ბარბარა სამხარაძის ნაბიჯი "უცნობი მომავლისკენ" - გზაპრესი

ბარბარა სამხარაძის ნაბიჯი "უცნობი მომავლისკენ"

მინდოდა, ზედმეტი კითხვები თავიდან ამერიდებინა", - ამბობს მომღერალი ბარბარა სამხარაძე. ახლა კი გულახდილად გვესაუბრება, როგორ მიიღო გადაწყვეტილება მიემართა ბარეატრიული ქირურგიისთვის, როგორ გრძნობს თავს -56 კილოგრამით ნაკლები წონით, რა სირთულეების გადალახვა მოუხდა და როგორია დღეს მისი ცხოვრება?

- ოპერაციის ამბავს ვმალავდი, მაგრამ ამ თემაზე შეკითხვებს მაინც ძალიან ბევრი ადამიანი მწერდა.

- რას პასუხობდი?

- მირჩევნია, რაღაც უპასუხოდ დავტოვო, ვიდრე ტყუილი მოვიფიქრო.

- გადაწყვეტილების მიღებისას, მთავარი მაინც ჭარბი წონით გამოწვეული, ჯანმრთელობის შესაძლო გართულების ალბათობა აღმოჩნდა?

- სულ ვამბობდი, რომ ჩემს თავს ვიღებდი ისეთს, როგორიც ვიყავი და დღესაც ვფიქრობ, რომ სწორი მიდგომა მქონდა. ინტერნეტსივრცეში ბევრს გაუკვირდა, - ამას საკუთარი თავი ისეთი ხომ მოსწონდა, როგორიც იყო და ოპერაცია რატომ გაიკეთაო? რადგან შენი თავის მიმღებლობა გაქვს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უარს ამბობ ცვლილებაზე, რომელიც შეიძლება ერთ დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გახდეს. ანალიზების პასუხები რომ მოვიდა, ექიმმა მითხრა, შენ შეგიძლია დაიკლო წონაში, მაგრამ შემდეგში შენარჩუნებას ვერ შეძლებო. შემეძლო ოპერაციაზე უარიც მეთქვა, მაგრამ საკუთარ წარსულს რომ გადავხედე, გამახსენდა, დამიკლია 10 კილო, 15 და მეტიც, მაგრამ ერთი ჭიქა წვენის მიღებაც კი საკმარისი იყო იმისთვის, რომ მატება დამეწყო. რაც მთავარია, ეს მატება არ იყო 300 და 500 გრამი, კილოგრამს ვიმატებდი. მეტაბოლიზმი მქონდა დარღვეული. რადგან ეს შანსი მომეცა, გავიფიქრე, - მოდი, ამ ნაბიჯს გადავდგამ და წავალ წინ, უცნობი მომავლისკენ. საკუთარ თავზე ვიმუშავე. მივიღე გადაწყვეტილება გამეხსნა ყულაბა, სადაც პერიოდულად გარკვეული თანხის გადადებას მოვახერხებდი. როგორც ჩანს, ჩემი სურვილი იმდენად დიდი იყო, ეს გადაწყვეტილება ისეთი გულით მივიღე, სამყარომ ისმინა და ისე მოხდა, რომ ნანუკა ჟორჟოლიანის შოუდან დამიკავშირდნენ და მითხრეს, ერთ-ერთ ცნობილ კლინიკას აქვს სურვილი, დაგიფინანსოს ოპერაცია და თანახმა იქნები, ჩვენი გმირი გახდეო? ძალიან ბევრი ვიფიქრე. არ მინდოდა, ვინმესთან ვალში ვყოფილიყავი, ჩემი კლება ვიღაცის დამსახურება ყოფილიყო. მეგობარმა მითხრა, რომ ეს ორმხრივი სარგებელი იქნებოდა და ამ მიდგომამ გადაწყვეტილების მიღება გამიადვილა.

- მგონი, ეს ამბავი მშობლებმა არ იცოდნენ, ხომ?

- მათ იცოდნენ, რომ ოპერაციის გაკეთება მინდოდა, რომ ჯერ გამოკვლევები უნდა ჩამეტარებინა, თარიღი თუ მქონდა ჩანიშნული, ეგ არ მითქვამს, მაგრამ დედის გულს ხომ ვერაფერს გამოაპარებ. ოპერაციის დღეს ჩემი დისთვის ბევრი შეკითხვა დაუსვამს, ბოლოს სიმართლე უთხრა, რომ უკვე ნარკოზიდან გამოვედი და ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

- რეაბილიტაციის პერიოდი როგორ გაიარე?

- მე არ ვიყავი ჭარბწონიანი ბევრი ჭამის გამო, რადგან მეტაბოლიზმი მქონდა დარღვეული, რასაც ვიღებდი, იმ საკვებს ჩემი ორგანიზმი არ გადაამუშავებდა და ცხიმების სახით თავის ნაწილად აქცევდა. ამ ოპერაციას ახლავს გარკვეული შეზღუდვები, საკვების გრამობით მიღება. მანამდე არ მქონია გაზიან სასმელზე დამოკიდებულება, არ ვჭამდი იმდენს, როგორც გამოვიყურებოდი. ამიტომ გრამობით კვებაზე გადასვლა არ გამჭირვებია. მხოლოდ ეგ იყო, ვერ აღვიქვამდი, რომ ვიკლებდი. ამაში ფსიქოლოგის დახმარებაც დამჭირდა და ამ საკითხისადმი ჩემი აღქმის დაშლაც. 3 თვეში 20 კილოგრამს რომ ვიკლებდი და ვიღაც წერდა, რომ 40 კილოს იკლებდა, სულ ინფორმაციულ ომში ვიყავი.

- შეცდომა დაგიშვია, ალბათ მსგავსი რამ საერთოდ არ უნდა წაგეკითხა.

- კი, მერე მივხვდი, რომ არ უნდა წამეკითხა, დიდი შეცდომა დავუშვი. ვფიქრობდი, რაღაცას არასწორად ვაკეთებდი. თუ გინდა დაიკლო, პირველ რიგში, სხვის შედეგზე სწორება არ უნდა გქონდეს. ამაზე ფიქრმა და დარდმა, ემოციურმა მიჯაჭვულობამ ხელი შემიშალა იმაში, რომ უფრო ეფექტური კლება მქონოდა. არ მინდოდა ვყოფილიყავი იმედგაცრუება იმ ადამიანებისთვის, ვინც ჩემში ეს რესურსი ჩადო.

2-1-1733661237.jpg

- ჭარბი წონის პრობლემა როდიდან დაგეწყო?

- პუტკუნა ბავშვი ვიყავი, მაგრამ მსუქანი - არასდროს. წონის მატება არასწორად დანიშნულმა მედიკამენტმა გამოიწვია, რომელიც დიდი დოზით გამიკეთეს და მისი უკუჩვენება მომავალში ჰორმონალური დარღვევებით აისახა. სადღაც 9 წლიდან ჩემი ცხოვრების რეჟიმიც აირია, სკოლიდან მუსიკაზე მივდიოდი. დღის განმავლობაში საკვებს ფაქტობრივად ვერ ვიღებდი და თუ ვიღებდი, მხოლოდ პურს ვჭამდი. შოკოლადი რომ მომინდებოდა, ბებიები ტკბილეულებს აცხობდნენ. ვითომ ნატურალურს ვიღებდი, მთლიანობაში კი ეს უარყოფით გავლენას ახდენდა.

- წონაში რომ დაიკელი, შენს დას დაემსგავსე, არა?

- ყველა მაგას მეუბნება, მაგრამ თავად მსგავსებას ვერ ვხედავ. 56 კილოგრამი მაქვს დაკლებული.

- ახლა თავს როგორ გრძნობ?

- ძალიან კარგად. ყოველ დაბადების დღეს, სანთლის ჩაქრობისას, წონაში დაკლებას ვნატრობდი, წელს 24 წლის გავხდი და პირველი დაბადების დღე იყო ჩემს ცხოვრებაში, როდესაც ეს სურვილი არ ჩავიფიქრე. არ ვიცი, ეს მენტალური ჯანმრთელობის გამართვაში რამდენად უნდა ჩაითვალოს, მაგრამ ვთვლი, რომ ჯერ კიდევ შეგუების პერიოდში ვარ, რადგან ეს არის ის წონა, რომელშიც საკუთარი თავი არ მახსოვს. მეც ახლიდან ვეცნობი ჩემს თავს. მხარზე ხელი რომ მოვისვი და ძვალი ვიგრძენი, დავიყვირე, ვაიმე, ეს რა ამომივიდა-მეთქი? არ ვიცოდი, მხრებზე ძვლები თუ მქონდა (იცინის).

- საზოგადოების რეაქცია როგორია?

- ყველას სახე უბრწყინდება. შთაბეჭდილება მრჩება, ჩემი დიდი წონა ჩემ გარდა, ყველას აწუხებდა. ისე უხარიათ, ისეთი ბედნიერები არიან, იმ ძველი ბარბარას გადმოსახედიდან, ეს ყველაფერი ცოტათი მელანქოლიურია და ვერ არის დიდად სასიამოვნო. სათვალეებით, ზოგჯერ პირბადით დავდივარ, რეაქციები რომ ავიცილო. არც იმას ვფიქრობ, კიდევ რამდენი კილო უნდა დავიკლო. ჩემი ორგანიზმი და გონება შეთანხმებულად მოქმედებენ. 30 კილო რომ დავიკელი, ყველაზე მეტად გააზრება მაშინ გამიჭირდა. შესამჩნევი ცვლილებები რომ "წამოვიდა", წონა მაშინ "გამიჩერდა". ჩემი ტვინი მიხვდა, რომ ამ ყველაფერთან შეგუება უნდა მომხდარიყო. ასეთიც ძალიან მომწონს ჩემი თავი და თუ ვეღარ დავიკლებ, არც ეგ იქნება პრობლემა.

- რაც მთავარია, ჯანმრთელობის შესაძლო გართულებების საფრთხე მოიხსნა, არა?

- ყველა ანალიზი მომიწესრიგდა. აღარ ვარ იმ საფრთხის ქვეშ, რომელსაც ჭარბი წონა მიქმნიდა. ახლაც ჭარბწონიანად ვითვლები, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ რაღაც კონკრეტული ციფრია ჩემი მიზანი და იქამდე თუ არ მივედი, დეპრესია დამეწყება. პროცესი მიდის, ვნახოთ, სადამდე ჩამოვალ. საკუთარი თავი ამ წონის მართლა არ მახსოვს.

3-1-1733661227.jpg

- დედა რას გეუბნება?

- ბედნიერია. როგორც აღმოჩნდა, ჩემი წონა მასაც ძალიან აწუხებდა. ოპერაციის შემდეგ კლება რომ დავიწყე და შედეგი დაინახა, მითხრა, ახლა ჩემი გონებაც დაწყნარდაო. დედას ჰქონდა შფოთვითი აშლილობა, პანიკური შეტევები, ვერ ხვდებოდა, ეს ყველაფერი საიდან მოდიოდა. თურმე ჩემზე ნერვიულობის გამო ხდებოდა. ექიმთან წასვლა არასდროს მიყვარდა. ვის უყვარს, მაგრამ მე განსაკუთრებით. დღეს თავად ვჯავშნი ვიზიტს, ისეთი კარგი ამბები მიმაქვს და მომაქვს, წასვლა მიხარია და დედასაც პრობლემა ნელ-ნელა მოეხსნა. ცოტათი კი მეწყინა, აქამდე გეთქვა, ეს წონა თუ ასე გაშინებდა და გადარდებდა-მეთქი. ჩვენ მის ემოციურ ხასიათს ვაბრალებდით.

- შემოქმედებით სიახლეზეც გკითხავ, ამ მხრივ რა ხდება?

- სიმღერა მზად მაქვს, რომელიც ახალ წლამდე გამოვა. სიმღერის სახელწოდებაა "გრძნობების გარეშე", იმედია მსმენელს მოეწონება. სიმღერის დატვირთვა რთული კომპონენტებით არ მიყვარს, უნდა უსმინო და ისიამოვნო. ადამიანს გრძნობები და ემოციები აადამიანებს, ამ ყველაფერს ვდებ ჩემს სიმღერაში და ყველა ტექსტს თავად ვქმნი.

თამუნა კვინიკაძე