დიზაინერის "სავიზიტო ბარათი" - გულსაბნევი მწერი
ვფიქრობ, სწორედ ასეთ ხელნაკეთ ნამუშევრებს ქმნის თამუსია ტაბატაძე, რომლის პროდუქცია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იქცევს ყურადღებას. სუფთა, დახვეწილი და ფერების ზუსტი შეხამებით შესრულებული ნამუშევრები დიდი შრომის შედეგია და თუ თითოეულ წვრილ დეტალს დააკვირდებით, ამ სიტყვებში ყველა დამერწმუნება.
- პროფესიით ეკონომისტი ვარ. თუმცა ხელოვნება ბავშვობიდან მიტაცებდა და ჩემი ინტერესის სფერო იყო. ცოტა ხანს პროფესიით ვმუშაობდი, მაგრამ ეს არც ჩემი საყვარელი საქმე იყო და არც კომფორტის ზონა. შემდეგ ქორწილებსა და ივენთებს ვუწევდი ორგანიზებას. მომწონდა, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემების გამო, საქმიანობა ვერ გავაგრძელე. ერთ დღეს ტყავის მასალისგან ჩემთვის ყელსაბამი შევქმენი, რომელმაც მეგობრებსა და ოჯახის წევრებს შორის დიდი მოწონება დაიმსახურა. ეს იყო 9 წლის წინ. ახლობლების დადებითმა გამოხმაურებამ სხვა ნივთების დამზადებაც გამაბედვინა და პირველი გამოფენის გამართვაც. ახლა ჩემი ძირითადი ხაზი გულსაბნევებია, მაგრამ იმ დროს გამოფენაზე სხვადასხვა აქსესუარი და სახლის დეკორაცია გამოვფინე. ვფიქრობ, ჩემი მხრიდან ეს თამამი ნაბიჯი იყო, მაგრამ ძალიან წარმატებული გამოდგა და გადავწყვიტე ბისერზე მუშაობა შემესწავლა. ამის მიზეზი ალბათ ისიც გახდა, რომ საზღვარგარეთ ყოფნისას ისეთ მაღაზიაში აღმოვჩნდი, სადაც ხელსაქმისათვის საჭირო მასალა იყიდებოდა. რაც მომეწონა, გაუცნობიერებლად შევიძინე და თბილისში დაბრუნებულმა საფუძვლიანად დავიწყე ბისერით მუშაობის ტექნიკის შესწავლა. ინფორმაციას სულ ვიღებდი, ვიდეოგაკვეთილებს ვუყურებდი და სწავლის პროცესი დღემდე გრძელდება, რადგან რაც მეტია წარმატება, მით უფრო საჭირო ხდება განვითარება, ერთ ადგილას ვერ გაჩერდები. პირველი გამოფენიდან 2 წელიწადში უკვე მეორე გამოფენა გავმართე, სადაც უკვე გულსაბნევები წარვადგინე. ამის შემდეგ ჩემი პროდუქცია შოურუმებში განვათავსე და ამგვარად, ჰობი ჩემს ძირითად საქმიანობად და შემოსავლის წყაროდ იქცა. ჩემს ნივთებს შორის გულსაკიდები და სამაჯურებიცაა, მაგრამ ძირითადი მოთხოვნა მაინც გულსაბნევებზეა - ყველაზე ხშირად ეს ნემსიყლაპიები და თევზებია. მზესუმზირა ჩემი საყვარელი ყვავილია და ეს მცენარეც აქტუალურია. ზომები სხვადასხვაა, 5-დან 14 სანტიმეტრამდე. აქსესუარების დამზადებისას წებოსა და სილიკონს არ ვიყენებ. თითოეული თვალი და ბისერი ძაფით არის დამაგრებული და დაზიანების რისკი ასეთ დროს მინიმუმამდეა დაყვანილი. ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა მომხმარებელმა ნივთი ხანგრძლივად მოიხმაროს. იაპონურ, მაღალი ხარისხის მასალას ვიყენებ, რომელსაც ფერი არ გასდის და აუზში მოხვედრის შემთხვევაშიც არაფერი ემართება. მახსოვს პირველად რეალიზაცია რომ დავიწყე, ფირუზისფერი ნემსიყლაპია გაიყიდა. ის ქალბატონი გულსაბნევების მოყვარულია და ჩემგან 10-12 სხვადასხვა ნივთი აქვს შეძენილი. "კარგი ხელი" აღმოაჩნდა, რადგან ჩემი საქმიანობა წარმატებით განვითარდა. დღეს ჩემი შექმნილი ნივთების მატარებელი სხვადასხვა ასაკის ადამიანია. მათ შორისაა 18 წლის გოგონაც და ასევე, 87 წლის ქალბატონიც, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს. რომ დავფიქრდე, ალბათ ძალიან ცოტა ქვეყანა დარჩა, სადაც ნივთები არ გამიყიდია. აქსესუარები განთავსებული მაქვს ხელნაკეთი ნივთების ამერიკულ და ევროპულ პორტალებზე, სადაც მყიდველებს შორის არიან როგორც ქართველი ემიგრანტები, ისე უცხოელები. ერთი საინტერესო ამბავიც მაქვს: ჩემს მომხმარებლებს შორის არის 52 წლის იაპონელი კოლექციონერი, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით დამზადებულ მწერებს აგროვებს. პირველად ჩემგან მორიელი შეიძინა და როცა ნივთი მიიღო, საოცრად ემოციური სიტყვები მომწერა. როგორც ვიცი, 400-მდე სხვადასხვა მასალისგან დამზადებული მწერის ფორმის აქსესუარის მფლობელია და ბედნიერი ვარ, რომ მის პირად კოლექციაში ჩემი 15-მდე ნივთია. სამომავლოდ სურვილი მაქვს, ამავე მასალისგან შევქმნა კედლის სურათებიც, 3 D ეფექტით. ძალიან დიდ დროს მოითხოვს, მაგრამ აუცილებლად მინდა გავაკეთო.
საერთოდ არ ვნანობ, რომ ჩემს მთავარ პროფესიას მოვწყდი, პირიქით, ვფიქრობ, ეს ყველაზე დიდი გამართლება იყო. თუ გვიანობამდე ვმუშაობ და მერე ძალების მოსაკრებად რამდენიმე საათით დასაძინებლად ვწვები, ერთი სული მაქვს გათენდეს, ავდგე და ჩემი საყვარელი საქმე გავაგრძელო.
ანა კალანდაძე