"ბჟანია გადადგა. ხალხი ახალ მმართველს ითხოვს..."
ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია გადადგა. გავრცელებული განცხადების თანახმად, ბჟანიამ გადადგომა გადაწყვიტა "ქვეყანაში სტაბილურობის და კონსტიტუციური წესრიგის შენარჩუნების მიზნით". amas წინ უძღოდა დე ფაქტო ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენელთა მოლაპარაკება, რომელიც 18 ნოემბერს, საღამოს დაიწყო და რვა საათზე მეტხანს გაგრძელდა.
მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ასლან ბჟანია თანახმაა გადადგეს, 19 ნოემბერს კი ე.წ. სამთავრობო შენობების კომპლექსი უნდა დატოვონ ამ ტერიტორიაზე 15 ნოემბრიდან მყოფმა მოქალაქეებმა. თუ ეს პირობა არ შესრულდება, ბჟანია უკან გაიწვევს განცხადებას გადადგომის შესახებ.
სოხუმში ვითარება 15 ნოემბერს დაიძაბა - ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის და დე ფაქტო პარლამენტის შენობებში შეიჭრნენ და ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომა მოითხოვეს. 15 ნოემბერს დე ფაქტო პარლამენტს უნდა განეხილა ადგილობრივი ოპოზიციისა და საზოგადოების ნაწილის პროტესტის გამომწვევი, ე.წ. რუსეთ-აფხაზეთის საინვესტიციო შეთანხმების რატიფიკაციის საკითხი. ეს შეთანხმება რუსულ კომპანიებს აძლევს აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესაძლებლობას და არაერთ შეღავათს.
საპროტესტო აქციის გამო ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას პრესსამსახურმა განაცხადა, რომ მზადდება დოკუმენტი სადავო კანონპროექტის გასაწვევად და ამის მიზანი ვითარების სტაბილიზაციაა. მიუხედავად ამისა, ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლები და მხარდამჭერები დე ფაქტო პარლამენტის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობებში შეიჭრნენ და ბჟანიას გადადგომა, ვადამდელი არჩევნები მოითხოვეს.
ამ ფონზე, ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა ე.წ. პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, უკრაინაში მებრძოლი ბატალიონის "პიატნაშკას" მეთაური ახრა ავიძბა.
17 ნოემბერს, აფხაზეთისკენ მიმავალმა ავიძბამ "ფეისბუკის" "ლაივი" ჩართო, რომელშიც ჩანდა სოხუმისკენ მიმავალი გზა, ავტომობილში ისმოდა სიმღერა "აქ მუშაობს "პიატნაშკა", ძმებო". მოგვიანებით ავიძბამ მოკლე პოსტი გამოაქვეყნა - "აფსნი", შემდეგ კი ერთ-ერთ გამოცემას ასეთი კომენტარი მისცა: "წამოვედი ხალხის მხარდასაჭერად, რადგან სულ გვასწავლიდნენ - სადაც სამზე მეტი აფხაზი დგას, ყოველთვის მიდი და ჰკითხე. რა და როგორაა. ამიტომ ჩამოვედი, რომ ჩემს ეთნოსთან ერთად ვიდგე და აღვკვეთო რაიმე ცუდი ამბავი".
მისი თქმით, არ აპირებს "აფხაზეთის პრეზიდენტის" პოსტზე თავისი კანდიდატურის წამოყენებას. თუმცა, მოსახლეობის ნაწილს ამის სჯერა. რამდენიმე წლის წინ მას ნამდვილად სურდა "პრეზიდენტობა".
ავიძბა 2020 წელს ხელმძღვანელობდა პრეზიდენტის სასახლის შტურმს, რომლის შედეგადაც ძალაუფლება ასლან ბჟანიას ხელში აღმოჩნდა. როგორც ჩანს, მან ავიძბას თანადგომა დაუფასა და "მაღალ პოსტზეც" დანიშნა. თუმცა შემდეგ, სასამართლოს გზით გათავისუფლდა, რამაც ავიძბა ძალიან გააბრაზა.
ახრა ავიძბა 2014 წლიდან მონაწილეობს დონბასში, საომარ მოქმედებებში. მას "დნრ-ის" გმირის სტატუსი აქვს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ავიძბა 2021 წლის იანვრის ბოლოდან ძებნილად გამოაცხადა. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ახრა ავიძბამ (მეტსახელად "აფხაზი") 2014 წელს დააფუძნა და დიდი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობს უკანონო შეიარაღებულ ფორმირებას "საერთაშორისო ბრიგადა პიატნაშკას". ავიძბა ოკუპირებულ აფხაზეთში იმ პოლიტიკური კრიზისის აქტიური მონაწილე იყო, რომელიც "პრეზიდენტ" რაულ ხაჯინბას გადადგომით დასრულდა. ახრა ავიძბას ოპოზიციაში წასვლის ერთ-ერთი მიზეზი 2019 წლის 22 ნოემბერს სოხუმში მისი ბიძაშვილის, "კანონიერი ქურდის", ალხაზ (ხასიკ) ავიძბას მკვლელობა გახდა.
2021 წლის 4 მარტს ავიძბა დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე დააკავეს დონეცკელ მეგობრებთან ერთად. მათ ბრალად ედებოდათ პირთა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით იარაღის უკანონო შენახვა-გასაღება. "აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა" ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ავიძბა და მისი დაცვის წევრები "სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას გეგმავდნენ". თუმცა, ავიძბასთვის ამ მუხლით ბრალი არ წაუყენებიათ. ივნისში მას პირობითი მსჯავრი მიუსაჯეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
2022 წლის სექტემბერში ავიძბა ირწმუნებოდა, რომ არ გაუშვეს რუსეთის მიერ კონტროლირებადი უკრაინის ტერიტორიიდან - ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან. მოგვიანებით მან მოსკოვში ჩასვლა შეძლო, სადაც შეხვდა პარტიის - "სამართლიანი რუსეთი - უფლებისთვის" ლიდერს, სერგეი მირონოვს და სიტყვით გამოვიდა კონცერტზე სახელწოდებით: "ჩვენებს არ ვტოვებთ".
ადგილობრივი უკვე იმაზე მსჯელობენ, რომ რუსეთი შესაძლოა, აფხაზეთის ახალ ლიდერად სწორედ ახრა ავიძბას ამზადებდეს.
"ეს კი კარგი ნამდვილად არ იქნება... ამ 30 წლის განმავლობაში, ერთხელ რატომ ვერ გაგვიმართლა, ხომ შეიძლებოდა, ერთი პატრიოტი, ქვეყნის მოყვარული კადრი გამოჩენილიყო..." - წერენ აფხაზები სოციალური ქსელებში.
ყველაფერი 15 ნოემბერს "რუსეთ-აფხაზეთის საინვესტიციო შეთანხმების" რატიფიკაციის გარშემო მსჯელობას მოჰყვა. მართალია, კანონპროექტი უკვე უკან გაიწვიეს, თუმცა, ოპოზიცია და მათი მომხრეები მიიჩნევენ, რომ ვიდრე ბჟანია "აფხაზეთის ხელმძღვანელია", სრულიად შესაძლებელია ეს თემა ისეve გაცოცხლდეს, რადგან მსგავსი შემთხვევა ადრეც ჰქონიათ.
გასულ ზაფხულს მწვავე გამოსვლების შემდეგ, ბჟანიასა და ანქვაბის გუნდმა, საპროტესტო აქციებისა და ახალგაზრდების მწვავე პროტესტის ფონზე, ე.წ. აპარტამენტების კანონი უკან გაიწვია... ადგილობრივების თქმით, მაშინ ბევრს არ ეგონა, რომ რამდენიმე თვეში, ამ თემას სხვა ფორმით ისევ წამოსწევდნენ, მაგრამ როგორც აფხაზები ამბობენ, "ბჟანია და ანქვაბი რუსეთის ხელმძღვანელობის წინაშე, იმ ფინანსური და სხვა სახის დახმარებების, ასევე, ეკონომიკური პროექტების გამო, რაც მათ ძალაუფლებაში ყოფნას ამყარებს და ახანგრძლივებს, დავალებული არიან..."
მათივე თქმით, ისინი ასევე უფრთხილდებიან თავიანთი ოჯახების კეთილდღეობას და ცდილობენ, ეს ყველაფერი გაიმყარონ, რასაც ბოლო რამდენიმე წელია ნამდვილად ახერხებენ... აფხაზების თქმით, ასლან ბჟანია, რომელიც "ხელმძღვანელობის" სათავეში სრულიად სხვა დაპირებებით მოვიდა და შემდეგ, ეს ყველაფერი მიივიწყა, ახლა ხალხს კედელთან ჰყავს მიმწყვდეული.
აფხაზური ოპოზიცია ბჟანიას გუნდს ვარიანტს სთავაზობს - "პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი და პრემიერი" დატოვებენ თანამდებობებს და "პრეზიდენტის" მოვალეობას შეასრულებს "პარლამენტის სპიკერი" ლაშა აშუბა ან "პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი და პრემიერი" გადადგებიან და მანამდე "პრეზიდენტი" "პრემიერად" დანიშნავს კომპრომისულ ფიგურას, რომელიც "პრეზიდენტის" მოვალეობასაც შეასრულებს.
ამავდროულად, რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია იტყობინება, რომ ბოლო პერიოდში დაახლოებით 20%-ით გაიზარდა აფხაზეთის მიმართულებით ტურების გაუქმება. ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ზოგიერთი ტურისტი უარს ამბობს ქვეყანაში გამგზავრებაზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად. ტუროპერატორები აჩერებენ ან უკვე შეწყვიტეს ახალი ტურების გაყიდვა აფხაზეთში.
ამ ცნობებს, ე.წ. ხელმძღვანელობის წარმომადგენლები სათავისოდ იყენებენ და აცხადებენ, რომ მაშინ, როდესაც ზამთარი კარსაა მომდგარი, "ბრძენი და ამაყი აფხაზი ერი მთავარ მოკავშირესთან ასე წინდაუხედავად არ უნდა იქცეოდეს. ელექტროენერგიისა და სხვა სფეროებში არსებული კრიზისის ფონზე, ასეთი ხისტი გამოსვლები ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს..."
"ასლან ბჟანია საჩუქრებად არიგებდა ასობით პერსონალურ პისტოლეტსა და აფხაზეთის მოქალაქეობას. ზოგიერთი დოკუმენტი უკვე ინტერნეტშია და ვფიქრობ, ეს მხოლოდ დასაწყისია. იმ სასაცილო დოკუმენტებს შორის, რომლებმაც ინტერნეტში გაჟონა, გამორჩეულია თხოვნა რუსეთის პრეზიდენტისადმი, რომ ასლან ბჟანიას მიეცეს ნებართვა მოსკოვის ავტომობილზე დააყენოს "ციმციმა", - წერს აფხაზი ჟურნალისტი და პოლიტოლოგი იზიდა ჭანია.
ის დარწმუნებულია, რომ ასლან ბჟანია ვერანაირი გზით ვერ შეინარჩუნებს ძალაუფლებას, მით უფრო, მას შემდეგ, რაც მის სამუშაო კაბინეტში ოპოზიციის წარმომადგენლები შეცვივდნენ და მის მიერ წარმოებული საქმეები, წერილები, გადაწყვეტილებები გაასაჯაროეს.
რუსეთის სამთავრობო მედია წერს, რუსეთში "რადიკალურად სხვაგვარ ხელისუფლებას არ მიესალმებიან..." - ამ მესიჯებს ადგილობრივი მოსახლეობა ასე ხსნის - კრემლში შიშობენ, რომ აფხაზეთში "სხვა მთავრობის მოსვლის შემთხვევაში, მნიშვნელოვანი პროექტები დაიბლოკება". ადგილობრივების თქმით, მოსახლეობის ნაწილში გაღიზიანებას იწვევს ის, რომ რუსული სამთავრობო მედია ცდილობს "ისრების სხვა მიმართულებით გადატანას", რაც ე.წ. ხელმძღვანელობის მიერ გავრცელებულ ცნობებს ემყარება.
"ისინი უსმენენ ხელმძღვანელ პირებს და მათ მოსაზრებებზე დაყრდნობით ავრცელებენ ინფორმაციას... იუსტიციის მინისტრის, ანრი ბარციცის თქმით, ეს ყველაფერი დასავლეთის დამსახურებაა. ის ცდილობს აფხაზეთში სიტუაციის არევას, ანუ მისი აზრით, ოპოზიციას, დასავლური სპეცსამსახურები ისე აფინანსებენ, როგორც აფხაზეთის მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეულ წარმომადგენლებს, ასევე დესტაბილიზაციისა და ქაოსის შექმნის მიზნით... ეს ხომ სისულელეა და ბატონმა ბარცბამ იცის, მაგრამ მაინც ამბობს რუსულ მედიასთან.
რატომ აკეთებენ ამას?!. უნდათ, რომ ტყვია გავარდეს. მე ის მიკვირს, რომ ჩვენი პოლიტიკოსები ჭკუას ვერასდროს სწავლობენ. არ დავთმობთ და ამ პროექტს არ გავატანინებთ", - წერს სოხუმელი ესმა კვეკვესკირი.
"გვესმის, რომ რუსეთმა ბევრი სიკეთე გაგვიკეთა, თუნდაც ტურისტების შემოყვანა, ამ წლების განმავლობაში ჩვენი ხალხის ერთადერთი სტაბილური შემოსავალი იყო, მაგრამ ტურისტს სახლს ვერ დავუთმობთ და თავად ვერ გავიქცევით. ასეთი რამ შეუძლებელია... მე თვალს ვადევნებ რუსულ სოციალურ ქსელებს, სადაც დაუნდობლად გვაკრიტიკებენ, ველურებს, არაპროგრესებად, ჩაკეტილ, ცივილიზაციის უარმყოფელ ერად მოგვიხსენიებენ... ამას ხომ წლებია შეჩვეულო ვართ - როდესაც ჩვენთან არიან, გვაქებენ, რა კარგია, რომ ტრადიციები შეინარჩუნეთ, რა საინტერესო, ეგზოტიკური ხალხი ხართო, თუმცა, როგორც კი ფსოუს საზღვარს გასცდებიან, მაშინვე ქილიკს იწყებენ - თუ როგორ ნახეს თხები ტრასაზე, ძროხები სანაპიროზე, ეზოებში... როგორ "გაძარცვა" აფხაზმა მასპინძელმა ცხარე საკვებისა და წყალწყალა არყის გამო, ანუ როგორ მიჰყიდა სამმაგ ფასში. მე ვპასუხობ, რომ დიახ, ბატონებო, ტურიზმის სეზონზე ყველაფერი ძვირია. დენი და წყალი რომ არ გვაქვს, ამაში ჩვენ კორუმპირებულ ჩინოვნიკებთან ერთად, თქვენც ხართ დამნაშავე, რადგან დენი წარამარა იმიტომ მიდის, რომ ჩვენი ადგილობრივი ახლობლების მაინერების ბიზნესი დუღს. თქვენი ბიუჯეტიდან გადახდილი თანხა, რომელიც აფხაზეთის ინფრასტრუქტურას უნდა მოხმარდეს, ისევ თქვენი ახლობელი, ე.წ. ელიტის ჯიბეებში მიდის. ჩვენი ცხოვრება კი დენისა და წყლის მოსვლის ნატვრაში გაილია-მეთქი. ამაზე მიწერენ, რუსული დისციპლინა გჭირდებათო, ეს მაშინ, როდესაც თავად არაფერი ეტყობათ დისციპლინის, კანონის, წესრიგის..." - წერს კიდევ ერთი ადგილობრივი არიადნა კვეკვესკირი სოციალურ ქსელში.
კიდევ ერთი სოხუმელის, ილონა ბგანბას მოსაზრებით, ბჟანიასა და ანქვაბის ხალხი, თავის მხარდამჭერებთან ერთად, "ანგრევენ, ძარცვავენ და ანადგურებენ სახელმწიფოს და მის ქონებას, აწყობენ არეულობას, ღიად ავრცელებენ ნარკოტიკებს, რასაც ასობით ადამიანი ეწირება, მაგრამ გამკითხავი არავინაა. ეს კი მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს - არ გვყავს ძალოვანი უწყებები, არც არმია, არც სასამართლო... 30 წელზე მეტია, არც ერთ სფეროში წინსვლა არა გვაქვს. ჩვენი ხალხი რუსეთისგან იღებს ხელფასსა და პენსიას, რაც მართალია, ფიზიკურად გადარჩენაში დაგვეხმარა, მაგრამ მეორე მხრივ - ეს ხალხი, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ისე მიება რუსეთის ბიუჯეტს, რომ მათ გარეშე ალბათ დაიღუპებიან. ამ მძიმე რეალობას ვერ ვცვლით. ისინი კი, რუსები ამ ყველაფრის ფონზე უმადურებს გვიწოდებენ - უბრალო მოსახლეობა, რომელიც აქ მხოლოდ დასასვენებლად ჩამოდის და მხოლოდ იმას ხედავს, რაც ზედაპირზე დევს, მართალიც არის. მას შიდა ამბები არც აინტერესებს, განტვირთვა სურს, თან იცის, რომ ჩვენთვის შემოსავალს ისინი წარმოადგენენ, აქ პროექტებს აკეთებენ, თანხა იხარჯება და მაინც გვიჭირს, მაინც ვერ დავდექით ფეხზე, ანუ დამოუკიდებლადაც ვერ განვვითარდით, მაგრამ მათთანაც არ გვინდა. საქართველოსთან, მით უფრო და... ვერ გაგვიგეს, ვერ მიხვდნენ, რა გვინდა. ზოგჯერ მგონია, არც ჩვენ ვიცით, რისთვის ვიბრძვით, საით მივდივართ. არც ის ვიცი, გადავრჩებით თუ არა", - ამბობს ბგანბა.
ლალი პაპასკირი