უზურპატორი ხელისუფლება, უუნარო ოპოზიცია და სახტად დარჩენილი საზოგადოება - გზაპრესი

უზურპატორი ხელისუფლება, უუნარო ოპოზიცია და სახტად დარჩენილი საზოგადოება

XI მოწვევის პარლამენტი მაინც შეიკრიბა და "ქართული ოცნების" 88 წევრმა 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო. პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერად გია ვოლსკი, ვიცე-სპიკერებად კი თეა წულუკიანი და ნინო წილოსანი აირჩიეს. პრემიერმა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე მაკა ბოჭორიშვილის, იუსტიციის მინისტრად ანრი ოხანაშვილის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრად კი დავით სონღულაშვილის კანდიდატურები წარადგინა.

ოპოზიცია უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე და ქუჩაში ბრძოლის გაგრძელებას აანონსებს, თუმცა ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების ნაწილი ქუჩაში ძველებური ენთუზიაზმით აღარ გამოდის. საზოგადოებრივ განწყობებსა და პროცესების შემდგომ განვითარებაზე პროფესორი ლაშა ძებისაშვილი გვესაუბრება.

- ოპოზიციონერი ლიდერების მოუმზადებლობა შოკის მომგვრელი იყო. დიდი ხანია, ოპოზიციაზე წარმოდგენა მაქვს დაკარგული, მაგრამ არ მეგონა, ქვეყნისთვის საბედისწერო საკითხის გადაწყვეტის დროსაც თუ ვერ გამოიჩენდნენ ადეკვატურობას და ისევ ვიწრო პარტიული ინტერესებით იმოქმედებდნენ. საერთოდ მოუმზადებელი აღმოჩნდა ოპოზიცია, წარმოუდგენელი გულუბრყვილობა გამოიჩინეს. როგორ შეიძლებოდა დაეჯერებინათ "გადამგდები" ხელისუფლებისთვის, რომელმაც არა მარტო საკუთარი ხალხი, არამედ დასავლელი პარტნიორებიც არაერთხელ მოატყუა?! პოლიტიკური ოპოზიციისგან მინიმუმ, იმას მაინც ველოდი, რომ კოორდინირებულად და ერთობლივად იმოქმედებდა. ეს ყველაფერი ძალიან ცუდად მეტყველებს ოპოზიციონერი ლიდერების პოლიტიკურ უნარებსა და ცოდნაზე. საუკეთესო შემთხვევაში, მიამიტები არიან, უარეს შემთხვევაში - მოღალატეები.

- უკვე გავრცელდა არაერთი კულუარული ვერსია, რომლის თანახმადაც, ოპოზიციონერი ლიდერები ცალ-ცალკე ცდილობდნენ, ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებას იმ ერთთვიანი პაუზის განმავლობაში, რომელიც არჩევნების შედეგების გამოცხადების დღესა და რადიკალური საპროტესტო აქციების გამოცხადების დღეს შორის იყო. რამდენად სარწმუნოა ეს ხმები?

- სიმართლე რომ გითხრათ, საერთოდ არ მაინტერესებდა, რა მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. როდესაც მმართველ გუნდში მყოფი ძალა ხელისუფლების უზურპაციას ცდილობს, პოლიტიკური ოპოზიცია ვალდებულია, წინააღმდეგობა გაუწიოს ამას, მაგრამ მე ვხედავ, რომ ოპოზიციას ამის არც უნარი აქვს და არც სურვილი. შესაბამისად, მიჩნდება კითხვა: არჩევნების შედეგების დადგომის დღიდან ერთი თვის თავზე როგორ ვერაფერი მოახერხეს? თავადვე გაიძახოდნენ, კულმინაციური დღისთვის ვემზადებითო. სად ჩანდა კულმინაცია, სად ჩანდა, რომ 25 ნოემბრისთვის ემზადებოდნენ?! არსად, არანაირი მიმართულებით არანაირი რესურსი არ ჩადეს, არც ხალხთან იმუშავეს, არც მედიასთან და არც საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ეს ფაქტი მაძლევს იმის საფუძველს, რომ პოლიტიკური ოპოზიცია არა მხოლოდ უუნარობასა და უსუსურობაში, არამედ ქვეყნისადმი მავნებლობაშიც დავადანაშაულო. ამ ხალხს ქვეყნის მართვის ამბიცია აქვს და ნახეთ, რას აკეთებენ: თან გვეუბნებიან, რომ ჩვენი ქვეყანა ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დგას - ხელისუფლება გასულია კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და დასავლურ პერსპექტივას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ - და თან არაფერს არ აკეთებენ ამ საფრთხის შესაჩერებლად. ქვეყანა უკვე ძალიან სწრაფი ნაბიჯებით მიექანება ტოტალიტარიზმისკენ, პიროვნების კულტის დამკვიდრებისკენ და ოპოზიციას ძალიან ცოტა დრო დარჩა იმისთვის, რომ სწორი ნაბიჯების გადადგმა მოასწროს, წინააღმდეგ შემთხვევაში გაქრებიან ისინი როგორც პოლიტიკური სპექტრიდან, ასევე საზოგადოების მეხსიერებიდან. "ქართული ოცნება" ხელიდან გაშვებული ყველაზე დიდი შანსია საქართველოს ისტორიაში. ასევე ეს არის დაკარგული დრო ოპოზიციისათვის.

lasha-zebisashvili8-1733122533.jpg

- მოდი, უფრო კონკრეტულად ვთქვათ, რა უნდა გაეკეთებინა ოპოზიციას, ასეთ მოცემულობაში რომ არ აღმოჩენილიყო?

- ოპოზიციის მთავარ პრობლემად მაინც ის მიმაჩნია, რომ არც ერთმანეთის წინაშე არ არიან გულწრფელები და არც საზოგადოების წინაშე. ყველა ლოგიკით, მათ უნდა სცოდნოდათ, რომ არჩევნების შემდეგ ასეთი შედეგი დადგებოდა და წინმსწრებად უნდა ჰქონოდათ გამზადებული სამოქმედო გეგმა ხელისუფლების უზურპაციის აღსაკვეთად. ავტორიტარული მმართველობის შეცვლა ძირითადად, სამი ფაქტორის გამოყენებით ხდება. ესენია: პირველი - გარე ზეწოლის გაზრდა, მეორე - შიდა წნეხი (გაბრაზებული მოსახლეობის გამოყენება) და, მესამე, იმ ინსტიტუტების მორღვევა, რომლებსაც რეჟიმი ეყრდნობა. ეს ყველაფერი შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციაში შექმნილია ერთიანი პოლიტიკური ცენტრი, რომელიც კოორდინირებულად მუშაობს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციას შეეძლოს გაბრაზებული ხალხის სწორად მართვა. ეს კი ვერანაირად ვერ მოხერხდება, როდესაც 9 პარტია, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ყოველგვარი კოორდინირების გარეშე სხვადასხვა აქციას აწყობს. არავინ არ იცოდა, დღეში რამდენი აქცია იმართებოდა, სად იმართებოდა ან რისთვის იმართებოდა. ამ ყველაფერს სჭირდებოდა დაგეგმვა და სწორი მართვა. ერთიანი ძალით, ერთმანეთთან შეთანხმებით უნდა დაეწყოთ ეროვნული დაუმორჩილებლობა. კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა კი სიტუაციიდან გამომდინარე უნდა მომხდარიყო. ხალხმა დღეს არ იცის, რისთვის უნდა გავიდეს ქუჩაში და საბოლოოდ რა შედეგით უნდა დამთავრდეს ყველაფერი. თუ ასე გაგრძელდება, სულ უფრო ნაკლები ხალხი გამოვა აქციაზე. ხალხი მხოლოდ ხელისუფლებამ კი არა, ოპოზიციამაც არაერთხელ მოატყუა. ნახეთ რა მოხდა, ხომ გახსოვთ, რა მჭექარე განცხადებებს აკეთებდნენ ოპოზიციონერი ლიდერები, რუსული კანონი არ უნდა მივაღებინოთო?! მიიღეს! ოპოზიციის პასუხი რა იყო?! არც არაფერი. წავედით, დავიშალეთ და არჩევნებზე გავსწორდებითო. ანუ ლოგიკა რა იყო? არ უნდა მივაღებინოთო, მაგრამ აი, თუ მიიღესო... (ანუ უშვებ მაინც, ხომ, იმ ალბათობას, რომ მიაღებინებ? და სხვა რამეს, ესე იგი, არც არაფერს აპირებ? იმიტომ, რომ "არ უნდა მივაღებინოთ" ნიშნავს სულ სხვა რამეს და აპრიორი გამორიცხავს მიღებას). ისიც კი მახსოვს - ეგ ბრაზი არჩევნებისთვის შემოინახეთო!.. და ასე დატოვეს ათიათასობით ქუჩაში გამოსული ხალხი ხახამშრალი. ომზე არ ვისაუბროთო - და მთლიანად ეს თემატური ველი "ოცნებამ" წაიღო და გამოიყენა 1000%-ით! მოდის ადამიანი და გეკითხება, ეს რუსეთი უკრაინას რომ ბომბავს, ჩვენც ხომ არ დაგვბომბავსო?.. შენ ამ დროს მზერას აშორებ და იწყებ ევროპულ სარგებელზე საუბარს - კარტოფილს რომ იქ გაყიდი და პენსია მაღალი გექნება. არადა, ადამიანს შენი პასუხი აინტერესებს, ომი იქნება თუ - არა, და თუ არ გაქვს პასუხი, ესე იგი, წააგე ამ ფრონტზე "ოცნებასთან". არჩევნებს ვერ გააყალბებენო, - და ეს იმ დროს, როცა უკვე არჩევნებამდე კარგა ხნით ადრე დაიწყო "ოცნებამ" ყველა რგოლში ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც მხოლოდ სამომავლოდ გამზადებულ ტოტალურ და სისტემურ გაყალბებაზე მიანიშნებდა (ცესკოს შემადგენლობიდან დაწყებული, საკუთრივ ხმის მიცემის პროცესით დამთავრებული). გააყალბეს და თან, კონსტიტუცია გადაახიეს თავზე მთელ საქართველოს! ამ დროს არც გეგმა ჰქონდათ რამე, არც მონახაზი საპასუხო მოქმედების, არაფერზე უმსჯელიათ საერთოდ. წარმოიდგინეთ - "ოცნების" მმართველობის პირობებში კოალიციურ მთავრობაზე და პრემიერობის კანდიდატებზე საუბრებში ატარებდნენ დროს!.. შედეგად, გაყალბების შემდეგ რამდენიმე დღე სრული საინფორმაციო სიჩუმე სუფევდა ოპოზიციის ფლანგზე (გახარიას გამოკლებით, მაინც); ერთი თვის თავზეც კი ვერ გადალახეს საკუთარი ეგოები ერთობლივი გეგმისა და მოქმედების დასაწყებად. ხან რა შემოგვტენეს გეგმად და ხან - რა... ხან სად მიაპროწიალებდნენ ამ ხალხს და ხან - სად, და ეს ყველაფერი თურმე ერთი დიიიიდი გეგმის ნაწილია (რომელიც დღემდე კაციშვილმა არ იცის), რომელმაც თურმე მუხტი უნდა ასწიოს.

- ამ ყველაფრის ფონზე რამდენად საგულისხმოდ გეჩვენებათ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გეგმა, სადაც ის ამბობს, რომ საჭიროა ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების?

- არ ვიცი, ქალბატონ ზურაბიშვილს როგორი პოლიტიკური გეგმები აქვს, მაგრამ მრჩება განცდა, რომ ის პოლიტიკაში დარჩენას აპირებს. შესაბამისად, სჭირდება პოლიტიკური პარტიაც. ვფიქრობ, ის დაიწყებს საკუთარი თავის გარშემო ახალი პოლიტიკოსების შეკრებას და ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებას. თუმცა, ცუდ რამესაც ვიტყვი: პოლიტიკური ლიდერები ძალიან ხშირად აცხადებენ, რომ საჭიროა ახალი პოლიტიკური სახეები, ახალი სისხლი პოლიტიკაში და ამ დროს ისევ ხშირად ძველი ნაცნობი სახეები იკრიბებიან. ეს არის საქართველოს პოლიტიკური წყევლა. ეს ჩემი ვარაუდია.

ამ დროს, პრეზიდენტი, რომელიც ქართული ქარტიის იდეას "აწვებოდა", ანუ ერთიანი გეგმის ფარგლებში მოქმედებას არჩევნების მოგების შემდეგ, რატომღაც ახლა განზე დგას და გარდა ცალკეული კომენტარებისა (არჩევნების არაკონსტიტუციურობის შესახებ), როგორც ჩანს, არ აპირებს ოპოზიციური ფლანგის კონსოლიდაციას. თან, თუ საზოგადოებასთან კომუნიკაციის სანდოობაზეა საუბარი, რატომღაც სალაპარაკოდ და მესიჯების გამხმოვანებლად ლამის ყველაზე ცნობად, წარსულში "ოცნების" სახეს იყენებს.

- გამოსავალს რაში ხედავთ?

- ქართველ საზოგადოებას სხვა არაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ გაიმეოროს ის გამოცდილება, რომელიც საბჭოთა კავშირის ბოლო დეკადაში გამოიარა. ქართველ საზოგადოებას მოუწევს ხელახლა დაბადება და თვითორგანიზება, მაგალითად, კომიტეტების, საბჭოების სახით სხვადასხვა პროფესიულ და ინტერესთა ჯგუფის მიხედვით (სტუდენტური კომიტეტი, მედიკოსთა კომიტეტი, ჟურნალისტთა კომიტეტი, პროფესორ-მასწავლებელთა კომიტეტი, ბიზნეს-მეწარმეთა კომიტეტი და ა.შ.), რომლის ფარგლებშიც მოხდება არაფორმალური წინააღმდეგობის ფორმების შექმნა (რადგანაც "ოცნება" თანდათანობით, ყველანაირ ფორმალურ საშუალებას აკრძალავს) და საბოლოო ჯამში, ახალი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ჩამოყალიბება თავისი ახალი, მაგრამ სანდო ლიდერებით, რომელთაც, დღევანდელი ლიდერებისგან განსხვავებით, არაფერი ექნებათ დასაკარგი, გარდა ღირსებისა და სახელისა.

ხათუნა ბახტურიძე