ჭაბუა ამირეჯიბის ხუთტომეული: მწერლის შემოქმედების ახალი სიცოცხლე
რომელიც ავტორის ყველაზე მნიშვნელოვან ლიტერატურულ მემკვიდრეობას აერთიანებს. ეს წიგნები, რომლებიც ქართველი მკითხველისთვის კარგად ნაცნობ და საყვარელ რომანებს, მოთხრობებს, ეტიუდებსა და ჩანაწერებს მოიცავს, ნამდვილი საჩუქარია ჭაბუას შემოქმედების მოყვარულებისთვის.
ხუთტომეულში შესულია ისეთი შედევრები, როგორიცაა XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი რომანი - „დათა თუთაშხია“, „გიორგი ბრწყინვალე“ და „გორა მბორგალი“, ასევე „ფრაგმენტები“ – ამონარიდები ავტორის პირადი ჩანაწერებიდან, ინტერვიუებიდან და საჯარო მიმართვებიდან.
გამოცემა 16 დეკემბრიდან დაიწყება და მკითხველს შეეძლება, თვეში ერთი წიგნი შეიძინოს. ხუთტომეული ხელმისაწვდომი იქნება "ბიბლუსის" მაღაზიებში, პრესის ჯიხურებსა და ონლაინპლატფორმებზე, ხოლო პირველი ერთი კვირის განმავლობაში სპეციალური ფასდაკლებით თითოეული ტომი მხოლოდ 14 ლარი ეღირება.
მაგრამ როგორი ადამიანი და მამა იყო ჭაბუა? როგორ იქმნებოდა მისი ცნობილი ნაწარმოებები, და რას ფიქრობს მისი შვილი მწერლის შემოქმედების მნიშვნელობაზე? წარმოგიდგენთ ინტერვიუს ჭაბუა ამირეჯიბის შვილთან, ქუცნა ამირეჯიბთან.
- წერის პროცესში როგორი იყო? რა ხდებოდა მაშინ სახლში?
- წერის პროცესში იყო სრულიად შთანთქმული თამბაქოს ბოლში. ოთახში რომ შეიხედავდი, მამა ძლივს ჩანდა საერთოდ. ჩიბუხს ეწეოდა სულ. ჰქონდა საოცარი უნარი კონცენტრირების - ხმაური, დისკომფორტი, ასეთი რაღაცები საერთოდ არ აწუხებდა. ალბათ ეს თვისება გულაგის ბანაკებში შეიძინა, იქ ხომ საერთოდ არ არსებობდა პირადი სივრცე. რაღაც პერიოდში, როცა უკვე ამთავრებდა თუთაშხიას, ძალიან მიაწვა, გააინტენსიურა მუშაობა. მე ვიყავი 4-5 წლის მაშინ. გადასახლდა ცალკე ბინაში და იქ მუშაობდა დღე და ღამე. დედაჩემს მიჰონდა ყოველდღე საკვები, სადილი. მეც წამიყვანდა ხოლმე ხანდახან. იქაც სულ ბოლი იდგა.
- გრძნობთ თუ არა, რომ მისი წიგნები დღესაც „გესაუბრებიან“ და გაძლევენ მიმართულებას?
- მამობის გარდა, პიროვნულადაც ძალიან ახლობელი იყო. სულ ჩემთან რომაა, და ჩემშია - ეგ ნამდვილად შემიძლია გითხრათ. ირაკლიც ეგრეა, ჩემი ძმა, რუსებთან ომში რომ დაიღუპა აფხაზეთში.
- რა შეიძლება ასწავლოს ჭაბუას ნამუშევრებმა ახალ თაობებს?
- მე, როგორც ერთი უბრალო მკითხველი, ვფიქრობ, მისი წიგნები ძალიან სასარგებლოა იმ აზრით, რომ ადამიანს ეხმარება რთულ ცხოვრებისეულ, ზნეობრივ დილემებზე პასუხის გაცემაში, რაღაცების გამორკვევაში. განსაკუთრებით თუთაშხია, ძალიან საჭირო წიგნია ახალგაზრდებისთვის. მაგ ასაკში ადამიანი ეძებს ზნეობრივ და ფილოსოფიურ საყრდენებს. თუთაშხიას ნაირი წიგნები მათ ამ ძიების დროს ხშირად კარგ სამსახურს უწევენ.
- ჭაბუას ცხოვრების რომელი ეპიზოდი მიგაჩნიათ ყველაზე სიმბოლურად თავისუფლებისთვის ბრძოლის კონტექსტში?
- ეს კარგი კითხვაა და კარგ პასუხს ითხოვს. იყო ასეთი შემთხვევა ჭაბუას ბიოგრაფიაში - 1945-50 წლებში გულაგიდან გაქცეული იყო და სხვისი სახელით ცხოვრობდა და მუშაობდა ჩრდილოეთ კავკასიაში, შემდეგ ბელორუსიაში. კარგი ორგანიზატორული ნიჭის წყალობით ჯერ ბრიგადირი გახდა, ხოლო შემდეგ საერთოდაც დირექტორად დანიშნეს ხე-ტყის დამამუშავებელ ქარხანაში. ომში გამარჯვების შემდეგ რუსები დამარცხებული გერმანიიდან მატარებლებით ეზიდებოდნენ ყველაფერს, მათ შორის სხვადასხვა ქარხნის მანქანა-დანადგარებს და მოწყობილობებს. ჭაბუა, როგორც ქარხნის დირექტორი, გაგზავნეს გერმანიაში - ფრანკფურტსა და ბერლინში, რომ აერჩია და ჩამოეტანა ხე-ტყის ქარხნისთვის დანადგარები. წარმოიდგინეთ კაცი, რომელიც გაიქცა გულაგიდან, რამდენად იოლად შეძლებდა ბერლინში გადასულიყო ამერიკულ ან სხვა სექტორში და საერთოდ წასულიყო? მით უმეტეს, რომ 1949 წელს ბერლინის კედელიც კი არ არსებობდა. ჭაბუა არ წავიდა… მე პირადად სწორედ ეს მიმაჩნია თავისუფლებისთვის ბრძოლის უმაღლეს მწვერვალად - რომ არ წავიდა და დარჩა, რომ ოდესმე საქართველოში დაბრუნებულიყო და თავისი სამშობლოსთვის რამე გაეკეთებინა...
- თქვენი აზრით, ქართველ ერს დღეს ჭაბუას რომელი პერსონაჟი აკლია ყველაზე მეტად?
- რომელი აკლია, არ მაფიქრდება, მაგრამ რომელია, ვისგანაც უნდა თავი დაიზღვიოს, ეს ვიცი - სეთური.
ჭაბუა ამირეჯიბის ნაწარმოებები დღემდე რჩება ზნეობრივი და ფილოსოფიური ძიების გზამკვლევად. მისი ცხოვრება და შემოქმედება მოწმობს, რომ წარმატების მისაღწევად საჭიროა საკუთარი თავის რწმენა, პრინციპების ერთგულება და თავდადება. ჭაბუა ამირეჯიბის ხუთტომეულის გამოცემა ახალი სიცოცხლეა არა მხოლოდ მისი ლიტერატურული მემკვიდრეობისთვის, არამედ იმ ფასეულობებისთვისაც, რომლებიც ქართული კულტურის ფუნდამენტს ქმნის. ეს პროექტი მკითხველს შესაძლებლობას ანიჭებს, ხელახლა აღმოაჩინოს ჭაბუას შემოქმედებითი სამყარო და შთაგონება მიიღოს მისი შესანიშნავი ტექსტებისგან.