"კანონმდებლობით სანამ არ დადგინდება სიმართლე, ექიმი აგრძელებს მუშაობას" - გზაპრესი

"კანონმდებლობით სანამ არ დადგინდება სიმართლე, ექიმი აგრძელებს მუშაობას"

პირველად ნახა თავისი ტყუპი იაშვილის კლინიკაში და შვილებთან ერთად გადაღებული კადრები სოციალურ ქსელში გაავრცელა. პირველად აჭამა თავის შვილებს და ძალიან განიცდის, რომ მისმა საყვარელმა მეუღლემ პატარების ხელში აყვანა ვერ შეძლო.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ქუთაისის მეორე სამშობიაროში, მშობიარობის მერე ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა დამძიმდა. მას დაეწყო სისხლდენა, ექიმებმა კი ეს გვიან გაიგეს, მერე საშვილოსნო ამოუღეს და მის გადარჩენას შეეცადნენ, მაგრამ მდგომარეობა დამძიმდა. ის ჯერ ბომონდის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გული გაუჩერდა - ხელით აუმუშავეს და ამის შემდეგ რეანიმობილით თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმები იბრძოდნენ მის გადასარჩენად. სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შორენას დიდი რაოდენობით სისხლის გადასხმა სჭირდებოდა, სისხლიც ჩააბარეს ადამიანებმა, მაგრამ მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ მისი კომიდან გამოყვანა ექიმებმა ვეღარ მოახერხეს. ოჯახმა ყველა ღონეს მიმართა და რეანიმობილით შორენა თურქეთის კლინიკაში გადაიყვანა. ძალიან ოპერატიულად მოხდა ყველაფერი, მაგრამ სამწუხაროდ, მეორე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ შორენას გადარჩენა ვერც თურქმა ექიმებმა შეძლეს.

წყვილი ერთი წლის შეუღლებული იყო, ბედნიერად ცხოვრობდნენ და უცებ ამხელა ტრაგედია დაატყდათ თავს. ოჯახი მომხდარში ექიმს ადანაშაულებს და მის დასჯას ითხოვს.

მარიამ ჯამბურიძე, შორენა ონიანის დეიდაშვილი:

- ძალიან მძიმეა ჩემთვის შორენაზე წარსულში საუბარი. 28 წლის ადამიანზე, რომელიც ახლა გახარებული უნდა იყოს თავის ტყუპთან ერთად, მაგრამ სამწუხარო რეალობაა. იმდენად ლაღი, მხიარული, მეგობრული, სიცოცხლით სავსე იყო, ყველაფერი მოასწრო ამ ასაკში. უამრავ ადამიანს შეაყვარა თავი. ვინც ერთხელ მაინც შეხვედრია შორენას, დამეთანხმება, საოცარი აურა ჰქონდა. სახლში რომ შემოვიდოდა, თუ რამე გაწუხებდა, თავისი ქცევით, მოპყრობით, ყველაფერს დაგავიწყებდა. ძალიან უყვარდა ბავშვები. საბავშვო ბაღში მუშაობდა. წარმომიდგენია, როგორი დედა იქნებოდა, მაგრამ ექიმების დაუდევრობას შეეწირა. მთელი 8 თვე სახლში იყო, უფრთხილდებოდა თავისი დიდი სიყვარულის ნაყოფს. ჩემს შვილებს არ დაუშავდეთ რამე, - იტყოდა ხოლმე და რაც საჭირო იყო, ყველაფერს ზედმიწევნით ასრულებდა. ჭამა დიდად არ უყვარდა, მაგრამ ეს ჩემს შვილებს სჭირდებათო და კვებას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა. გაოცებული ვიყავი, რომ ვუყურებდი. ვეტყოდი, - საიდან გაქვს ამხელა სიყვარული-მეთქი? თავდადებული დედა იყო. მუცლადმყოფ შვილებს ისე ესაუბრებოდა, ისეთი ბედნიერები უნდა ყოფილიყვნენ და უცებ ექიმის დაუდევრობამ თავზე დაამხო ამ ბედნიერ ოჯახს ყველაფერი... მადლობა ღმერთს, ბავშვები კარგად არიან და დარწმუნებული ვარ, კარგი ბიჭები გაიზრდებიან.

- რთული ფეხმძიმობა ჰქონდა?

- 4 თებერვალს გათხოვდა და მალევე ფეხმძიმედ დარჩა. პირველ ვიზიტზე არ ჩანდა, რომ ტყუპი იყო. ვერ ვიტყვი, რომ რთული ფეხმძიმობა ჰქონდა. ერთადერთი, ნაადრევი მშობიარობის რისკი გახლდათ. ექოსკოპიას სხვა კლინიკაშიც იკეთებდა, ამოწმებდა, რამე არ გაიპაროსო და იდეალურად ჰქონდა ყველაფერი. ერთადერთი, სხვა კლინიკაში უთხრეს, 37 კვირამდე თუ მიაღწევ, აუცილებლად გაიკეთე საკეისროო. საკმაოდ დიდი მუცელი ჰქონდა, ხშირად იწვა, რადგან წოლითი რეჟიმის დაცვა ურჩია ექიმმა. ზესტაფონში ცხოვრობდა ცოლ-ქმარი, გიგას მშობლების სახლში დადიოდნენ ხოლმე, ბოლო ერთი თვე იქაც არ ასულა, იმდენად უჭირდა მოძრაობა. დედამთილს აქეთ ჩამოჰქონდა გაკეთებული საჭმელები და თავს ევლებოდნენ. ბოლო პერიოდი ამბობდა, თირკმელსა და მენჯის ძვალზე მაწვება ნაყოფიო. გინეკოლოგის ყველა მითითებას ზედმიწევნით ასრულებდა. ბოლოს ყველა ვიზიტის წინ ამბობდა, ახლა რომ მივალ, საკეისროს გაკეთებას ვთხოვ ექიმს, რადგან ისე მტკივა, მეტი აღარ შემიძლიაო, მაგრამ ექიმი არწმუნებდა, ცოტა მოეთმინა და ისიც ითმენდა. 8 თვის და ერთი კვირის იყო, მშობიარობა რომ დაეწყო. ორი კვირით ადრე ის ცუდად იყო, ექიმს დაურეკა, მეტი აღარ შემიძლია, საკეისრო გამიკეთეო. ექიმმა უთხრა, - ორი კვირა იმ კლინიკაში არ ვარ, სხვაგან ვმუშაობ და მოითმინეო. 13 დღით დაუგვიანა საკეისრო კვეთა, რადგან სხვაგან მუშაობდა. შორენა იქ იყო აღრიცხვაზე და ალბათ, ამიტომ გააკეთა ასე. შორენა თვითონ იმდენად მიმნდობი იყო და იმდენად სჯეროდა ამ ექიმის, რომ მის ყველა სიტყვას ემორჩილებოდა... როდემდე უნდა ვიყოთ ასეთ უპატრონო ქვეყანაში, როგორ არ უნდა კონტროლდებოდეს, როცა ამდენი საჩივარია ამ კლინიკაზე? რატომ არ უჩერებენ ლიცენზიას, როცა შესაბამისი აპარატურაც კი არ აქვს, რომ დამძიმებულ ფეხმძიმეს დახმარება აღმოუჩინოს.

- შორენას საკეისრო გაუკეთდა?

- 14 ნოემბერს იყო დაბარებული ამ ექიმთან ვიზიტზე, საკეისრო უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ 11 ნოემბერს მოვლითი ტკივილები ჰქონდა. ჩათვალა, რომ გაუვლიდა, რადგან მანამდეც წელი სტკიოდა და ანალოგიური სიმპტომების დროს ექიმმა უთხრა, ბავშვი შემობრუნდა ალბათ, გაგივლის, არაფერი იქნებაო. ბოლო ერთი კვირა წნევებიც მაღალი ჰქონდა, ფეხებიც დასივებული, ურეკავდა ექიმს და ის დისტანციურად უნიშნავდა სხვადასხვა წამალს. უცვლიდა პრეპარატს, რადგან არ იყო შედეგი. თირკმელზე მაწვებიანო, არაერთხელ უთხრა მას და იქნებ მაშინვე იყო საკეისრო გასაკეთებელი?! მეტი აღარ შემიძლიაო, დაუჩივლია წინადღეს და დედამისსაც უთქვამს, - არ დაელოდო, "სასწრაფო" გამოიძახეო, მაგრამ შორენა იმდენად მორიდებული იყო, სხვასთან როგორ მივიდეო? 12 ნოემბერს უკვე ემზადებოდა წასასვლელად, მაგრამ წყლებიც დაღვარა, სანამ ზესტაფონიდან ქუთაისში ჩავიდა, მშობიარობა დაეწყო. შორენამ საავადმყოფოში შესვლიდან ნახევარ საათში იმშობიარა ფიზიოლოგიურად, საკეისროს უკვე ვეღარ გაუკეთებდნენ. პირველი ბავშვი კარგად დაიბადა, მეორეს გაუჭირდა. არ დაგვეღუპოს ნაყოფიო და ექიმი დაეხმარა, სავარაუდოდ მაშინ მოხდა საშვილოსნოს დაზიანება. ვიდეოებიც არსებობს და იმ კადრებშიც ეტყობა, რომ ცუდად არის. იმდენად მომთმენი გოგო იყო, ისე გააჩინა ორი ბავშვი, ხმა არ ამოუღია. ამხელა წნევები ჰქონდა, ასე ცუდად იყო და კიდევ მორიდებით და თხოვნით ელაპარაკებოდა ექიმს, იქნებ საკეისრო გამიკეთოო... მშობიარობის შემდეგ ორივე ბავშვი გადაიყვანეს 24-საათიანი დაკვირვების რეჟიმში, შორენა დატოვეს პალატაში და მუცელზე ყინულები დაადეს, რომ სისხლი შედედებულიყო. 11 საათზე იმშობიარა და 12 საათსა და 20 წუთზე ველაპარაკე, - სუსტად ვარ, ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა, ბავშვებს 24 საათი უნდა დააკვირდნენ, რადგან დღენაკლულები არიანო. მეგონა, ყველაფერი კარგად იყო. სამსახურში ვიყავი და 6 საათსა და 30 წუთზე დავურეკე შორენას ძმას, მაშინ გავიგე, რომ ოპერაცია გაუკეთეს და საშვილოსნო მთლიანად ამოკვეთეს. ოპერაციის შემდეგ რომ გამოვიდა ექიმი, ოჯახის წევრებისთვის უთქვამს, - გილოცავთ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, თქვენც გადარჩით და ჩვენცო. ჩემს დეიდაშვილს უთქვამს, თუ არ შეგიძლიათ პაციენტის მართვა, გადავიყვანთ სხვაგან ჩვენი ხარჯებით, მთავარია, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნასო. არ საჭიროებს გადაყვანას, სისხლდენის საშიშროებაც აღარ არის, დაველოდოთო.

- მალევე მიხვდნენ, რომ სისხლდენა დაეწყო?

- მალე რომ მიმხვდარიყვნენ, შორენა დღეს ცოცხალი იქნებოდა. 11 საათზე რომ იმშობიარა, 2 საათზე მიხვდნენ, რომ სისხლდენა ჰქონდა, მანამდე სამჯერ გული წაუვიდა, კრიჭაც შეეკრა, იმ დროს მისი მეუღლეც იქ იყო და მან გაუხსნა პირი. წნევაც მაღალი ჰქონდა, ელემენტარულად წნევის წამალიც კი არ ჰქონდათ კლინიკაში და ქმარი გაგზავნეს აფთიაქში. მერე კიდევ გაგზავნეს სოსკიანი თავით წყლის ბოთლი მოუტანეო. ფაქტია, უყურადღებოდ დატოვეს პაციენტი და დაუდევრობას შეეწირა სიცოცხლით სავსე გოგო. რამდენჯერ გული წაუვიდა და ხომ უნდა მიმხვდარიყვნენ, ჟანგბადის ნაკლებობა რომ ჰქონდა? მესამედ რომ წაუვიდა გული, ამის შემდეგ გადაუღეს ექოსკოპია და ნახეს, რომ მუცელი სისხლით იყო სავსე, იქიდან სასწრაფოდ შეიყვანეს საოპერაციოში, სისხლიც არ აღმოაჩნდათ კლინიკაში, ამის საშოვნელადაც მეუღლე გაგზავნეს სხვაგან, ისიც ვერ მიიღო ორგანიზმმა, 2 ლიტრზე მეტი სისხლი ჰქონდა დაკარგული. სართულიდან სართულზე დარბოდნენ, რომ საოპერაციო იარაღები მოეტანათ. უნდა განახათ რეანიმაციის ოთახი როგორ აქვთ მოწყობილი, ჟანგბადის აპარატიც კი არაა... მეუღლესაც უკითხავს, ასეთი ფერი რატომ აქვსო? ექიმს უპასუხია, ასე იცის ტყუპზე და საშიში არაფერიო. კლინიკაში რომ ხარ, ექიმის იმედად, ერთი ხმამაღალი სიტყვაც არ უთქვამს ექიმისთვის ქმარსაც და არ უკითხავს, რამეს არასწორად ხომ არ აკეთებთო... ოპერაცია რომ დამთავრდა, თქვეს, სტაბილურად არისო. შორენა ნარკოზიდან გამოვიდა ოპერაციის მერე. ჩემი დეიდაშვილი შეუშვეს მასთან და იქიდან ტირილით გამოვიდა, სახეზე ხალი რომ ჰქონდა შორენას, იმით მივხვდი, რომ შეშუპებული არისო. თირკმელი არ მუშაობდა, ტვინში სისხლმა გაჟონა, ოპერაციის დროს გული გაუჩერდა და ესეც არ უთქვამთ, დაგვიმალეს. ბავშვები ჩამოუყვანეს და გულზე დაუწვინეს, როცა მიხვდნენ, ცუდად იყო, - იქნებ ცოტა ძალა მიეცესო. საღამოს 11 საათზე გვითხრეს, სტაბილურად არისო, მაგრამ თვალის გუგები ისე ჰქონდა გაფართოებული, ღუდუშაურში რომ გადმოვიყვანეთ, ექიმმაც თქვა, თვალებს ასე რომ ატრიალებს ადამიანი, მაშინ ტვინი არ მუშაობს კარგადო. ჩვენმა ბიძაშვილმა ბიჭმა იჩხუბა: არ მოკვდესო და ამის შემდეგ თქვეს, ჩვენ გამოვიძახებთ რეანიმობილსო. მომაკვდავი პაციენტის მიღებას ყველა კლინიკა ერიდება, ვიღაცები შევაწუხეთ და შორენა გადავიყვანეთ. იმდენად კრიტიკული მდგომარეობა იყო, ნახევარი საათი ვერ გამოიყვანეს კლინიკიდან. ბომონდშიც გული გაუჩერდა. ახალგაზრდა ექიმმა ჩაუტარა მასაჟი და 9 წუთამდე გაჩერებული გული აუმუშავა, არ დაანება თავი. თირკმელი გათიშული იყო, ფილტვი ხელოვნურ სუნთქვაზე. მაქსიმუმი გააკეთეს იქ, მერე რეანიმობილით გადმოვიყვანეთ ღუდუშაურში, ფაქტობრივად მკვდარი პაციენტი მიიღეს. ოპერაცია თავიდან გაუკეთეს, რადგან ქუთაისში საშვილოსნო რომ ამოკვეთეს, მაშინ დრენაჟი არ ჰქონდათ ჩადგმული და ამიტომ, რაც გარეთ უნდა გამოსულიყო, ის სითხე ისევ შიგნით იქცეოდა. ამოასუფთავეს მუცლის ღრუ. ექიმმა გვითხრა, ახლა მთავარია ტვინში არ ჰქონდეს დიდი დაზიანება, დანარჩენი ორგანოები ნელ-ნელა მწყობრში ჩადგებაო. ღამის 3 საათზე კატე რომ გადაუღეს და იქაურმა ნეიროქირურგმა ნახა, თქვა, ხელს ვერ მოვკიდებო, სულ შავი ლაქებით იყო დაფარული, ტვინის უჯრედები მკვდარიაო. ვერ ვისვენებდით, დავიწყეთ სხვა კლინიკებში ნეიროქირურგების მოძებნა. ამერიკული ჰოსპიტლის ნეიროქირურგმა უსასყიდლოდ ნახა კატე და თქვა, ძალიან რთული სიტუაციააო. ჩვენ მაინც ყველაფერს ვეჭიდებოდით. შორენას მაზლის ცოლმა თურქეთში გადაგზავნა კატეს პასუხი. ექიმმა თქვა, ცუდი მდგომარეობაა, მაგრამ როგორმე აქამდე ჩამოიყვანეთო... მადლიერება მინდა გამოვხატო იმ ხალხის მიმართ, ვინც ამ მძიმე მდგომარეობაში ოჯახს მხარში ამოუდგა. საოცარი მხარდაჭერა იყო, მაგრამ თანხა უკვე აღარ შველოდა შორენას. გამთენიის 5 საათზე ჩავიდნენ ტრაპიზონში, ტრანსპორტირებას გაუძლო, ბევრი ანალიზი გაუკეთეს, თურქეთშიც ნეიროქირურგმა თქვა, ტვინის უჯრედები მკვდარია და გამორიცხულია რაიმეს გაკეთებაო.

ის ექიმი, ვის გამოც შორენა დავკარგეთ, მეორე დღეს მისული იყო სამსახურში სამუშაოდ. არ ვიცი, როგორ დებს ბალიშზე თავს, როცა ორ ანგელოზს დედა ვერ გადაურჩინა. როგორც ვიცი, საქმე აღძრულია. გაანადგურეს ოჯახი... ბავშვები მამასთან, ზესტაფონში გაიზრდებიან. ახლა ისინი არიან ერთადერთი იმედი და ძალა შორენას მეუღლისთვის, ძმისთვის, მშობლებისთვის. არ შეიძლება ამხელა დანაშაული ექიმს შერჩეს.

ჩვენ დავუკავშირდით ასევე ქუთაისის მეორე კლინიკის დირექტორს.

mama-bavsvebtan-1733124747.jpg

ირაკლი მერკვილაძე:

- იცით, რომ გამოძიება მიმდინარეობს. ამაში ჩართულია ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სამსახური. ყველა დაკითხულია, მასალები გადაგზავნილია პოლიციაში, იკვლევენ ყველაფერს და დაველოდოთ.

- ის ექიმი ისევ აგრძელებს მუშაობას?

- დიახ, ამ ეტაპზე ექიმი აგრძელებს მუშაობას, რადგან ჯერჯერობით რეგულირების სამსახურს მისთვის უფლებამოსილება არ შეუჩერებია. ეს უნდა გააკეთოს რეგულირებამ, მანამდე ჩვეულებრივ მუშაობს.

- ოჯახი ამბობს, რომ ექიმმა საკეისრო კვეთა დააგვიანა, რადგან სხვა კლინიკაში მუშაობდა იმ პერიოდში.

- ქალი ჩვენთან შემოვიდა ჭინთვებით, ამიტომ საკეისრო უკვე დაგვიანებული იყო. ეს ექიმი ძირითადად ჩვენი კლინიკის თანამშრომელია. მთავარი სამსახური აქ აქვს, მაგრამ სხვა კლინიკაშიც მუშაობს. როგორც ვიცი, ის ამ პაციენტს რეგულარულად ხვდებოდა, ყოველკვირა იბარებდა და რასაც თქვენ კითხულობთ, ეს ასახულია ისტორიაში. მოკლედ, გამოძიება ყველაფერს დაადგენს.

- ამბობენ, რომ თქვენმა მეუღლემ პაციენტი იმ დღეს მიიღო და თქვენც ესწრებოდით ამ პროცესს...

- მე კლინიკის დირექტორი ვარ, ვიყავი საქმის კურსში. ჩემი მეუღლე გინეკოლოგია, ის იყო მორიგე. გიდასტურებთ, რომ პაციენტი მიიღო მორიგე ექიმმა და მერე მოვიდა მისი ექიმიც, სადღაც 10 წუთში.

- სისხლდენა რომ დაეწყო, რატომ ვერ გაიგეს დროულად? ამბობენ, რომ რამდენიმე საათის შემდეგ მიხვდა ამას ექიმი...

- ამ ყველაფერს გამოძიება დაადგენს. პაციენტის მშობიარობას ესწრებოდა მისი ნათესავი. ორივე ბავშვი დაიბადა ბუნებრივი გზით, მეორე ბავშვიც დაიბადა 6 წუთში, მხოლოდ დღენაკლულები იყვნენ, სხვა პრობლემა არ იყო.

- მაშინ სად დაუშვეს შეცდომა?

- შეცდომა იყო თუ არა, ამაზე მე ვერ ვისაუბრებ, არ ვარ ექსპერტი. ამას ექსპერტიზა დაადგენს. ველოდებით დასკვნებს.

- ამბობენ, რომ კლინიკას არ ჰქონდა შესაბამისი აპარატურა, არ გქონდათ ჟანგბადის აპარატი და სათანადოდ არ ხართ აღჭურვილი?

- არ იყო ასე. ჩვენს კლინიკას აქვს მიღებული აისოს სერტიფიკატი, აკრედიტაცია გავლილი აქვს ჯანდაცვის სამინისტროში. რაც საჭირო იყო, ყველაფერი ადგილზე გვქონდა. მესმის ოჯახის, დიდი ტრაგედია მოხდა, ჩვენი თანამშრომლებიც განიცდიან ამ შემთხვევას, მაგრამ... დაველოდოთ გამოძიებას. თვითონ მინისტრი კურირებს ამ საქმეს. ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. სისხლდენა რომ იყო და გართულება, ეს თავისთავად ფაქტია. ეს ჩვენთან მოხდა, ამას არ უარვყოფთ. რა და როგორ იყო, ეს უნდა თქვან დამოუკიდებელმა ექსპერტებმა, რომლებიც ჩართულები არიან საქმეში.

ბოდიში, მეტ კითხვას ვერ ვუპასუხებ, პაციენტები მელოდებიან. ჩვენ მზად ვართ გამოძიებას გავცეთ ყველა კითხვაზე პასუხი. კანონმდებლობით სანამ არ დადგინდება სიმართლე, ექიმი აგრძელებს მუშაობას. ამაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს რეგულირების სააგენტომ.

თეა ხურცილავა