მომავლის ვარსკვლავები... - გზაპრესი

მომავლის ვარსკვლავები...

მისი მსგავსი უამრავი დადის საქართველოში და არავინ იცის ხვალ და ზეგ რა განწყობაზე დადგება, იქნებ სულაც მიატოვოს სპორტი და ისევე ჩაიკარგოს მისი სახელი ისტორიის ლაბირინთებში, ყველაზე ახლობლებსაც კი მალე დაავიწყდეთ ეს მიღწევებიო და სიმართლე გითხრათ, მეც ხშირად მიფიქრია ასე. ამიტომაც არ დავწერე თავის დროზე ფეხბურთში ჩვენი ეროვნული ნაკრების წევრ გიორგი გოჩოლეიშვილზე, რომელიც იმავე სკოლაში სწავლობდა, რომლის მეთერთმეტეკლასელიც ჩვენი სტატიის დღევანდელი გმირი ოთარ ჯაფარიძეა და თითქმის ყოველდღე ვხვდებოდი მას. ვიცოდი მის მიღწევებsa და იმ მომავალზე, რომელშიც ახლა ცხოვრობს თავდადებული შრომისა და საქმის ერთგულების ხარჯზე.

გიორგიზე სხვა ჟურნალისტმა დაწერა ჩვენს ჟურნალში და ძალიან გავბრაზდი საკუთარ თავზე, რადგან მე ბევრად მეტი ვიცოდი მასზე იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჟურნალისტიკის პარალელურად, სკოლაში ვმუშაობ და ჩემ თვალწინ უამრავი უნიჭიერესი ბავშვი მოძრაობს ყოველდღე, რომელთაც სერიოზული მიღწევები აქვთ მუსიკაში, მხატვრობაში, ცეკვაში და რა თქმა უნდა, სპორტში.

არ მინდა იმ საოცარ ბიჭზე დაწერაც სხვამ დამასწროს, დღეს რომ უნდა გაგაცნოთ და ეჭვიც არ მეპარება, მომავალში აუცილებლად გახდება ოლიმპიური ჩემპიონი.

ოთარ ჯაფარიძე (ჩვენი ოთო) ქუთაისის 37-ე სკოლის მეთერთმეტეკლასელია და მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ შესთავაზეს დედაქალაქის სპორტულ სკოლაში გადასვლა, ბევრი ფიქრის შემდეგ უარი თქვა:

- არ შემიძლია ჩემი ქალაქის, მეგობრების, ჩემი მწვრთნელის - ირაკლი კინწურაშვილის გარეშე, რომელიც მამასავით მიდგას გვერდSი. ჩემი გამარჯვებები მის გარეშე შეიძლება არც ყოფილიყო, რადგან ცდუნება ბევრია, მუშაობას მეც გართობა მირჩევნია ხშირ შემთხვევაში, მაგრამ ირაკლი მასწავლებელი არ მაძლევს მოდუნების უფლებას და საშუალებას. არც ჩემი ბებოსგან შორს ყოფნა შემიძლია, რომლის გაზრდილიც ვარ, რადგან დედა ემიგრაციაშია. რომ არ წასულიყო, გაგვიჭირდებოდა და ახლა იმიტომაც მინდა გამარჯვება, წინსვლა, რომ დედას მალე შევეშველო, აწი მე შევუქმნა უზრუნველი ცხოვრება. ბებოს გაზრდილი ვარ-მეთქი, გითხარით და სხვანაირად უნდა მეთქვა: ბებოების, რადგან როგორც მამის, ასევე დედის მხრიდან არც ერთის სიყვარული არ დამკლებია. სამწუხაროდ, ერთი ბებო გარდაიცვალა და ჩემი ბოლო გამარჯვება საერთაშორისო ტურნირზე მის ხსოვნას მივუძღვენი. ისე კი, ყველა ჩემს გამარჯვებას საქართველოს ვუძღვნი. ძალიან ვამაყობ, რომ ქართველი ვარ და არასოდეს წავალ სხვა ქვეყანაში, როგორი შემოთავაზებაც უნდა მივიღო.

ოთარის შესახებ მის მწვრთნელზე უკეთ ვერავინ გვიამბობდა და ამიტომ, სწორედ მას ვთხოვე ბიჭის მიღწევებზე მოეყოლა.

2c068647-3112-4723-aaef-672104bbf2a5-1733661408.jpg

ირაკლი კინწურაშვილი:

- ოთარი შემთხვევით არ მომხვდარა ჩემთან. მე და დედამისი პირველი კლასიდან ერთად ვსწავლობდით და დღემდე ვაგრძელებთ მეგობრობას. მარიამმა მომიყვანა ექვსი წლის შვილი და ჩამაბარა: იმოდენა ენერგია აქვს, აღარ იცის, სად წაიღოს, იქნებ სპორტმა დააინტერესოს და სასარგებლოდ დახარჯოს, ტყუილად სირბილსა და თამაშსო...

თავიდანვე მოგვეწონა სპორტული სკოლის პედაგოგებს და თავადაც დიდი ინტერესი გამოამჟღავნა. თავიდან ქართულ ჭიდაობას სწავლობდა. ძალიან მოსწონდა ილეთები და ფანდები, ისტორიითაც დაინტერესდა. უნდოდა სპორტის ამ სახეობაზე ყველაფერი სცოდნოდა და დღემდე არ მიუტოვებია ქართული ჭიდაობა, მიუხედავად იმისა, რომ მწვრთნელების რჩევით, ძალიან მალე ძიუდოზე გადავიყვანეთ და კიმონოც მალე მოირგო, მოიხდინა. ფაქტობრივად, ერთ წელიწადში აიყვანეს ქუთაისის ნაკრებში. ზედიზედ იგებდა არა მხოლოდ ქალაქისა და ქვეყნის მასშტაბით გამართულ შეჯიბრებებს, პირველივე საერთაშორისო ტურნირზე, რომელიც ბათუმში ჩატარდა 2019 წელს, ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, რუს მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და ძალიან ბედნიერი იყო ამის გამო. მაშინ მხოლოდ 11 წლის გახლდათ და მაინც ვერ ჰპატიობდა რუსეთს საქართველოს მორევისა და ჩაგვრის მცდელობას.

ჭიდაობა 2016 წელს დაიწყო ქუთაისის მე-17 სკოლის ბაზაზე არსებულ დავით ხახალეიშვილის სახელობის ქართული ჭიდაობის წრეზე. როგორც გითხარით, ქართულ ჭიდაობას დღემდე ვერ შეელია და ძიუდოს პარალელურად, ვარჯიშობს; კოლია ქვარიანის სახელობის ტურნირის ჩემპიონიც კი გახდა ცოტა ხნის წინ. მისი ყველა გამარჯვება რომ ჩამოვთვალო, ძალიან შორს წავალთ. ბოლო მნიშვნელოვან მიღწევაზე გეტყვით: 2024 წელს თურქეთის ქალაქ იზმითში გამართულ ტურნირზე, რომელშიც 14 ქვეყანა მონაწილეობდა, პირველი ადგილი დაიკავა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მონაწილეობდა სალიცენზიო შეჯიბრებაში საქართველოს პირველობაზე მძიმე წონით კატეგორიაში, რის შემდეგაც გახდა ნაკრების წევრი და კიდევ მეტ სპორტულ ღონისძიებაში ელოდება მონაწილეობა, თავის გამოჩენა. ერთ მის თვისებაზე უნდა ვთქვა აუცილებლად: ბუნებით ლიდერია და ისევე უხარია თანაგუნდელების წარმატება, როგორც საკუთარი. ისეთ რჩევებს აძლევს ახალბედებს, არაა გამორიცხული, მალე მწვრთნელის როლშიც ვიხილოთ.

- ვიცი, რომ ოთარის გარდა სამოცამდე ნიჭიერი ბავშვის მწვრთნელი ხართ...

- ნამდვილად ნიჭიერი თაობა მოდის. სპორტიც დაფასდა თითქოს და ამის გამოც გაჩნდა ინტერესი. თუმცა, ამის შესახებ სხვა დროს ვისაუბროთ. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის ხელმძღვანელობა მხარში გვიდგას და ხელშეწყობაც არ გვაკლია, მაინც გვაქვს სირთულეები, პრობლემები თუნდაც დარბაზთან დაკავშირებით და როცა ყველაფერი მოგვარდება, აუცილებლად შევხვდეთ და გაგაცნობთ ჩვენს პატარა ჩემპიონებს.

როცა თავად ოთოს ვთხოვე მეტი მოეყოლა თავისი გამარჯვებების შესახებ, მედლები, თასები, დიპლომები და სერტიფიკატები გვაჩვენა: ესენი უფრო მეტს ლაპარაკობენო.

მშობლიურ 37-ე სკოლაშიც ძალიან უყვართ ღიმილა ბიჭი.

ნანა კენჭოშვილი, 37-ე საჯარო სკოლის დირექტორი:

- ძალიან კარგი ადამიანია. მასზე მხოლოდ კარგის თქმა შეგვიძლია მის მასწავლებლებს. უკონფლიქტო, მზრუნველი და ყურადღებიანია. რაც უნდა ვთხოვოთ, გვერდში გვიდგას. ჩვენი სკოლა რემონტში იყო მთელი წელიწადი და უკან რომ დავბრუნდით, თავის ტოლებს გაუკეთა ორგანიზება: იმდენი საქმეა, რაც შეგვიძლია დაგეხმარებითო. მართლაც ერთგულად იშრომეს მასწავლებლების გვერდით. მისი სპორტული მიღწევები გვახარებს და დარწმუნებული ვარ, მალე ვიამაყებთ უფრო სერიოზული მიღწევებითაც. რამდენადაც ვიცი, ოლიმპიურ ჩემპიონობას აპირებს და გამოუვა კიდეც.

dce52804-3c7c-44b6-89fe-a5f23b3202a7-copy-1733661395.jpg

მე მხოლოდ იმის დამატება შემიძლია, რომ განსაკუთრებით უყვარს უცხოური ენები. ინგლისურისა და რუსულის გარდა, კიდევ რამდენიმე უცხო ენის შესწავლას აპირებს: მსოფლიო უნდა მოვიარო და მინდა ყველას თავის ენაზე ველაპარაკო; იმაზე ვუამბო, რა საოცარი ქვეყანაა ჩემი საქართველო და რატომ არ შემიძლია მის გარეშე ცხოვრებაო. ჰოდა, ხომ გითხარით, მინდა ყველას დავასწრო და მის შესახებ ვუამბო, რადგან დარწმუნებული ვარ, ვიამაყებ, რომ ოდესღაც მე გავაცანი ეს საოცარი ბიჭი საქართველოს...

ინგა ჯაყელი