არალეგიტიმური ხელისუფლება და ყოფნა-არყოფნის ზღვარზე მყოფი ოპოზიცია - გზაპრესი

არალეგიტიმური ხელისუფლება და ყოფნა-არყოფნის ზღვარზე მყოფი ოპოზიცია

- განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. ბორელის თქმით, ევროკავშირი ქვეყანაში გაგზავნის მისიას, რადგან არჩევნები უნდა იყოს გამოძიებული, მთავრობამ კი გადამწყვეტი ცვლილებები კონკრეტული ქმედებებით უნდა განახორციელოს.

"საქართველო ძლიერი ცვლილებების გარეშე ევროკავშირთან ურთიერთობაში წინსვლას ვერ შეძლებს", - ამ სიტყვებით დაასრულა გამოსვლა ჯოზეფ ბორელმა.

დასავლელი პოლიტიკოსების პოზიციებისა და საქართველოში არსებული ვითარების შესახებ პოლიტიკის ანალიტიკოსი მირიან მირიანაშვილი გვესაუბრება.

- ბორელის და ზოგადად ევროპელი ლიდერების განცხადებები იმაზე მეტყველებს, რომ პაუზას იღებს, ვინაიდან ჯერ არ იცის, ამერიკის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაცია საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით რა პოზიციას დაიკავებს. ტრამპი ბაიდენისგან პოლიტიკურ მემკვიდრეობას გადმოიბარებს - საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით ცვლილებები არ იქნება. ეს შეეხება საქართველოსაც. ვვარაუდობ, რომ კიდევ ორი კვირის განმავლობაში ევროპელები კონკრეტული გადაწყვეტილებებისგან თავს შეიკავებენ. შეიძლება ითქვას, რომ ამ ოპერაციულ პაუზას საქართველოს ხელისუფლებაც შეუერთდა.

- არჩევნების აღიარების საკითხი ზედმეტად ხომ ვერ გაჭიანურდება?

- აქ ერთ საკითხს უნდა გავუსვა ხაზი: კარდინალურ ნაწილში, ანუ არჩევნების არაღიარების ნაწილში, პოლიტიკური ელიტები ჯერ კიდევ არჩევნებამდე, უფრო დაზუსტებით, მარტში გარიგდნენ. ჯერ კიდევ არჩევნებამდე ვამბობდი, ლეგიტიმაცია არ იქნება-მეთქი, და ხელისუფლებას მოვუწოდებდი, დასავლეთთან პოლიტიკური ურთიერთობების განსაზღვრისას გაეთვალისწინებინათ ის ფაქტორი, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს ლეგიტიმაცია არ ექნებოდა. საკითხი ასე დგას - ხისტ, სანქციების პოლიტიკაზე გადავიდეს თუ პოლიტიკური იგnორირება გაუკეთოს საქართველოს ხელისუფლებას.

- რჩება განცდა, რომ ოპოზიცია დასავლეთიდან მომდინარე "მესიჯების" მიხედვით აყალიბებს დღის წესრიგს. აქედან გამომდინარე იბადება კითხვა, დასავლეთის ასეთი დამოკიდებულება რა ტიპის ასახვას პოვებს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე?

- მართალი ხართ, ოპოზიცია ცდილობს, წაიკითხოს დასავლეთიდან წამოსული "მესიჯები". აშკარაა, რომ ოპოზიციონერ ლიდერებს დასავლეთთან პირდაპირი კომუნიკაცია არა აქვთ და წინმსწრებად კი არ იღებს ინფორმაციას და მესიჯ-ბოქსებს, არამედ - პოსტ-ფაქტუმ. შესაბამისად, იძულებული არიან, უკვე შექმნილ რეალობას გაუწიონ ანგარიში. ამიტომ ჰქონდათ დაგვიანებული რეაქცია არჩევნების შედეგებზე, მხოლოდ სამი კვირის შემდეგ მიიღეს რადიკალური მოქმედებების გადაწყვეტილება. ე.ი. ქართულმა ოპოზიციამ მას შემდეგ დაიწყო რადიკალიზმისკენ გადახრა, რაც დარწმუნდა, რომ დასავლეთი ივანიშვილის ხელისუფლებას ლეგიტიმაციას არ აძლევს.

- როგორ გგონიათ, რამდენად გაამართლებს რადიკალიზმი ახლა, ამ მოცემულობაში?

- როგორ გითხრათ, ოპოზიციას სხვა არჩევანი არც ჰქონდა - ან რადიკალური უნდა გამხდარიყო, ან "ქართულ ოცნებასთან" გარიგებულიყო და პარლამენტში შესულიყო. დისფუნქციურად ყოფნა არათუ წამგებიანი, არამედ შეუძლებელი იყო. უფრო მეტსაც გეტყვით: მე მგონია, რომ ოპოზიცია იძულებული გახდა, რადიკალური გამხდარიყო, საკუთარი ნების წინააღმდეგ წავიდა. ოპოზიცია პარლამენტში რომ შესულიყო, დასავლეთის თვალში საბოლოოდ დისკრედიტირდებოდა, პროდასავლური პარტიების "რეესტრიდან" ამოიშლებოდა. შეიძლება ითქვას, რაც დასავლეთში ივანიშვილისადმი დამოკიდებულება გამოიკვეთა, ოპოზიციას ყოფნა-არყოფნის საკითხი დაუდგა...

- რა შეიძლება იყოს რადიკალური ქცევა, რომელიც არც ქვეყანას დააზიანებს და საზოგადოებისთვის სასარგებლო შედეგის მომტანი იქნება?

- გულწრფელად ვთქვათ: ჯერ ერთი, რადიკალური ნაბიჯების გადადგმას ერთი თვის შემდეგ აზრი აღარ აქვს - ერთი თვის განმავლობაში რა საპროტესტო მუხტი უნდა შენარჩუნდეს?!

- როგორც ოპოზიციის ლიდერები ამბობდნენ, ამ პერიოდის განმავლობაში არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებების მოგროვებაზე მუშაობდნენ. სხვათა შორის, ლიდერებმა არაერთხელ გამართეს ბრიფინგი ასეთი მტკიცებულებების გასაჯაროების მიზნით.

- მე მაინც ჩემს აზრზე ვარ: კი, ბატონო, იმუშავე ერთი თვის განმავლობაში, მაგრამ ისიც ხომ უნდა იცოდე, რომ ამდენ ხანს საპროტესტო მუხტი ვერ შენარჩუნდება?! ძალიან ბევრი მიტინგი მაქვს ჩატარებული, როგორც ოპოზიციონერს, ასევე - ხელისუფლების წარმომადგენელს. შესაბამისად, შემიძლია გითხრათ, რომ ერთი თვის განმავლობაში საპროტესტო მუხტის შენარჩუნება შეუძლებელია, ეს არის სამჯერ ან ოთხჯერ შემცირებული ენერგეტიკა. ამას დიდი გულისტკივილით ვამბობ, კი არ მიხარია.

- ალბათ, ყველაფერი მაინც იმის მიხედვით გადაწყდება, თუ რა პოზიციას დაიკავებს ტრამპის ადმინისტრაცია ბიძინა ივანიშვილის მიმართ.

- რასაკვირველია, დონალდ ტრამპის პოლიტიკას - პოსტსაბჭოთა რეალობების ახლებურად ჩამოყალიბებას - უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის შიდაპოლიტიკური დღის წესრიგის შექმნის კუთხით, მაგრამ ცუდი ის არის, რომ ქართველი ერის ენერგეტიკა გაიფლანგა. კიდევ ერთ ფაქტორზე მინდა ყურადღების გამახვილება: ხელისუფლებას ძალიან მძიმე პერიოდი უდგას. არ ვიცი, მმართველი გუნდის ლიდერებს რა ილუზიები ჰქონდათ ტრამპის გაპრეზიდენტებასთან დაკავშირებით, მაგრამ დროა, რომ ეს ილუზიები წარსულს ჩააბარონ. არჩევნებიდან უკვე სამი კვირაა გასული და აქამდე აუცილებლად გავიგებდით, ტრამპს საქართველოსთან დაკავშირებით ბაიდენისგან განსხვავებული შეხედულებები რომ ჰქონოდა. ტრამპმა და სხვადასხვა რანგის მისმა სპიკერებმა აბსოლუტურად ყველა საკითხთან დაკავშირებით გამოამზეურეს ამერიკის ინტერესები. უბრალოდ, რიგ საკითხებთან დაკავშირებით ბრჭყალები ბოლომდე არ გაუხსნიათ. რაკი საქართველოზე ოპერატიულ პაუზას აგრძელებენ, ეს ნიშნავს, რომ საქართველოსთან ურთიერთობებს ბაიდენის წერილის საფუძველზე აგრძელებენ - ვგულისხმობ იმ წერილს, რომელშიც ის საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს არასამართლიანად მიიჩნევს. წესით, ივანიშვილი საკმაოდ იმედგაცრუებული უნდა იყოს. ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ტრამპი საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას რუსეთთან დაპირისპირების კონტექსტში განიხილავს. ტრამპი კი ახლა რუსეთისთვის ულტიმატუმს ამზადებს.

- როგორი შეიძლება იყოს ამ ულტიმატუმის შინაარსი?

- რუსეთს დასავლეთის წინააღმდეგ ომში ორი მთავარი მოკავშირე ჰყავს - ირანი და ჩინეთი. ორივე, ტრამპის ადმინისტრაციის მთავარი სამიზნეა. ბანალურად რომ ვთქვათ, ამერიკელები რუსებს ჩინეთისა და ირანის "გადაგდებას" სთხოვენ. რუსეთის თანხმობის შემთხვევაში, მთელ რიგ საკითხებს აღმოსავლეთ ევროპაში პუტინის ინტერესების მიხედვით გადაწყვეტენ. მე, და ასევე ძალიან სერიოზული ანალიტიკოსები, ვერ ვხედავთ შესაძლებლობას, ჩინეთზე დამოკიდებულებიდან გამომდინარე, როგორ უნდა "გადააგდოს" პუტინმა სი ძინპინი. არადა, თუ რუსეთი ჩინეთს არ "გადააგდებს", რატომ უნდა "აჩუქოს" ტრამპმა აღმოსავლეთ ევროპის ძალზე სერიოზული აქტივები უანგაროდ?!.

- ამ მოცემულობაში რას უნდა ნიშნავდეს ის ფაქტი, რომ ბაიდენმა უკრაინას რუსეთის სიღრმეში დარტყმის უფლება მისცა?

- ეს ნიშნავს, რომ ერთი ან ორი თვის თავზე უკრაინას უკეთესი პოზიციები მიეცეს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის შემთხვევაში. აქ კიდევ ერთი საკითხი იკვეთება: რადგან ტრამპის ადმინისტრაციამ ბაიდენის განკარგულებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია არ ჩამოაყალიბა, გამოდის, რომ ამ საკითხზე ბაიდენი და ტრამპი შეთანხმებულები არიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთისთვის ძალზე სერიოზული ულტიმატუმი მზადდება. აქ კიდევ ერთი ფაქტორია: რამდენიმე დღის წინ პუტინსა და ტრამპს შორის უკვე შედგა სატელეფონო საუბარი, რომლის დროსაც ტრამპი პუტინს ამერიკული ჯარით დაემუქრა.

- სხვათა შორის, რუსული მედიის ინფორმაციით, პუტინის პრესმდივანმა ამ საუბრის შესახებ ინფორმაცია უარყო.

- პესკოვი უარყოფს იმიტომ, რომ რუსეთის ხელისუფლებას ხელს არ აძლევს ამ საუბრის შინაარსზე საუბარი.

- ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ჩვენს რეგიონში სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბება, არა?

- სამწუხაროდ, უნდა დაგეთანხმოთ. სხვათა შორის, ამ კონტექსტში აუცილებლად უნდა განვიხილოთ აფხაზეთში არსებული დაძაბული ვითარება.

- ეს საკითხი ცალკე ინტერვიუს თემაა, რომელსაც მომდევნო ნომრებში დავუბრუნდებით.

ხათუნა ბახტურიძე