კიდევ ერთი "კავკასიური ცარცის წრე" საქართველოში
რატომ ვერ შეძლო "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანა მშვიდობიანი გზით ემართა და რატომ მივიდა საქმე მშფოთვარე საპროტესტო აქციებამდე? - ამის თაობაზე გვესაუბრა პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი სოფო ხორგუანი.
- იმას, რა ვითარებაშიც დღეს ვართ, კრიზისი ჰქვია და იმ ხალხის პასუხისმგებლობაა, რომლის ხელშიც არის დე-ფაქტო ძალაუფლება. ჩვენ ამ ადამიანებს კარგა ხანს ვაფრთხილებდით, რომ ერთადერთი, გონივრული გზა არჩევნების სამართლიანად ჩატარება იქნებოდა - ეს იყო გამოსავალი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ "ოცნებისთვისაც". სამწუხაროდ, ამ ადამიანებმა ძალაუფლების უზურპაცია მოახერხეს, მათ არ გაითვალისწინეს ჩვენი შეგონება და ეს შესაძლებლობა არ გამოიყენეს. უფრო მეტიც - მდგომარეობა დაამძიმეს და რაც დღეს ქვეყანაში ხდება, სწორედ მათი პასუხისმგებლობაა. ახლა ცდილობენ, ყველაფერი ოპოზიციას გადააბრალონ, რაც პასუხისმგებლობის თავიდან არიდების უმწეო მცდელობაა. რასაკვირველია, არ გამოუვათ, რადგან ეს არის ძალა, რომელმაც არჩევნები გააყალბა და ხელისუფლება უზურპირებული აქვს. ამ ადამიანებს უნდა შევახსენოთ, რომ საქართველო არც ირანია, არც ბელორუსი და არც რუსეთი, რომ არალეგიტიმური ხელისუფლება სერიოზული საფრთხეა ქართული სახელმწიფოსთვის. დიახ, ჩვენ დღეს გვყავს ე.წ. ხელისუფლება, რომელსაც ლეგიტიმაცია არა აქვს არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ.
- არაერთი მცდარი ნაბიჯის მიუხედავად, ხალხს ყველაზე მწვავე რეაქცია ევროინტეგრაციის შეჩერებაზე ჰქონდა. რატომ მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება, ნუთუ, საკუთარ ხალხს არ იცნობენ?
- ფაქტია, არ იცნობენ: ხომ გახსოვთ, საყოველთაო ზეიმი რომ გვქონდა ჩვენი ფეხბურთელების წარმატების შემდეგ? - მალევე დაგვაწიეს გადაწყვეტილება, რომლითაც უკან გაწვეული "რუსული კანონი" დააბრუნეს. მაშინ ხელისუფლებამ იფიქრა, რომ აქციები შეჩერდა და ხალხმა გადაწყვიტა, ეს ყველაფერი შეარჩინოს. იცით, რეალურად რა მოხდა? - ჩვენ, მოქალაქეებმა, ჩვენი ბრაზი არჩევნებისთვის შევინახეთ, დავიშალეთ და სახლებში წავედით, რითაც ხელისუფლებას ვაჩვენეთ, რომ სამშობლო მართლა გვიყვარს. დიახ, დღეს გვაქვს ვითარება, როცა მოქალაქეები უფრო ვუფრთხილდებით ჩვენს სამშობლოს, ვიდრე ის ხალხი, რომელსაც ხელისუფლებას ვუწოდებთ. უბრალოდ, მაშინ ხელისუფლებას მივეცით შესაძლებლობა, რომ ვითარება არჩევნების გზით გამოსწორებულიყო. ამ დროს ხელისუფლებას ეგონა, რომ ხელი ჩავიქნიეთ და მდგომარეობას შევეგუეთ. სინამდვილეში, ყველა ოქტომბრის არჩევნებს ელოდა და რა თქმა უნდა, არავის ჰქონდა ილუზია, რომ "ქართული ოცნება" სადღაც გაქრებოდა. ეს შესაძლებლობა წაგვართვეს და არჩევნები გააყალბეს. ისინი ამისთვის მთელი ერთი წელი ემზადებოდნენ - ახშობდნენ ინსტიტუტებს, რომელზეც თავისუფალი საარჩევნო სისტემა დგას, რასაც არნახული მანიპულაციები დაუმატეს. არჩევნების შემდეგ ხალხმა პროტესტი არ გამოთქვა და დიდი აქციებიც არ ჩატარებულა, რაც ასევე არასწორად თარგმნეს - უბრალოდ, ვერ მიხვდნენ, რომ ეს პირველი შოკის მდგომარეობა იყო. შოკი ბუნებრივია, როდესაც აღმოაჩენ, რომ ხელისუფლებას თავის გადარჩენის და ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანის ერთადერთი შანსი ჰქონდა და ეს შანსი არ გამოიყენა, უფრო მეტიც, ევროინტეგრაციის რეალური შესაძლებლობაც წაგვართვა!
- "ქართული ოცნება" ყოველთვის ამაყობდა, რომ მის ხელში მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია და კანდიდატის სტატუსი. მაინც, რატომ მივიდნენ ამ ზღვრამდე?
- დიახ, ეს პერსპექტივა ძალიან ახლოს იყო, ეს არ ყოფილა სინათლე გვირაბის ბოლოს - ჩვენ რეალური შესაძლებლობა გვქონდა, რომ იქ დავბრუნებულიყავით, სადაც ჩვენი ადგილია - ქრისტიანული, ევროპული ცივილიზაციის წიაღში. ეს პერსპექტივა ხელის გაწვდენაზე იყო და ცხვირწინ აგვაცალეს.
- იქნებ იმიტომ, რომ ადრე "ქართული ოცნება" რამდენიმე პოლიტიკურ ძალას აერთიანებდა, ახლა კი ერთპარტიულ მმართველობაზე გადავიდნენ?
- "ოცნებას" დაემართა ის, რაც ავტოკრატიულ რეჟიმებს ემართება: ავტოკრატიული რეჟიმი ნიშნავს ჩაკეტილ სისტემას, რომელსაც ერთი მუჭა ადამიანები ქმნიან, არანაირ ჯანსაღ აზრს ახლოს არ იკარებენ, ილუზიებში ცხოვრობენ და რეალობის გრძნობას კარგავენ. ჩვენ არ ვართ ირანი და ბელორუსი - ჩვენთან ავტოკრატიის და დიქტატურის დამყარება შეუძლებელია თუნდაც, ჩვენი სუსტი ეკონომიკის გათვალისწინებით - ავტოკრატიას შენახვა უნდა, რაც დიდ ფულს საჭიროებს. თანაც, ქართველები სულ სხვა ბუნების ხალხი ვართ. ეს ვერ გაითვალისწინეს და სისუსტედ ჩაგვითვალეს ის, რომ სამშობლოს ვუფრთხილდებით. მოხდა ის, რაც "კავკასიურ ცარცის წრეში" ხდება - გრუშე თავის შვილს ხელს გაუშვებს, რომ ის შუაზე არ გაგლიჯონ. ჩვენც ასე მოვიქეცით - ვიფიქრეთ, რომ ხელისუფლებას არჩევნებით შევცვლიდით, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ისინიც ეშხში შევიდნენ, გათამამდნენ და ახალი საშინელებების ჩადენა დაიწყეს - ალბათ, ყველამ ნახეთ კადრები, სადაც ე.წ. ძალოვaნები წაქცეულ ხალხს წიხლს უტყამენ - ეს ხელისუფლების მიერ დაშვებული ძალადობა იყო, რომელსაც დაახლოებით იგივე ეფექტი ჰქონდა, როგორც ციხის კადრებს 2012 წელს. როცა სრულიად დაუცველ, უმწეო ადამიანებს ხელისუფლება უმოწყალოდ უსწორდება, ეს უკურეაქციას იწვევს. სწორედ ამიტომ, დარბევის შემდეგ უფრო მეტი ადამიანი მოვიდა. ეს ბუნებრივია, რადგან დღეს, არჩევანი ძალზე მარტივია: ან ამ უსამართლობას არ ეგუები და იბრძვი, ან შენი ქვეყნიდან უნდა წახვიდე, რაც ადვილი არ არის! ჩვენ გვიყვარს ჩვენი სამშობლო, ამიტომ, როგორც გრუშე, ხელს ვუშვებთ, რომ უფრო მეტად არ დავაზიანოთ - ეს ავტოკრატი ხელისუფლება ამას ჩვენს სისუსტედ აღიქვამს.
ერთადერთი, რაც ამ ხელისუფლებას არ ჩაუდენია, არის ის, რომ სპეცრაზმით ტელევიზიაში არ შევარდნილა, მაგრამ ტელევიზიაში შევარდნა და დარბევა რა საჭიროა, თუ ჟურნალისტებს ქუჩაში მიზანმიმართულად გაუსწორდები? მათ ეს ადამიანები გაიმეტეს! - აი, რა არის ყველაზე მძიმე ამბავი. იცით, ამ ყველაფერში ყველაზე ამაზრზენი და საზიზღარი რა არის? - ასე იმიტომ იქცევიან, რომ მოპარული ფული შეინარჩუნონ. ძალაუფლებისთვის იცით, რატომ იბრძვიან? - რომ ჩვენი სამშობლო კიდევ უფრო გამოხრან და გამოშიგნონ - აი, რა არის ყველაზე ამაზრზენი და ამორალური მათ ქმედებებში! ყველა ძალადობის მიზეზი და მოტივაცია არის ის, რომ ძალაუფლება მოპარული ფულის შესანარჩუნებლად გამოიყენონ. ამტკიცებენ, რომ "კრიმინალებს" ამ ქვეყანაში არეულობის და დესტაბილიზაციის მოწყობა სურთ და არ ამბობენ, რომ ჩვენ კრიმინალური სახელმწიფოს არსებობას ვუშლით ხელს. ჩვენ გვინდა სახელმწიფო, სადაც სამართლიანობა იქნება და ადამიანებს ასე უდიერად ვერავინ მოექცევა. მათი მიზანი კი სულ სხვაა - როგორმე გამოშიგნონ, გამოხრან საქართველო და თვითონ უზრუნველად იცხოვრონ!
- და სწორედ ამიტომ ცდილობენ დაადუმონ ჟურნალისტები, რომლებიც სიმართლეს ამბობენ?
- რა თქმა უნდა! ეს არის ავტოკრატიის თვისება - მათ არ სჭირდებათ არავინ, ვინც არ ეთანხმება და ტაშს არ უკრავს. თვითონ გამოაცხადეს, რომ "ოცნება" იმ ხალხის ხელისუფლებაა, რომელიც ამ ძალას მხარს უჭერს. სწორედ ასე მართავენ ე.წ. ამომრჩევლებს - ადამიანებს, რომლებიც საჯარო სამსახურებში ჰყავთ - სოციალურად დაუცველებს, მასწავლებლებს, მეტადონის პროგრამაში მყოფებს, პრობაციონერებს... სწორედ ისინი შეაშინეს და აიძულეს, რომ არჩევნებზე ხმა მიეცათ, მაგრამ სიმართლე ხომ იციან? - ხომ იციან, რომ ვირტუალური ხმები, რომელიც 26 ოქტომბერს დაიმატეს, არ არსებობს? რომ ამდენი მხარდამჭერი სინამდვილეში არ ჰყავთ და არც ჰყოლიათ?! ერთ-ერთი იმპერატორი ამბობდა: მაკრიტიკეთ, რომ მე გადავრჩეო... თუ ხელისუფალს არავინ აკრიტიკებს, ის ადრე თუ გვიან, უზურპატორად ყალიბდება და იღუპება - ეს არის ანa-ბანa, რომელიც ყველამ იცის. თუ კრიტიკული აზრის მოსმენის უნარს დაკარგავს, ნებისმიერი ავტოკრატი დამარცხდება - სწორედ ეს ემართება ამ ხელისუფლებასაც.
- თქვენი აზრით, რა არის ყველაზე უმტკივნეულო გამოსავალი ამ სიტუაციიდან?
- გამოსავალი ერთია - ხელისუფლება დათმობაზე უნდა წავიდეს. აბა, მე რა უნდა დავთმო? ის, რომ ევროპული სახელმწიფო მინდა? რა დავთმო: ჩემი ქართველობა და ჩემი არსი? საკუთარი სახლიდან გამოგდებული დევნილი ვარ! ჩემი სახლი აფხაზეთში რუსს აქვს მიტაცებული, იქნებ მითხრან, კიდევ რა უნდა დავთმო? - რას ითხოვენ, კიდევ რას უნდა შევეგუოთ?! კედელთან ვართ მიყენებული, იმის იქით აღარაფერია და უფსკრულში ჩვენ თვითონ უნდა გადავხტეთ? - რას ითხოვენ ჩვენგან?! ერთადერთი, ვინც ახლა უნდა დათმოს, არის სახელმწიფო, რომელმაც ამ უძირო უფსკრულის პირას დაგვაყენა.
- ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ამის გამოსწორებას თუ შევძლებთ?
- ეს მოსალოდნელიც იყო: რასაც ხელისუფლება აკეთებს, მხოლოდ ავტოკრატიულ ქვეყნებში მოსწონთ - ის, ბელორუსის, რუსეთისა და ირანის რეჟიმებს hბაძავს, მათ მეთოდებს იყენებს. 2020-2021 წლამდე ეს ხელისუფლება ზოგჯერ მაინც უსმენდა ხალხს, მისი გაცხადებული პოლიტიკაც პროდასავლური იყო. ბოლო სამი წლის განმავლობაში დაიწყეს ამ რეჟიმის ჩამოყალიბება, რაც მათი სიბრიყვის მაჩვენებელია: მარყუჟის მოჭერა უცებ გადაწყვიტეს და ამის გამო, ძალიან ბევრი მხარდამჭერი დაკარგეს. ახლა საქართველოს მოქალაქეებს უკვე თვითგადარჩენის ინსტინქტი ამოძრავებთ - ჩვენ ხომ ვიცით ნამდვილი მშვიდობა და კეთილდღეობა სად არის? ჩვენი გენეტიკური კოდი გვკარნახობს, რომ ახლა უნდა ვიბრძოლოთ, თორემ ამ ქვეყანას მარყუჟს ბოლომდე მოუჭერენ და მის ბოლომდე მოხრჩობას შეეცდებიან. დიახ, მათ უნდა დათმონ, ჩვენი მხრიდან დათმობა იქნება ის, ქვეყნიდან თუ წავალთ და დავივიწყებთ, რომ ქართველები ვართ, მაგრამ ამ დათმობაზე არ წავალთ... იმან უნდა დათმოს, ვინც იძალადა, ვინც არჩევნები მოიპარა, ვინც ქართველობას და ჩვენს იდენტობას გვართმევს! ახლო მომავალში სერიოზული ცვლილებები გველოდება - გეოპოლიტიკა იქითკენ მიდის, რომ ტოტალიტარული რეჟიმების ადგილი თანამედროვე მსოფლიოში აღარ იქნება. სწორედ ამიტომ გამოაცხადა ამერიკამ, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი აღარ არის და "ოცნებაც" ვეღარ გვეტყვის, რომ დასავლეთისკენ მიდის. ამ ე.წ. ხელისუფლების პირობებში, ქართველებმა ჩვენი მიზანი და არჩევანი დავკარგეთ, მაგრამ იმედია, საქართველო გადარჩება, სწორ გეზს დაიბრუნებს და ამ ქვეყანაში ბოლოს და ბოლოს, ჯანსაღი აზრი გაიმარჯვებს.
ხათუნა ჩიგოგიძე