ნათია ჯიმშელეიშვილი: "ამ ადამიანებს ღირსეულ ქართველებად ვაგრძნობინოთ თავი საკუთარ ისტორიულ სამშობლოში" - გზაპრესი

ნათია ჯიმშელეიშვილი: "ამ ადამიანებს ღირსეულ ქართველებად ვაგრძნობინოთ თავი საკუთარ ისტორიულ სამშობლოში"

- "მზის თეატრის" დამფუძნებელი და პრეზიდენტი ნათია ჯიმშელეიშვილი ათეული წლებია, საქართველოსა და თურქეთის ქართველობის დაახლოებაზე ზრუნავს და ამ მიმართულებით მან მრავალი პროექტი წარმატებულად განახორციელა... ცოტა ხნის წინ ნათია ჯიმშელეიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც გულისტკივილს გამოხატავდა ფერეიდნელი და თურქეთში მცხოვრები ქართველების მოქალაქეობის ან ბინადრობის საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებით...

- თურქ ქართველებთან ურთიერთობის სურვილი ყმაწვილობიდან გამიჩნდა. არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ეს ისტორიის ერთ-ერთი გაკვეთილიდან დაიწყო, 2014 წლიდან კი ეს სურვილი, უფრო სწორედ, ოცნება ავისრულე და დაიწყო მათთან საფუძვლიანი, ღრმა ურთიერთობები. შევისწავლე მათი ხასიათი, მიდგომის მეთოდები, სურვილები, მიზნები და გულისცემაც კი. ძალიან ბევრი ქართველია საზღვრებს მიღმა, მაგრამ ცოტა თუ ქართველობს საქმით, გულით და ხმამაღლა.

მე ვერ ვისაუბრებ მხოლოდ თურქეთში მცხოვრები ქართველების შესახებ, ბევრად უფრო ღრმად აქვთ გულში დაცული და შენახული ქართველობა სულ სხვა მიწით ნასაზრდოებ ქართველებს, მათ ტაოკლარჯეთელი ქართველებივით საკუთარ მიწაზე მოყვანილი პურის ნამცეციც არ უჭამიათ, ფეხიც კი არ დაუდგამს უმრავლესობას აქ, მაგრამ 400 წელი არ უღალატიათ სამშობლოს სიყვარულისთვის. ესენი არიან ფერეიდნელები. ჩვენ შეგვიძლია ჰერელი ქართველებიც ვახსენოთ და მათი უწყვეტი სიყვარული...

დღეს რატომღაც ნაკლებად ვიყენებთ სიტყვას "სამშობლო", მაგრამ ურთიერთობამ მათ გაუმყარა მოსაზრება, რომ საქართველო უბრალოდ ქვეყანა კი არა, სამშობლოა, მათი შორეული წინაპრების დაბადების ადგილი და მათი საძვალე. მუდამ ჰქონდათ ეს გულის საფიქრალად, მაგრამ ურთიერთობებმა მეტი გაბედულება და სითამამე შესძინათ. დარწმუნდნენ, რომ ისინი არ დავიწყებიათ სამშობლოში მცხოვრებ ქართველებს და მიუხედავად დიდი ხნის იზოლაციისა, ქართველები განუწყვეტლივ ვფიქრობდით ერთმანეთზე.

- განსაკუთრებულად ემოციური ამბავი შეგიძლიათ გაიხსენოთ?

- მათთან დაკავშირებულ ბევრ ამბავზე ცრემლიც გადმომდენია და რამდენჯერაც გამახსენდება, იმდენჯერ ვტირი. ბოლოდროინდელ ორ ამბავს მოკლედ შევეხები. ორი თვის წინ ტაოში, იუსუფელის რაიონში, სოფელ სარიგოლში ქორწილში ვიყავით მიწვეული მე და ჩემი მეუღლე. მართალია, ქართული ფესვები აქვთ, მაგრამ მაინც ჩვეულებრივ, თურქული ტრადიციებით გამართულ ქორწილს ველოდით. საოცარი ემოცია დამეუფლა, მანქანიდან თეთრ ჩოხა-ახალუხში შემოსილი სიძე რომ გადმოვიდა. ცრემლები მახრჩობდა... ეს იქ არ არის ჩვეულება და ტრადიცია. კიდევ უფრო "ავიშალე" შინაგანად, ნეფე-დედოფალი ეზოში ქართული მაყრულით რომ შემობრძანდა. მინდოდა ხმამაღლა მეყვირა, მეტირა. იქ განცდილმა შოკში ჩამაგდო.

მეორე ამბავზეც გეტყვით: როცა ქართულ სოფელ ხევაიში სტუმრად ავედით ქორწილის მეორე დღეს, იქ დიდი პატივით დაგვხვდნენ. უყვართ ჩემი სტუმრობა, სიძე-ქალიშვილივით დაგვხვდნენ მე და ჩემს მეუღლეს ბატონ იაშარ გულერ-მჭედლიშვილის ოჯახში. ამ შეხვედრაზე ერთი მამაკაცი ასე გაგვეცნო: მე ხრისტიან ოსმანს მიძახიანო. ქრისტიანი რომ მომესმა, მაშინვე დავინტერესდი და ვკითხე, - რატომ გეძახიან ასე-მეთქი? - იმიტომ, რომ ხრისტიანი ვარ, რჯული ვერ შემაცვლევინესო და პირჯვარი გადაიწერა. რა თქმა უნდა, ამაზე ხმამაღლა ვერ გამოვხატე ემოცია. თავი ძლივს შევიკავე, მინდოდა ჩავხუტებოდი და სითბო გამეზიარებინა. თუმცა არის საკითხები, რომელთა წინაშე აჟიტირების უფლება არ გვაქვს.

- რა საკითხიც დასვით, რამდენი წელია ეს პრობლემა დგას, რომ საქართველოს მოქალაქეობა არ ეძლევათ და ურთიერთობისთვის რამდენად საზიანოა ეს ყველაფერი?

- თქვენი დაინტერესება ჩემმა ერთმა პოსტმა გამოიწვია, რომელიც ფერეიდნელი და თურქეთში მცხოვრები ქართველების მოქალაქეობას ან ბინადრობის საკითხის მოგვარებას ეხება. მადლობა რომ დაინტერესდით. ვფიქრობ, ეს არის თემა, რომელზეც უფრო მეტს უნდა საუბრობდეს მედია. მე ბევრი ახლობელი მყავს, რომლებიც გულანთებული, ღირსეული სულით, გულით, საქმით, ცხოვრების სტილით, აზროვნებითა და სიზმრების ხილვითაც კი ქართველია, ასეთები არიან ფერეიდნელები და თურქეთში მცხოვრები ქართველების არა სრული, არამედ გარკვეული ნაწილი. არაერთხელ შეუტანიათ მათ განაცხადი და უარგუმენტო უარიც მიუღიათ. ბევრ მათგანს ტელევიზიასთან ურთიერთობაშიც დავხმარებივარ, თავადაც ვმჯდარვარ გადაცემაში მათთან ერთად და ამ თემაზე მისაუბრია. ერთ-ერთმა მათგანმა ცოტა ხნის წინ მითხრა, უარის მიზეზად ის დაასახელეს, რომ ჩვენ წარმოვადგენთ საშიშროებასო. არ გეგონოთ, ამ საკითხს ცალსახად განვიხილავდე და ყველა შესაძლო დადებით-უარყოფით მხარეს არ ვაცნობიერებდე, თუმცა ძალიან მიჭირს იმის გააზრება, ნუთუ არ დადგა დრო, რომ ამ ადამიანებს ხელი გავუწოდოთ და ღირსეულ ქართველებად ვაგრძნობინოთ თავი საკუთარ ისტორიულ სამშობლოში, სადაც უცხო ქვეყნიდან დასახლებული არაქართველი ადამიანები უფრო ღირსეულად გრძნობენ თავს? ისინი ხომ ჩვენი სამშობლოს ნაწილი არიან.

როცა განცხადების რეგისტრაციიდან 80 დღე და 155 ამერიკული დოლარი გჭირდება, კომისიამ რომ განიხილოს და დაადგინოს ამა თუ იმ განმცხადებლის სანდოობა, ამ წლების მანძილზე ერთი სანდო ადამიანიც რატომ ვერ აღმოაჩინეს? ძალიან დიდი სირცხვილია, როცა მთელი გულით მოდის ადამიანი, ხელს უწვდის სამშობლოს ოთხასი წლის წინ ქვეყანას მოგლეჯილი, განწირული, ტყვედწასხმული წინაპრის შთამომავალი და შენ ხელის ჩამორთმევის სურვილს არ იჩენ.

04fb87c5-b8db-4557-b4c8-a0d15644b30a-1732471781.jpg

ის კი არა, როცა თურქეთში ქართული ენის საფუძვლიანად შესწავლის შესაძლებლობა მიეცათ სახელმწიფოს კანონის თანახმად, ჩვენ საჭირო ლიტერატურითაც არ ვეხმარებით, არაფერი გავიღეთ მათთვის სახელმწიფო დონეზე, ჩემი და ჩემისთანების ჩანთებით ჩაზიდული "დედაენები" და ქართული წიგნები არაა საკმარისი, ეს ჩემი კეთილი ნებაა და არა სახელმწიფოსი. ძალიან მინდა ამაზე ისაუბრონ ჩვენმა ქართველებმა, პროფესორებმა, ჟურნალისტებმა, მწერლებმა. მოქალაქეობას რომ თავი დავანებოთ, სხვა დამოკიდებულებაზეც მსურს ყურადღების გამახვილება, როცა თურქეთსა და ირანში დაბადებული ქართველები მთელი ძალისხმევით ცდილობენ დაამკვიდრონ ტერმინი "ქართველი", ჩვენს სამშობლოში ჯერ კიდევ "თურქ ქართველებს" ან "ჩვენებურებს" ვეძახით. ისინი არიან ქართველები და მორჩა! მე ერთი ლექსი მაქვს "ჩვენებურებს". ეს იმ დროს დავწერე, როცა ჯერ კიდევ ვერ ერკვეოდნენ, რომელი ქართველებისთვის მქონდა მიძღვნილი ეს ლექსი და გასაგები სიტყვა "ჩვენებურები" აღმოჩნდა, ბევრ განმარტებას აღარ საჭიროებდა. ათი წელია უშუალო ურთიერთობები მაქვს თურქეთში მცხოვრებ ქართველებთან, ჩემსა და მათ შორის ვერ ვხედავ ვერავითარ ზღვარს, ისინი არიან "ჩვენ" და ჩვენ ვართ "ისინი". ბევრი ინტრიგის მსხვერპლი გავმხდარვარ ბოლო დროს, ათასგვარ სისაძაგლეს თხზავდნენ, რომ ეს ურთიერთობები დაებინძურებინათ და არც ერთი ეს ინტრიგა არ ყოფილა თურქეთში მცხოვრები ქართველებისგან, ეს იყო საქართველოს ქართველ(ებ)ისგან, ვინც იქ ცხოვრობდა დროებითი საქმიანობის გამო. თუმცა ასეთი "წყლის ამრევი" საბედნიეროდ, ერთზე მეტი არ შემხვედრია. ამით მინდა გითხრათ, რომ ისევ ჩვენ ვაფუჭებთ ბევრ რამეს, ისინი სუფთა გულით მოიწევენ ჩვენკენ.

- რაში ხედავთ გამოსავალს?

- გამოსავალი სახელმწიფომ თავად უნდა იპოვოს, ამას კარგად გადახედვა და მუშაობა სჭირდება. მანამდე კი სურვილია საჭირო, რომ შენი ოჯახიდან წასული შინ დააბრუნო და თუ არ დაბრუნდება, ის მაინც არ უთხრა, შენ ჩვენი ოჯახის წევრი არ ხარო.

საამაყოა, რომ ისინი საქართველოს გარეთ ქართველობენ. მსოფლიოში მიმობნეულ ქართველებს, ყველას თავისი საქართველო აქვს, მაგრამ უკეთესი იქნება, საქართველო საქართველოშივე იყოს ძლიერი. ამაზე კი ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს ზემოთ თქმული პრობლემის გათვალისწინებით.

მანანა გაბრიჭიძე