რატომ ჩაიშალა ქართული დელეგაციის ვიზიტი საინგილოში?
ამის მიზეზი ნორმალურად არ განუმარტავს. საქმე ეხება 22-23 ნოემბერს კახში, ზაქათალასა და ბელაქანში წინასწარ დაგეგმილ ვიზიტს. ქურმუხის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულზე მონაწილეობის გარდა, თბილისურ დელეგაციას დიდხნიანი ინტერვალის შემდეგ, ზაქათალა-ბელაქნის ქართველებიც უნდა მოენახულებინა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ 2020 წლიდან კოვიდპანდემიის დაწყებისთანავე სახმელეთო საზღვრები ჩაკეტა და ქვეყანაში შესასვლელად მხოლოდ საჰაერო გზა გამოიყენება. ასეთმა რეალობამ ჰერეთის ქართველებიც გატანჯა - თვითმფრინავით ასტრონომიული თანხების (150-200 ევრო) გადახდა უწევთ და ამას პლუს, დამქანცველი მგზავრობა ბაქოდან უკიდურესი დასავლეთით, მთელი ქვეყნის ტერიტორიის გავლით. ამის გამო კუთხეში ყველაზე დიდ ქრისტიანულ დღესასწაულ გიორგობაზეც ერთეულები თუ ჩადიოდნენ. განსხვავებით საქართველოს სამთავრობო დელეგაციისგან, რომელიც აქამდე მაინც ახერხებდა წინასწარი შეთანხმებით სახმელეთო გზით გადასვლას საინგილოში. საინგილოს მკვლევრის, ჟურნალისტ სერგო კერესელიძის ინფორმაციით, საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოსა და აზერბაიჯანის რელიგიის სახელმწიფო კომიტეტის შეთანხმებით, 22-23 ნოემბერს დაგეგმილი იყო ქართული დელეგაციის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში - კახის, ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებში. დელეგაციასთან ერთად მართლმადიდებელი ქართველი მომლოცველების ნაწილსაც ეძლეოდა შესაძლებლობა, ლაგოდეხი-ბელაქნის დაკეტილი სახმელეთო საზღვარი სპეციალური კოდით და წინასწარ შეთანხმებული სიის საშუალებით გადაეკვეთა, გიორგობის დღესასწაულის შემდეგ იmaვე გზით დაბრუნებულიყო საქართველოში.
„სამწუხაროდ, ისტორიულ ქართულ კუთხეში - საინგილოში საქართველოს დელეგაციის ვიზიტი გაურკვეველი მიზეზებით ჩაიშალა აზერბაიჯანული მხარის წარმომადგენლების მხრიდან არაკონსტრუქციული დამოკიდებულების გამო. 23 ნოემბერს კახისა და ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძრებში გიორგობის დღესასწაულზე შეხვედრა ვეღარ შეძლეს საქართველოს და აზერბაიჯანის იმ მოქალაქეებმაც, ვინც სპეციალური კოდებით, ლაგოდეხი-ბელაქნის საზღვრით უნდა გამგზავრებულიყვნენ კახის რაიონში. სამწუხაროდ, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) და სამღვდელოებამაც ვერ შეძლო კახში ჩასვლა და მართლმადიდებელი ქართველებისთვის დღესასწაულის მილოცვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად საინგილოს უნდა სწვეოდა საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანიც“, - ამბობს სერგო კერესელიძე.
- 22 ნოემბერს, დილის 11:34 წუთზე საინგილოს "ფეისბუკის" ჯგუფში (და შემდეგ სხვა ჯგუფებშიც გავაზიარე) გამოქვეყნებული ჩემი პოსტიდან პირველად შეიტყვეს ეს სამწუხარო ამბავი ამ კუთხის მცხოვრებლებმა და მათაც, ვინც გამზადებული ელოდებოდა კოდს ლაგოდეხი-ბელაქნის სახმელეთო საზღვრის გადასაკვეთად. მიუხედავად იმისა, რომ 21 ნოემბერს საღამოს ჩემთვის უკვე ცნობილი გახდა ვიზიტის ჩაშლის ამბავი, ბოლო წუთამდე არ ვკარგავდი იმედს, რომ ვითარება სასიკეთოდ შეიცვლებოდა და 400-ზე მეტი ქართველი (ვინც სიაში იყო) გიორგობის დღესასწაულზე კახში შეხვედრას შევძლებდით.
სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. 21 ნოემბერს ვიზიტის წინ შემდგარი კომუნიკაციისას, აზერბაიჯანულi და ქართულi მხარეებi ვერ SeTanxmdnen. როგორც ჩანს, აზერბაიჯანული მხარის წარმომადგენლების უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ქართული დელეგაცია ორდღიანი (გასულ წლებში დელეგაცია მხოლოდ გიორგობას სტუმრობდა საინგილოს) ვიზიტის დროს ბელაქნისა და ზაქათალის რაიონებში მცხოვრებ ინგილოებსაც უნდა შეხვედროდა და მათთვის წიგნები, სხვა საჩუქრებიც (მათ შორის ქართული მუსიკალური ინსტრუმენტები, ჩოხები და ა.შ.) უნდა ჩაეტანა (ეს დეტალებიც აზერბაიჯანის რელიგიის სახელმწიფო კომიტეტისთვის ჯერ კიდევ ოქტომბერში იყო ცნობილი).
ამასთან, ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადსა და სოფელ მოსულში ქართული დელეგაცია მრავალწლიანი შესვენების შემდეგ პირველად უნდა ჩასულიყო. როგორც ჩანს, აზერბაიჯანული მხარის წარმომადგენლების უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმაც, რომ წინასწარ გაგზავნილი სიის მიხედვით, 404 მომლოცველსა და დელეგაციის წევრს უნდა გადაეკვეთა ლაგოდეხი-ბელაქნის დახურული საზღვარი (საზღვრის დახურვის შემდეგ, 2020 წლიდან დღემდე ეს უპრეცედენტო რაოდენობა იყო).
საბოლოოდ, 23 ნოემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - საინგილოში, კახის რაიონის სოფელ კახ-ინგილოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა პეტრე ხუმარაშვილმა და დიაკონმა ტარიელ ფოლადაშვილმა სადღესასწაულო წირვა აღავლინეს. საღვთო ლიტურგიას მხოლოდ ადგილობრივი მრევლი ესწრებოდა, რომლებიც ძალიან დაამწუხრა იმ ფაქტმა, რომ საქართველოდან სასულიერო პირებმა, სამთავრობო დელეგაციამ და მომლოცველებმა კახში ჩასვლა ვერ შეძლეს. თბილისიდან დღესასწაულზე კახში ჩასვლა მხოლოდ იმ ადგილობრივმა ქართველებმა მოახერხეს, რომლებმაც ავიარეისით იმგზავრეს.
წირვას დაესწრო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ზურაბ პატარაძე, განჯაში საქართველოს გენერალური კონსული კახაბერ აბდალაძე, საელჩოსა და საკონსულოს თანამშრომლები. კახ-ინგილოს წმინდა გიორგის ტაძარში შეკრებილ მრევლს გიორგობის დღესასწაული პირადად მიულოცა კახის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელმა მუსა შექილიევმა.
საღვთო ლიტურგიის შემდეგ, სასულიერო პირებმა, ადგილობრივმა ქართველმა მართლმადიდებლებმა და აზერბაიჯანში აკრედიტებულმა ქართველმა დიპლომატებმა ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძარი მოილოცეს. მამა პეტრემ და მამა ტარიელმა სადღესასწაულო პარაკლისი გადაიხადეს.
ცნობისთვის, ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადის მოსახლეობა 11 ათასზე მეტია (დაბის მოსახლეობის 98%-ზე მეტი ინგილო ქართველია). ალიაბადში თავის დროზე, 1938 წლის იანვარში 4 ქართული სკოლა გაიხსნა და აქედან დღეისათვის მხოლოდ 1 სკოლაშია შემორჩენილი ქართული სექტორი. სოფელი მოსულიც დაბა ალიაბადთან ახლოს მდებარეობს და იქ 3000-მდე ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს. მოსულში გასული წლის სექტემბერში ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი, უმაღლესი დონის სკოლა აშენდა (მსგავსი სკოლა მთელ აზერბაიჯანში მხოლოდ რამდენიმეა) და მის გახსნას აზერბაიჯანის განათლების მინისტრის მოადგილე იდრის ისაევიც დაესწრო (მოსულშიც ქართული სკოლა 1938 წლის იანვარში გაიხსნა. დღეისათვის სკოლაში აზერბაიჯანული და ქართული სექტორები მოქმედებს). ჩვენებურების მოლოდინის მიუხედავად, სამწუხაროდ, აზერბაიჯანში აკრედიტებული ქართველი დიპლომატები მოსულის ახალი სკოლის გახსნას არ დაესწრნენ და იქ დღემდე არც კი ჩასულან, რაც მოსულში მცხოვრები ინგილოების გულისტკივილს იწვევს.
აღსანიშნავია, რომ უკვე მრავალი წელია ქართული დელეგაცია ზაქათალის რაიონის ქართველებს არ შეხვედრია...
არადა, საქართველო და აზერბაიჯანი დეკლარირებულად სტრატეგიული მეგობრები არიან და ბაქოურ დელეგაციებს არასოდეს შეჰქმნიათ პრობლემა იმავე ქვემო ქართლის რეგიონში ვიზიტისას. ცალმხრივი მეგობრობა კი ბუნებაში არ არსებობს და სწორი დასკვნების gaკეთება (შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა) უპირველესად, ქართულ მხარს მოუწევს.
გიორგი მეფარიძე