რა ხდება ხელოვანის გულსა და კარიერაში? - გზაპრესი

რა ხდება ხელოვანის გულსა და კარიერაში?

რომელსაც თავისი ნახატებით მიტოვებული შენობების კედლების "გაცოცხლებაც" შეუძლია, საზოგადოებამ რეალითი შოუდან გაიცნო. მას შემდეგ ნოდოს ნამუშევრებიც და ცხოვრებისეული ამბებიც საზოგადოების ინტერესს იწვევს. ამჟამად, სიახლე ხელოვანის პირად ცხოვრებას უკავშირდება...

- ძალიან კარგად ვარ. რეალითი შოუში მონაწილეობამდეც ბევრი საქმე, შეკვეთა მქონდა, მაგრამ პროექტის დასრულების მერე, ჩემი შეკვეთები გაორმაგდა. შესაბამისად, მეტად მოტივირებული, მოწადინებული ვარ. ოცნებების ახდენის სურვილი გამიძლიერდა, რადგან ჩემი ოცნებები გარეალურდა. აღმოვაჩინე, რომ რაც უფრო ნელა მივდივარ წინ, მით მეტი დრო მაქვს, რომ პროფესიულად გავიზარდო და ჩემი შესაძლებლობები სააშკარაოზე გამოვიტანო.

- რა ოცნება გაქვს, რომლისკენაც ნელ-ნელა მიიწევ?

- ხელოვანმა ადამიანებმა (მასწავლებლებმა, ლექტორებმა, პროფესორებმა...) ბევრი რამ მასწავლეს. ბავშვობიდან სამხატვრო სკოლაში, პიონერთა სასახლეში დავდიოდი, შემდეგ სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე, კერძო მასწავლებელიც მყავდა... მასწავლებლებმა ჩემში სწავლის ძლიერი სურვილი დაინახეს და ამიტომ ბევრი რამ მასწავლეს. ჩემი ოცნებაც ეგ არის და ბავშვობიდანვე მინდოდა, რაღაცები იქამდე მესწავლა, რომ შემდეგ სხვებისთვის სწავლება თავად დამეწყო. დღეს 28 წლის ვარ. იმ ეტაპამდე მივედი, რომ მზად ვარ, ბავშვებს ვასწავლო. საერთოდ, ბავშვებთან ისეთი კარგი ურთიერთობა მაქვს, რომ მათგან მიღებულმა დადებითმა ენერგიამ ჩემი ოცნება რეალობად აქცია. დღეს უკვე ბევრი ბავშვი მყავს გვერდით, ვინც ჩემგან ისწავლის, მაგრამ ჯერ არ ვასწავლი, რადგან ჯერ კიდევ კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ვარ...

- კედლებზე ხატვაში განსაკუთრებულად რა გიზიდავს?

- რაზეც ადამიანი ხატავს, ნებისმიერ მასალაზე კარგი კედელი გამოდგა, მასშტაბების გამო. ალბათ, დაახლოებით 10 მანქანა მაქვს მოხატული, 10 მილიონ ფურცელზე და 10 ათას ტილოზე დამიხატავს, მაგრამ კედლებზე ძალიან ცოტა ნამუშევარი შემისრულებია. ბოლო წლების განმავლობაში, კედლებზე ხატვაზე ვარ მოტივირებული... მაგალითად, სულელური ოცნება მაქვს: თვითმფრინავს სიამოვნებით მოვხატავდი, რადგან ყველაზე დიდი მოცულობის "დასახატი მასალაა".

- კედლებზე ხატვისას რა ტექნიკას იყენებ, რომელ ფერებს ანიჭებ უპირატესობას?

- ურბანულ ტექნიკაში მოიაზრება პულივიზატორები, ე.წ. სპრეი, რომელსაც კედელზე ხატვისას ვიყენებ. სხვა რაღაცებით ხატვა რთულია. ამ მასშტაბს პულივიზატორები უფრო მარტივად ართმევს თავს. არსებობს კომპრესორი, მაგრამ მას ავტომობილისთვის უფრო იყენებენ... ფერებს რაც შეეხება, ყველა ძალიან მაგარია, მაგრამ თეთრი და შავი მიყვარს. ეს 2 უმნიშვნელოვანესი ფერია, რომელსაც ყოველთვის ყველგან ვიყენებ.

- არის თუ არა გარკვეული ადგილები, ქალაქები, სოფლები, სადაც ყველაზე მეტად გსურს ხატვა?

- კი, ვარკეთილი, სადაც გავიზარდე. ყოფილა შემთხვევა, რომ გარკვეული პერიოდი, უბნიდან არც გავსულვარ. იქაა ჩემი ქალაქიც და სოფელიც... სხვა ლოკაციებს რაც შეეხება, ახლა გადავწყვიტე, რეგიონებში გავიდე, რადგან ბევრი მიტოვებული შენობა შუა ქალაქში, სოფელში დგას, ხალხი ყურადღებას არც აქცევს - შიგნით არავინ შედის, ჩაკეტილია. ასეთი შენობები საქართველოში უამრავი გვაქვს, მაგრამ როცა მისი კედლები მოიხატება, ლამაზდება, ყველას უხარია და უკვირს, რა მაგარიო?! ამიტომ მინდა საკუთარი სახსრებით, ჩემი შემოქმედება რეგიონებში "მიმოვფანტო"...

- ქუჩის ხელოვნების მიმართულებით, შენს კარიერულ განვითარებას როგორ შეაფასებ?

- ჩემი კარიერული განვითარება ის არის, რომ ადრე რაც მაინტერესებდა და რასაც ისედაც ვაკეთებდი, ახლა ფულის, ჰონორარის სანაცვლოდ ვაკეთებ. არსებულს, მაგალითად - რამე ნივთს ხომ არ ვყიდი? ჩემს შემოქმედებას ვყიდი, რომელიც ჯერ "ხელში არ მიჭირავს", დამკვეთს ღირებულებას ვეუბნები, შემდეგ კი ნახატი უცბად უნდა "გაჩნდეს". გადის დრო, დამკვეთიც კმაყოფილია და მეც. ხატვის გარდა, ჩემთვის ეს ერთ-ერთი დიდი სიამოვნებაა, რის შესახებაც ვამბობ, რომ პროფესიულად განვვითარდი...

- თანამშრომლობის პროცესი როგორია, როცა დამკვეთები გიკავშირდებიან?

- 2 სახის დამკვეთი არსებობს: კერძო პირი და კომპანია. რაც უფრო მეტი კომპანია მიკავშირდება, მით მეტად ცუდად ვგრძნობ თავს. მეზიზღება, როცა რომელიმე კონკრეტული კომპანიისთვის ვხატავ - საშინელებაა! საქართველოში ყველა კომპანია მძულს, რომელსაც ბევრი ფული აქვს და ცდილობს, ჩემი ფული მოიპაროს. ყველგან, ყოველთვის ეს ხდება: ყველა ცდილობს, რომ ჩემთვის გადასახდელი თანხა გაძარცვოს და მერე გადამიხადოს. ეს შეურაცხმყოფელია ნებისმიერი ადამიანისთვის! ამიტომ "დიდ თევზებთან" ურთიერთობა მაქსიმალურად ავკრძალე, თორემ ყველაფრის მიუხედავად, იმხელა თანხებს იხდიან, რომ ალბათ, დღეს "ფერარით" ვისეირნებდი თბილისში... ასეთი დამოკიდებულების შემდეგ, ნახატს, რომელიც გულით უნდა შექმნა, შედეგი აღარ აქვს, რადგან ხელოვანი თავს გაძარცულად გრძნობ... დღეს საქართველო ძარცვაზეა გადასული: სხვას კი არ ძარცვავენ, ისევ საკუთარ თავს ექცევიან ასე... კომპანიებზე 10-ჯერ მეტად მაღიზიანებს პოლიტიკოსების შემოთავაზებები. რომელიმე პოლიტიკურ სპექტრთან თანამშრომლობა რადიკალურად ავკრძალე.

- პოლიტიკოსებს რა ტიპის შეკვეთა სურთ?

- არც დავინტერესებულვარ. მათთვის არ ვარსებობ. აპოლიტიკური ვარ. ჩემი პოლიტიკური შეხედულებაც კი არ მაქვს... 1 პოლიტიკოსი არ არსებობს, ვისზეც გეტყვი, რომ კარგი ტიპია. სადაც 1 კარგი ტიპიც არაა, მე იმ გუნდზე არ ვილაპარაკებ... ყველა პოლიტიკური პარტია მოგვიწოდებს - ევროპისკენო!Gგული ამაზე მწყდება. საქართველოში ქართველს ეუბნები, - შინ, ევროპაშიო. სახლში ვარ მშვიდად, ბედნიერად, არავის ეზოში სხვისი ხისკენ არ ვიყურები, ჩემს ეზოში ჩემი ხე მიდგას და მას ვუვლი, ვეფერები, ამ დროს კი ვიღაც მეუბნება, - შენს ხეს ცუდი ნაყოფი აქვს. მეზობლის ეზოში აყვავებული ხე რომ დგას, იქით გიშვებ და შეგიძლია, მისი ნაყოფი მიირთვაო... აი, რატომაც არ მივდივარ საქართველოდან - ვარკეთილში, ჩემს "დამჭკნარ" უბანს "ვუვლი"...

img-5561-copy-1733125949.jpg

- როგორ მიხვდი, რომ ხელოვნება შენი მოწოდებაა?

- საერთოდ, ხელოვანების ოჯახში გავიზარდე. ბებო მუსიკოსი გახლავთ - პიანინოზე შესანიშნავად უკრავს. და პიანისტია, დედა - წიგნების მოყვარული, მოგზაური, შემეცნებითი ადამიანი, უყვარს ყვავილები, ძველი ნაკეთობები, ფერადი ტანსაცმელი... ფანქრებით ხატვა ბავშვობიდან დავიწყე, მაგრამ უკვე ისეთ ორნამენტებს ვქმნიდი, რომლებიც სპილენძის ზედაპირზე გადამქონდა - ლამაზი იეროგლიფები გამოდიოდა. ერთხელ ბიძაჩემის მეგობარმა უკრაინიდან ძალიან მაგარი საღებავები გამომიგზავნა. საღებავები პირველად დავინახე, ავდექი და გამოვიყენე. რაღაცნაირად ვიგრძენი, ფუნჯი რა იყო - ამ კლასიკურ, დაუძველებელ ტექნიკას მაშინ ვეზიარე. ამიტომ ფუნჯს ხელი რომ წავავლე, მივხვდი, ხატვა "ჩემი" იყო, რა (იღიმის)... პირველივე ცდაზე კარგი შედეგი მივიღე, ჩემი შემოქმედებით კმაყოფილი დავრჩი, ვისიამოვნე... საერთოდ, ხელოვნება თერაპიაა. ასე რომ, ყველაზე მაგარი თერაპია ჩემი შემოქმედებით მივიღე. კვირაში 3-ჯერ ქუჩაში რომ ხატავ, უკვე მოთხოვნილება გიჩნდება - თუ 3-4 დღე ისე გავიდა, რომ არ დავხატე, ვერ ვისვენებ...

- როგორც ვიცი, პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლე გაქვს...

- რაღაცნაირად, ჰოროსკოპის ძალიან მჯერა. ტყუპის ნიშანი ერთ-ერთი ფენომენალურია. თავადაც ტყუპი ვარ. ჰოდა, კიდევ ერთი არანორმალური ტყუპი ვიპოვე (იცინის). ერთად კარგ დროს ვატარებთ. ბედნიერი ვარ, რომ ეს ადამიანი მყავს. მგონია, თითქოს მაჩუქეს და არ მინდა, რამით გავაბრაზო, ვაწყენინო, გული დავწყვიტო... თან მიხარია, რომ ყველაფერში მიგებს და ვუგებ...

- რას გრძნობ, როცა შენს ნამუშევრებს უყურებს?

- აუ, იცი, რა მომწონს? თითოეულ ნახატთან დაკავშირებით განსხვავებული რეაქცია აქვს, განსხვავებულად მაფასებს და მაკრიტიკებს. ძალიან მიხარია, რომ ენერგიებს ვცვლით. ვფიქრობ, ორი ერთმანეთისთვის მნიშვნელოვანი ადამიანის ყოველდღიური ურთიერთობა ყოველდღიური ახალი ნახატია, რადგან როგორც ნახატს აქვს თავისი შინაარსი და მოგონებები, ასევე აქვს ყოველდღიურობას, ერთად გატარებულ დროს... ამიტომ, ამ ურთიერთობაში ძალიან მაგარ "ნახატს ვხატავ"... ამ ეტაპზე, თითქოს ყველას და ყველაფერს გავეცალე. გვერდით მხოლოდ ბავშვები, ძაღლები და საყვარელი ადამიანი მყავს. ცხოვრებაში ყველაფერი ნელა მოდის, არ უნდა დააჩქარო... ოჯახში მაგარ ქალებთან - ბებიასa და დედასთან ერთად ვცხოვრობ და ამით ბედნიერი ვარ. ვცდილობ, მათ დიდი ყურადღება მივაქციო. სხვა ქვეყანაში წასვლა, კარიერის აწყობა არ მინდა. მსურს, ჩემს ოჯახში ვიყო, სადაც მაგარი ქალები მელოდებიან და გვერდით ის ადამიანი მყავდეს, ვინც მყავს... ხალხს ვუსურვებ, ცხოვრებაში 1 მიზანი მაინც ჰქონდეთ. ყოველი ახალი მცდელობა ცუდად თუ გამოუვათ, ხელახლა სცადონ. ქართველების პრობლემა ეგ არის: 2-3-ჯერ ხეს დარგავენ და თუ ნაყოფი არ მოისხა, სხვა საქმეზე გადადიან. არადა, ერთ სეზონზე ხე ნაყოფსაც მოისხამს... ჩვენ გარშემო ბევრია, ვინც არაფერს ქმნის ან შექმნა და მთელი ცხოვრება მის მოვლაშია, ახლის შექმნაზე არც კი ფიქრობს. არ აქვს მნიშვნელობა, შვილი გყავს შექმნილი თუ ნახატი. თუ შემდეგზე არ ფიქრობ, უკვე პირველ ქმნილებაზე პრობლემა გექმნება. ქართველები პრობლემებს მალევე არიდებენ თავს და სხვა საქმეზე გადადიან. ამიტომ, თუ რაღაცას დაუმიზნებენ, რამდენჯერაც უნდა ააცილონ, ყოველ ახალ სროლაზე მიზანს უფრო ახლოს გაარტყამენ - გასროლა ბევრჯერაა საჭირო...

ეთო ყორღანაშვილი