"ამ დღემ ჩემი ცხოვრება შეცვალა, საქართველო აღმოვაჩინე..."
ძალიან მიყვარს. ამ წლების მანძილზე დავძმობილდით. უგონოდაა შეყვარებული საქართველოზე, თქვენზე მეტი ყანწი და ჩემზე მეტი ქართული ჩანაწერი აქვს სახლში, კითხულობს ქართულად და ლაპარაკსაც ცდილობს. როგორც კი დრო გამოუჩნდება, თბილისში ჩამოდის და ჩემთან რჩება. სადილის მომზადება ორივეს გვეზარება. ერთ დღეს ფურცელზე დამიწერია, რა უნდა ამოეტანა მაღაზიიდან. ის ფურცელი შეუნახავს, ახლა გაადიდა, ამოქარგა და ნიუ-იორკში გამოფინა... მომწონს ეს სისულელე რომაა გამოფენილი, ვიღაც ხომ მთელი სერიოზულობით შეეცდება ამოხსნას რა არის... გაიკითხავს, დროს დაკარგავს და გაიგებს რა წერია. - ფუ, რაში დამაკარგვინეთ დროო! - იტყვის ხელჩაქნევით და წავა, გზას გააგრძელებს..." - წერს სოციალურ ქსელში არტისტი ანდრო დადიანი...
რობერტ სპაისი ნიუ-იორკიდან თავად გვესაუბრა, თუ როგორ გახდა საქართველო მისთვის განსაკუთრებულად გამორჩეული ქვეყანა, როგორ მოიარა კუთხეები და რთული გზის მიუხედავად, როგორ ეწვია თუშეთს...
- დავიბადე და გავიზარდე შეერთებულ შტატებში, კენტუკის შტატის პატარა ქალაქ პადუკაში. ბავშვობა ხეებზე ცოცვასა და ძველი მუყაოს ყუთებისგან შენობების კეთებაში გავატარე. რაღაც მომენტში, ჩემს საძინებელში მთელი მინიატიურული ქალაქი ავაგე... ბედნიერი ვარ, რომ ბავშვობაში შემოქმედებითი თავისუფლება მქონდა და შემეძლო ჩემი ცნობისმოყვარეობის ობიექტები მეკვლია.
- როგორ აირჩიეთ პროფესია?
- არა მგონია, ადამიანი არტისტად ყოფნას ირჩევდეს. ბავშვები ბუნებრივად ხატავენ და ქმნიან ყოველგვარ ხელოვნებას. დიდობაში არტისტად ყოფნა მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ამ საქმეს თავი არ დაანებე. მე მგონი, როცა არტისტი ხარ, წარმატებას თვითონ ქმნი. ჩემთვის წარმატება ბედნიერ შემთხვევითობებს მოაქვს.
- როდის შეიტყვეთ პირველად საქართველოზე?
- მოზარდობაში, ძალიან კარგად ვიცოდი მსოფლიოს გეოგრაგია... 2004 წელს, როცა უკვე ოცი წლის ვიყავი, მინერალური წყალი "ბორჯომი" ვიყიდე კენტუკიში, ჩემი უნივერსიტეტის პატარა, ინტერნაციონალურ მაღაზიაში. სიგიჟეა, მაგრამ ამან ჩემი ცხოვრება შეცვალა. "ბორჯომის" მსგავსი მანამდე არაფერი გამესინჯა. ამან საქართველოსადმი ინტერესი გამიღვივა!
- როდის ეწვიეთ პირველად და როგორი იყო თქვენი შთაბეჭდილებები?
- პირველად საქართველოში 2018 წელს ჩამოვედი. არავის ვიცნობდი, უბრალოდ, ბილეთი ვიყიდე და მზად ვიყავი ქვეყნის აღმოსაჩენად... საქართველო ფანტასტიკური ადგილია, სადაც უძველესი და ავანგარდი ერთდროულად არსებობს. ძალიან ბევრი შესანიშნავი ხელოვანი აღმოვაჩინე, რომლებმაც თბილისის სიცოცხლით სავსე საგალერეო და მუსიკალური ცხოვრება გამაცნეს. ამან გამიკვალა გზა გრანტის მისაღებად "შეერთებული შტატების თანამედროვე ხელოვნების ფონდისგან", რომ ჩემი პირველი სრულმეტრაჟიანი, ექსპერიმენტული ფილმის ჩვენება მომეწყო საქართველოში, 2019 წელს.
- რა მოგეწონათ აქ ყველაზე მეტად?
- ყველაზე მეტად ცხოვრების ნელი ტემპი მომეწონა, კლიმატური ზონების მრავალფეროვნებამაც მომხიბლა. კიდევ ის მომეწონა, რომ დავინახე, როგორ ერთგულად მისდევენ ქართველები თავიანთ უნიკალურ ტრადიციებს.
- რას იტყვით ქართველ ხალხზე, ხელოვნებაზე, სამზარეულოზე?
- ქართველი ხალხი უკიდურესად სტუმართმოყვარეა. საქართველოში დიდხანს არსად ხარ უცხო. ქართული ხელოვნების ყველა ფორმა შესანიშნავია... განსაკუთრებით, მუსიკა. ძალიან მიყვარს ტრადიციული სიმღერები, მაგალითად, "ხევსურული"... ასევე მიყვარს მივიწყებული ქართული ინდი-როკჯგუფი, "პრიზი" და მათი სიმღერა "ქალაქი ღამით"... თანამედროვე ქართულ მუსიკას რაც შეეხება, ძალიან მომწონს დავით დათუნაშვილის ყველა სიმღერა.
ქართული კერძები ჩემი საყვარელი საჭმელია. განსაკუთრებით შქმერული მიყვარს აჭარულ ხაჭაპურთან ერთად, ხინკალი და ჭიქა "მწვანე", თეთრი ღვინო... შეიძლება, ჭიქა ჭაჭაც, თუ თავზე ხელი ავიღე!
- რამდენად იცნობთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონს ან რამდენად უკავშირდება თქვენი სამომავლო გეგმები საქართველოს?
- საქართველოს გეოგრაფია საკმაოდ კარგად ვიცი! თბილისის გარდა, ბათუმში, ქუთაისში, ბორჯომში და რთულად მისადგომ თუშეთში მოგზაურობაც კი მოვახერხე. რომ დავბრუნდები, კახეთში უნდა ვიმოგზაურო... სამომავლოდ, ჩემს გეგმებში შედის თბილისში სახელოვნებო რეზიდენცია და ასევე მეორე ექსპერიმენტული, სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღება მომავალ წელს. ძალიან მიხარია, უკან რომ ვბრუნდები!
ანდრო დადიანი:
- რობერტი უკვე გამოცდილი მეგობარია, პირველად მისი ფილმის ჩვენებაზე ვნახე 7 წლის წინ, მას მერე ინტენსიური ურთიერთობა გვაქვს და ბევრი რამ მისწავლია მისგან როგორც ადამიანისგან და როგორც ხელოვანისგან. კარგად იცის ინგლისურენოვანი უზარმაზარი სამყაროს ანდერგრაუნდ კულტურა და ხშირად მიზიარებს.
- სოციალურ ქსელში სახალისო რამ დაწერეთ...
- დიახ, საოცარი იუმორის გრძნობა აქვს. ახლახან გამოფინა ქართული ხელნაწერი მენიუ ნიუ-იორკში, კიტჩიც არ ჰქვია ამას, არ ვიცი რა არის, თან სიყვარულია ქართული კულტურის, ენის, დამწერლობის, თან დაცინვა ამერიკელების. აწვალებს ამოხსნან ეს ხელნაწერი, სრულიად ყოფითი ტექსტი, რომელიც "პიედესტალზეა" შემდგარი, საგამოფენო ლეგიტიმაცია მიანიჭა ავტორმა...
- ამბობთ, რომ გამორჩეულად უყვარს საქართველო...
- ისეა შეყვარებული საქართველოზე, რომ სტატისტიკურ ქართველზე მეტი კუთხე აქვს ნანახი. ზოგჯერ უბრალოდ ისვენებს საქართველოში, სძინავს, არც არსად მიდის და არაფერს აკეთებს, ამხელა გზა და ფინანსები ამად უღირს. იქაც ძალიან ბევრი ქართველი მეგობარი ჰყავს და აქაც. ქართველებსაც გვიყვარს მისი ხელოვნება, უკვე სამჯერ იყო მისი ფილმების ჩვენება თბილისში, მომდევნო ზაფხულს კი უკვე ფილმს გადაიღებს საქართველოში, სადაც ერთ-ერთ პერსონაჟს მეც გავახმოვანებ.
მანანა გაბრიჭიძე