სად ვეძებოთ ლიდერი?.. - გზაპრესი

სად ვეძებოთ ლიდერი?..

რომელსაც არც ოპოზიცია აღიარებს ლეგიტიმურად და ჯერ არც საერთაშორისო თანამეგობრობა. თუმცა "ოცნებას" ყველა და ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია და თავისას უბერავს. თავს გამარჯვებულად გრძნობს და რა ენაღვლება? სხდომაც ლამაზად ჩაატარეს, ერთმანეთის უფლებამოსილებაც ცნეს, საპარლამენტო თანამდებობებიც გადაინაწილეს, მალე მთავრობასაც დაამტკიცებენ და ახალ პრეზიდენტსაც აირჩევენ (ახალი წესით პრეზიდენტს ხალხი აღარ ირჩევს). მამუკა მდინარაძემ გამოგვიცხადა, ამჯერად მაინც ისეთ პრეზიდენტს ავირჩევთ, იმედები რომ არ გაგვიცრუოსო. წინა ორმა არჩევანმა ბატონ ბიძინას სულ თავბედი აწყევლინა. ახლა, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ფრთხილად იქნება. მესამე ცდაზე, როგორც იქნა, ბატონი ბიძინა აირჩევს სიკვდილამდე ერთგულ პრეზიდენტს და ასე დასრულდება ქვეყანაში შემორჩენილი ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტის არსებობა. ადამიანს, რომელსაც არანაირი სახელმწიფო თანამდებობა არ უკავია, დღეს ჯიბეში უდევს ქვეყნის პარლამენტი, ქვეყნის მთავრობა, სამივე ინსტანციის სასამართლო, რომელთაც ადეიშვილისა და სააკაშვილის ყოფილი მონებით აკონტროლებს და ახლა ჯიბეში ჩაიდებს პრეზიდენტის ინსტიტუტსაც, ამით გახდება მისი ძალაუფლება სრული და უკონტროლო.

ავე, ცეზარ!

ის, რაც ერთისთვის ტრიუმფია, მეორისთვის მარცხია. 25 ნოემბერი ყველაზე ცუდი დღე იყო ოპოზიციისთვის. რაც მაგ დღეს ოპოზიციას თავისივე მხარდამჭერებისგან მოხვდა, მაგდენი რუსის ბარაბანს არ მოხვედრია. ოპოზიცია "ქოცებისგან" ლანძღვასაა მიჩვეული, მაგრამ საპროტესტოდ მომართული ხალხისა და საკუთარი მხარდამჭერებისგან ალიყური არაა იოლი გადასატანი. არადა, იმსახურებენ, ვერ უარყოფ.

აქამდე ოპოზიციურად განწყობილი აქტივისტები ოპოზიციის კრიტიკისგან თავს იკავებდნენ. ჯერ ფიქრობდნენ, არჩევნებია წინ და იქნებ მოიგონ, არ დავაზიანოთო, მერე არჩევნები რომ ვერ მოიგეს, ფიქრობდნენ, ხალხს მაინც გამოიყვანენ ქუჩაში, ამ არალეგიტიმურ პარლამენტს შეკრების უფლებას არ მისცემენო, მოდი, ეს პროცესი არ დავაზიანოთო და როდესაც ესეც ვერ ქნეს, 25 ნოემბერს პარლამენტთან 500 კაცი ძლივს შეკრიბეს, ამოასხა ბევრს და დასცხო ოპოზიციას. სოციალურ ქსელებში სულ "უვარგისები" ეძახეს.

წარმოიდგინეთ ამ ოპოზიციის მდგომარეობა, ცალკე "ქოცები" დასცინიან, ხომ გაგაფარჩაკეთ არჩევნებზეო და ახლა საკუთარი მომხრეებიც აუჯანყდნენ. ზოგი იმასაც წერს, ახალი ხალხი გვინდა ოპოზიციაშიო, მაგრამ ეს ახალი ხალხიც არ ჩანს. ციდან ხომ არ ჩამოცვივა? არადა, ოპოზიციას ლიდერების მართლაც დიდი პრობლემა აქვს. ერთი ლიდერიც კი არ ჰყავთ, რომელიც ხალხის საყოველთაო სიყვარულითა და ნდობით ისარგებლებს. არ აქვს ფული, არ აქვს ძალა და ასეთ დროს ნდობაც თუ არ გაქვს, რა უნდა გამოგივიდეს?

ამიტომაც ხდება, რომ გაზაფხულზე ასი ათასი ადამიანი იდგა ქუჩაში და ახლა ათი ათასის შეკრებაც ჭირს. ამ არჩევნებზე ოპოზიციურად განწყობილმა ხალხმა ხმა ამ პარტიებს იძულებით მისცა. ხმა მისცეს, რადგან ცვლილებები უნდოდათ და არა იმიტომ, რომ ესენი მოსწონდათ. ფაქტობრივად, "ოცნების" საწინააღმდეგოდ მისცეს ხმა და არა მათ სასარგებლოდ. არჩევნებზე შეიძლება ასე აგირჩიოს ხალხმა, მაგრამ ქუჩაში არ გამოგყვება. არჩევნებზე შეიძლება გახვიდე ლიდერის გარეშე და კოალიციური მთავრობის იდეით, რომ აი, ყველა ერთად ვმართავთ და ა.შ., მაგრამ ქუჩაში პროტესტს სჭირდება ლიდერი, როგორიც იყო გამსახურდია ეროვნული მოძრაობის დროს, როგორიც იყო მიშა 2003 წელს (ახლანდელი მიშა ამისთვის ოდნავაც აღარ გამოდგება, რადგან მისი ნდობაც განულებულია). ჰოდა, ვინაა ასეთი? არავინ?

ოპოზიცია იძახის, - ხალხი არ გამოდის და ჩვენ რა ვქნათო? სწორედ ამიტომაც არ გამოდის. ადამიანი ბრძოლაში რომ გამოგყვეს, შენი უნდა სჯეროდეს. როგორც ბიძინა იტყოდა, ჭარბი ნდობა უნდა გქონდეს. სადაა ეს ნდობა? ფაფუ! არ არის!

ეს ნდობა ოპოზიციამ გზადაგზა დაკარგა, პირველ რიგში, თავისი არათანამიმდევრულობით. ერთ დღეს ერთს რომ ამბობდნენ და მეორე დღეს - მეორეს. ასევე შეუძლებელია ნდობის მოპოვება იქ, სადაც ამდენი "ნაცია". "ნაცების" დისკრედიტაცია ყველაზე იოლია და მათი მეშვეობით სხვების დისკრედიტაციაც ხდება. 12 წელია ხელისუფლება ამით გადის ფონს. ახლაც მთავარი დაპირება ეს ჰქონდათ, "ნაცებს" დავიჭერთ და ავკრძალავთო. ასეთ დაპირებებს რომ იძლევა, ტყუილად ხომ არ აკეთებს ამას, შესწავლილი აქვს ხალხის განწყობა და იცის, რომ მუშაობს, ჯერ კიდევ მაღალია "ნაცების" სიძულვილი.

"ნაცები" ამის გამო ხალხზე კი არ უნდა გაბრაზდნენ, საკუთარ თავს უნდა ჰკითხონ პირველ რიგში, იმ "ცხრა წლის" განმავლობაში ამდენი რა ჭამეს, რომ 12 წლის მერეც ამდენ ადამიანს სძულს და მათ გამო ოპოზიცია წელში ვერ იმართება?!

შესაბამისად, რა შეუძლია დღეს ოპოზიციას? არც არაფერი, ერთი რამის გარდა: ამჯერად მაინც შეასრულოს პირობა და იმ პარლამენტში არ შევიდეს, რომელსაც გაყალბებით არჩეულს ეძახიან. ეს სიტყვაც თუ არ შეასრულეს, მათი ისედაც განულებული ნდობა საერთოდ მინუსებში წავა.