აფხაზეთის ომის ვეტერანი ქალბატონის მოგონებები
ცაგერის რაიონის სოფელ ღვირისში დაიბადა და იმავე წელს ოჯახი აფხაზეთში, დაბა განთიადის სოფელ ხეივანში გადასახლდა. აქ ცხოვრობდა და გაგრის საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილებაში მუშაობდა თითქმის 30 წელი, სანამ ომი არ დაიწყო... გადატანილმა ტრაგედიებმა (დაჭრილებს დასტრიალებდა თავზე) 52 წლის ქალი ერთბაშად ისე დააბერა, რომ შვილები შეშინდნენ (სამი შვილი აღზარდა - ორი ვაჟი და ქალიშვილი). ქალბატონი ციალა ლექსებს წერს და მათ თავისი სულის ნაწილს უწოდებს. წერს აგრეთვე ნაკვესებს, საბავშვო ლექსებს, იგავ-არაკებს, ნოველებს. ამ ყველაფერმა თავი მოიყარა ორ წიგნში და მესამე წიგნის გამოცემაზეც ფიქრობს.
გადასახლება
- ხეივანი იყო ულამაზესი სოფელი ზღვის პირას, ლესელიძესა და განთიადს შორის, მაგრამ ერთ დროს ჭაობიანი და ტყიანი დაბლობი ყოფილა. რადგან ეს ადგილი ფსოუს საზღვარზეა, სტალინმა გადაწყვიტა სოფელი გაეშენებინა და ქართველებით დაესახლებინა, ასეც მოხდა, ჩადგეს ერთნაირი სახლები. აქ ხალხი ჩამოსახლდა მაღალმთიანი რაიონებიდან. ლეჩხუმში (ცაგერის რაიონიდან ვართ) 8-10 მეტრი თოვლი მოდიოდა, ზამთარში გლეხები სამუშაოდ სოჭში მიდიოდნენ, მათ შორის იყო მამაჩემიც. მისი მონაყოლიდან ვიცი, რომ როდესაც ის ხეივნის მიდამოებს გამოივლიდა ხოლმე, სახლში დაბრუნებამდე, გულში გაივლებდა, - ნეტავ აქ დამასახლაო. იმ დროს, როცა ზღვის ნაპირზე გაზაფხული შემოდიოდა და ყველაფერი გამწვანებას იწყებდა, ჩვენთან ჯერ კიდევ თოვლი იდო.
ლეჩხუმში ორსართულიანი სახლი გვქონდა და ეზოში ცალკე იდგა სამზარეულო. იმ წელს დედაჩემი ჩემზე ფეხმძიმედ იყო. მამა ჰყვებოდა, რომ ერთ დღეს კოლმეურნეობის თავმჯდომარემ დაიბარა სოფლის მოსახლეობა და იქ მისულებს, ჩამოსულმა უცხო პიროვნებამ აუხსნა, რომ ვისაც სურვილი ექნებოდა, შეეძლო გადასულიყო სოფელ ხეივანში საცხოვრებლად, სადაც სახლები უკვე აშენებული იყო. მთელი სოფელი გაირინდა. მამა წამოვარდნილა: პირველი მე მივდივარო! რადგან პლატონამ ეს თქვა, ე.ი. კარგი ადგილიაო და რამდენიმე გლეხმა თანხმობა გამოთქვა. იმ დღის ამბავს დედა ასე იხსენებდა: მამაშენს სახლში მოსვლა დააგვიანდა. უცებ გარედან მესმის რაღაცის მტვრევის ხმა, გავიხედე ფანჯარაში და ვხედავ, ვიღაცა ჩვენს „კუხნას“ სახურავს ხდის. რა ვქნა, პალატონა არაა სახლში და რა გავაკეთო, არ ვიციო. თურმე მამაჩემი სახლშიც კი არ შევიდა, მიადგა საზაფხულო „კუხნას“ და რღვევა დაუწყია, - ამას წავიღებ, იქ გამომადგებაო. წარმოგიდგენია, როგორი გახარებული იყო?
ახლა, დაიწყო ოჯახმა გამზადება წასასვლელად. ამ დროს ბავშვები, ჩემი ძმები არიან 12 და 6 წლისანი, 8 წლით უფროსია და. მე ნაბოლარა ვარ. ფეხმძიმე დედა მამაჩემმა ურემზე დასვა. გამოიარეს დედაჩემის სოფელი, შევიდნენ მისი მშობლების სახლში... და იქ დავიბადე მე. მამამ დაგვტოვა ღვირისში და თვითონ პატარა ბავშვებთან ერთად გააგრძელა გზა.
ბავშვობის ორი წინასწარმეტყველება
- სოფელ ხეივანში კენჭისყრით შეგვხვდა სახლი რკინიგზასa და ზღვასთან ახლოს. ჩვენზე ადრე სოფელში მეგრელები იყვნენ დასახლებულები, მათ უკვე ჰქონდათ ბაღები და ვენახები. ჩვენ 1940 წელს ცარიელ მიწაზე დავსახლდით, მეორე წელს სამამულო ომი დაიწყო. მამა ომში იბრძოდა და დაბრუნდა... ბავშვობიდან უცნაური ვყოფილვარ, წინასწარ ვგრძნობდი ბევრ რამეს. მაშინ ოთხნახევარი წლისა ვიყავი და ეს ფაქტი არ მახსოვს, ამ ამბავს ხალხი იხსენებდა: სოფლის ცენტრში ბოძზე დამაგრებულ რადიოში ლევიტანი აცხადებს, რომ გერმანია სამ კილომეტრშია მოსკოვიდან. ტირის ყველა, მეც იქ ვარ ჩემს დასთან ერთად. უცებ გავაშვებინე დას ხელი, წავედი წინ, ცენტრისკენ და ყვირილით ვამბობ: „გაჩერდით, ნუ ტირით, სტალინი ორ საათში კუდით ქვას ასროლინებს გერმანიას!“ არ გასულა ორი საათი და მართლაც, რადიოში აცხადებენ, გერმანელები გარბიანო.
ვიწინასწარმეტყველე სტალინის დაკრძალვის დღეს - 9 მარტს, რომ მისი კულტის დამხობა მოხდებოდა სამი წლის მერე. 13 წლისა ვიყავი, როცა სტალინი გარდაიცვალა. ყველა სახლის ასასვლელ კიბესთან ეკიდა სტალინის სურათი და პატარა დროშა ძაძებით შემოსილი, ასე გლოვობდა მთელი სოფელი. დაკრძალვის დღეს გამოაცხადეს, რომ 12 საათზე ფაბრიკა-ქარხნები და ყველა სატრანსპორტო საშუალება საყვირებით შეეგებებოდა ბელადის გამოსვენებას. დადგა 12 საათი და მატარებლის სიგნალის ხმა გავიგონეთ. მამა ეზოში დგას, ქუდი ხელში უკავია და ცრემლები მოსდის. ამ დროს, მე რას ვხედავ? სტალინის სურათები, დროშები მიწაზე დაეფინა და ზედ ხალხი დადის... ყველაფერი გაქრა, როცა მატარებლის სიგნალის ხმა შეწყდა. გავხედე მამას, რომელმაც მითხრა: შვილო, მარქსი, ენგელსი და ლენინ-სტალინი რომ იყო ხალხისთვის, ასეთი არავინ ყოფილაო. ეს თქვა და ვეუბნები: მამა, სტალინს გაანადგურებენ-მეთქი. დედაა, გადაირია კაცი, ეს რა თქვიო, ვაზს მავთული მოაძრო და უნდა გამლახოს. გავიქეცი, მომდევს, - უნდა მოგკლაო, ადამიანს აღარ ჰგავდა. ჯერ მეზობელთან შევვარდი, მერე ნათლიამ შემიფარა, სამი დღე მმალავდა. მამაჩემი ძლივს შემირიგდა. ოღონდ არ გამლახოს-მეთქი და სტალინზე სიმღერებს ვმღეროდი სახლში თუ გარეთ.
„გულის კარნახი - ღმერთისგან იყო“
- გაგრის საავადმყოფოში „აკუშერკად“ ვმუშაობდი. ერთ დღესაც სასწრაფოს მანქანით შემოიყვანეს ნახევრად აგონიაში მყოფი ახალგაზრდა ქალი. დაისვა დიაგნოზი: საშვილოსნოს გარეთა ორსულობა, მუცლის ღრუ სავსეა სისხლით. ქალს საოპერაციოდ ამზადებენ, მეც ჩემს მოვალეობას მთელი სიზუსტით ვასრულებ. წამყვანმა ოპერატორმა ბრძანა, რომ სასწრაფოდ სისხლი მოამზადონ. ქალს პასპორტში უწერია, რომ დადებითი რეზუსის მატარებელია. ექიმი სკaლპელს იმარჯვებს. უცებ გულმა საოცარი გამოცხადება მაუწყა და ცივი ხმით შევყვირე: "შეჩერდით, არ ჩართოთ სისხლი!" ყველა ადგილზე გაიყინა. გულიდან ამოხეთქა სიტყვებმა: სისხლი გადავამოწმოთ! სისხლი ადლერის ლაბორატორიის მიერ დამტკიცებულია ორგზის შემოწმებით. ხელახალ გადამოწმებას დრო სჭირდება, ქალი იღუპება! - არა, არა, აიღეთ სისხლი სინჯარაში, - არ დანებდე, მკარნახობს გული. თავზარდაცემული ექიმები თვალებს მიბრიალებენ. სხვა გამოსავალი რომ ვერ ვნახე, საოპერაციოში წინ და უკან სირბილი დავიწყე, წარმოიდგინე, მუშტებსაც ვიქნევდი. დამმორჩილდნენ. სინჯარით ხელში დავეშვი პირველ სართულზე, ლაბორატორიაში. ხუთ წუთში მივიღე პასუხი, საოპერაციოს კარი შევგლიჯე ქოშინით და ვთქვი - უარყოფითია. საოცარი დაბნეულობა აღებეჭდა თითოეულს სახეზე. - სისხლი გადამოწმდეს უფროსი ლაბორანტის მიერ, ახალი შრატებით, - გასცა ბრძანება ოპერატორმა. ისევ დავეშვი ქვევით ქანცგამოცლილი. პასუხი მეორედაც უარყოფითია. ჩემი გულის კარნახმა, რომელიც ღმერთისგან იყო, მომაკვდავი სიკვდილისგან იხსნა, რასაც მაშინ ვერ ვაცნობიერებდი.
მერაბ კოსტავა ლესელიძეში
- სოფელში თქვეს, - ამ დღეს, ამ საათზე ლესელიძეში მერაბ კოსტავა ჩამოდის, მიტინგი გაიმართებაო. რა მიტინგია, არ ვიცი. დადგა ეს დღე და თითქმის მთელი სოფელი წავედით ლესელიძეში. ვიცით, რომ გენერალ ლესელიძის ძეგლთან უნდა შევიკრიბოთ, მაგრამ ძეგლთან მილიცია დგას. გვეუბნებიან, მიტინგი ჩაიშალა და უკან დაბრუნდითო. ვიღაცამ ხმა მოგვაწვდინა, არ გვანებებენ მიტინგის გამართვასო. ერთმა ქალმა მიგვანიშნა, რომ ქართველები ფეხბურთის მოედანზე გროვდებოდნენ. მე ვიყავი ჩემს ქალიშვილ რუსუდანთან ერთად და შევედით სტადიონზე. მომიახლოვდა თანაკლასელი პედაგოგი ქალი და მეუბნება: ციალა, იცი, რა უნდა გითხრა? თურმე, აფხაზები ქართველებს გვერეკებიან... შენ ხომ ლექსებს წერ და იქნებ, რამე დაწეროო. იქვე ჩავიმუხლე და დავწერე ლექსი „ვის დავანებებ?!“, რომელიც ასე იწყება: „ვის დავანებებ შენს გასწორებას, / ჩემო ჭაღარა მთებო?! / მრავალი ტანჯვის მომსწრებო,/ მრავალი ამბის მთქმელო./ ვის დავანებებ თამარის ციხეს,/ ვის ვათელვინებ მე მის ქალობას,/ შოთას საუნჯეს - მშვენების მეფეს,/ უხსოვარ დროდან რომ გვიგალობა...“ და ა.შ.
ჩამოვიდა მერაბი მხლებელი ხალხით, ავიდა მოედნის ამაღლებულ ტრიბუნაზე და ისაუბრა შერიგებაზე, სიყვარულზე, წარსულზე. თქვა, რომ დღეს რა უსიამოვნო მომენტიც არსებობს ჩვენ შორის, ამას მოვაწესრიგებთო. მიტინგზე ეროვნული დროშაც გამოჩნდა. მერე შევამჩნიე, რომ ჩვენკენ მოიწევდნენ რაღაც სამხედროს სტილში ჩაცმული ხალხი. აქა-იქ გაისმა ძახილი, - წადით, წადითო და ჩვენც დავცალეთ მოედანი. როგორც მერე გაირკვა, სისხლის ღვრას გეგმავდნენ... ეს დღე იყო 1989 წლის 31 მარტი. ითქვა, რომ შემდეგი მიტინგი გაგრაში გაიმართებოდა 9 აპრილს. მეორე დღეს გავიგეთ, რომ მომიტინგეები ბზიფში დაურბევიათ და 4 სოფელი ფეხზე დადგა, ყველანი გავცვივდით და დაიწყო მიტინგი, მაშინ წავიკითხე ლექსი „ვის დავანებებ?!“. ამან ძალიან შეკრა ქართველები. 9 აპრილს გაგრაში იმდენი ხალხი ვიყავით, მოედანი გადაიჭედა. იმ დღეს გავიგეთ, რაც მოხდა თბილისში 9 აპრილს... იქაც გამოვედი სიტყვით.
ომის ეპიზოდები
- ომის დაწყებას თითქოს არაფერი მოასწავებდა. 13 აგვისტოს ჩემი შვილი რუსუდანი სტუდენტი გახდა, სოხუმში სამხატვრო აკადემიის ფილიალში ჩააბარა. ჩამოვედით ხეივანში. 14 აგვისტოს ეზოს ვაწესრიგებდი, როცა განთიადის გორასთან საშინელი სროლა ატყდა. ქალები ქუჩაში გამოვედით, ვიღაცა მორბის და ამბობს, ომი დაიწყოო... ორმხრივი სროლების შედეგად დაჭრილი 9 ბიჭი მიიყვანეს განთიადის საავადმყოფოში, რომელიც ჩვენგან ძალიან ახლოს იყო. რა თქმა უნდა, გავიქეცი საავადმყოფოში. ღმერთო, რამდენი დაჭრილი შემოჰყავდათ. სამედიცინო პერსონალი არ იყო საკმარისი, ამიტომ ქირურგიაში გადამიყვანეს და დაჭრილებს ვემსახურებოდი. საშინელებას ვუყურებდი, პირტიტველა ბიჭების სიცოცხლე კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. საავადმყოფოში ვიყავი დღე და ღამე, არ მეძინა, ჯანმრთელობის მინისტრი ავთო ჯორბენაძე ჩემი მუშაობით გაოცებული იყო. ერთხელ მითხრა: ცოტა ხნით მაინც დაიძინე და „ტრევოგა“ როცა იქნება, მაშინ ადექიო. ერთ დღესაც, მახსოვს, 30 აგვისტო იყო, უამრავი დაჭრილი შემოიყვანეს. მესმის ხმა: ეს ხომ გარდაცვლილია, მორგში წაიყვანეთ! შემოვტრიალდი და საკაცეზე მწოლიარე წვერებიანმა კაცმა (ასაკოვანი მეგონა, არადა, 25 წლისა ყოფილა), რომელსაც მთელ სხეულზე ხორცები ამოგლეჯილი ჰქონდა და თვალები ბუდიდან ამოვარდნილი, თავი წამოსწია. არაა მკვდარი-მეთქი, - ვიყვირე და მერე, ექთaნებმა მივხედეთ. ორი ოპერაციის შემდეგ თბილისში გადმოაფრინეს. გავიდა წლები, უკვე ლტოლვილი ვარ და თბილისში ვცხოვრობ. ერთ-ერთ მეზობელს ვუყვებოდი, რამდენი ტანჯვა გავიარე მაშინ. გაირკვა, რომ ის ბიჭი მისი ბიძაშვილი ყოფილა გურჯაანიდან, თურმე ერთი თვალი შეუნარჩუნეს, მეორე - ვერა. ასე გამაგებინა უფალმა იმ დაჭრილის ამბავი.
დაბოლოს...
- სოფელ ხეივანში გაჭირვებულს ვერ წააწყდებოდით. აფხაზებსა და ქართველებს შორის იყო სიყვარული, დაქორწინება, ნათელ-მირონობა და გაუთავებელი ლხინი. ჩვენთვის უღრუბლო ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა ომის დაწყება... და აი, ერთ დილას, 1992 წლის ორ სექტემბერს, როცა ალიონზე ყუმბარების ზათქი კვლავ გაისმა, მაშინღა მივხვდით, რომ გაქცევა აუცილებელი იყო. დიდი თუ პატარა, ყველანი გავრბოდით, თითო ხელჩანთის ამარა. ფსოუს ხიდი ხალხს ვერ იტევდა. ავადმყოფ მეუღლესთან ერთად „საზღვარზე“ გამოსვლა მოვახერხე და უცებ, რაღაც სიმაღლეზე აღმოვჩნდი. ვხედავ, ლიცლიცა ზღვამ შემომანათა. ის ჩემგან არც შორს იყო, არც ახლოს და ნაზად ირწეოდა. მწვანეში ჩაფლული სოფლები სულგანაბული გვაცილებდნენ. არც სიო ირხეოდა... ღმერთო შეგვიწყალე, შეგვინდე, გამოგვაფხიზლე, სინანულის ძალა მოგვეცი, ქრისტეში გაგვაძლიერე და იქნებ ეშველოს ქვეყანას.
ნანული ზოტიკიშვილი