როცა გამჩენი არ გასვენებს...
მართალია, ოპოზიცია არ აღიარებდა შედეგებს, მაგრამ ხალხი ქუჩაში ვერ გამოჰყავდათ, ორი კაცი ძლივს იკრიბებოდა და ამ დროს ბიძინამ თავისი პრემიერი ირაკლი კობახიძე გამოიყვანა და ათქმევინა, რომ საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესის ეტაპზე გადასვლას 2028 წლამდე აჩერებს.
შედეგი? ათიათასობით ახალგაზრდა ქუჩაში, დარბეული მიტინგები, დაშავებული ახალგაზრდები, ნაცემი ჟურნალისტები, არეული ქვეყანა და მოძალადე რეჟიმის იარლიყი "ოცნების" მთავრობას.
ირაკლი კობახიძემ მათი ეს გადაწყვეტილება ასე ახსნა: "აშკარაა, რომ ოპოზიციის ძალადობრივი დაჯგუფებები დეკემბრის მეორე ნახევრისთვის ემზადებოდნენ, თუმცა დავასწარით და დასაგროვებელი რესურსი აქაც წინასწარ გავანიავებინეთ". მანამდე ბიძინა ივანიშვილმა გვითხრა, "აგენტების კანონი" გაზაფხულზე იმიტომ შემოვაბრუნე, რომ ოპოზიციურად განწყობილი ხალხი დამეღალა და შემოდგომაზე აღარაფრის თავი ჰქონოდათო (სხვათა შორის, ასეთი დავიდარაბით მიღებული "რუსული კანონი" დღემდე რეალურად არ აუმოქმედებიათ, არადა, რომ გეკითხათ, მაგ კანონის გარეშე იღუპებოდა ქვეყანა). ანუ ტიპები რას გვეუბნებიან, რომ ევროკავშირთან ურთიერთობებს იმიტომ ვძაბავთ და ვაფუჭებთ, რომ თქვენ დაგღალოთ ხოლმეო? ესაა მთელი ამათი პოლიტიკა?
კობახიძე და გომელაური პოლიციას და სპეცრაზმს, რომლებიც სადისტურად იქცევიან, სასტიკად უსწორდებიან მომიტინგეებსა და ჟურნალისტებს, ყოველდღე მადლობას უხდიან, თან ამ ყველაფერს იმით ამართლებენ, რომ ამერიკასა და ევროპაში უარესად იქცევა პოლიცია ასეთ დროსო, ანუ თქვენ მარტო იმას ხედავთ, ამერიკასა და ევროპაში პოლიცია როგორ იქცევა, მომიტინგეები როგორ იქცევიან, ეს არასდროს გინახავთ? ანუ არ გინახავთ გადამწვარი პარიზი, ათენი თუ ამერიკის ქალაქები? ამ განცხადებებით რისკენ მოუწოდებთ ჩვენს ახალგაზრდებს, რომ ესაა სტანდარტი და მათაც შეუძლიათ ასე დაწვან თბილისი? თუ მარტო პოლიციისთვისაა ეს სტანდარტი? პატივცემულო მაღალი ჩინის გვამებო, მინდა გითხრათ, რომ ყველა ასეთი განცხადებით საკუთარ თავზე იღებთ პოლიციელების სისასტიკეზე პასუხისმგებლობას და ამ პასუხისმგებლობას ვეღარსად გაექცევით.
ისეთი სისასტიკე გამოიჩინეს ამ დარბევების დროს, რომ მწერალმა ნაირა გელაშვილმაც კი, რომელიც 2012 წელს ბიძინას გვერდით იდგა, წერილი გამოაქვეყნა, ივანიშვილს სულ ჯალათი და ჰეროდე ეძახა.
პირველად ხმა ამოიღეს სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულებმა, ჯერ საგარეო საქმეთა სამინისტროში, შემდეგ თბილისის მერიაში, შემოსავლების სამსახურში და ა.შ. ასევე აქციები გაიმართა ისეთ ქალაქებში, სადაც აქამდე არაფერი არ ხდებოდა. ხაშურშიც კი პროტესტია. ასეთი რამ ბოლოს როდის მოხდა, არ მახსოვს. გამოვდივარ ინიციატივით, რომ დღეიდან ხაშურს ოფიციალურად მიენიჭოს "საქართველოს ჭიპის" წოდება.
"ქოცებს" რომ ეგონათ, დამთავრდა ყველაფერი, გადავაგორეთ კრიზისი და აღარ მოგვიწევს ცოტა ხანს მაინც ყველაფრის "გაპრავებაო", ივანიშვილმა, - ვერ მოგართვითო, კიდევ უნდა ქექოთ ქაქი და "აპრავოთ" პოლიციის მიერ გამოჩენილი სისასტიკეო.
ისინიც დაირაზმნენ და ამბობენ, რომ სპეცრაზმის მხრიდან ძალადობა მომიტინგეების ძალადობამ გამოიწვია. თქვენ გეკითხებით, ჟურნალისტებმა ვისზე იძალადეს, კინაღამ რომ მოკლეს ერთი და ოცდაათამდე სცემეს?!
მართალია, სამთავრობო არხების ჟურნალისტებიც გმობენ "ძალადობას ყველა მხრიდან", მაგრამ პოლიციის ეს ზღვარგადასული სისასტიკე აქციის მონაწილეების და ოპო არხების ჟურნალისტების მიმართ, ნაწილობრივ მათი დამსახურებაცაა. სწორედ მათი პროპაგანდისტული სიუჟეტებით აქვთ შთაგონებული სპეცრაზმელებს, რომ ვინც ამ ხელისუფლების წინააღმდეგია, აქტივისტი იქნება თუ ჟურნალისტი, ყველა "ნაცი" და უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელია, ქვეყნის ომში ჩათრევა უნდა "გლობალური ომის პარტიის" დავალებით, ანუ ქვეყნის მტერია. ეს სპეცრაზმელებიც შესაბამისად ექცევიან "ქვეყნის მტრებს". აქციის ერთი მონაწილე წერდა, საქართველოს დროშა მქონდა შემოხვეული და სპეცრაზმელმა წამართვა, ამის ტარების ღირსი არ ხარო. ტიპებს სერიოზულად სჯერათ, რომ ყველა მოღალატეა და როგორც მოღალატეს, ისე უნდა გაუსწორდე. ამაში თქვენი პროპაგანდის წვლილი დიდია, პატივცემულო "კოლეგებო"!
ის ხალხი, ვინც მიშას დროს თითქოს ძალადობას უპირისპირდებოდა, მოძალადე რეჟიმს გმობდა, ხოლო დღეს ძალადობაზე და სპეცრაზმის სადიზმზე თვალს ხუჭავს, ხმას არ იღებს, გულში ალბათ მოსწონს კიდეც პროტესტანტების და ოპოზიციური არხების ჟურნალისტების დასისხლიანება, მე მიწერს კომენტარებში, მხარე რატომ გახდი, სად დაკარგე ობიექტურობაო? ამათ ობიექტურობა სიმართლეზე თვალის დახუჭვა და მათსავით ორმაგი სტანდარტით ცხოვრება ჰგონიათ. ბიძინას რეჟიმი გაზაფხულის აქციებზე და ახლა ჩადენილი დანაშაულების დამსახურებით საბოლოოდ გაფორმდა მოძალადე რეჟიმად და ამას აწი ვერაფერი შეცვლის, რაც უნდა აფთიაქის სასწორზე წონოთ, როდის მეტი ძალადობა იყო.
ეს აწონაც და შედარებებიც თქვენს უზნეობაზე მეტყველებს და იმაზე, რომ დღეს სინამდვილეში, პოლიციის სადიზმის მხარდამჭერები და გამპრავებლები ხართ. პოლიციის მხრიდან სისასტიკე და წაქცეული ადამიანების წიხლებით ცემა ვერანაირად ვერ გამართლდება.