არც არასდროს აპირებდა წასვლას და უბრალოდ, იტყუებოდაო. არა აქვს მნიშვნელობა, რომელი ვარიანტია სწორი. ფაქტი ერთია, ეს კაცი აღმოჩნდა საქართველოს მორიგი მმართველი, რომელიც მზადაა ყველაფერი გააკეთოს ძალაუფლების სამუდამოდ შესანარჩუნებლად, თუნდაც ქვეყნის დაჭაობების ფასად.

ასევე, ყველაზე ცუდი, რაც ივანიშვილმა ამ არჩევნებზე ჩაიდინა, არის ის, რომ წლების მანძილზე ნაშენები საქართველოს მოსახლეობის დასავლური ორიენტაცია და ამ ორიენტაციისადმი ერთგულება ეჭვქვეშ დააყენა. მოლდოვისა და უკრაინისგან განსხვავებით, საქართველოს მოსახლეობას არასდროს აურჩევია ღიად პრორუსული ხელისუფლება (2012-შიც და მერეც "ოცნება" პოზიციონირებდა, როგორც დასავლური ძალა), ხოლო უკრაინასა და მოლდოვაში ყოფილა შემთხვევები, როდესაც ღიად გამოცხადებული პრორუსული ძალები აურჩევიათ. საქართველოში ეს არასდროს მომხდარა, იმდენად მყარი იყო დასავლური ორიენტაცია და სწორედ ამიტომ ვიყავი დარწმუნებული, რომ ივანიშვილი ამ არჩევნებს წააგებდა.

მართალია, არც ახლა პოზიციონირებდა როგორც ღიად პრორუსული ძალა და თავის ამომრჩეველს არწმუნებდა, რომ ისევ დასავლური ორიენტაციის ერთგულია, მაგრამ მისი დაპირისპირება იმდენად ღრმა იყო დასავლეთთან, რომ თუ აქამდე ხალხს სულ სთავაზობდა არჩევანს: ან მე, ან მიშაო, ახლა თავად დააყენა ამომრჩეველი არჩევანის წინაშე: ან მე, ან დასავლეთიო. ჰოდა, მიშას კი უგებდა არჩევნებს მარტივად, მაგრამ დასავლეთისთვის, რომელსაც 80-პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს ქვეყანაში, წესით, გაყალბების პროცენტის გათვალისწინებითაც ვერ უნდა მოეგო, მაგრამ მოხდა საპირისპირო.

გამოდის, ივანიშვილმა თავისი პროპაგანდით მოახერხა დასავლეთისადმი საყოველთაო მხარდაჭერის განადგურება, თორემ კიდევ ვიმეორებ, გაყალბების გათვალისწინებითაც ვერ უნდა მოეგო ეს არჩევნები...

ეს "ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო" კანონიც მაგ მიზნით მიიღო. იცის, რომ დასავლეთი ისეთ კანონს, რომელიც ადამიანის უფლებებს არღვევს, ვერ შეიწყნარებს და მის საწინააღმდეგო განცხადებებს გააკეთებს, ხოლო ყოველი ასეთი განცხადება, დასავლეთს კიდევ უფრო დააკარგვინებს მხარდაჭერას მოსახლეობაში.

ასეთ ვითარებაში ოპოზიციური პარტიის ერთმა წევრმა, პროტესტის ასეთი ფორმა მოიფიქრა: ცესკოს თავმჯდომარეს სახეში მელანი შეასხა, როგორც გაყალბების მთავარ სიმბოლოს. მაშინვე ატეხეს ყვირილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მათმა მხარდამჭერებმა, ეს ძალადობააო. რა თქმა უნდა, სასიამოვნო ფაქტი არაა, მაგრამ ხელისუფლების მომხრეების მხრიდან ამაზე აღშფოთება ფარისევლობის უმაღლესი დონეა, რადგან მათ ხმა არ ამოუღიათ და არ გაუპროტესტებიათ, როდესაც აპრილის აქციების დროს პოლიციელებმა სასტიკად სცემეს, დაასისხლიანეს და სახის ძვლები ჩაუმტვრიეს ოპოზიციის ლიდერებსა და აქტივისტებს. აი, ასეთი ორმაგი სტანდარტით უდგებიან ხელისუფლების მხარდამჭერები ყველა საკითხს ყველა ეპოქაში, მათი ბამბაც ჩხრიალებს.

ზოგადად კი, შესხმა და გულის მოფხანა ერთია, მაგრამ უნდა დადგეს დრო, როდესაც არჩევნების გამყალბებლები ამ ქვეყანაში ერთხელ მაინც აგებენ პასუხს კანონის წინაშე, სხვანაირად არასდროს არაფერი გვეშველება.

ოპოზიცია კი ამ ფონზე აქციების აგორებას ცდილობს, მაგრამ ჯერ არაფერი გამოსდის. ეს გასაკვირია იმ ფონზე, როდესაც ამ გაყალბებულ არჩევნებზეც კი გამოჩნდა, რომ თბილისი ცალსახად ოპოზიციური ქალაქია. თბილისელების 60-მა პროცენტმა ხმა ოპოზიციას მისცა, მაგრამ იმავე ოპოზიციის აქციებზე არ გამოდის. რატომ? - ესაა დღეს მთავარი კითხვა...

არავინ იცის, რა შეიძლება გახდეს სიბრაზის მამოძრავებელი. ვერანაირი დამუნათებით ხალხს ქუჩაში ვერ გამოიყვანთ. ეს სპონტანურად ხდება. არც 2007 წლის 5 და 6 ნოემბერს იყო ბევრი ხალხი ქუჩაში, მაშინდელ ოპოზიციას მომიტინგეები შემოეცალა, მაგრამ 7 ნოემბერს მოხდა ის, რაც მოხდა. 7 ნოემბრის დილას, როდესაც ხელისუფლებამ პარლამენტთან შემორჩენილი მცირერიცხოვანი მომიტინგეების დარბევა დაიწყო და ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერში გადაიცა, რამდენიმე წუთში რუსთაველის გამზირი ხალხით გაივსო, ათიათასობით ადამიანი გამოვარდა მომიტინგეების დასახმარებლად. მერე ამას რაც მოჰყვა, გვახსოვს. წინადღეს კი აგერ, ზუსტად ისევე დაარბიეს უნივერსიტეტთან მომიტინგეები, მაგრამ ქუჩები გაბრაზებული ხალხით აღარ ივსება. რატომ? ამ კითხვაზე პასუხი ოპოზიციამ უნდა გასცეს.