"რა გადაწყვეტილებებიც უნდა მიიღოს დასავლეთმა, საბოლოო გადაწყვეტილებებს იღებს ქართველი ხალხი..."
საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე. "ჩვენ ვართ ამაყი და თავმოყვარე ერი დიდი ისტორიით. შესაბამისად, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, ევროკავშირში ინტეგრაცია განვიხილოთ როგორც მოწყალება, რომელიც ევროკავშირმა ჩვენთვის უნდა გაიღოს... ვხედავთ, რომ ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები გამოყოფილ გრანტებსა და სესხებს საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟისთვის იყენებენ..." - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე არ იქნება მზად, ევროკავშირთან დააყენოს მოლაპარაკების გახსნის საკითხი.
ამ განცხადებას ჯერ თბილისში, შემდეგ, საქართველოს ყველა დიდ ქალაქში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელსაც სპეცრაზმი სასტიკად, არაპროპორციული ძალის გამოყენებით არბევს. მძიმედ ნაცემი და დაშავებულია რამდენიმე ათეული ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები, რომლებიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ.
30 ნოემბერს გამოქვეყნდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება სათაურით - "საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრების შეჩერებაზე",
ასევე, ბალტიის ქვეყნები შეთანხმდნენ, "სანქციები დაუწესონ მათ, ვინც ახშობს ლეგიტიმურ პროტესტს საქართველოში". ამის შესახებ პლატფორმა X-ზე წერენ ბალტიის სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები: ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - მარგუს ცაჰკნა, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი - გაბრიელიუს ლანდსბერგისი და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ბაიბა ბრაჟე. ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას შეუჩერა საბიუჯეტო დახმარების დიდი ნაწილიც. მიზეზი არაევროპული კანონებია.
თეიმურაზ პაპასქირი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი:
- ახლა ამ კითხვებს თქვენთვის რომ ვამზადებ, სპეცრაზმი ემზადება აქციაზე გამოსული ადამიანების დასარბევად, მე კი ძალიან ვცდილობ, ოპტიმიზმი შევინარჩუნო... რამდენად მოსალოდნელი იყო თქვენთვის ის განცხადება და გადაწყვეტილება ევროპული კურსის შეცვლაზე, რასაც ქართველ საზოგადოებაში პროტესტის ახალი ძალით აფეთქება მოჰყვა?
- პირადად ჩემთვის ეს ნაბიჯი მოულოდნელი არ იყო. ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რუსეთის ინტერესების გამტარებელი გახლდათ. მან ეტაპობრივად გაწმინდა "ქართული ოცნება" პროდასავლურად განწყობილი პოლიტიკოსებისაგან. ის ნეგატიური სელექცია, რომელიც მან აწარმოა მთელი ამ წლების განმავლობაში, დღეისათვის გამოიხატა ამ შერჩეული პირების მონურ მორჩილებაში, რომელიც ფრანგული ფილმის "სათამაშო" პერსონაჟის - ბლენაკის მსგავსად, მზად არის შეასრულოს ბატონის ნებისმიერი დავალება. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანა "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობამ 2022 წელს მხოლოდ ხალხის ზეწოლის გამო მიიღო და ისიც იმიტომ, რომ ევროპასთან დაახლოების მსურველი საკუთარი ამომრჩეველი არ დაეკარგა, აქ გასაკვირი არაფერი გახლდათ. მას შემდეგ, რაც 26 ოქტომბრის ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შედეგად "ქართულმა ოცნებამ" ხელისუფლების უზურპირება მოახდინა, ერთადერთი კითხვა იყო არა ის, მიიღებდა თუ არა გადაწყვეტილებას არალეგიტიმური მთავრობა ევროპული კურსის შეცვლაზე, არამედ ის, თუ როდის იზამდა ამას. როგორც ჩანს, საქართველოს მოსახლეობის შედარებით პასიურმა პროტესტმა არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, დაარწმუნა ისინი, რომ მუხტი ჩაქრა. არადა, ეს პასიურობა სულ სხვა მიზეზებით იყო გამოწვეული, კერძოდ იმით, რომ ხალხმა ბოლომდე ვერ გაითავისა გაყალბების მასშტაბი. ყველამ იცოდა, რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ ვერ წარმოიდგინეს, რომ "ქართულმა ოცნებამ" თავისი ხმების რაოდენობა ამ გაყალბებით გააორმაგა. უზურპატორმა ხელისუფლებამ კი, თავის მხრივ, კარგად იცოდა, რომ თბილისში მან ხმების მხოლოდ 25% აიღო და არა - 42. ამიტომ, იმის შიშით, რომ რამდენიმე თვეში დაიწყებოდა ერთპარტიული მმართველობით გამოწვეული ახალი პოლიტიკური კრიზისი, რომელსაც ახალი ფართომასშტაბიანი პროტესტი მოჰყვებოდა, გარკვეულწილად დასწრებაზე ითამაშა და შეცდომაც დაუშვა. "ქართული ოცნების" ერთადერთ დაპირებაში უმთავრესი ნაწილი მაინც ის იყო, რომ ევროპასთან დაახლოებას ქადაგებდა და აქ სწორედ ამას უგანა, რამაც საზოგადოების ის ნაწილიც გამოიყვანა ქუჩაში, რომელიც შედარებით პასიური იყო, რადგანაც იგრძნო, სტატუს-კვო უკვე ვერ შენარჩუნდებოდა და "ქართული ოცნება" სიტყვითაც არ აპირებდა ევროკავშირში გაწევრებას.
- კობახიძის განცხადებას ძალიან სწრაფად გამოეხმაურა რუსეთის ხელისუფლება. ამ პროცესების პასუხად, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს - "ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოში მაიდანი და უკრაინიზაცია არ დავუშვათ"; თავად ხედავთ რაიმე სახის მსგავსებას, შეიძლება პარალელების გავლება?..
- "ქართული ოცნება" წლების განმავლობაში ეწევა მსხვერპლის დადანაშაულებისა და ცნებების აღრევის პოლიტიკას. "მაიდანს" უარყოფითი კონტექსტით იხსენიებს მხოლოდ რუსეთის ხელისუფლება და მისი სატელიტები. "მაიდანი" არის უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიმბოლო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ არა 2013-2014 წლების "მაიდანი", დღეს, უკეთეს შემთხვევაში, უკრაინა იქნებოდა რუსეთის მარიონეტული რეჟიმის მიერ მართული კვაზისახელმწიფო, უარეს შემთხვევაში კი ის რუსეთის შემადგენელ ნაწილად იქცეოდა. სწორედ "მაიდანმა" გადაარჩინა უკრაინა მოვლენების ამგვარი განვითარებისაგან და შეუნარჩუნა მას დამოუკიდებლობა. რუსეთის მიერ 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებული აბსოლუტურად არაპროვოცირებული აგრესია მთლიანად პუტინის პასუხისმგებლობაა და მასში უკრაინას იოტისოდენა დანაშაულიც კი არ მიუძღვის. თუმცა, "მაიდანის" შესახებ გაუკუღმართებული შეხედულებების გავრცელება რა მოსატანია იმ ფაქტთან შედარებით, რომ "ქართული ოცნება" საქართველოს აბრალებს 2008 წლის ომის დაწყებას და აგრესორებისთვის ბოდიშის მოხდას ქადაგებს. სამწუხაროდ, პიროვნული მიზეზები ქართველი საზოგადოების ნაწილისთვის გადაულახავ წინააღმდეგობას წარმოადგენდა და ის "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობის ამ განცხადებებს მნიშვნელობას არ ანიჭებდა. თვლიდა, რომ ეს არაფერს ნიშნავდა. მათი ნაწილი მხოლოდ ახლა დარწმუნდა, რომ "ქართული ოცნება" მართლაც რუსეთის სატელიტია და რეალობაში "რუსულ ოცნებას" წარმოდგენს.
- რა მოლოდინი გაქვთ დასავლეთისგან? ზოგადად, რამ შეიძლება ამ მდგომარეობაში გარდატეხა შეიტანოს, რათა ხელისუფლებამ უკან დაიხიოს, დათმოს და ახალი არჩევნები დანიშნოს?..
- როგორც ჩანს, დასავლური სახელმწიფოები საბოლოოდ დარწმუნდნენ "ქართული ოცნების" რეალურ სახეში. შესაბამისად, მათ უკვე ფაქტობრივად უზურპატორად გამოაცხადეს ე.წ. ხელისუფლება. სპეციალური მისიის შექმნა, რომელიც შეისწავლის არჩევნების დროს გამოვლენილ დარღვევებს, "ქართული ოცნებისთვის" უმძიმესი დარტყმაა. ხმის მიცემის ფარულობა და თავისუფალი ნების გამოხატულება დემოკრატიული არჩევნების ქვაკუთხედია. 26 ოქტომბრის არჩევნებში კი ორივე ეს ფუნდამენტური უფლება ტოტალურად დაირღვა და არ არსებობს ნეიტრალური დამკვირვებელი, რომელიც საპირისპიროს იტყვის. ევროპარლამენტის რეზოლუცია ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს და მან, ასე ვთქვათ, წითელი ნაჭრის როლი შეასრულა უზურპატორი ხელისუფლებისათვის, რომელმაც თავი ვერ შეიკავა და სავარაუდოდ, საბედისწერო შეცდომა დაუშვა. ევროკავშირის მმართველი ორგანოების გარდა, რეაგირება დაიწყო ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც და გუშინ შეაჩერა 2009 წელს გაფორმებული ხელშეკრულება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ეს ბუნებრივიცაა. არ შეიძლება აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი იყოს ის ხელისუფლება, რომელიც დღენიადაგ აკრიტიკებს აშშ-ს, მთავარ პარტნიორებად ირჩევს რუსეთს, ჩინეთს თუ ირანს და ტოტალურად აყალბებს არჩევნებს. ამასთანავე, არ შეიძლება აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი იყოს ის ქვეყანა, რომლის ხელისუფლებაც მან უნდა დაასანქციროს.
მეორე მხრივ, რა გადაწყვეტილებებიც უნდა მიიღოს დასავლეთმა, კარგად გავითავისოთ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებებს იღებს ქართველი ხალხი და უზურპატორ ხელისუფლებას სწორედ მისი ეშინია ყველაზე მეტად. სანქციებს მოკლევადიანი ეფექტი ნაკლებად ახასიათებს, სახალხო პროტესტი კი ამ მხრივ ბევრად ეფექტურია და მას გაცილებით სწრაფად მოაქვს შედეგი. ამიტომ ახალი არჩევნების მიღწევა მხოლოდ ჩვენი ძალისხმევის შედეგად მოხდება. ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები გვიჩვენებს, რომ "ქართული ოცნების" რესურსები ნამდვილად მკვეთრად შემცირებულია და განგრძობადი პროტესტი აიძულებს უზურპატორ მთავრობას, რომ დათმოს ხელისუფლება.
- ხშირად გვესმის, რომ ამ შედეგისთვის ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა ხელისუფლება, რისი ერთ-ერთი (მთავარი თუ არა) მიზეზი იყო ოპოზიციის არაეფექტიანი მუშაობა, რამაც საზოგადოებაში ნიჰილიზმი გააჩინა. როგორია თქვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით?
- საზოგადოებაში გავრცელებული აზრი, თითქოს ოპოზიციამ არაეფექტური კამპანია ჩაატარა, მიუხედავად იმისა, რომ სიმართლის მარცვლებს შეიცავს, მთლიანობაში მაინც მცდარია. ეს შეფასება ნიშნავს არჩევნების შედეგების აღიარებას, თითქოს "ქართულმა ოცნებამ" მართლაც გაიმარჯვა 26 ოქტომბერს, რაც საფუძველშივე არასწორია. პირდაპირ უნდა ითქვას, "ქართული ოცნება", წარმოუდგენელი მასშტაბის კარუსელის მიუხედავად (დადასტურებული ცნობებით, მარტო გორში "ქართულმა ოცნებამ" მხოლოდ კარუსელით 18 000 ხმა მოიმატა. თბილისშიც და სხვა დიდ ქალაქებშიც კარუსელით ხელისუფლებამ 17-20%-ით გაზარდა საკუთარი შედეგი), სინამდვილეში დამარცხდა. ბოლო დღეების პროტესტის მასშტაბებიც ცხადყოფს ამას. ვინ დაიჯერებს, რომ თბილისში ხელისუფლებამ 263,135 ხმა მიიღო? ეს დღეებია მთელი თბილისი გარეთ არის...
შედეგები, რასაც რეგიონებში ვხედავთ, გამოწვეულია ტოტალური გაყალბებით, შანტაჟით, მოსყიდვითა და კარუსელებით. უნდა გავითვალისწინოთ, რეგიონებში ცხოვრობს უამრავი სოციალურად შეჭირვებული ადამიანი, რომელიც იღებს სახელმწიფო დახმარებას და რომელსაც ამ დახმარების მოხსნით აშინებდა "ქართული ოცნება". ისინიც და საჯარო მოხელეებიც, რომლებიც სულაც არ აპირებდნენ ხელისუფლებისთვის ხმის მიცემას, ფარულობის ტოტალური დარღვევის პირობებში უბრალოდ ვერ ახერხებდნენ თავისი რეალური ნების დაფიქსირებას საარჩევნო ბიულეტენში. ასე რომ, "ქართულმა ოცნებამ" რეალურად რეგიონების მხოლოდ მცირე ნაწილში გაიმარჯვა და იქაც არა ისეთი სხვაობით, როგორიც დაფიქსირებულია.
- რას ფიქრობთ, რა იქნება (უნდა იყოს) ხვალ?..
- ამ კითხვაზე პასუხი მთლიანად დამოკიდებულია ქართველ ხალხზე. თუ მომავალი კვირის განმავლობაში ეს ფართომასშტაბიანი პროტესტი გაგრძელდება, უზურპატორი მთავრობა იძულებული იქნება, დათმოს ხელისუფლება და დაინიშნება ახალი არჩევნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს ელის ბელარუსის ბედი და მერწმუნეთ, ეს კატასტროფულად იმოქმედებს ყველაზე, მათ შორის მათზეც, ვინც მართლაც დაუჭირა მხარი "ქართულ ოცნებას" 26 ოქტომბრის არჩევნებში.
- რამდენიმე დღის წინ აფხაზეთში კიდევ ერთ შიდა დაპირისპირებას ვადევნებდით თვალყურს - როგორ ფიქრობთ, ეს უბრალოდ, "როლების გადათამაშება" იყო, აფხაზებმა პოზიციები არ დათმეს თუ პირიქით, რუსეთმა რეგიონში პოზიციები გაიმყარა?.. თქვენი ოჯახი, მამა, ბატონი ზურაბი, თავადაც, ძალიან კარგად იცნობთ აფხაზებს; რა შეგიძლიათ მათზე გვითხრათ - გაიაზრეს რუსეთიდან მომავალი საფრთხეები?.. თუ მათში "იდენტობის მუხტი" უკვე ჩამქრალია?..
- ის, რაც რამდენიმე დღის წინ მოხდა აფხაზეთში, მაინცდამაინც მოულოდნელი არ ყოფილა. ასლან ბჟანია უკვე ზედიზედ მესამე ე.წ. პრეზიდენტია, რომელიც თავის ვადას ბოლომდე ვერ ასრულებს და ეს ყოველთვის ერთი და იმავე სცენარით ხდება. რუსეთის ხელისუფლება აფხაზეთს თავის ტერიტორიად მიიჩნევს, რომლის ე.წ. დამოუკიდებლობა მას მხოლოდ დროებით სჭირდება, სანამ ოფიციალურად აქცევს ოკუპაციას ანექსიად. თავის მხრივ, აფხაზები მიიჩნევენ, რომ აფხაზეთის მიწა მხოლოდ მათია და იქ ისინი უნდა იყვნენ გაბატონებული ერი. მათ გააჩნიათ ე.წ. ბატონი ერის შეგრძნება, რომლის მიხედვითაც აფხაზეთში, პოლიტიკური კუთხით, მხოლოდ მათ უნდა ჰქონდეთ დომინაცია. რუსეთისაგან მათ მხოლოდ დახმარების მიღება უნდათ, მაგრამ არ სურთ თავისი უფლებების დათმობა. ამავე დროს, ამის ოფიციალურად გაცხადება არ შეუძლიათ. ასე რომ, ჩვენ ვხედავთ გარკვეულწილად უცნაურ ვითარებას, როდესაც ორივე მხარე ერთმანეთს ეჯიბრება, თუ ვინ უფრო მეტად უჭერს მხარს რუსეთს და ამავე დროს, ხელისუფლება იძულებულია, გადადგეს და წყდება დოკუმენტის რატიფიკაცია, რომელიც რუსეთის ინტერესების სრულ დაკანონებას ახდენდა. აფხაზების ასეთი ურჩობა დიდი ხანია გრძელდება, თუმცა რუსეთს დღეს იმის შესაძლებლობა არ გააჩნია, რომ ისინი დასაჯოს. უკრაინის წინააღმდეგ ომი მას პრაქტიკულად მთელ რესურსებს ართმევს, თანაც იმ დონეზე, რომ ამ დღეებში ვერ ახერხებს თავისი სატელიტი რეჟიმის დაცვას სირიაში, სადაც ბაშარ ალ-ასადს უმძიმესი დღეები უდგას. ასე რომ, აფხაზეთში განვითარებული მოვლენები ნამდვილად ვერ შეფასდება ისე, თითქოს რუსეთმა რეგიონში პოზიციები გაიმყარა. ამასთან, ყოველმხრივ მცდარი იქნება აფხაზურ ოპოზიციაში პროქართული განწყობილებების ძებნა. ასეთი რამ დღეს ნამდვილად არ შეიმჩნევა და არც მოსალოდნელია.
ლალი პაპასკირი