"რუსეთი კი არა, რუსული სახელმწიფო უნდათ"
ასევე, აშკარად გამოიკვეთა, რომ საქართველოში არის წაკითხულის გააზრების სერიოზული პრობლემა. როდესაც რიგითი ადამიანი ვერ იაზრებს წაკითხულს ან მოსმენილს, ეს შეიძლება ნაკლები პრობლემა იყოს, მაგრამ როდესაც წაკითხულის გააზრება უჭირთ საჯარო მოსამსახურეებს ან პედაგოგებს, კიდევ უფრო დიდი პრობლემაა", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ის საზოგადოებას სთავაზობს დისკუსიას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებაზე. "კიდევ ერთი პრობლემა, რასაც ხაზი უნდა გაესვას და რაც განათლებასთანაა დაკავშირებული, აშკარად გამოიკვეთა ის, რაც იკითხებოდა თავის დროზე PISA-ის ტესტებიდან - საქართველოში წაკითხულის გააზრების სერიოზული პრობლემაა... აბსოლუტურად ყველასთან მზად ვართ დისკუსიისთვის. თუმცა, აქაც იმედი ნაკლებად შეიძლება გვქონდეს. გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ საზოგადოებას შევთავაზეთ ღია დისკუსია "გამჭვირვალობის კანონთან" დაკავშირებით. ამოქმედდა ლიბერალური ფაშიზმი და ყველას აუკრძალეს აქ მოსვლა დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად", - განაცხადა კობახიძემ. ხელისუფლების პოზიციასა და მიმდინარე პროცესებს ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავასთან განვიხილავთ.
- პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ირაკლი კობახიძე სინამდვილეში არაფერს ამბობს და არც არაფერს ფიქრობს, ის უბრალოდ ბიძინა ივანიშვილს ახმოვანებს. ძალიან ცდება, თუ ჰგონია, რომ მთელი სამყარო ივანიშვილის ბედნიერებისთვისაა შექმნილი და ფეხებს დაუთბილავენ, როდესაც დასავლეთის დაშანტაჟებას დაიწყებს. ეგონა, გაუვიდა, როდესაც საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი მისცეს. დასავლელი პოლიტიკოსები, რომლებმაც მაშინ ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს, ვერასდროს წარმოიდგენდნენ, თუ რა მასშტაბის თაღლითთან ჰქონდათ საქმე. დღეს მიმდინარე პროცესებმა 26 ოქტომბრის არჩევნების სრული ლუსტრაცია მოახდინა, ნათელი გახდა, რომ ამდენი საჯარო მოხელე საკუთარი ნებით ხმას არ მისცემდა "ქართულ ოცნებას", რომელსაც მკაფიოდ გამოკვეთილი ანტიდასავლური კურსი აქვს. გაცხადდა ის, რაც ყველა საღად მოაზროვნე ადამიანისთვის ისედაც ნათელი იყო - "გრუზინსკაია მეჩტამ" ხალხს ყაჩაღურად წაართვა არჩევნები და ახლაც, უკანასკნელი ავაზაკივით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს არჩევნები არ იქნებოდა პოლიტიკური ბრძოლა, ეს იყო ბრძოლა ბიძინა ივანიშვილსა და ქართველ ხალხს შორის. ივანიშვილი კი რას წარმოადგენს, უკვე ყველამ კარგად ვიცით. აქ მხოლოდ რუსეთზე აღარ არის საუბარი, ივანიშვილი სამყაროს ყველაზე ბნელი ნაწილია. ახლა ქართველ ახალგაზრდებს საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად უწევთ ამ უკიდეგანო სიბნელესთან ბრძოლა. რაც შეეხება წაკითხულის შინაარსიდან აზრის გამოტანის უნარს, არ დაავიწყდეს ირაკლი კობახიძეს, რომ თავად ვისაც ემორჩილება, იმას კითხვის უნარიც არა აქვს, სხვა უკითხავს წიგნებს.
- საკმაოდ დიდი ხანია, რაც საპროტესტო აქციები სპონტანურად, ყოველგვარი პოლიტიკური ჩარჩოების გარეშე იმართება. როდემდე შეიძლება პროცესის ასე გაგრძელება?
- ძალიან კარგია, რომ აქციები სპონტანურია. ამ პროტესტის მართვის სისტემა რომ არსებობდეს, ივანიშვილი აუცილებლად მოარღვევდა თავისი ცნობილი მეთოდებით. ძალიან კარგია, რომ რუსთაველის გამზირზე ერთმანეთისთვის სრულიად უცხო ადამიანები ერთ მუშტად იკვრებიან და ერთი იდეის გარშემო ერთიანდებიან. ეს ადამიანები ქუჩაშიც რომ ვერ ცნობენ ერთმანეთს, ყველაზე დიდი დაზღვევაა იმისა, რომ პროტესტი დიდხანს გაგრძელდება. შესაბამისად, ქუჩაში პროცესები ისე უნდა განვითარდეს, როგორც ახლაა. ახლა ქუჩაში ქვეყნის ყველაზე გულწრფელი და უანგარო სიყვარულია, ამასთან ბრძოლის უნარი კი ივანიშვილს არა აქვს. რაც შეეხებათ პოლიტიკოსებს, თუ რამის თავი აქვთ, სწორედ ამ ქუჩის პროტესტის მიღმა უნდა შექმნან პოლიტიკური პროცესი. პრეზიდენტი, რომელიც ამ დროისთვის ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუციაა, ცდილობს, პოლიტიკური პროცესის ჩანასახი შექმნას.
- სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არალეგიტიმური პარლამენტი ვერ აირჩევს ახალ პრეზიდენტს, ინაუგურაცია ვერ იქნება და მისი მანდატი გაგრძელდება მანამ, სანამ არ იქნება ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი.
- არ ვიცი, ვინ აძლევს პრეზიდენტს რჩევებს და რას გულისხმობს ზურაბიშვილი, როდესაც ძველი სტატუს-კვოს აღდგენაზე საუბრობს. რა ბერკეტები აქვს სალომე ზურაბიშვილს იმისათვის, რომ ძველ პარლამენტს - პაპუაშვილის თაოსნობით და ძველ მთავრობას, კობახიძის თაოსნობით, ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებები მიაღებინოს? ეს საკითხი, როგორც ერთი ანალიტიკოსისთვის და როგორც ერთი რიგითი მოქალაქისთვის, სრულიად გაუგებარია და კარგი იქნება, თუ პრეზიდენტი ამას უკეთ განგვიმარტავს. ამით მხოლოდ მისი ლეგიტიმაცია გრძელდება, სხვა არაფერი.
- რას ფიქრობთ ოპოზიციონერი ლიდერების მიერ ალტერნატიული პარლამენტის შექმნის იდეაზე, რა შეიძლება მოუტანოს ქვეყანას ორხელისუფლებიანობამ?
- მე ვიზიარებ ამ პოზიციას. რადგან ხელისუფლებას არა აქვს ლეგიტიმაცია, არც შინ და არც გარეთ, საჭიროა ალტერნატიული ძალის სტრუქტურირებული ცენტრი - პარლამენტი ერქმევა მას თუ სხვა რამე. თუმცა, აქ არის ძალზე მნიშვნელოვანი საკითხი, ჩვენ არ გვინდა ძველი სტატუს-კვო, საზოგადოებამ მხარი უნდა დაუჭიროს ახალი ძალის ცენტრს, რომელიც ოპოზიციის ინიციატივით შეიქმნება, მაგრამ ეს არ მოხდება, თუ არ იქნება ახალი იდეა. საჭიროა ახალი იდეა, რომელიც ამ საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას გააერთიანებს. პირველ რიგში ამაზე პრეზიდენტმა უნდა იფიქროს, მან უნდა თქვას, რას გვთავაზობს თავისი ლეგიტიმაციის გაგრძელების პირობებში. მე მაინტერესებს, სად წავიდა ქართული ქარტია ან ვინ მოუგონა პრეზიდენტს ლოზუნგი - "ერთობა, ერთიანობის გარეშე".
- ნახეთ, ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ვიდრე "ნაციონალური მოძრაობა" თვითწმენდას არ განახორციელებს ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლებისგან, ოპოზიცია ხალხის ნდობას ვერ დაიბრუნებს.
- მაინც ვისგან არის გასაწმენდი "ნაციონალური მოძრაობა"? მაგალითად, ლაშა ბაქრაძისა და გიორგი ხვადაგიანისგან? ვინ არ აგო პასუხი, ვისაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს გადაცდომები ჰქონდა ან თუნდაც დანაშაული ჩაიდინეს? ეს რა აკვიატებაა? მეც "ნაციონალური მოძრაობის" ოცეულში ვიყავი, მაგრამ ამ პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში ყოფნისას ყველაფერი მაქვს გაპროტესტებული, რაც მიმაჩნდა, რომ დემოკრატიული არ იყო. რაღა რებრენდინგი უნდა განიცადოს ამ პარტიამ, მერაბიშვილია ახლა იქ თუ ახალაია? რა ვიცი, თინა ბოკუჩავა ისეთი მიუღებელია ოპოზიციისთვის, რომ მის გამო ერთიანობაზე უარს ამბობენ?
- თუმცა, ფაქტია, ვიდრე პრემიერმა კობახიძემ არ განაცხადა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები 2028 წლამდე გადაიდებოდა, ქუჩაში ხალხი ოპოზიციის დაძახილზე აღარ გამოდიოდა.
- კი, ბატონო, გეთანხმებით. ამ ხალხისთვის, რომელთა პოლიტიკური სიმწიფე სრულიად მესმის, მნიშვნელოვანი სულაც არ არის, პარლამენტში ვინ იჯდება. ეს არის ქართველი ხალხის ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. რა დროს პოლიტიკურ გემოვნებაზე და "ნაციონალური მოძრაობის" რებრენდინგზეა საუბარი, როდესაც ქვეყნის შენარჩუნებისთვის გვიწევს ბრძოლა? ახლა მთავარია, კრიზისული სიტუაციიდან სწორი გამოსავალი მოვძებნოთ.
- "საქართველოს ვადაგასულმა პრეზიდენტმა", გიჟმა დეიდა სალომემ განაცხადა, რომ სავარძელს არ დატოვებს - ყველა წინა პირობა არსებობს, რომ საქართველო კიდევ ერთხელ ჩავარდეს სამოქალაქო დაპირისპირების უფსკრულში", - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა "ტელეგრამზე" დაწერა. ხედავთ საფრთხეს, რომ რაღაც მომენტში პუტინმა "ქართული ოცნების" დახმარების საბაბით, საქართველოში რაიმე ტიპის სამხედრო ოპერაცია განახორციელოს?
- ზოგადად, საფრთხე მხოლოდ რუსეთისგან კი არა, ბევრი სხვა მიმართულებიდან გველის, მაგრამ ნახეთ, რა დღეშია რუსეთი, სირიაშიც პირწმინდად წააგო. უსერიოზულესი კრიზისის წინაშე დგას. სირიიდან ისე გამოიქცნენ, რომ საკუთარ იარაღის საწყობებს აფეთქებდნენ. რუსებს ახლა ნამდვილად არ აწყობთ თავის ტკივილი საქართველოს სახით. ცხინვალსა და აფხაზეთს ვეღარ ინახავენ, დასავლეთთან ყველა კავშირი ჩაჭრილია, სიღატაკის პირას მისული საქართველო რაღაში სჭირდებათ? რუსეთზე მეტად ჩვენ იმ ადამიანებისგან გვემუქრება საფრთხე, ვისთვისაც სულერთია რუსეთიც და დასავლეთიც, მათი მთავარი მიზანი მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებაა. ამ ადამიანებმა იციან, რომ დემოკრატიული, დასავლური სტანდარტების ქვეყანაში ტენდერებს ვერ "იჩალიჩებენ", ძმაკაცურად და ძველბიჭურად სახელმწიფო სამსახურებში ვერ დაინიშნებიან. რიტორიკულ კითხვას რომ გვისვამენ, ჩვენ გვინდა რუსეთიო? გარკვეულწილად, მართლები არიან, რუსეთი კი არა, რუსული სახელმწიფო უნდათ.
ხათუნა ბახტურიძე