ლამაზი თვალების საიდუმლო: როგორ შევინარჩუნოთ კარგი მხედველობა?
რამდენად გულწრფელია ადამიანი, უფრო მეტიც, დაკვირვებულმა ექიმმა შეიძლება დაადგინოს, რა აწუხებს ადამიანს და რამდენად ჯანმრთელია იგი. ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ოფთალმოლოგი მარიამ ტუშური.
- თვალის დაავადებები 21-ე საუკუნის სერიოზული პრობლემაა. რატომ გახშირდა მსგავსი დაავადებები არ მხოლოდ ასაკოვან ადამიანებში, არამედ ახალგაზრდებშიც?
- გეთანხმებით, თვალის დაავადებები გახშირებულია და ამას თავისი გამომწვევი მიზეზები აქვს. ისიც უნდა ვთქვათ, რომ თვალის დაავადებები ადამიანებს ყოველთვის ჰქონდათ, უბრალოდ, ახლა ექიმთან მიმართვა და დიაგნოსტირება უფრო გახშირებულია. განსაკუთრებით მომრავლდა თვალის დაავადებები ახალგაზრდებში, რაც კომპიუტერებთან და გაჯეტებთან მუდმივი ურთიერთობის ბრალია. ადამიანები საათობით სხედან ტელეფონებთან და კომპიუტერებთან, სივრცეში სულ უფრო ნაკლებად იყურებიან და მხედველობის პრობლემებს თავადვე იწვევენ. დღესდღეობით ყველაზე ხშირი თვალის სიმშრალე და დაძაბულობაა. შესაბამისად, გაზრდილია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც მხედველობის პრობლემები აქვთ.
- თუ არსებობს რეცეპტი, რომელიც თვალებს სიმშრალისა და დაძაბულობისგან დაიცავს?
- ამ შემაწუხებელი სიმპტომებისგან თავის დასაცავად, ერთადერთი გზა არსებობს: საათობით არ უნდა გავჩერდეთ კომპიუტერის ეკრანთან ან ტელეფონთან, საათში ერთხელ მაინც უნდა ავდგეთ, მონიტორს თვალი მოვაშოროთ და 5-10 წუთით გავისეირნოთ ან უბრალოდ, სივრცეში გავიხედოთ. მუშაობა აუცილებელია ისეთ სივრცეში, რომელიც კარგად არის განათებული. დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ როგორაა განათებული კომპიუტერის ეკრანი: ზოგს ძალიან განათებული მონიტორი მოსწონს, ზოგს კი ჩაბნელებული, მაგრამ ორივე მცდარი გადაწყვეტილებაა, რადგან ისედაც გაღიზიანებულ თვალებს კიდევ უფრო აღიზიანებს. ზომიერი განათება მნიშვნელოვანია. კიდევ ერთი მიზეზი, რომლითაც თვალებს გამოუსწორებელ ზიანს ვაყენებთ, წამოწოლილი კითხვაა, რაც ხშირად უყვართ ბავშვებს. მიუხედავად ყველაფრისა, მოზრდილთა უმრავლესობა იძულებულია მთელი დღეები მონიტორის წინ გაატაროს - ასეთია თანამედროვე ადამიანის ცხოვრება... ამიტომ, თვალის სიმშრალე რომ არ დაეწყოთ და უკვე არსებული სიმპტომებიც არ გაუმწვავდეთ, ჩვენს პაციენტებს თვალის დამატენიანებელი წვეთების გამოყენებას ვურჩევთ - ასეთი წვეთები ბევრნაირია, ისინი თვალებს გამოშრობისგან იცავს.
- ცნობილია, რომ თვალების დათვალიერებით არაერთი ექიმი ადგენს, რამდენად ჯანმრთელია ადამიანი და რა აწუხებს მას - ეს მეთოდი ხშირად ამართლებს?
- დიახ, თვალები ადამიანზე დიდ ინფორმაციას იძლევა. მათი საფუძვლიანი დათვალიერებით შეიძლება დავადგინოთ, რომელი ორგანო აწუხებს, ბევრი დაავადების დიაგნოსტირება შეიძლება. თვალებზე მკაფიოდ აისახება სისხლძარღვოვანი ან ნერვული დაავადებები, დიაბეტი, თავის ტკივილი, რომელიც ძალიან ხშირად, კავშირშია თვალების დაძაბვასთან და მხედველობის პრობლემებთან. დაკვირვებულ ოფთალმოლოგს ამა თუ იმ დაავადების დიაგნოსტირება თავისუფლად შეუძლია. ეს დაავადებებია, მაგალითად: ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია ან სიმსივნური წარმონაქმნის არსებობა თავის ტვინში, რაც თვალის ფორმას ცვლის. ამ დროს თვალები ოდნავ წინ არის წამოწეული და გაფართოებულია. ამის მიხედვითაც ვხვდებით, რომ პაციენტს სერიოზული პრობლემა აქვს. ამიტომ, წელიწადში ერთხელ, მხედველობა სულ რომ არ გაწუხებდეთ, ექიმს მაინც უნდა მიმართოთ. ოფთალმოლოგები ხშირად გზავნიან პაციენტებს სხვა პროფილის ექიმებთან - მსგავსი რამ ჩვენს პრაქტიკაში ჩვეულებრივი მოვლენაა.
- რის ნიშანია შეშუპებული ქუთუთოები, რომელიც ბევრს აწუხებს?
- ამის მიზეზი შეიძლება იყოს ფარისებრი ჯირკვლის ან თირkმელების პათოლოგია. თუმცა, შეშუპების მიზეზი შეიძლება თვალის დაავადებებიც გახდეს.
- რა იწვევს თვალის ქავილს?
- ქავილი შეიძლება თვალის სიმშრალის შედეგიც იყოს. ამ უსიამოვნო ჩივილის მიზეზი ზოგჯერ ალერგიაც ხდება. ქავილი განსაკუთრებით შემაწუხებელია ბლეფარიტის ანუ ქუთუთოს კიდის ანთების დროს. ალერგიის დროს, არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ კომპლექსური გამოკვლევაა საჭირო, ამიტომ, ჯერ ანალიზებით უნდა დადგინდეს, ამ უსიამოვნო სიმპტომის გამომწვევი მიზეზი რა არის.
- რა შეიძლება გახდეს ფლებარიტის მიზეზი?
- ამ დაავადების მიზეზი შეიძლება იყოს წამწამის ტკიპა, რომელიც სერიოზულ მკურნალობას საჭიროებს. გარდა ამისა: ავიტამინოზი, ანემია, კვებითი ინვაზია, კუჭ-ნაწლავის დაზიანება და რა თქმა უნდა, ბლეფარიტის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება გახდეს ალერგია და იმუნური სისტემის დაზიანება. თვალის ქავილი შეიძლება განვითარდეს ორგანიზმში არსებული სხვადასხვა ანთებითი პროცესის ფონზე, მათ შორის, კარიესის ან ჰაიმორიტის დროს. ეს ბუნებრივია, რადგან ადამიანის ორგანიზმში ყველა ორგანო მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან.
- რამდენად რთულია ბლეფარიტის მკურნალობა?
- გააჩნია მის გამომწვევ მიზეზს. საერთოდ, ბლეფარიტს ქრონიკული მიმდინარეობა ახასიათებს და საკმაოდ რთული სამკურნალოა. ამ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს კვების რეჟიმს, სწორ მკურნალობას და თვალის ჰიგიენის დაცვას. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ პაციენტი ექიმის დანიშნულებას მიჰყვეს და მისი რეკომენდაციები ყურადღებით შეასრულოს. ბოლომდე განკურნებისთვის ხშირად, ერთი კურსი საკმარისი არ არის.
- ბევრ ადამიანს აწუხებს თვალების სიწითლე - ეს სიმპტომი რას უნდა დავაბრალოთ?
- თვალების სიწითლეს ბევრი რამ იწვევს: მათ შორის, უძილობა და ღამისთევა, კომპიუტერთან დიდხანს ჯდომა, ამავდროულად, შესაძლებელია სერიოზული მიზეზიც ჰქონდეს, კერძოდ: ანთებითი პროცესები, სისხლძარღვთა პრობლემები და სხვა დაავადებები. აქვე ვიტყოდი, თვალების სიყვითლეზეც: თუ ადამიანს თვალები ჩაყვითლებული აქვს, მაღალი ალბათობით, ღვიძლის პრობლემები აქვს და შესაბამისი პროფილის ექიმს უნდა მიმართოს.
- პატარების უმრავლესობას ჩვევად აქვს, თვალები ისრისოს, ამ ცუდ ჩვევას რა ზიანის მოტანა შეუძლია?
- ბავშვი იმ ასაკში თუ არის, როცა აუხსნი და გააგებინებ, მას უნდა ვუთხრათ, რომ თვალში ჭუჭყიანი ხელის ამოსმა არ შეიძლება. ამ დროს ადამიანმა შეიძლება სერიოზული ინფექცია შეიტანოს ორგანიზმში, უფრო მეტიც, ეპითელიუმიც კი დაიზიანოს.
- ყველაზე მეტად რა გიშლით ხელს, რომ პაციენტის მკურნალობა სწორად წარიმართოს და სასურველი შედეგი მიიღოთ?
- ყველაზე მთავარ ხელის შემშლელ ფაქტორად, მე თვითმკურნალობას დავასახელებდი: სამწუხაროდ, საქართველოში ეს მიღებული პრაქტიკაა. ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით თვითმკურნალობის შემთხვევებს, როცა პაციენტს მისმა მეგობარმა, ბიძაშვილმა ან მამიდაშვილმა ურჩია, რომელი წამალი დალიოს, ან წაისვას... ასეთი პაციენტები ჩვენამდე უკვე გვიან მოდიან, როცა დიაგნოზის დასმაც რთულია და არასწორი მკურნალობის შემდეგ, მკურნალობაც რთულდება. ამიტომ, მე ყველას ვთხოვ: უმჯობესია, საწყის ეტაპზე მოვიდნენ ოფთალმოლოგთან, რომელიც სწორ დიაგნოზს დასვამს და შესაბამის მკურნალობას დაუნიშნავს. ამ შემთხვევაში, მკურნალობა უფრო გაადვილდება და გაცილებით ეფექტიანი იქნება.
- წეღან სწორი კვება ახსენეთ: რას ურჩევთ თქვენს პაციენტებს - როგორი საკვები უნდა მიიღონ, რომ მხედველობის პრობლემები თავიდან აიცილონ?
- სწორ კვებას მართლაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ, ყოველთვის ვურჩევ, მიიღონ ხილი და ბოსტნეული, ხორცი და რძის პროდუქტებიც აუცილებელია, რომ ჯანსაღი მხედველობა დიდხანს შევინარჩუნოთ. მნიშვნელოვანი პროდუქტებია: სტაფილო, ისპანახი, ბულგარული წიწაკა, პომიდორი და სხვა სახის ბოსტნეული, მაგრამ სასურველია, ბოსტნეული ცხიმთან ან არაჟანთან ერთად მიიღოთ, რადგან ამ დროს ვიტამინების მაქსიმალური შეწოვა მიმდინარეობს. მხედველობისთვის ძალიან სასარგებლო პროდუქტებია: სეზამი და სელის მარცვლები, რომელიც დაფქული სახით უნდა მივიღოთ - ისინი შეიძლება საკვებს ზემოდანაც მოვაყაროთ. რა თქმა უნდა, აუცილებელია ხილის მიღებაც, მხედველობისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა მოცვი, მარწყვი და სხვა კენკროვaნები...
ხათუნა ჩიგოგიძე