დუშეთის (თბილისის) მაგნიტური ობსერვატორია ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში
და მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი მაგნიტური ობსერვატორია. თავდაპირველად ის თბილისში დაარსდა, რამაც სათავე დაუდო როგორც საქართველოში, ისე მთელ კავკასიაში გეოფიზიკური მიმართულებების მრავალი დარგის განვითარებას. სამეცნიერო დაწესებულებას ისტორიაც გამორჩეული აქვს. ცნობილია, რომ თბილისში მდებარე ობსერვატორიაში მუშაობდნენ სოსო ჯუღაშვილი და სავარაუდოდ - ნიკოლოზ ბარათაშვილი (დამამთავრებელი კლასის მოსწავლე). დოკუმენტებით დამტკიცებულია, რომ ჯუღაშვილი დამკვირვებელი იყო 1899-1901 წლებში. დუშეთის ობსერვატორიის შენობები განლაგებულია ყოფილი ყარანგოზიშვილების ბაღისა და სასაფლაოს ტერიტორიაზე. XIX საუკუნის საფლავის ქვები დღემდეა შემორჩენილი. ლეგენდის თანახმად, აქ დაკრძალულია ცნობილი რუსი პოეტის - პუშკინის ძიძა.
მაგნიტური ობსერვატორიის ისტორიაზე, მის ფუნქციასა და მნიშვნელობაზე გვესაუბრება ობსერვატორიის ხელმძღვანელი 1986 წლიდან, აკადემიური დოქტორი რობერტ გოგუა, რომელიც 67 წელია ამ საქმეს ემსახურება.
- მაგნიტური ობსერვატორია მეტად სპეციფიკური დაწესებულებაა. იგი არეგისტრირებს დედამიწის მაგნიტური ველის წამიერ ცვლილებებს უწყვეტ (დღეღამურ) რეჟიმში. ობსერვატორიის ნორმალური ფუნქციონირებისათვის მის სიახლოვეს არ უნდა არსებობდეს მაღალი ძაბვის ელექტროდენის გადამცემი ხაზი და ყველა ის უძრავი თუ მოძრავი რკინის შემცველი საგანი, რომელიც თვითონ წარმოადგენს მაგნიტური ველის წყაროს. ამ პირობების დარღვევის გამო თბილისში დაარსებულმა ობსერვატორიამ რამდენჯერმე შეიცვალა ადგილსამყოფელი. ობსერვატორიის კედლებში მიიღეს სამეცნიერო ნათლობა შემდგომში ცნობილმა მეცნიერებმა, აკადემიკოსებმა ნიკო მუსხელიშვილმა, ილია ვეკუამ და ბენედიქტე ბალავაძემ. ობსერვატორია იყო პირველი სამეცნიერო დაწესებულება, რომელიც შეუერთდა თბილისის ახალდაარსებულ უნივერსიტეტს, რომლის რექტორები პეტრე მელიქიშვილი და ივანე ჯავახიშვილი დიდ მზრუნველობას იჩენდნენ ობსერვატორიის მიმართ. საყურადღებოა, რომ ივანე ჯავახიშვილმა შეადგინა ობსერვატორიის მუშაობის პროგრამა.
დუშეთში მაგნიტურმა ობსერვატორიამ ფუნქციონირება 1935 წლის ზაფხულში დაიწყო, დაკვირვებები ტარდებოდა ობსერვატორიის ეზოში დადგმულ საველე კარავში. პროფესორ რაჟდენ ხუციშვილის ხელმძღვანელობით აშენდა სავარიაციო პავილიონი და დაიდგა მაგნიტომეტრები ნ. ინწკირველის და ე. ხახუტაშვილის მონაწილეობით. დუშეთის მაგნიტური ობსერვატორიისათვის კაპიტალური შენობების აგებას მეორე მსოფლიო ომმა შეუშალა ხელი. ომის დამთავრების შემდეგ პირველი დაფინანსება გამოიყო და დაიწყო კაპიტალური შენობების აგება. აბსოლუტური პავილიონი აშენდა კარსნის პავილიონის პროექტით და ქვიური მასალით, მშენებლობისათვის ყვითელი ქვიშა (როგორც არამაგნიტური) შემოტანილ იქნა კასპიის ზღვიდან, ხოლო სახურავი გადაიფარა სპეციალურად ობსერვატორიისათვის მოსკოვიდან ჩამოტანილი სპილენძის ფურცლებით.
მაგნიტური ობსერვატორია არსებობის მანძილზე სხვადასხვა უწყებას ექვემდებარებოდა. 1956 წლიდან გეოფიზიკის ინსტიტუტის შემადგენლობაშია. ამ დროიდან იწყება დუშეთის მაგნიტური ობსერვატორიის ისტორიის ბრწყინვალე ხანა. აშენდა ადმინისტრაციული შენობა, სასტუმრო, დიდი სავარიაციო პავილიონი, ლაბორატორიები აღიჭურვა ახალი ხელსაწყოებით, მოეწყო ტერიტორიის ინფრასტრუქტურა. ობსერვატორიის ტერიტორიაზე დაიწყო ფუნქციონირება სეისმურმა, მიწის დენებისა და ატმოსფეროს ელექტრობის სადგურმა.
- ვინ იდგა დედამიწის მაგნიტური ველის გამოკვლევის სათავეებთან?
- ჯერ კიდევ 1600 წელს ინგლისელმა მეცნიერმა უილიამ ჰილბერტმა გამოთქვა მოსაზრება დედამიწაზე, როგორც დიდ მაგნიტზე. თუმცა დედამიწის მაგნიტური ველის მეცნიერული გამოკვლევა მოგვიანებით, XIX საუკუნის დასაწყისიდან დაიწყო მსოფლიოს უდიდესი მეცნიერების - ალექსანდრე ჰუმბოლდტისა და კარლ გაუსის მიერ შედგენილი პროექტით, სახელწოდებით "მაგნიტური კავშირი". ამ პროექტის მიხედვით დედამიწის მაგნიტური ველის შესასწავლად საჭირო იყო მთელ მსოფლიოში თანაბრად განაწილებული ობსერვატორიების ქსელის შექმნა. პროექტის თანახმად, XIX საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს მსოფლიოში დაარსდა 39 მაგნიტურ-მეტეოროლოგიური ობსერვატორია, რომელთაგან ერთ-ერთი თბილისის მაგნიტურ-მეტეოროლოგიური ობსერვატორია იყო. თბილისში მისი დაარსების თარიღად მიჩნეულია 1844 წელი, თუმცა საარქივო დოკუმენტებით 1836 წელს თბილისის ობსერვატორიაში დაიწყო მეტეოროლოგიური, ხოლო 1837 წელს - მაგნიტური დაკვირვებები.
თბილისში ობსერვატორიამ რამდენჯერმე შეიცვალა ადგილი და საბოლოოდ, 1862 წელს დაფუძნდა თბილისის იმ დროს სრულიად დაუსახლებელ ადგილას (დღევანდელი დავით აღმაშენებლის #150გ). ობსერვატორიის შენობა დღეს დათმობილი აქვს ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტს. 1904 წელს თბილისში ტრამვაის ხაზის ამუშავების შემდეგ ობსერვატორია გადაიტანეს მცხეთის მახლობლად, სოფელ კარსანში, ხოლო ზაჰესის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ, ობსერვატორიამ კვლავ შეიცვალა ადგილი და დაფუძნდა ქალაქ დუშეთის მახლობლად, სადაც დღემდე ფუნქციონირებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დუშეთის მაგნიტური ობსერვატორია არის თბილისის მაგნიტურ-მეტეოროლოგიური ობსერვატორიის მემკვიდრე. ის მსოფლიოს სამეცნიერო ლიტერატურაში დაფიქსირებულია სახელით - "დუშეთის (თბილისის) მაგნიტური ობსერვატორია". აქვე აღვნიშნავ, რომ ობსერვატორიის დუშეთში გადატანასა და მის შემდგომ ფუნქციონირებაში დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოში გეოფიზიკური მეცნიერებების ფუძემდებელს, პროფესორ მიხეილ ნოდიას, რომლის სახელიც მინიჭებული აქვს გეოფიზიკის ინსტიტუტს. მახსოვს, როცა ბატონი მიხეილი დუშეთში ჩამობრძანდებოდა (სკოლაში დუშეთში ვსწავლობდი), მოწიწებით ვამბობდით, პროფესორი ჩამოვიდაო. ძალიან დიდი ავტორიტეტი ჰქონდა.
- რა არის მაგნიტური ობსერვატორიის მთავარი ფუნქცია და რა პერიოდის მასალა გაქვთ?
- ზოგადად სიტყვა "ობსერვატორია" ნიშნავს შენობას, სადაც რაღაც პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობს რეგულარული დაკვირვებები, ხოლო მაგნიტური ობსერვატორიის ძირითადი ფუნქციაა დედამიწის მაგნიტურ ველზე მუდმივი, დღეღამური დაკვირვება და მისი წამიერი მნიშვნელობების დაფიქსირება (რეგისტრაცია). ასევე განისაზღვრება, მაგნიტურ და გეოგრაფიულ მერიდიანებს შორის კუთხე, რაც ყველაზე პრაქტიკული და საჭირო მონაცემია. დღეისათვის დუშეთის (თბილისის) ობსერვატორიაში დაფიქსირებულია 140 წელზე მეტი ხნის უწყვეტი ინფორმაცია დედამიწის მაგნიტური ველის ცვლილებების შესახებ. მთელი სამეცნიერო ინფორმაცია გეოფიზიკის ინსტიტუტის არქივში ინახება.
- როგორც ვიცი, ობსერვატორია აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო პროგრამებში. ამის შესახებ გვიამბეთ.
- მაგნიტური ობსერვატორია არსებობის ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე მონაწილეობდა ყველა საერთაშორისო და საკავშირო პროგრამაში. აქედან მნიშვნელოვანია მისი მონაწილეობა პირველ (1882-1883 წწ.) და მეორე (1932-1933 წწ.) საერთაშორისო პოლარული წლის პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარებაში. ობსერვატორიამ აქტიური მონაწილეობა მიიღო, აგრეთვე, კავკასიის ტერიტორიის გენერალური მაგნიტური აგეგმვის დროს 1930-1935 წლებში, როგორც საყრდენმა პუნქტმა, რომლის მონაცემებითაც ხდებოდა საველე მაგნიტური ინფორმაციის კორექტირება.
დუშეთის (თბილისის) მაგნიტური ობსერვატორიის ისტორიაში ყველაზე საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი იყო მისი მონაწილეობა, იმ დროისათვის უპრეცედენტო საერთაშორისო პროექტში, სახელწოდებით - საერთაშორისო გეოფიზიკური წელი (ს.გ.წ.). მეამაყება, რომ ამ საერთაშორისო პროექტის მონაწილე ვარ თავიდან ბოლომდე. პროექტი დაიწყო 1957 წლის 15 ივლისს და დამთავრდა 1958 წლის 31 დეკემბერს, რაც სრულად მოიცავდა მზის აქტივობის მაქსიმუმს. პროექტში მონაწილეობა მიიღო 67-მა ქვეყანამ, იგი ითვალისწინებდა 42 სამეცნიერო პრობლემის კვლევას. პროგრამის წარმატებით შესრულების მიზნით შეიქმნა საერთაშორისო ორგანო - სპეციალური კომიტეტი, რომლის ხელმძღვანელად დაინიშნა ცნობილი ინგლისელი პროფესორი ს. ჩეპმენი.
- ობსერვატორიის დღევანდელ მდგომარეობაზეც გვითხარით.
- ამჟამად ობსერვატორია აღჭურვილია თანამედროვე ციფრული სავარიაციო და აბსოლუტური მაგნიტომეტრებით, რომელთა დიდი ნაწილი საგრანტო შეთანხმების თანახმად გვაჩუქა იაპონიის გეოფიზიკურ მონაცემთა მსოფლიო ცენტრის დირექტორმა პროფესორმა თ. იემორმა (ქალაქი კიოტო), რისთვისაც მისი დიდად მადლიერები ვართ. სასიამოვნო ფაქტია ისიც, რომ ობსერვატორიის მთელ ტერიტორიას 5,3 ჰა და შენობებს 2013 წლის 12 დეკემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანებით მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. წელს დუშეთის (თბილისის) მაგნიტურ ობსერვატორიას დაარსებიდან 180 წელი შეუსრულდა. ამ იუბილეს მიეძღვნა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ჩატარდა ოქტომბერში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ვისურვებდი, კიდევ მრავალ წელს გაეგრძელებინოს დუშეთის (თბილისის) მაგნიტურ ობსერვატორიას წარმატებული ფუნქციონირება.
ნანული ზოტიკიშვილი