"სამოსი სამშობლო" ქართველ ემიგრანტებს კიდევ ერთხელ გააერთიანებს - გზაპრესი

"სამოსი სამშობლო" ქართველ ემიგრანტებს კიდევ ერთხელ გააერთიანებს

- ეს ფესტივალის - "სამოსი სამშობლოს" ავტორის, ჟურნალისტ ლელა ნინუას სიტყვებია. ღონისძიება პირველად 2021 წელს ჩატარდა, წელს კი ემიგრანტული ფესტივალების ისტორიაში სიახლეა: 3-დღიანი ღონისძიება (13-14-15 დეკემბერი) გაიმართება პალმ-ბიჩზე, ქართველები გაივლიან პოდიუმზე, ასაკის მიუხედავად და დიზაინერის რჩევების გარეშე (სამოსის თემა: "საქართველო, "ყვავილების ქვეყანა". ფესტივალს ვიდეორგოლები მიუძღვნეს ცნობილმა ადამიანებმა:

nani-bregvadze-w-h-1733945766.jpg

ნანი ბრეგვაძე:

- მესამე წელია "სამოსი სამშობლო" ამერიკაში, ემიგრაციაში მყოფი ქართველების მიერ იმართება. დიდი სიამოვნებით, დიდი ყურადღებითა და სიხარულით ვუერთდები თქვენს წამოწყებას და მინდა, სურვილები აგიხდეთ ისე, როგორც თქვენ გეკადრებით. დიდი სიყვარულით, წარმატებებს გისურვებთ და ჩათვალეთ, რომ თქვენთან ვარ ყოველ წელს.

zura-mxeize-65601-1733945783.jpg

ზურა მხეიძე:

- "სამოსი სამშობლოზე" ცოტა ხნის წინ გავიგე. ეს ერთ-ერთი საუკეთესო ღონისძიებაა, რაც შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს, მით უმეტეს, როცა ის ემიგრაციაშია. ჩვენ აქ, საქართველოში ქუჩაში რომ დავდივართ, ქართულად ვმეტყველებთ და ვერ ვიგებთ, ვინ გახლავართ ერთმანეთისთვის, რადგან ჭარბად ვართ. ზუსტად იმის გაცნობიერება, რამდენად ძვირფასია ერთი ადამიანი მეორისთვის, ხდება მაშინ, როდესაც შორს ხარ... საზღვარგარეთ თქვენ მეტად აფასებთ ერთად დგომას, სამშობლოს, სწორედ იმიტომ, რომ რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ხედავ მის ფასეულობას. მინდა მოგილოცოთ ამ ფესტივალის არსებობა და წარმატებებს გისურვებთ. ძვირფასები ხართ ჩვენთვის.

murman-jinoria-1-1733945794.jpg

მურმან ჯინორია:

- მივესალმები პროექტს "სამოსი სამშობლო". რაღაც კარგად შეგირჩევიათ ეს სიტყვები. სამოსელია საქართველო. ჩვენ, ქართველები სხვანაირი პეწით ვიცვამთ. მოდასაც ვყვებით, მაგრამ მაინც გამოარჩევ ქართველს. იდეა რაა ჩვენი: რომ გადავრჩეთ. რადგან ამდენი საუკუნე ვარსებობთ, ე.ი. საჭირო ერი ვართ, სამყაროს ვჭირდებით, გენეტიკური ძალა გვაქვს, რომ უნდა ვიცოცხლოთ. გლოცავთ თქვენ, რომ ჯანმრთელად იყოთ, გაუძლოთ ამ ტკივილს. ყოველთვის დაღმართი არ გვექნება, ამას აღმართიც მოჰყვება და თქვენი წვლილი დიდია იმაში, რომ მომავალი საქართველოს ახალგაზრდები აღმართზე ივლიან და ძლიერ, ლამაზ საქართველოს შეგვიქმნიან ჩვენ, მოხუცებულ ქართველებს... გაიხარეთ, ქართველებო, მაგრად იყავით. თუ ძალა მექნება, მოვალ და მოგეფერებით.

1729090688-marika-kvaliashvili-1733945819.jpg

მარიკა კვალიაშვილი:

- "სამოსი სამშობლო" - კარგად დაგირქმევიათ, ეს ყოველთვის გამყოფებთ თქვენს სამშობლოში... თქვენს სამშობლოს აკლიხართ ისევე, როგორც თქვენ გაკლიათ აქაურობა. მინდა გისურვოთ წარმატებები. ყველაფერს აკეთებთ, რომ მანდ, სადაც ხართ, პატარა საქართველო შეიქმნათ, სადაც გეცხოვრებათ და რომელიც გიადვილებთ არსებობას. მიხარია, რომ მომეცა თქვენთან დაკავშირების საშულება. გისურვებთ სიკეთეს, ბედნიერებას, ჯანმრთელობას და რაც მთავარია, მალე დაბრუნებას თქვენს საქართველოში.

ლეილა მჭედლიშვილი:

- მთელი მსოფლიო შემოვიარე, მაგრამ საქართველოს და ქართველების მსგავსი ვერსად ვნახე, ულამაზესები და ნიჭიერები. შემოგვიერთდით. მიიღეთ მონაწილეობა ამ პროექტში. იცით, მე ყოველთვის ჩემს ქვეყანაში ვარ ფიქრებით, ხშირად ვიხსენებ იქ გატარებულ ბავშვობას, ჩემს თბილისს. მეამაყება პროექტის ავტორი ლელა ნინუა და ჩვენი ქართველები, რომლებიც თავიანთ საქმეს აკეთებენ პროფესიულ დონეზე. ქართველი ქალი ულამაზესია მსოფლიოში, "სამოსი სამშობლო" კი არაჩვეულებრივი პროექტია. ვხვდებით და ვუზიარებთ ერთმანეთს ჩვენს ფიქრებს, გვახალისებს ერთმანეთთან შეხვედრა სამშობლოდან გადახვეწილებს. რა გამაძებინებდა, ჩემი ქართველები რომ არ იყვნენ ჩემ გვერდით და მადლობა მათ, რომ მახალისებენ, მაძლებინებენ სამშობლოდან შორს მყოფს.

messenger-creation-bb059e84-4483-435b-ba44-1050caf81017-1733946064.jpg

ლელა ნინუა:

- სახელწოდებაში "სამოსი სამშობლო" აქცენტი ქართულ ღირებულებებზეა გაკეთებული. ჩვენი სამოსი სამშობლოა, მის გარეშე თითქოს შიშვლები ვართ და რასაც ვაკეთებთ, თითოეული ჩვენი ნაბიჯი ხომ ჩვენს სამშობლოზე გარკვეულ შთაბეჭდილებას უქმნის ადამიანებს. ამ იდეის გარშემო ათეულობით ქართველი გაერთიანდა. ვფიქრობ, სხვა ერებისგან განსხვავებით, ქართველი სამშობლოს გარეშე არსად დადის, ყველგან თან დააქვს ქვეყნის სახელი. სამშობლოს ჩვენ ვმოსავთ ჩვენი პროფესიებით, მიღწეული წარმატებებით, გაზრდილი შვილებით, რომლებიც აუცილებლად, საქართველოს უნდა გამოადგნენ...